ფსიქოლოგია რა არის სტიგმატიზაცია? განზომილებები და თეორიული ჩარჩო 2019, 30 ივლისი, 12:03 სტიგმატიზაციის ფენომენი დიდი ხანია არსებობს და დღესდღეობით ისევ რჩება ერთ–ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემად მრავალ კულტურაში, ხოლო სტიგმა არის ნიშანი, „დაღი“, რომელსაც რაიმე ნიშნით განსხავებულ ადამიანს მიაწერენ და სწორედ სტიგმატიზაციის გამომხატველია. იმისთვის, რომ შევძლოთ მსჯელობა ამ ერთი შეხედვით ყველასთვის ნაცნობ მოვლენაზე, არ არის საკმარისი მხოლოდ ზოგადი ცნობები, რადგანაც სტიგმა ბევრად უფრო ღრმა ფენომენია, ვიდრე ჩანს. აღსანიშნავია, რომ სტიგმა არ არის მარგინალობისა და დევიანტობის სინონიმი, მიუხედავად იმისა, რომ მათთან დაკავშირებულია. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სტიგმა ყოველთვის უარყოფითი მახასიათებლებითაა გამოწვეული, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ეს ორი ტერმინიც უარყოფითი მახასიათებლების შეთხვევაში უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე დადებითი და ამის გამო, ვფიქრობ, ხშირად რთულია ამ ტერმინების ერთმანეთისგან ფართოდ გამიჯნვა. მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან სტიგმის ტიპებისა და განზომილებების გამიჯნვა. ჰოფმანიგამოყოფს სხეულებრივ „სიმახინჯეებს“, პიროვნების ინდივიდუალურ ნაკლოვანებებსა და ტომობრივ იდენტობებს. მათი ერთმანეთისგან გამიჯნვა საკმაოდ მარტივია და შეიძლება ითქვას, რომ ეს სამი ტიპი გადამფარავი არ არის, თუმცა საქმე სხვაგვარადაა სხვა კლასიფიკაციაში, რომელიც ექვსი განზომილებისგან შედგება („სიცხადე“, „ნიშნის კურსი“, „დამზიანებლობა“, „ესთეტიკა“, „წარმოშობა“, „საფრთხე“). ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ განზომილებების ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯვნა არ შეიძლება. მაგალითად, შესაძლოა სტიგმა იყოს ან არ იყოს ცხადი, თუმცა ერთნაირად ზიანის მომტანი იყოს ადამიანისთვის. გარდა ამისა, შეიძლება კონკრეტული სახის სტიგმას არ ახასიათებდეს ყველა განზომილება. შესაძლოა ამიტომაც ეწოდება ამ კატეგორიზაციას „განზომილებები“ და არა „ტიპები“. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანები, რომელთა სტიგმაც უხილავია, შესაძლოა არ განიცდიდნენ სოციალურ უგულებელყოფას, მაგრამ იტანჯებოდნენ სხვა მრავალი რამისგან, რაც მათ პიროვნულ კარგად ყოფნას ეხება. უხილავი სტიგმის ცნება ცოტათი ბუნდოვანია. ხილვადობა ნიშნავს იმას, თუ რამდენად აქვს ადამიანს გაცნობიერებული, რომ სხვების რეაქცია მათზე სტიგმითაა გამოწვეული და განსაზღვრავს კიდეც, როგორ უმკლავდება ადამიანი სტიგმას. ვფიქრობ, ადამიანი, რომლის სტიგმაც უხილავია ანუ არ იცის, რომ მას აქვს რაღაც „დაღი“, მაინც განიცდის სოციალურ უგულებელყოფას, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა ამას. სხვისი სტიგმატიზაცია შესაძლოა ემსახურებოდეს თვითშეფასების და კონტროლის გაზრდას და შფოთვის შემცირებას. ამას ხსნის „დაბლამდგომთან შედარების თეორია“ და ვფიქრობ, ეს მართლაც ასეა. იმ შემთხვევაში, როცა ჩვენც გვაქვს რაიმე ნიშანი, რაც გამოგვარჩევს სხვისგან, თუნდაც ამჟამად არ ხდებოდეს ჩვენი სტიგმატიზაცია, მაინც ვცდილობთ, რომ ვიპოვოთ ამ ან თუნდაც სხვა ნიშნით ჩვენზე უფრო მეტად გამორჩეული ადამიანი და თვითონ მოვახდინოთ მისი დისკრიმინაცია, რაც ჩვენ უფრო კარგად გვაგრძნობინებს თავს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სტიგმატიზაცია მართლაც ემსახურება საზოგადოებაში სტატუს ქვოს შენარჩუნებას. აღსანიშნავია სტიგმის კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც სამი განზომილებისგან შედგება. მათ შორის პირველია „აღმქმელი/სამიზნის“ განზომილება, თუმცა ამ ორი კატეგორიის ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნვა არ შეიძლება, რადგანაც აღმქმელი შეასძლოა თავადაც იყოს სამიზნე. როგორც უვკე აღვნიშნე, ადამიანი, რომელიც თვითონ არის სტიგმატიზირებული, ცდილობს სხვების სტიგმატიზაციასაც. მაგალითად, შავკანიანი ადამიანი შესაძლოა მონაწილეობას იღებდეს ნარკოდამოკიდებულების სტიგმატიზაციაში. მეორე განზომილებაა „პიროვნული/ჯგუფზე დაფუძნებული იდენტობა“ და ეს კატეგორიები ასევე არაა კარგად განცალკევებული და შესაძლოა ითქვას, რომ ეს განზომილება არა წყვეტილ მდგომარეობებს, არამედ კონტინუუმს უფრო ასახავს. ხოლო მესამე განზომილებაა „აფექტურ/კოგნიტურ/ბიჰევიორალური რეაქცია“, რომელთა ეფექტიც ასევე არაა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ამ ჩარჩოს არსებობა საკმაოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტიგმატიზაციის, არამედ სოციალური ფსიქოლოგიის სხვა ფენომენების შესწავლისთვისაც (სტერეოტიპები, წინარწმენები...) და შეიძლება ითვქას, რომ მიუხედავად ნაკლოვანებებისა, სარგებლობა მოაქვს როგორც მკვლევრებსთვის, ასევე მთლიანად საზოგადოებისთვის.
290 შეფასება არ არის
|