x
ნათელი ბნელს ამარცხებს _ შვედეთის საელჩომ ლუსიას დღესასწაული აღნიშნა

12 დეკემბერს, რესტორან „ფუნიკულიორში“, შვედეთის საელჩომ საქართველოში ლუსიას დღესასწაული აღნიშნა, რომელიც ამ სკანდინავიური ერისთვის სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული დღეა. შესვლისთანავე, ტრადიციისამებრ, შვედებმა გულითად ღიმილთან ერთად, გლინტვეინი და ჯანჯაფილის თაფლაკვერები მოგვაგებეს.

მიღება საზეიმოდ გახსნა მისმა აღმატებულება, ბატონმა ულრიკ ტიდესტრომმა, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა: „ჩრდილოეთში, ჩვენ გვაქვს რამდენიმე უცნაური ტრადიცია, რომლებიც ძალიან გვიყვარს. ივნისში, შუა ზაფხულის დღესასწაულს აღვნიშნავთ. ჩვენ ბევრი ისეთი ჩვეულება გვაქვს, რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეები იოლად ვერ ჩასწვდებიან. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს სანტა ლუსია, რომელიც ვიტყოდი, რომ ჩვენი ფავორიტი ტრადიციაა. ამიტომაც, ძალიან მიხარია, რომ აქ მობრძანდით და ჩვენთან ერთად აღნიშნავთ ამ არაჩვეულებრივ დღეს. სანტა ლუსია სხვადასხვა ტრადიციების ერთობლიობას წარმოადგენს. ძველად, გვჯეროდა, რომ 12-13 დეკემბრის ღამე ყველაზე გრძელი და ბნელი იყო. ამ დღეს, სუპერბუნებრივი ძალები იღვიძებდნენ და ცხოველებს ლაპარაკი შეეძლოთ. ეს ცოტა არ იყოს, შიშისმომგვრელიც კი იყო. ლუსია კი სინათლეს ნიშნავს, რომელიც ბნელს ამარცხებს. ეს ტრადიცია ასევე უკავშირდება სიცილიელ წმინდა ლუსიას, ქრისტიან მარტვილს.“ შვედმა დიპლომატმა, წლის ბოლოს, მადლობჯა გადაუხადა ყველა ქართველ პარტნიორს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. „შვედეთსა და საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. ასევე, მადლობას ვუხდი ყველა საერთაშორისო პარტნიორსა და ელჩს, სპონსორებს. ეს საოცარი ოჯახია და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ თქვენთან მუშაობით. ასევე, დიდი მადლობა საქართველოში მცხოვრებ შვედებს, რომლებიც ძალიან ცოტანი არიან _ 200 ადამიანი. ფანტასტიკურ საახალწლო დასვენებას გისურვებთ. დაე, მომავალმა წელმა მოიტანოს ჰარმონია, მშვიდობა და ერთიანობა.“

image



blogs.studyinsweden.se


სიტყვის დასასრულს, ელჩმა ყველა ბავშვი მოიწვია სცენასთან ახლოს და დამსწრე საზოგადოებას სიჩუმისკენ მოუწოდა. ყველა გაირინდა და შეეგება სანთლების გვირგვინით შემკულ ლუსიას, როგორც ტრადიცია მოითხოვს, და მომღერალთა მთელ ჯგუფს, რომლებიც თეთრ მოსასხამებში შეეგებნენ აუდიტორიას და საოცარი ჰანგებით დაატკბეს ის. ახლა, ხშირა ისეც ხდება, რომ ელექტრონული ნათურები ადგას ლუსიას შემსრულებელს თავზე.

ვინ იქნება ლუსია? ამ როლის მიღებისთვის, წარსულში, ნაციონალურ არხზე, კონკურსიც კი ცხადდებოდა მთელი შვედეთის მასშტაბით. ადგილობრივი გაზეთები, გამომწერებს მოუწოდებდნენ, ხმა მიეცათ მათთვის სასურველი კანდიდატისთვის. დღესდღეობით, ლუსიას ეროვნულ დონეზე აღარ ირჩევენ. ამის ნაცვლად, ხშირად, ცალკეული სკოლები წილისყრებს ატარებენ, რომ ამ როლის შემსრულებელი გამოავლინონ. როგორც წესი, შვედეთი ხალხის დაყოფას ერიდება, ამიტომაც, იქ სილამაზის კონკურსების მსგავსი ტიპის აქტივობები იშვიათია. თუმცა, ლუსია გამონაკლისი იყო. ახლა კი, ასე აღარ არის.

შვედი ლუსია უძველესი მითიური ფიგურაა, რომლის უცვლელი როლი შვედურ სოფლებში სინათლის შეტანაა. ყოველმა შვედმა, ზეპირად იცის ცნობილი სტანდარტი „სანტა ლუსია“, რომელიც თბილისშიც შესრულდა. 13 დეკემბრის დილიდან, ყველა რადიო-სადგური ამ დღისადმი მიძღვნილი სიმღერებით იწყებს მაუწყებლობას, რომლებსაც ძირითადად, სკოლის გუნდები ასრულებენ.

imageფოტოს ავტორი: ანდერს ჰოლმსტრომი


რადგანაც ლუსიას ღამე ყველაზე გრძელ და ბნელ ღამედ ითვლებოდა, დილით, საქონელსაც და ხალხსაც განსაკუთრებით შიოდათ. ადამიანები 7-9 ულუფა ნოყიერ საუზმეს იღებდნენ. მეორე დილით, ვინც ბოლო ადგებოდა, „ლუს ლუსს“ ეძახდნენ და ხუმრობით, ფეხებზე არყის ტოტებს ურტყამდნენ. უშუალოდ ლუსიას ღამეს კი, შვედეთის სოფლებში, ახალგაზრდები ლუსიასავით გამოეწყობოდნენ ხოლმე და კარდაკარ დადიოდნენ, მღეროდნენ და საჭმელსა და შნაფსს იპარავდნენ.


დოკუმენტურად დასტურდება, რომ თეთრებში გამოწყობილი ლუსია პირველად შვედურ სოფელში 1764 წელს გამოჩნდა. თუმცა, ამ ჩვეულებამ საყოველთაო ხასიათი მხოლოდ 1900-იან წლებში მიიღო, როცა სკოლებმა და ადგილობრივმა ასოციაციებმა დაიწყეს მისი მხარდაჭერა. ურბანიზაციასთან ერთად, უძველესმა ტრადიციამ სახე იცვალა და თეთრმოსასხამიანი ლუსია, რომელსაც მოახლე ქალები და ვარსკვლავებიანი ბიჭუნები სიმღერით აცილებენ, უფრო მიღებული სადღესასწაულო ფორმა გახდა, ვიდრე წარსულში არსებული ახალგაზრდული ღრეობები. ოფიციალურმა სტოკჰოლმმა, ლუსიას დღე 1927 წელს დააფუძნა. თუ ახლა დღესასწაულის განუყოფელი გასტრონომიული ატრიბუტები გლინტვეინი და ჯინჯერის თაფლაკვერებია, 1880-იან წლებში ლუსია ხალხს ყავითა და ფუნთუშებით უმასპინძლდებოდა.

ერთი სახალისო ფაქტი: ლუსიას დღე ნობელის პრემიის გადაცემიდან რამდენიმე დღეში დგება. 13 დეკემბრის დილით კი, სტოკჰოლმის სასტუმროებში დარჩენილ ნობელის პრემიის ლაურეატებს სწორედ ლუსიას პროცესია აღვიძებს სიმღერებით.

imageფოტოს ავტორი: ტონი სიკა


შვედეთში, სანტა ლუსიას პროცესიები იმართება ყველგან: სახლებში, სკოლებში, კომპანიებში, საავადმყოფოებსა და საზღვარგარეთად _ შვედეთის ყველა საელჩოში. წლებია, მათ რიცხვში საქართველოში მდებარე შვედური წარმომადგენლობაც შედის.





1
47
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ლომაძე
მაკა ლომაძე
47
  
2019, 29 დეკემბერი, 2:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1