x
image
klopka
დედოფალ ელისაბედ I-ის ოქროს ხანა. მითი თუ რეალობა?

imageის სიცოცხლეშივე ლეგენდად
იქცა. მწერლებმა, პოეტებმა, დრამატურგებმა და თანამედროვე რეჟისორებმა უკვდავყვეს მისი
დიდება. ბოლო წლებში მის შესახებ უამრავი წიგნი დაიწერა და მრავალი გამოფენა მოეწყო.
მსოფლიო რეიტინგით, ის ათ ყველაზე გამოჩენილ ბრიტანელთა სიაში მოხვდა. ეს ადამიანი
ინგლისის დედოფალი, ელისაბედ I-ია.

რით დაიმსახურა საზოგადოების
ესოდენ დიდი ყურადღება მონარქმა, რომელიც ქალწული დედოფლისა და კეთილი დედოფალი ბესის
სახელით გახდა ცნობილი? ნამდვილად შეიძლება მისი მეფობის წლებს ოქროს ხანა ვუწოდოთ?


მძიმე მემკვიდრეობა


ელისაბედ ტიუდორი დაიბადა
1533 წელს. თავისი დაბადებით მან ძალიან გაუცრუა იმედი მამამისს, მეფე ჰენრი
VIII-ს, რომელიც მემკვიდრე ვაჟზე ოცნებობდა. დედამისი, ანა ბოლეინი, ჰენრის მეორე ცოლი
იყო, რომელმაც ვერ შეძლო მეფისთვის ვაჟის გაჩენა. ჰენრის ბრძანებით მას თავი მოჰკვეთეს.
ბევრი თვლიდა, რომ ეს დედოფლისთვის წაყენებული შეთითხნილი ბრალდებების საფუძველზე მოხდა.
მაშინ ელისაბედი 2 წლის იყო.


იმ დროისთვის ჰენრის
გაწყვეტილი ჰქონდა რომის პაპთან კავშირი და თავი ანგლიკანური ეკლესიის უზენაესს მეთაურად
ჰყავდა გამოცხადებული. 1547 წელს ჰენრის სიკვდილის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი
ვაჟი ედუარდ VI გამეფდა. მისი სულიერი მოძღვრები თავს არ ზოგავდნენ, რომ ინგლისი ნამდვილ
პროტესტანტულ ქვეყნად ექციათ. ექვსი წლის მეფობის შემდეგ ედუარდი გარდაიცვალა. სამეფო
ტახტზე ელისაბედის ნახევარდა, მერი (მარიამ) I ავიდა. მისი ხანმოკლე და სისხლიანი მმართველობის
პერიოდში ინგლისი კვლავ კათოლიციზმის გავლენაში მოექცა. 1558 წლისთვის, როცა
25 წლის ელისაბედი ინგლისის სამეფო ტახტზე ავიდა, ქვეყანაში არა მარტო რელიგიური
შუღლი მძვინვარებდა, არამედ ის თითქმის გაკოტრების პირას იყო მისული. ინგლისს დაკარგული
ჰქონდა საფრანგეთისთვის წართმეული ტერიტორიები, ესპანეთი კი სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.


ელისაბედმა შემოიკრიბა
უნარიანი მრჩევლები, რომელთაგან ზოგი მმართველობის ბოლომდე, თითქმის 44 წელი ერთგულად
ემსახურებოდა მას. ტახტზე ასული ელისაბედი მაშინვე რელიგიური უთანხმოებების მოგვარებას
შეუდგა. როგორც ეროვნულ საზღვაო მუზეუმში არსებულ მასალებშია ნათქვამი, მან „აღადგინა
რეფორმაცია და საფუძველი ჩაუყარა ისეთ ანგლიკანურ ეკლესიას, რომელიც არც კათოლიკური
იყო და არც უკიდურესად პროტესტანტული“. მან თავს ეკლესიის მეთაური კი არა, უმაღლესი
ხელმძღვანელი უწოდა, რითაც დაამშვიდა ისინი, ვისთვისაც ქალის ეკლესიის თავად ყოფნის
იდეა მიუღებელი იყო. პარლამენტმა დაამტკიცა „ერთგვარობის აქტი“, რომელიც გახდა ანგლიკანური
ეკლესიის მრწამსის საფუძველი, თუმცა მასში შენარჩუნებული იყო ზოგიერთი კათოლიკური რიტუალი
და წეს-ჩვეულება. ფაქტია, ასეთი „შუალედური გზა“, დიდად არც კათოლიკეებს ეამათ და არც
მკაცრ პროტესტანტებს, იგივე პურიტანებს.


ელისაბედს სხვა რამეც
აფიქრებდა. კერძოდ, როგორ მოეპოვებინა თავისი ერის ერთგულება და პატივისცემა, რომელიც
სისხლიანი მერი I-ის მმართველობის შემდეგ ჯერაც ვერ მოსულიყო გონს. მან გადაწყვიტა,
საკუთარი სქესი თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ისტორიკოსი კრისტოფერ ჰეიგი გვიხსნის:
„ტახტზე მჯდომი ელისაბედი ხალხისთვის იყო ქალწული დედოფალი, ეკლესიისთვის — დედა,
დიდგვაროვანთათვის — დეიდა, მრჩეველთათვის — ჭირვეული ცოლი, სამეფო კარისთვის
კი — მაცდური ქალი“. მისი საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ის გამუდმებით არწმუნებდა
ხალხს განსაკუთრებულ სიყვარულში და ეს იმდენჯერ გააკეთა, რომ ხალხმა დაიჯერა და სიყვარულზე
სიყვარულითვე უპასუხა.


პარლამენტი ძლიერ იყო
მოწადინებული, რომ ელისაბედი გათხოვილიყო და პროტესტანტი მემკვიდრე ეშვა. დედოფალს
ერთმანეთის მიყოლებით მისდიოდნენ მთხოვნელები. ელისაბედს თავი ისე მოჰქონდა, თითქოს
ეს საკითხი მასაც აღელვებდა და საქორწინო მოლაპარაკებებს თვეობით, ზოგჯერ წლობითაც
კი წელავდა, ვიდრე ხელსაყრელი მომენტი არ მიეცემოდა, რომ პოლიტიკური ინტერესებიდან
გამომდინარე ნიშნობა ჩაეშალა.


„ზომიერი“ რელიგიური
კურსის გამო ელისაბედი რამდენჯერმე გახდა შეთქმულთა სამიზნე. მისი მთავარი კონკურენტი
იყო მისი კათოლიკე ბიძაშვილი მერი (მარიამ) სტიუარტი, რომელსაც კათოლიკური ევროპა მერი
I-ის კანონიერ მემკვიდრედ თვლიდა. საფრთხე უფრო გაძლიერდა, როცა 1568 წელს მერი
იძულებული გახდა, შოტლანდიის ტახტი დაეტოვებინა და ინგლისში გაქცეულიყო. მართალია შინაპატიმრობაში
იმყოფებოდა, მაგრამ მერი მალე მოექცა კათოლიკე მეამბოხეების ყურადღების ცენტრში, რომელთაც
სურდათ პროტესტანტი დედოფლის ტახტიდან ჩამოგდება. ელისაბედმა მტკიცე უარი განაცხადა
პრეტენდენტი მონარქის სიკვდილით დასჯაზე. 1570 წელს პაპმა პიუს V-მ გამოსცა ბულა
ანუ ბრძანებულება ელისაბედის ეკლესიიდან განკვეთის შესახებ. ამ ბრძანების თანახმად,
ელისაბედის ქვეშევრდომები ვალდებულნი აღარ იყვნენ, დამორჩილებოდნენ დედოფალს. მომდევნო
პაპი გრიგოლ XIII ამას არ დასჯერდა და განაცხადა, რომ ინგლისზე თავდასხმა და დედოფლის
ტახტიდან ძალით ჩამოგდება ცოდვად არ ჩაითვლებოდა. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა ელისაბედმა
შეიტყო, რომ ვინმე ანტონი ბაბინგტონი აპირებდა მის მოკვლას და შეთქმულებაში მერის ხელიც
ერია. ელისაბედი იძულებული გახდა მერის ბედი გადაეწყვიტა და პარლამენტის დაჟინებული
მოთხოვნით 1587 წელს მან თანხმობა განაცხადა, მისთვის თავი მოეკვეთათ. ამ ფაქტმა
ძლიერ აღაშფოთა კათოლიკური ევროპა, განსაკუთრებით ესპანეთის მეფე ფილიპე II.


ფილიპეს გაბედული სტრატეგია


ფილიპე, იმდროინდელი
ევროპის უძლიერესი მმართველი, ცდილობდა, ინგლისი ისევ კათოლიციზმზე მოექცია. ამ მიზნით
მან ტახტზე ახლად ასულ ელისაბედს ცოლობა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. წლების განმავლობაში
ინგლისის გემები ძარცვავდნენ ესპანეთის გემებსა და პორტებს, რითაც სერიოზულ საფრთხეს
უქმნიდნენ ზღვაზე ესპანეთის ერთპიროვნულ ბატონობას. კიდევ ერთი დარტყმა ესპანეთისთვის
ის იყო, რომ ელისაბედმა მხარი დაუჭირა აჯანყებულ ჰოლანდიელებს, რომლებიც ესპანეთის
ბატონობისგან გათავისუფლებას ლამობდნენ. მერის სიკვდილით დასჯამ ფილიპეს მოთმინების
ფიალა აუვსო. პაპისგან წაქეზებულ მეფეს ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ ესპანური არმადა,
130-ზე მეტი გემისგან შემდგარი უზარმაზარი ფლოტი, ნიდერლანდებში შეეყვანა, იქიდან ქვეითი
ჯარი აეყვანა და ლა-მანშის გავლით თავს დასხმოდა ინგლისს. ვიდრე მეფე ფლოტის სრულ მობილიზებას
მოახდენდა, ინგლისელმა ჯაშუშებმა მისი გეგმის შესახებ შეიტყვეს. ელისაბედმა სერ ფრანსის
დრეიკის მეთაურობით 30 ხომალდი გაგზავნა კადისის პორტში (ესპანეთი), სადაც მათ
ესპანელებს რამდენიმე ძვირფასი ხომალდი გაუნადგურეს, რამაც ერთი წლით შეაფერხა ფილიპეს
გეგმა.


1588 წელს, როცა
არმადამ საბოლოოდ აიღო გეზი ინგლისისკენ, ელისაბედის სამხედრო-საზღვაო ფლოტი უკვე
მზად იყო თავდასხმის მოსაგერიებლად. ინტენსიური ცეცხლის მიუხედავად, ესპანეთის ფლოტი
სერიოზული ზარალის გარეშე შევიდა ლა-მანშში და საფრანგეთის პორტში, კალეში გაჩერდა.
მომდევნო დღეს ინგლისელებმა რვა ბრანდერი გაგზავნეს. ესპანელები პანიკამ მოიცვა და
მათი ხომალდები სხვადასხვა მხარეს მიმოიფანტნენ. ცხარე შეტაკების შემდეგ სამხრეთ-დასავლეთიდან
ამოვარდნილმა ქარიშხალმა ესპანელთა ხომალდები ინგლისის სანაპიროდან ჩრდილოეთით, შოტლანდიისკენ
გაიტაცა. შოტლანდიასთან და ირლანდიის დასავლეთ სანაპიროსთან ამოვარდნილმა ქარიშხლებმა
ესპანური ხომალდების ნახევარი იმსხვერპლა, გადარჩენილმა ხომალდებმა კი რის ვაივაგლახით
ჩააღწიეს ესპანეთამდე.


„ოქროს ხანის“ დასაწყისი


ელისაბედის მეფობის დასაწყისში
ინგლისს ჯერ არ ჰქონდა დაპყრობილი ზღვისიქითა ტერიტორიები მაშინ როცა ესპანეთს დიდი
სიმდიდრე ჰქონდა დაგროვებული ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ვეებერთელა
ტერიტორიების დაპყრობით. ინგლისელებს არ სურდათ, ესპანელებს ჩამორჩენოდნენ. ამიტომ
თავგადასავალთა მაძიებლებმა სახელის, სიმდიდრისა და ახალი სავაჭრო გზების ძიებაში გეზი
ჩინეთისა და შორეული აღმოსავლეთისკენ აიღეს. სერ ფრანსის დრეიკი პირველი კაპიტანი იყო,
რომელმაც თავისი ხომალდით დედამიწის გარშემო იმოგზაურა. სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის
სანაპიროებთან ის განძით დატვირთულ ესპანურ გემებსაც ძარცვავდა. ახალ მსოფლიოზე ესპანეთის
მონოპოლიისთვის წერტილი რომ დაესვა, სერ უოლტერ როლიმ დააფინანსა ექსპედიცია ჩრდილოეთ
ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე ახალი კოლონიის აღმოსაჩენად. მითვისებულ ტერიტორიას
მან ინგლისის ქალწული (ინგლისურად „ვირჯინ“) დედოფლის პატივსაცემად ვირჯინია უწოდა.
მართალია, კოლონიების დაარსების ინგლისელთა პირველი მცდელობები უშედეგოდ დამთავრდა,
მაგრამ ამით მათი ინტერესი არ განელებულა. ესპანეთის უძლეველი არმადას დამარცხების
შემდეგ, ინგლისმა დიდი ძალაუფლება მოიპოვა ზღვაზე. ელისაბედიც ხელს უწყობდა ახალ სავაჭრო
ექსპედიციებს, რომლებიც მსოფლიოს მეორე ნაწილში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ეწყობოდა.
ასე ჩაეყარა საფუძველი ბრიტანეთის იმპერიას, რომელიც საბოლოოდ მთელ მსოფლიოზე გაბატონდა.


ინგლისში დიდი ყურადღება
ექცეოდა განათლებას. ახალდაარსებული სკოლები უფრო მეტ მოსწავლეს უღებდა განათლების
ფართო კარს. ლიტერატურის სიყვარულმა და ბეჭდვის მეთოდების დახვეწამ ინგლისის კულტურულ
აღორძინებას შეუწყო ხელი. ეს იყო უილიამ შექსპირისა და სხვა სახელოვანი დრამატურგების
ეპოქა. ხალხი აწყდებოდა ახალგახსნილ თეატრებს მათი პიესების სანახავად. იქმნებოდა დახვეწილი
სონეტები, ვითარდებოდა მუსიკის ახალი ჟანრები. ნიჭიერი მხატვრები დედოფლისა და სამეფო
კარის დიდებულთა ნატიფ მინიატურებს ქმნიდნენ. ბიბლიის ახალმა თარგმანებმა საპატიო ადგილი
დაიკავა ეკლესიებსა და სახლებში. მაგრამ ოქროს ხანა დიდხანს არ გაგრძელებულა.


ოქროს ხანა თავის ბრწყინვალებას კარგავს


სიცოცხლის ბოლოს ელისაბედს
მძიმე წლები დაუდგა. სიკვდილმა ხელიდან გამოაცალა ერთგული მრჩევლები. მან ერთეულებს
უბოძა პრივილეგიები, რამაც სამეფო კარზე დიდი განხეთქილება გამოიწვია. ამას წარუმატებელი
აჯანყებაც მოჰყვა. მისი სამეფო რელიგიურ ნიადაგზე კვლავ ორ ბანაკად დაიყო. კათოლიკეები
უარს ამბობდნენ პროტესტანტულ ღვთისმსახურებაში მონაწილეობაზე, რის გამოც მათ ავიწროებდნენ.
ელისაბედის მმართველობის ბოლო წლებისთვის მთლიანობაში დაახლოებით 200 მღვდელი
თუ საერო პირი გამოასალმეს სიცოცხლეს. საპატიმროები და სიკვდილით დასჯა არც პურიტანებს
ასცდათ. ირლანდიაში ინგლისის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა, ესპანეთთან ომიც გრძელდებოდა.
ოთხი მოუსავლიანი წლის გამო იმატა უმუშევრებისა და მაწანწალების რიცხვმა. ხალხმა ხმა
აიმაღლა საკვებზე მაღალი ფასების გამო. ელისაბედის დიდებამ ძველებური ბრწყინვალება
დაკარგა. ინგლისელმა ხალხმა გული აიცრუა ქალწულ დედოფალზე.


ელისაბედმა სიცოცხლის
ხალისი დაკარგა და 1603 წლის 24 მარტს გარდაიცვალა. ის ტიუდორების დინასტიის
ბოლო წარმომადგენელი იყო. ხალხი მისი სიკვდილის ამბავს სამარისებური სიჩუმით შეხვდა,
მაგრამ საღამოს უკვე ახალი მონარქის გამოჩენას ზეიმობდნენ და ამის ნიშნად ქუჩებში კოცონს
ანთებდნენ. როგორც იქნა, ქვეყნის ტახტზე მეფე ავიდა. ეს იყო შოტლანდიის მეფე ჯეიმზ
VI, მერი სტიუარტის პროტესტანტი ვაჟი. ინგლისში ის ჯეიმზ I-ად აკურთხეს. თავისი მმართველობის
პერიოდში მან ის გააკეთა, რაც ელისაბედმა ვერ შეძლო: ორი სამეფო ერთ სამეფოდ გააერთიანა.
მაგრამ ხალხის სიხარული მალე იმედგაცრუებამ შეცვალა და კეთილი დედოფალი ბესი მოენატრათ.


იყო კი ოქროს ხანა?!


ელისაბედის თანამედროვე
ისტორიკოსები ხოტბას ასხამდნენ დედოფალს. მისი სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ ისტორიკოსმა
უილიამ კამდენმა ელისაბედის მმართველობას ქვეყნის აღმავლობის გამო ოქროს ხანა უწოდა.
დედოფალმა ხალხს დიდებისკენ სწრაფვა შთაუნერგა. საუკუნეების მანძილზე კამდენის მოსაზრება
ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. მე-19 საუკუნის ბოლოს ელისაბედის რეპუტაცია უფრო ამაღლდა,
როდესაც მას მიაწერეს ბრიტანეთის იმპერიის დაარსება, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოს
მეოთხედს მოიცავდა.


თანამედროვე ისტორიკოსთაგან
ზოგი ელისაბედის მმართველობის ხანას ასეთ ლამაზ ფერებში არ გვიხატავს. ერთ წიგნში ნათქვამია:
„დიდება, რომელიც ელისაბედმა სიკვდილის შემდეგ მოიპოვა, სინამდვილეში მისი რეალური
მიღწევების გაზვიადება იყო. აშკარაა, რომ მისმა პროპაგანდამ ... ხანგრძლივმა
მმართველობამ, შექსპირის თანამედროვეობამ და არმადას დამარცხებამ, დედოფალი ცამდე აგვაყვანინა
და თვალი დაგვახუჭინა იმ ფაქტზე, რომ მან ინგლისი უმართავი გახადა“ (The Oxford
Illustrated History of Britain). ზემოთ მოხსენიებული ისტორიკოსი ჰეიგი გვიხსნის, თუ
რატომ ასხამდნენ ელისაბედს ხოტბას ისტორიკოსები: „1603 წელს ელისაბედს გამოჩერჩეტებულ
ბებრუხანად მიიჩნევდნენ და იმედის თვალით შეჰყურებდნენ სტიუარტების დინასტიის წარმომადგენელს.
დედოფალი სათნოების ნიმუშად მხოლოდ 1630 წლიდან იქცა, როცა სტიუარტებმა ხალხის
მოლოდინი ვერ გაამართლეს“.


ფაქტია, რომ ელისაბედი
განსაკუთრებული ქალი იყო იმ დროს, როცა მსოფლიოს მამაკაცები მართავდნენ. ის გონიერი
და მტკიცე ბუნების ქალი იყო და დიდ წარმატებას მიაღწია დიპლომატიაში. მას მრჩევლები
უწერდნენ მჭერმეტყველურ მიმართვებს, ურჩევდნენ, რა ჩაეცვა, როგორ გამოჩენილიყო ხალხში
და როგორ გამოესახათ პორტრეტებზე. ამის წყალობით შეიქმნა მისი, როგორც დიდებული მონარქის
იმიჯი და ლეგენდარული ოქროს ხანა.


ჯონ დი და ბრიტანეთის იმპერია


ელისაბედი ჯონ დის (1527— დაახლ. 1608) თავის
ფილოსოფოსს უწოდებდა. ის ცნობილი მათემატიკოსი, გეოგრაფი და ასტრონომი იყო. გარდა ამისა,
ჯონ დი გატაცებული იყო ასტროლოგიითა და ოკულტიზმით. მან ურჩია დედოფალს, რომელი დღე
იქნებოდა კორონაციისთვის ყველაზე ხელსაყრელი. სამეფო კარზე მის მოღვაწეობას არაფერი
ზღუდავდა. ის ცდილობდა „ბრიტანეთის იმპერიის“ იდეის პოპულარიზაციას და დედოფალს ჩააგონებდა,
თავი მომავალი იმპერიის დედოფლად წარმოედგინა. ამ მიზნის მისაღწევად დედოფალი ზღვაზე
უნდა გაბატონებულიყო და ახალი კოლონიები დაეარსებინა. ჯონ დიმ ზღვაოსნობაში გაწაფა
მოგზაურები, რათა მათ აღმოსავლეთში მისასვლელი გზები მოეძებნათ ჩრდილო-აღმოსავლეთითა
და ჩრდილო-დასავლეთით. ის მხარს უჭერდა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის კოლონიზაციის
გეგმას.


3
2418
3-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
2418
  
2012, 2 აგვისტო, 21:58
მადლობა
2012, 2 აგვისტო, 12:27
მადლობა
2012, 2 აგვისტო, 12:25
ბევრი გიშრომია.ყოჩაღ
0 1 3