x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
გეა - დედა ყოველთა
გეა - დედა ყოველთა


გე, გეა (Ge. Ga, Gaia; ეგვ. გებ - მიწა; სანკრიტზე გამ, გმა; ლათინურად ჰუმ, გოტ, გუმ; სვანურად - გიმ; ქართული ქალღმერთი - გაიმ, დედა მიწა) - 4.6 მილიარდი წლის ჩვენი უმშვენიერესი პლანეტის - დედამიწის ქალღმერთი, ღმერთთა, ტიტანთა, ურჩხულთა და ბუმბერაზთა მშობელი. ჰელიოსის ბებია, აიეტის დიდი ბებია. გეას სახე ისეთივე მტკიცე და იდუმალია, როგორც თავად დედამიწა. ჰესიოდეს თეოგონიის მიხედვით, ეს დიდი, ძალუმი ღვთაება უხსოვარი ჟამიდან გაღმერთებული და პატივდებული დედამიწა თავად გამოეყო ქაოსს და შვა თავისი მსგავსი ურანოსი (ცა), მთები, ზღვები, ცთომილები (საინტერესოა, რომ პოლინეზიელთა ღმერთიც საკუთარი თავისგან იშვა). მის წიაღში იშვება და მის მკერდზე იკვებება ყოველი არსი. არსთა მშობელი დიდი დედა ურანოსს შეუერთდა.


გეა - დედა ყოველთა


ცისა და მიწის ამ კავშირმა გააცინა ტიტანები, კიკლოპები, ასხელა ბუმბერაზები - ჰეპატონქეირები. დასაჭურისებული ურანოსის სისხლისგან გეამ შვა გიგანტები, რომელთაც ფეხების მაგივრად გველები ასხიათ, აგრეთვე ერინიები და მომაკვდინებელი ბრძოლის ძალნი - მელოსელი ფერიები ზღვას, პონტოს (მეორე ქმარს) შეუერთდნენ. ასე გაჩნდა ნერევსი, თავმანტი, ფორკინი (ფორკისი), კეტო, ევრიბია. დიდი დედა სიყვარულის ღვთაების დედაცაა და ამრიგად მის წიაღში იღებს სათავეს შემოქმედებითი არსის ყოველი ძალა: სიავე და სიკეთე, სიყვარული და სიკვდილი, ვნება და მოსვენება, სიამოვნება და ტანჯვა. ამ ჭიდილში იბადება ყოველი არსი, რასაც ახალი რელიგიის მამა - ზევსი განაგებს. როგორც განსახიერებული ნაყოფიერება, გეაც დოდონაში შეუერთდა გამნაყოფიერებელ ზევსს. ქურუმი ქალები ასე გალობდნენ: "ზევსი იყო, ზევსი არის და ზევსი სულ იქნება. ოჰ, დიადო ღმერთო ზევსო, ნაყოფს აფრქვევს დედა გეა, ამიტომაც ვუწოდებთ ჩვენს დედას გეას!"



გეა - დედა ყოველთა


მაშინ შეერია გეა, ზევსის ცოლი, ჰერას, დიონეს, დემეტრას, კიბელას. ახალმა ქალღმერთებმა შეავიწროეს დიდი ძველი ქალღმერთი, უწინ კი, ფიცის შეკვრის ჟამს, ოდეს თავს შეიყრიდნენ ზევსი, ჰელიოსი, ცა და ზესკნელ-ქვესკნელი, გეასაც უხმობდნენ, შავ ბატკანს სწირავდნენ ზვარაკად და დაბრძანდებოდა დიდ ღმერთებს შორის დიადი ქალღმერთი. ასე გვაუწყებს ჰომეროსი (ილ.მ 3, 15, 19). ნაყოფიერი გეა, ანუ მიწა, ღმერთთა მშობელიცაა. მთელი თაობები იღებენ სათავეს მის წიაღში. უფრო ხშირად ის მაინც საშინელ, ძალუმ არსებებს შობს, როგორიცაა გიგანტები, ბუმბერაზე ტიტიოსი (ოდ., 11, 576; 7). გეას შვილებად ითვლებიან ავტოხთონებიც. მაგალითად ერეხთევსი, ადგილობრივი მკვიდრნი, "თავის მიწაწყლის" მოყვარულნი, მეტადრე ათენელნი, ზევსის ასულ ათენას გამოზრდილნი, რომელთა სიამაყეც ცნობილია (ილ. 2, 548).


გეა - დედა ყოველთა


გეა ადამიანთა დედა და მარჩენალიცაა, განსაკუთრებით ახალგაზრდების. ცოცხალთა მშობელი და მიცვალებულთა მიმღები თავის კალთაში. თუფილოსოფიური არსის სიღრმეში ჩავიხედავთ, გეა განსახიერებაა ყოვლის მშობელი და ყოვლის მძლეველი ქალისა, რომელსაც საბოლოოდ ვერ მოერევა ვერც ღმერთი, ვერც კაცი, რადგან დედამიწაა იგი, მშობელი ღმერთისა და კაცის, ნიმფებისა და ურჩხულთა, ცის მეუღლე და არსთა მარჩენალი, ქვესკნელ-ზესკნელის ბურჯი, მარადიულ-ქალურის სიმბოლო. წინასწარმეტყველების სამისნო კვამლიც ხომ მიწიდან ადის ცაში, ამიტომ გეა წინასწარმეტყველთა ქალღმერთიცაა. დელფოს ორაკულიც ამად იყო უხსოვარ წარსულში მისი საკუთრება, მერე ის ჭაბუკ აპოლონს გადაეცა. როგორც მიწის, ნაყოფის, კერძოდ, მოსავლის წმინდა ღვთაებას, გეას თაყვანს სცემდა დელფო, ათენი, სპარტა, სპარტა, ოლიმპია, არკადია, მთელი ქვეყანა. მის ქანდაკს ხელთ გასაღები ეჭირა, ყოველი საიდუმლოს გამხსნელი.


გეა - დედა ყოველთა


თუმცა ზევსის ცოლადაც კი ითვლებოდა, გამწყრალი გეა გადაუდგა ოლიმპოს მბრძანებელს, მიწის ნაშობი გიგანტები აუმხედრა, შემდეგ კი, როგორც პერგამოს ფრიზის სურათი გვაუწყებს, დედამიწის სარტყელზე დამდგარს, ხელში სიუხვის რქა დაუჭერია და ზევსს ევედრება - დაივიწყე ყველა წყენაო. საერთოდ კი, ხელოვნებაში გეას სახე იშვიათად გვხვდება - საამისოდ მეტისმეტად ძველი, დიდი, მოუხელთებელია.


გეა - დედამიწა


გვიანდელ თქმულებებში გეა ფრიგიულ (მუშქების) კიბელესა და დემეტრას გაუტოლეს, რომაელთა ტელუსიც ცერერას ორგულად აქციეს, მაგრამ ოდესღაც გეა უფრო დიდი იყო, ვიდრე რომელიმე ღვთაება, რადგან დედამიწიდან იწყება ყოველი. ურანოსი და გეა - ბერძენთა პირველი საფიცარია. ეს ფიცი დღემდეა შემონახული ჩვენს სვანურ ენაში: "ცისა და მიწის საფიცარი!" ესეც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ გეა (ქართ. სვან. "გიმ", "გაიმ") პირველად კოლხური ღვთაება ყოფილა და აქედან გადაუღიათ, პოეტურ სამოსელში გაუხვევიათ ბერზნებს. ორივე ხალხის გაგებით, ესაა დედამიწის ქალღმერთი: გა - გაი - გაიმ - გიმ - გე - გეა (ალბათ იგივე ძირია ქართველთა მითოლოგიური წინაპრის სახელში "თარ-გამოს").




საქართველოს უცხოეთში გეორგიას (ჟორჟი, ჯორჯია) უწოდებენ, ესეიგი მიწათმოქმედთან ქვეყანას. ესეც ერთი საბუთია იმისა, რომ ქართველი - მიწის მაშვრალია, მიწასთან ძალიან მყარად დაკავშირებული, ავტოხთონი. ესეც მოწმობს ქართველთა ნათესაობას დედამიწის ქალღმერთ გეას სახით პერსონიფიცირებულ მიწასთან, რაც მისი, როგორც ერის, მოდგმის, კულტურის სიძველეზე მეტყველებს. თუ გავიხსენებთ იმასაც, რომ ქართველთა უძველესი საფიცარია ცა - ურანოსი, შემდეგ კი მზე და მზის კულტი - სარწმუნო ხდება ქართველთა ნათესაობა ორ მთავარ სტიქიასთან: ჰაერთან და შუქთან, ურანოსთან, ეთერთან, კოლხეთის სამეფო მოდგმის დამაარსებელ ჰელიოსთან. ყველაფერი ეს ქართული მითოლოგიის, რწმენის, საცხოვრისის, კულტის (კულტურის), სიძველესა და თავისთავადობაზე მეტყველებს. ცა და მიწა არიან არსთა მშობელნი. მათთან სიახლოვე ჩვენი მითისა და ისტორიის სიძველის ნიშანია.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.





კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
249
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
249
  
2019, 23 დეკემბერი, 2:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1