x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
არმაზი
არმაზი


არმაზი (ხეთური "არმა" - მთვარე) არის უზენაესი წარმართული ღმერთი ქართულ მითოლოგიაში მზისა და მთვარისა ან ზოგადად, დიდი ღმერთი, ცისა და მიწის სასტიკი მეუფე, ანთროპომორფული ღვთაება, რომლის განთქმული კერპი აღმართული იყო ქალაქ მცხეთის მთაზე, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს: "აჰა, დგა კაცი ერთი არმაზი სპილენძისა, ტანთ აცვია ჯაჭვი ოქროისა და ჩაფხუტი ოქროისა, სამხარნი ესხნეს ფრცხილი და ბივრიტი, ხელთა აქვნდა ხმალი ლესული, რომელი ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა მისსა... ღმერთნი დიდთა ნაყოფთა მომცემელნი და სოფლის მპყრობელნი, მზის მომფენელნი და წვიმის მომცემნი, ქვეყნისა ნაყოფთა გამზრდელნი, ქართლისა არმაზ და ზადენ - ყოვლისა დაფარულისა გამომძიებელნი და ძველნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი." (შატბერდის კრებული, X ს. 21, 37).


ამ ჩინებულ აღწერაში არმაზის სიძველეც ჩანს და ძლიერებაც. ეკისრება მარსისა და დემეტრას ფუნქციებიც. რვალით და ოქროთი შეჯავშნული სასტიკი და კეთილი ღმერთი, ასეა დახასიათებული ლეონტი მროველის (XI ს.) შრომაში "მოქცევაი ქართლისაი": "აქვნდა ხრმალი ბრწყინვალე, ვითარცა ელვა და იქცეოდა ხელთა შინა. უკეთუ ვინმე შეეხებინ, თავი თვისი სიკვდილად განწირის" (ცხოვრება ქართ. მეფეთა, 89).


არმაზი



"მოქცევაი ქართლისაის" ეს აღწერილობანი მეტყველებს რწმენის ძალაზეც და ხელოვნების სიმაღლეზეც. არმაზის ციხეში შესული მონუსხულივით იდგა: "დავდეგ ახლოს კერპისა მის, ნაპრალსა ზღუდისასა და ვხედევდი საკვირველებათა და საშინელსა, რომელი თქუმად ენისა ვერ ეგების, ვითარ იგი იყო ზარის აღსახდელი შიშითა ძრწოლით მეფეთა მათ და ყოვლისა ერისა".


მემატიანის ცნონით "ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახლსა ზედა თვისსა. ასევე არს არმაზი, თავსა ზედა ქართლისასა." ქართლში არმაზის კულტი ფარნავაზმა დააკანონა ძვ.წ. მე-4 საუკუნიდან. 24 საუკუნის წინ, ხოლო რწმენა ამ ღმერთისადმი აღმოსავლეთ საქართველოში ბევრად უფრო ძველია. არმაზი შეუპოვრად ებრძოდა ქალდეველთა ღმერთს - ითრუჯანს. ეს ბრძოლა გაგრძელდა ქრისტიანობის იბერიაში (ქართლის სამეფოში) სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე ახ.წ. 326 წლამდე.


არმაზის კერპი შექმნა ფარნავაზმა, "რამეთუ ფარნავაზს სპასულად არმაზ ერქუა" (მოქცევაი ქართლისაი). ეს იყო ღვთაების სიმბოლო. არმაზის ციხე (ბაგინეთი) ძვ.წ. მე-4 საუკუნეში უკვე ძლიერი კოშკებიანი ბურჯი იყო. ეს დიდებული ციხე ძვ.წ. 65 წელს პომპეუსმა (გნეუს პომპეუს მაგნუსი - ცნობილი რომაელი მხედართმთავარი და პოლიტიკოსი) დაანგრია.


არმაზი


ერთ დროს ბგერითი მსგავსებისა და ზოგი ნიშნის მიხედვით არმაზი, იგივე ორმუზდი აჰურამაზდა ეგონათ. ეს შეხედულება გააბათილეს ო. ვეზენდოკმა, მიხეილ წერეთელმა, ივანე ჯავახიშვილმა. ხეთური წარმომავლობის მიუხედავად, ეს "ღმერთთა ღმერთი" ძალზე ორიგინალური, ძლიერი ღვთაებაა ქართლის (იბერიის) სამეფოში და თუ უცხოეთის ენციკლოპედიებში არ შეაქვთ, მხოლოდ საკითხის ცოდნის ნაკლებობით აიხსნება, მით უმეტეს, რომ მას ლათინებიც ახსენებენ არმოზიკეს სახელით, პლიმიუსი ჰარმასტს უწოდებდა, ხოლო პტოლემეოსი - არმაკტიკას.


ასეთ ძლიერ ღმერთთან ბრძოლა ურთულესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წმინდა ნინომ, როგორც ქართლის ქრონიკები მოგვითხრობენ, ის ქრისტეს ძალით დალეწა. სინამდვილეში კი ისინი დალეწილნი იქნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებით და სამწუხაროდ ხელოვნების მრავალი ფასდაუდებელი ქმნილება ბარბაროსულად იქნა განადგურებული. ძეგლად კი დარჩა მხოლოდ ამბავი, სახელი და მცხეთის არმაზის არქიტექტურული ანსამბლი, 15 კილომეტრში მცხეთიდან, არმაზისხევში (1150-78), აგრეთვე ქსნის წმინდა გიორგის ეკლესია.


აღნიშნულ ღმერთთან ბრძოლას ის აძნელებდა, რომ ძველი, იბერიელთათვის შესისხლხორცებული ღვთაება გახლდათ არმაზი გაცთან და გასთან ერთად - "ძლიერნი ღმერთნი მამათა ჩუენთა". ფარნავაზის წინამორბედმა ქართლის მეფემ - აზომ აღმართა დედაქალაქ მცხეთაში გაცის და გას კერპები. გაცი "კაცის" შესატყვისი უნდა იყოს, მით უფრო, რომ მემატიანე არმაზსაც კაცს უწოდებს. ასეა ექვთიმე მთაწმინდელთან. ქალდეველთა მითოლოგიაში ღმერთი სამობითაა: მამა, ძე და დედა (შეად. ქრისტიანული სამება "მამა, ძე და სულიწმინდა"). არმაზი აღმართა აზოს შემდგომმა მეფემ - ფარნავაზმა, რომლის სახელსაც მზეს უკავშირებენ: ფარნა - ბაზ, ასევე უკავშირებენ არმაზს ("მაზ" ნიშნავს მზეს). ხეთური ეტიმოლოგია ამ აზრს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს, რადგან ლენორმანისა და სხვა სწავლულთა კვლევის შემდეგ ნათელია, რომ ქართულისგან დამოუკიდებლად შეუძლებელია ხეთურის, ურარტუს და შუმერული ენის გაგება - საერთო ძირებია.


არმაზი


დიდებული არმაზის მთაზე, მისი კერპის მარჯვნივ, იბერიელებს გაცის ოქროს კერპი აღემართათ, მარცხნივ ვერცხლისა - გას ბრწყინვალე ქანდაკი (სავარაუდოდ გაცის ცოლის, ქართული ქალღმერთის გამოსახულება). იქვე ჩადიოდა ალმასის წყარო. მატიანე ერთად ჩამთვლის დიოს (ზევსს), აპოლონს, არტემიდეს, ბოჩს, გეონსა და არმაზს - მზის ღმერთს, დამსჯელს, რომელიც ადამიანებს ათბობს და აცოცხლებს, მაგრამ მუსრავს კიდეც ვინც იმსახურებს.


როცა ნანა დედოფალი, მეფე მირიანი და მთელი ერი საყვირთა ქუხილში არმაზის მთაზე გამოვიდა, ნინოც წავიდა არმაზის სანახავად, შიდაციხეს გაუსწორდა, ზღუდის ნაპრალთან დადგა და დიდხანს შესცქეროდა "საკვირველსა და საშინელს". მოწიწებით ქედმოხრილი ქართველები ეთაყვანებოდნენ არმაზს მისი კერპის წინ. "როგორც კი ნინომ ვაზის ჯვრის ნიში აღმართა "მეყსეულად მას ჟამსა დაეცნის ყოველნი კერპნი, რომელნი იქმნეს საზღვარსა ქართლისასა და შეიმუსრნეს" (მოქცევაი ქართლისაი). სინამდვილეში თავისით არ განადგურებულა არცერთი კერპი. მოხდა უდიდესი ბარბაროსობა კაცობრიობის ისტორიაში და განადგურებული იქნა უდიდესი ქართული წარმართული კულტურა, უამრავი ძეგლი (კერპებად წოდებული) და "წარმართული" (ძველი ქართული რელიგიის სააღმსარებლო) ტაძარი მთელი სამეფოს მასშტაბით სახელმწიფოს მესვეურთა მიერ. ბევრი წარმართული ტაძარი კი უბრალოდ გადაკეთდა ქრისტიანულ ტაძრებად ან დაინგრა და მათ ადგილას აშენდა ქრისტიანული ტაძრები, ზოგგან კი ქრისტიანული ტაძრები არც აშენდა მათ ადგილას და უბრალოდ დაანგრიეს.


არმაზი


არმაზის მიწაში აღმოჩენილია მთელი საგანძური: სასაფეთქლეები (V-VI სს.), ოქროს ყელსაბამები, სამაჯურები, ჯიხვის, ცხვრისა და ცხენის სახეებიანი სამკაულები, პიტიახშის ცოლის, სერაფიტას გულსაკიდები, ზურმუხტისა და ფირუზით გაწყობილი ბეჭდები, ვერცხლის ჭურჭელი, სასმისები, ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები. ყოველივე ეს მეტყველებს წარმართული კოლხური და იბერიული კულტურის სიმაღლეზე, სრულად ამართლებს მითებში აღწერილ ამბებს.


საგულისხმოა ასეთ კერპთა არსებობაც და მათი მითიური სარჩულიც. გაც - მამაკაცია, გა - ქალი, ე.ი. დედამიწა (სვანურად გიმ, ბერძნულად გე). აქ უდავოდ იგულისხმება ისევ ცა და მიწა - ურანოსისა და გეას ქართული შესატყვისები. ღმერთი გაცი - კაცია. გა ქალღვთაებაა, დაახლოებით იმავე ფუნქციისა, რაც პირველ ხანებში ჰქონდა ფინიკიურ ასტარტას. არმაზი კი ქართლის ხთონური ღმერთთა ღმერთია. ნაკლებადაა გამოკვეთილი გეონის სახე, მაგრამ აშკარაა მისი კავშირი გეა - გიმთან.


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.







კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
379
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
379
  
2019, 3 დეკემბერი, 2:48
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1