x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
6 აბსურდული მითი, რომლისაც ყველას სჯერა
image

ფსიქოლოგია ისეთი თემაა, ყველა რომ იჩემებს ცოტათი მაინც ვერკვევიო. გვიყვარს ხოლმე დიაგნოზების დასმა მეგობრებისთვის, თანამშრომლებისთვის, გარშემომყოფებისთვის… ამით თითქოს ვამტკიცებთ, რომ სხვებზე ჭკვიანები და საზრიანები ვართ. ასე იბადება მითები, რომელთა უმეტესობა სრული აბსურდია.


1. თუკი სიბრაზის გამოხატვისგან თავს შეიკავებთ, ერთ დღეს იფეთქებთ


ეს ძალიან პოპულარული მითია. შეხვდებით ისეთებსაც, რომლებიც პირადი გამოცდილებით ყვებიან, რა კარგად იგრძნეს თავი, როგორ მოიოხეს გული, როცა დაგროვილი აგრესია გარეთ გამოუშვეს. ზოგიერთი თვითგამოცხადებული ექსპერტი იმასაც გირჩევთ, იყვიროთ, კრივის მსხალს ურტყათ, ან ბალიშს, ჭურჭელი დალეწოთ, თუკი სამსახურში გაგაბრაზეს და საკუთარი ბოსისთვის პირში იმის მიხლა არ შეგიძლიათ, რასაც ფიქრობთ. აგრესიის გადატანა უსულო საგნებზე უკანასკნელ ხანებში საკმაოდ მოდურ თერაპიად იქცა. მსხვერპლი ნაკლებია, შედეგებზე პასუხს არავინ გთხოვთ… მშვენიერი იდეაა, არა?


ერთი ესაა, რომ არ ამართლებს. კვლევებმა აჩვენა, რომ უსულო საგნებზე ჯავრის ამოყრა, ჯავრს არ ამცირებს. ჩვენ უბრალოდ ენერგიას ვკარგავთ. ეს უბრალოდ თავსახურის ახდაა, ორთქლს ვუშვებთ, თუმცა ცეცხლი ისევ შენთებული გვრჩება და თუკი მეცნიერებს დავუჯერებთ, ქვეცნობიერი ბრაზის პროექციისთვის ახალი ობიექტის ძიებას იწყებს. უფრო მარტივად, გაუცნობიერებლად გვიჩნდება სურვილი ვიღაცაზე კიდევ უფრო მეტად გავბრაზდეთ და ეს სურვილი ნელ-ნელა იზრდება იქამდე, სანამ ბოლომდე არ ავორთქლდებით. აგრესიისგან დაცლა, აგრესიისგან განკურნების იდეით, ალკოჰოლიზმის ალკოჰოლით მკურნალობას ჰგავს. ნაბახუსევზე ერთი ჭიქა ხელების კანკალს გიხსნით, მაგრამ მეორე დღეს უკვე ერთი ჭიქაც ვერ გიშველით.


2. მთავარია, საკუთარი თავის გწამდეს და ყველაფერი გამოვა



ამ სტერეოტიპს ყველაზე ხშირად გაიგონებთ. მიიჩნევა, რომ თავდაჯერება წარმატების გასაღებია. "გჯეროდეს შენი თავის" გვარიგებენ და ფიქრობენ, რომ ამ გზით ყველა კარი გაგვეღება. ჩვენ ვხედავთ, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებს უკეთ გამოსდით ყველაფერი, უკეთესად სწავლობენ, უკეთესად მუშაობენ, უკეთესი ურთიერთობები აქვთ და გვგონია, რომ აქამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი – საკუთარი თვითშეფასების ამაღლება გვაშორებს. არ გიფიქრიათ რომ შეიძლება პირიქით იყოს? ანუ იმ ადამიანებს იმიტომ ჰქონდეთ მაღალი თვითშეფასება, იმიტომ იყვნენ დარწმუნებულნი საკუთარ თავში, რომ ყველაფერი გამოსდით?


გამბედაობა კარგია, შანსებს ზრდის, მაგრამ ზედმეტი თავდაჯერებით ყველაფერს გააფუჭებთ. სამეცნიერო კვლევის შედეგებს თუ ვენდობით, ბავშვები, რომლებიც საკუთარ თავში არიან დარწმუნებულნი უფრო და უფრო მეტ აღიარებას მოითხოვენ და აგრესიულები ხდებიან, როცა საკუთარ უპირატესობას ვერ ამტკიცებენ. ისინი იმდენად ვერ ეგუებიან წარუმატებლობას, იმდენად ელახებათ თავმოყვარეობა, როცა ყველაზე უკეთესად ვერ აკეთებენ, მარცხის შიშით გამარჯვების ყველაზე მთავარი შანსი შესაძლოა ხელიდან გაუშვან.


ასე რომ, თავდაჯერების ასამაღლებელი ტრენინგების გავლის ნაცვლად, რამე პრაქტიკული ისწავლეთ და კონკრეტული წარმატებების მიღწევის შედეგად მოიპოვეთ თავდაჯერება. ასე არც მარცხი მოგაყენებთ იმხელა ტრავმას, ბრძოლის გაგრძელება რომ ვეღარ შეძლოთ და არც თავცარიელი ყოყლოჩინას იმიჯი გექნებათ გარშემომყოფებში. თვითშეფასება არც დაბალი ვარგა და არც მაღალი. თვითშეფასება ადეკვატური უნდა იყოს.


9 ყველაზე გავრცელებული ფრაზა, რომლითაც შვილებს ფსიქიკას ვუმახინჯებთ


3. კულტის წევრები სულელი, მიმნდობი ცხვრები არიან


მრევლის წევრები ჩვენთანაც აღარ არიან მოდაში. სექტანტი და იეღოველი ხომ საერთოდ, სალანძღავ სიტყვად გამოიყენება. რელიგიურობა ფანატიზმთან ასოცირდება უკანასკნელ ხანებში. თითქოს მსოფლიო ინტელექტუალთა ნაღები საზოგადოება შეთანხმდა იმაზე, რომ თუკი რომელიმე სწავლებას უფრო მეტად იზიარებ, ვიდრე სხვას, ზომბირდები. არადა ჯგუფი არაფერ შუაშია. ინდივიდი წევრადაც და დამოუკიდებლადაც ისეთივე ინდივიდად რჩება, როგორიც იყო.


კვლევებმა აჩვენა, რომ კულტის წევრები მენტალურ დონეზე ისეთივე ჯანსაღნი არიან, როგორც დანარჩენი საზოგადოება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. შეგიმჩნევიათ, რომ ყველა ბაიკერი ერთნაირად იცვამს, ერთნაირ ცხოვრებისეულ ფილოსოფიას იზიარებს? ადამიანთა უმეტესობას სურვილი აქვს იგრძნოს თავი რომელიმე ჯგუფის კუთვნილებად. ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ეს ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც სექსი, ან საკვები. სწორედ ამიტომ სამსახურის დაკარგვა, საცხოვრებელი ქალაქის გამოცვლა, სამეგობრო წრის რღვევა საშინლად აისახება ჩვენს ფსიქიკაზე. ჩვენ განცალკევებულად არსებობა არ გვსურს, "ჩვენნაირებს" დავეძებთ, რომელიმე ჯგუფს ვეკედლებით. ამიტომ კულტები მშვენიერი გამოსავალია. იქ თავს მსგავსები იყრიან, ისინი ვისაც საერთო ფასეულობები და მიზნები აქვთ. ისინი ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, ჩვეულებრივი ადამიანები თავიანთ შეხედულებებით, აზრებით, არჩევანის გაკეთების უნარით… ზოგიც ჯანსაღი, ზოგიც ავადმყოფი, ისევე როგორც მთელი ჩვენი საზოგადოება.


4. რეკლამა საშიშია, რადგან ქვეცნობიერ მესიჯებს შეიცავს, რომელიც კონკრეტულ ქმედებებს გვაიძულებს


ეს მითი გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი მითის გაგრძელებაა, რომლის მიხედვითაც როკ მუსიკა ფარულ და მეტიც სატანურ მესიჯებს შეიცავდა და ადამიანების ფსიქიკაზე ქვეცნობიერ დონეზე მოქმედებდა. ჯონ ლენონმა მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ უკუღმა მოუსმინა მის ერთ-ერთ ჰიტს, ძალიან მოეწონა მელოდია და ჩაწერა კიდეც. ამის გამო "ბიტლზს" სატანისტობაში სდებდნენ ბრალს და აქციებიც დაიწყო ბექმასკინგის აკრძალვის მოთხოვნით.


იყო 25 კადრის თეორიაც. რეკლამის შექმნის სპეციალური ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ზოგიერთი კადრი იმდენად სწრაფად ჩნდებოდა და ქრებოდა, მისი თვალის მიერ აღქმა შეუძლებელი იყო, თუმცა ქვეცნობიერ დონეზე სერიოზულ კვალს ტოვებდა. რეკლამის შემქმნელები ამ გზით იმის კეთებას გაიძულებდნენ, რაც მათ სურდათ. კოკა-კოლამ ექსპერიმენტიც კი ჩაატარა და შემდეგ ამტკიცებდა, რომ გაყიდვები გაიზარდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა შედეგები გაყალბებული იყო.


უკანასკნელ ხანებში მოდაში ნეიროლინგვისტური პროგრამირების თეორია შემოვიდა. წინადადებაში რომელიმე კონკრეტულ სიტყვას ჩართავ სრულიად უადგილოდ, მაგრამ შეუმჩნევლად. ამ სიტყვას სხვა წინადადებებშიც იმეორებ და თანამოსაუბრეს შენს მარიონეტად აქცევ, მისი ქვეცნობიერის მანიპულირების საშუალება გეძლევა.


ეს მითები აბსურდულია, რადგან როგორც კვლევებმა აჩვენა, ჩვენ ყველა მესიჯს, თუნდაც ქვეცნობიერს, საკუთარი აღმქმებიდან გამომდინარე ვთარგმნით და ვიგებთ. ჩვენ ყველანი ვახდენთ ზეგავლენას ერთმანეთზე, მაგრამ რა სახის ზეგავლენას მოვახდენთ ეს უკვე იმ კონკრეტული ინდივიდის აღქმებზეა დამოკიდებული, რომლის მართვასაც ვცდილობთ. მასების მართვის ტექნიკას ბევრი მსოფლიო ლიდერობას მოწყურებული ადამიანი ცდილობს დაეუფლოს, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან მასა, კონკრეტული ინდივიდებისგან შედგება და ყველა ინდივიდის ფსიქიკა სხვადასხვანაირად რეაგირებს.


5. სიცრუის დეტექტორი


ეს ხელსაწყო იმდენად პოპულარული გახდა, საგამოძიებო დანიშნულებისთვის გამოყენების ფარგლებს გასცდა და სატელევიზიო შოუებშიც კი გადაინაცვლა. უამრავი ადამიანი "შერცხვა" სახალხოდ მისი დამსახურებით და უამრავ მართალ ადამიანში შეიტანეს ეჭვი მასზე დაყრდნობით, ამასობაში რეალურმა დამნაშავეებმა მისი გაცურება ისწავლეს.

საქმე ისაა, რომ ხელსაწყო უბრალოდ სხეულის ფიზიკურ რეაქციებს ითვლის, რომლებიც ტყუილის დროს აქვთ ადამიანებს, თუმცა იგი შეიძლება ცდებოდეს და დასაყრდენი ვერაფრით იქნება. გარდა ამისა, ამ რეაქციების მართვის სწავლაც არის შესაძლებელი, თუკი ძალიან მოინდომებს ადამიანი.


6. ვერ იტანს ჰომოსექსუალებს, რადგან თავად ამ მიდრეკილებას ახშობს


ამაში არის სიმართლის მარცვალიც. ფროიდი წერდა ჩვენ მხოლოდ საკუთარი თავი გვაღიზიანებს სხვებშიო და გასული საუკუნის 90-იან წლებში ექსპერიმენტული კვლევებიც კი ჩაატარეს ამ საკითხის გასარკვევად. ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მკვეთრად გამოხატული ჰომოფობი გახლდათ, გეი-პორნო-ვიდეოები აჩვენეს. აღმოჩნდა, რომ ამ ვიდეოებზე აღგზნებულთა შორის ჰომოფობები აშკარა უმრავლესობაში იყვნენ. ჰომოფობთა ¾ გეი-პორნომ აღაგზნო.


თუმცა თუკი საკითხს მთლად ასე ძალიან არ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ქვეცნობიერ დონემდე ჩვენ ჩვენი გაცნობიერებული, მორალური კოდექსიც გვაქვს. ჰომოფობია როგორც ფობია, რეალური ფობიების რიცხვში არც შედის, ანუ ნორმიდან გადახრა არ არის. ეს აგრესიაა, რომელიც ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას აღზრდის, რელიგიური შეხედულებების გამოც შეიძლება გაუჩნდეს უმცირესობების მიმართ.


ამქვეყნად ბევრი ადამიანია, რომელთათვისაც ჰომოსექსუალობა მორალურად მიუღებელია და არ არის სავალდებულო, თუკი ეს მიუღებლობა ძალიან ექსტრემალურ ფორმებს არ იღებს, მათი ლატენტურ ჰომოსექსუალებად მონათვლა. თუკი რომელიმე ქცევა ჩვენთვის ამორალურია, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ თავადაც ამის გაკეთების დაუძლეველი სურვილით ვიტანჯებით.


ერთია ვინმეს ჩაქოლვის სურვილით გამოსვლა (ეს უკვე გადახრაა) და მეორეა უბრალოდ უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც სრულიად გაცნობიერებული შეიძლება იყოს, თორემ ამასაც რომ ქვეცნობიერი მართავდეს, სავარაუდოდ ჩვენი ქვეყნის ლამის 90 პროცენტი (სამწუხაროდ საფუძვლიანი კვლევა არ არის ჩატარებული) ჰომოსექსუალური მიდრეკილებების მქონე იქნებოდა.


თუმცა ეს ყველაფერიც ერთი თეორიაა და ისეთივე აბსურდული შეიძლება იყოს, როგორც ის თეორიები, რომლის გაცამტვერებასაც ვეცადეთ.


მთვარია, შენი აზრი გქონდეს!


image


ასევე დაგაინტერესებთ:


10 "ნახვრეტი სულში", საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ და როგორ აღვიდგინოთ ძალები



არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


2 მაგიური სიტყვა, რომლის ხშირი გამოყენება მთლიანად ცვლის ცხოვრებას



მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის


10 ნიშანი იმისა, რომ მაღალი ემოციური ინტელექტი გაქვთ


ადამიანის სულიერი განვითარებისა და სიჯანსაღის 20 ნიშანი



შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
437
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
437
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0