საზოგადოება არის თუ არა სვანური კოშკები იაპონელი რეჟისორის, ჰაიაო მიაძაკის ანიმეში 2019, 2 ივლისი, 0:47
ჰაიაო მიაძაკი იაპონელი რეჟისორი, ანიმატორი, მანგის მხატვარი, პროდიუსერი და სცენარისტია.
თუ ანიმე არ გიყვართ ან თვლით რომ თქვენი ასაკისთვის შეუფერებელია, უბრალოდ თვალი შეავლეთ მიაძაკის შედევრებს და შესაძლოა თქვენ სულ სხვა სამყარო აღმოაჩინოთ იაპონურ ანიმაციაში.
ჰაიაო მიაძაკის ანიმე იმდენად ღრმაა, იმდენად მრავლისმთქმელი, იმდენად შინაარსიანი, რომ არ არსებობს მისი მნახველი უემოციოდ დარჩეს.
“გატაცებული მოჩვენებების მიერ”, “ჩემი მეზობელი ტოტორო”, “პრინცესა მონონოკე” და სხვები და სხვები მაყურებელს გულგრილს არასდროს ტოვებს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანიმეს გრაფიკული მხარე და მათში გადმოცემული თავგადასავლები, სადაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მათ ახალ-ახალ მნიშვნელობას იპოვით. “ლაპუტა: სასახლე ცაში” მაიაძაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანიმეა, რომელიც 1986 წელს გამოვიდა. მასში მოთხრობილია მფრინავ კუნძულ ლაპუტაზე, რომლის პოვნა მხოლოდ იმ მფრინავი ქვის საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც პატარა გოგონას, სიტას აქვს. სიუჟეტის დასაწყისში სიტა პაზუს გაიცნობს და ისინი ერთად ცდილობენ დააღწიონ თავი მეკობრეებსა და სამხედროებს და იპოვონ ლაპუტა. ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ სიტას ბავშვობას და მის პატარა სოფელ გონდოას, სადაც მთავარი პერსონაჟი იზრდებოდა. სოფელი გონდოა სულ რამდენიმე წამით ჩანს ეკრანზე, თუმცა მისი სილამაზე საოცარ გავლენას ახდენს მაყურებელზე. გონდოას მთები, ფერმები და კოშკები მიაძაკიმ, სავარაუდოდ, საქართველოს, კერძოდ კი სვანეთის შთაგონებით შექმნა. ანიმე ზუსტად ასახავს სვანურ კოშკებს, რომლებიც სიმაღლეში 20-25 მეტრისაა და წარსულ დროში ისინი თავდაცვითი ფუნქციით იყვნენ განთქმულნი. როგორც ყველასთვის ცნობილია, სვანური კოშკები იუნესკომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა და ყოველწლიურად საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს მათ სანახავად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ზუსტად ალბათ ვერასდროს გავიგებთ, რატომ აირჩია მიაძაკიმ სწორედ სვანეთი გონდოას აღსაწერად, ან საერთოდ, მართლა სვანეთის გავლენით არის თუ არა შექმნილი, რადგან მიაძაკი არასდროს ამხელს თავისი შთაგონების წყაროს. თუმცა, გონდოას მსგავსება სვანეთთან იმდენად ზუსტია, რომ იაპონელი რეჟისორის ჩანაფიქრიც აშკარა ხდება. სხვაგან ხომ ვერსად ვიპოვით ასეთ საოცარ კოშკებს, ჩაფლულს მთებსა და სიმწვანეში... ის მხოლოდ სვანეთში და ახლა უკვე ჰაიაო მიაძაკის ანიმეში გვხდება. 295 1-ს მოსწონს
|