x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121634
  • ვიდეო:354860
  • სურათი:493770
"ჩასულა მამაი ქალაქშია... სცმია თავის დაბღლეძილი ჩოხა" - გულქან რაზიკაშვილის მოგონებები ვაჟა -ფშაველაზე
image

15 წლის ყოფილა ვაჟა-ფშაველასა და კეკე ნებიერიძის ქალიშვილი, გულქან რაზიკაშვილი, როცა მამა გარდაეცვალა.

ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ გულქან რაზიკაშვილისგან რამდენიმე ისტორია მოიპოვა და უაღრესად საინტერესო მოგონებად შემოგვინახა.

აი ისიც:


image

...

"ჩასულა მამაი (ვაჟა-ფშაველა) ქალაქშია. სცმია თავის დაბღლეძილი ჩოხა. გაუვლავ ჩემ ბიძასთან, სანდროსთან სტუმრადა, - ეს ხდება ვერაზე, - იქ პოეტებს უქეიფებავ. მისალმებია მამაი. იმათ გამოუხედავ, უნახავ, ეს დაბღლეძილჩოხიანი კაცი, დიდად არავის არაფერი უთქვამ მამაისთვისა.


მამა შესულა სანდროსთანა, დაუბანავ, დაწესრიგებულა, ბიძაის ახალი ჩოხა ჩაუვამ და გამოსულა. საქმეზე მიდიოდა თურმე, რაღაც ჰქონია დასაბეჭდი. მოქეიფეებთან რომ ჩამოუვლია, ვაჟა, შემობრძანდიო, ძალით შეუყვანავ მამაი და მიუწვდავ ღვინიანი ჭიქა.


ვაჟას სადღეგრძელო უთქვამს და ჩოხის მასრებზე დაუსხამს ღვინო.


რა ჰქენიო, გაჰკვირვებიათ.


წეღან აქეთ არ გამოვიარე, რომ ვერ შემამჩნიეთ, თქვენ ახლა ამ ჩოხას დაუძახეთ და ამ ძონძებს ეცით პატივი და დაე, ღვინოც ამან დალიოსო.


გამოსულა და წამოსულა."

image

....

“ისე დავბერდი სიხარული რასა იქვიან, არა ვიცი. გული მაწუხებს ლაპარაკსაც ვერ ვიტან. ექიმებთან ვერ მივდივარ. ერთი-ორი ქათამია, იმათ ვერ ვანებებ თავსა… ტყეში დაბერებული ვარ, საქონელში. ძროხების მოვლაში გავიზარდე და დავბერდი… რო წვიმს, წვიმს, წვიმს, დგეხარ ველზე შიშველ-ტიტველი, დაბერდები, აბა რა მოგივა.

მე და მამას ერთ კალაპოტში გვიდგა ფეხები და ერთნაირად დავბერდით…

მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ასეთი. მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ… თავის დედის სახელი დამარქვა – გულქანი. სიკვდილის წუთებში ეთქო, გულქანი დამრჩა შუა გზაზედაო. ხუთ შვილში მარტო მეღა ვარ დამრჩალი ბუვივითა. ხუთმეტისა ვიყავ, მამა რო დამეღუპა… მოხრილი ვარ, ძლივს დავცოცავ. ვერაფერი ვერ ვიცი წუთისოფლისა. ხალხი აქამდე მაშინებდა, ეხლა მივეჩვიე…

დღე-ღამეს ასწორებდა მამაი, მე ჭრაქს უზიდავდი საქონიდან, ღამე იმას უნთიებდი და ისა სწერდა. რო დასწერდა, მკითხავდა მოგწონსო?.. ალბათ მცდიდა, როგორ ესმისო. კარგია, მამაო, რო ვეტყოდი, სახესა ნათელი გადაუვლიდა…

ძროხებში დავბერდი, საქმეში დავბერდი, ახლაც ვერ გამაშვებინებენ საჩეჩელ-საქსოვ-სართავსა. მამაიც ეგეთი იყო. სუ შრომა… – შვილო არ მომიტანეო ჭრაქიო? … ნავთი არა გვქონდა…

ალბათ მცდიდა, განა მესმოდა, მაგრამა, მამა რო მიყვარდა, ვეტყოდი, კარგია, მამო, კარგიო… – ყოჩაღ, ჩემო ქალო, ყოჩაღო!..

ბეჩავი მამაი!.."

image

...

"წვიმდა ჩქეფითა, მაშინ ცხრა-ათის წლისა ვიქნებოდი. ძროხაში ვიყავ. ყველას მოუვიდა პატრონი და სახვევები მოუტანეს, მე კი არა, არავინა. მამა ჩარგალს არ იყო. ჩამდიოდა წკრიალასა წყალი კაბის ბოლოზედა და ვიდეგ აი, იქა… გამყინა. მოვიდა უცებ ცხელი მზე. გავთბი. მომშივდა კიდეცა. ზაფხული იყო, მომშივდა და ერთი პატარა პურაი მქონდა, ისიც გამხმარი, დავფიქრდი: მე რო ობოლი არა ვყოფილიყავ, განა ეგრე ვიქნებოდიო. დავფიქრდი და ვთქვი:

ად გამაჩინე, უფალო,
რატომ არ მოედ წვიმადა
ამითვისებდენ ღრუბელნი,
თან მატარებდენ შვილადა…

ჩემი ობლობა და მწყემსობა ემაგ ორ-სამ სიტყვაში ჩავხატე. შენა მყვანდიო, – მითხრა, – შენაო, პირველად მაშინ მაკოცა. შევნანდი მამასა და იმითა.

მამამ მითხრა, რო ეგაო ძალიან გენიოსური სიტყვაა, შენაო, გოგოო, ჩემზე მეტი ნიჭი გქონიაო. დაწერე, როცა რა მოგაგონდეს ესეთი ქვებზე და მომიტანე, ჩავწერო.

დავწერდი, გაიავდრებდა, გადამირეცხდა, დავწერდი ქვაზედა, ძროხები დამიბზიკავდებოდნენ, მივბრუნდებოდი, ადგილი გადამიბრუნდებოდა, დავკარგავდი, ეეე!.. მამა მთხოვდა, ქვებზე წერე და მოიტანეო…”

1
624
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
624
  
2019, 6 სექტემბერი, 1:23
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1