x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"არ გაუმჟღავნებია, ვინ უყვარდა, მაგრამ თვითონ ამოვიცანი ლექსებიდან და რომ ვუთხარი, თითი დამიქნია, თითქოს გამიჯავრდა"... - ანა კალანდაძისთვის აკრძალული პოეზია და სიყვარული
image

ლექსების წერა 11 წლის ასაკში დაიწყო.

წლების მატებასთან ერთად მისი პოეზია უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა.

თუმცა, ის იმ ავბედით დროში ცხოვრობდა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. საბჭოთა ხელისუფლება კი იდეურ ლექსებს მოითხოვდა და ანას ლირიკა სრულებითაც არ აინტერესებდა. ანა კი თავისი შემოქმედებით წმინდა ლირიკოსი იყო.


სტალინზე, ლენინზე წერა არასდროს სურდა, მაგრამ ხანდახან იძულებით მაინც უწევდა... და ალბათ, ძნელი წარმოსადგენი არ არის ამ "მაინც"-ს როგორ განიცდიდა.

უმეტეს წილად კი თავისი გაჰქონდა! გულის კარნახით წამოსულ პოეზიაზე უარს ვერაფრით ათქმევინებდნენ.

ამიტომაც "მტერი" არ ელეოდა. ხშირად აკრიტიკებდნენ, და არა მარტო აკრიტიკებდნენ! მის ლექსებს არ ბეჭდავდნენ, მისი წიგნები დამახინჯებულად გამოდიოდა.

ის კი მაინც არ ნებდებოდა და "ბედავდა" და წერდა საქართველოზე "საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის", მის ისტორიაზე, მის გმირებზე, დიდ მეფეებზე...

ერთხელ, ანას საპატივცემულოდ გამართულ პოეზიის საღამოზე, პოეტი მთელი საღამო საკუთარ ლექსებს სავარძელში ჩამჯდარი კითხულობდა. დავით აღმაშენებლის ლექსის წაკითხვისას კი... ფეხზე წამოდგა, ხმადაბლა ჩაახველა და თითქოს ლოცვის სათქმელად ემზადებაო, უდიდესი მოწიწებითა და კრძალვით დაიწყო:

“ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა...”


image

უზომოდ თავმდაბალი იყო. გამომცემლობაში მისვლას და წიგნის გამოცემის თხოვნას მუდამ ერიდებოდა. მურმან ლებანიძეს, სიმონ ჩიქოვანს და ვახტანგ ჯავახაძეს ამ მხრივ ინიციატივა ხშირად გამოუჩენიათ, რომ მისი წიგნი გამოსულიყო.

ანასთან მისულ მურმან ლებანიძეს, რომელიც პოეტის ახლო მეგობარი გახლდათ, ხშირად იძულებით გამოუღია უჯრა, - "მომეცი, რაც გაქვს დაწერილი, დავბეჭდოთო". ანაც თითო-თითოდ გამოაძვრენდა ხოლმე ფურცლებს და დამორცხვებით გადასცემდა.

ერთხელ ნოდარ დუმბაძეს ასე უთქვამს ანასთვის - "ორი ინფარქტი მაქვს გადატანილი და ნუ მანერვიულებ, მომეცი ლექსები, მინდა ჩემს სიცოცხლეში წარგადგინო რუსთაველის პრემიაზეო".

....

ანას კი ჯილდოები მართლაც არ დაჰკლებია:

* საპატიო ნიშნის ორი ორდენი და ღირსების ორდენი.

* თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

*1985 წელი - ციკლისათვის ”თავაწეული ქართული დროშები” ანას მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

* 2006 წელს კი მიიღო ლიტერატურული პრემია "საბა" .

/და სხვა./


image


ანა კალანდაძე ფაქიზი და მოკრძალებული სულის მატარებელი ადამიანი გახლდათ. კარჩაკეტილობა უყვარდა. ყველაზე უკეთესად თავს მარტო ყოფნისას გრძნობდა. მას არ იზიდავდა ინტერვიუები, შეკრებები, ხალხმრავლობა. ჰყავდა მგობრების გარკვეული წრე და მხოლოდ მათთან იხსნებოდა.

მისი პირადი ცხოვრებაც დიდი ხმაურიანობით არ გამოირჩეოდა. ანა კალანდაძის მეუღლე პოეტი შალვა მჭედლიშვილი იყო. შალვას რეპრესიებმა მოუწია, ის გადაასახლეს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გადასახლებიდან დაბრუნებულმა სტალინზე პოემა დაწერა.

მიზეზი ყველასთვის უცნობია, მაგრამ ანა მეუღლეს მალევე დაშორდა.

ამის შემდეგ კი სულ მარტო ცხოვრობდა. მას, საკმაოდ სპეტაკსა და სუფთას, ხშირად მამაკაცები საკუთარი გრძნობების გამხელას ვერც კი უბედავდნენ.

უყვარდა თუ არა თავად ვინმე?

...

"მე მივსდევ შენს ხმას, ცათაფრენად რომელიც მიხმობს.
მე ვუსმენ შენს ხმას, იდუმალსა, რომელიც მითხრობს.
მე ვიღებ იმ მსხვერპლს, რას სამსხვერპლო შენივე ითხოვს.
შენივე მ წ უ ხ რ ი თ ავივსები, ესოდენ წ რ ფ ე ლ ი...

ო, შენ მარადის მომეახლე სხივთა კანკალით...
თან დაგიმარხავს, როგორც მარგალიტს,
ჩემი გულის მდუმარე ფ ს კ ე რ ი"...


image

განა შეიძლება ამ სიტყვების ავტორს არავინ ჰყვარებოდა?

...

"...თავის სიყვარულს ყველასგან საგულდაგულოდ მალავდა, მაგრამ საოცრად ლამაზად აბნევდა ლექსებში. არ გაუმჟღავნებია, ვინ უყვარდა, მაგრამ თვითონ ამოვიცანი ლექსებიდან და რომ ვუთხარი, თითი დამიქნია, თითქოს გამიჯავრდა, თუმცა მივხვდი, არ წყენია. მერე კი, ხშირად მელაპარაკებოდა სიყვარულზე.

ისეთი აბსტრაქტული იყო ეს სიყვარული, ანა მისი ცოლი არასდროს გახდებოდა. საკმაოდ ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის ვერაფრით იეჭვებდა, ანას თუ უყვარდა, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამდენი ლამაზი ლექსი მისთვის იწერებოდა... და ამ ქვეყნიდანაც ისე წავიდა, არაფერი გაუგია.

ანას გატაცებები ალბათ მანამდეც ჰქონდა და მას მერეც. თუნდაც ლექსები მთის ციკლიდან... ის ვაჟკაცობას ეტრფოდა და სწორედ მთაში გაიცნო ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი, მთის ლექსებიც მას ეკუთვნოდა..."

-იხსენებს ერთერთ ინტერვიუში ანას უახლოესი ადამიანი, მისი რძალი თინა ყანდარელი.

image

ასე ჩუმად, უხმოდ და უხმაუროდ ცხოვრობდა ქალი, რომელსაც
"პოეზიის დედოფალს"ეძახდნენ... განა ყოველთვის აუცილებელია ჩამოჯდე და უსასრულოდ ისაუბრო საკუთარ თავზე... გამოიტანო და გაახმოვანო ის, რაც შენთვის ყველაზე ძვირფასია? ისინი, ვისაც ნამდვილად უყვარხარ, გულისნადებს ხომ მაინც მიგიხვდებიან....?!

არ გჯერათ?

მაშინ ყველამ ერთად გადავშალოთ ის საოცარი სამყარო, რასაც ანა კალნდაძის პოეზია ქვია.... და ვნახავთ, რომ ყველაფერი.... სულ ყველაფერი იქ არის....

....

ეს სიხარულის ცრემლებია, როდი ვტირივარ?
ქარი ჩამბერავს, ავმღერდები: მე ხომ სტვირი ვარ
ქარში გაზრდილი, უგუნურთა
მოჭრილი მერე?
ხმით საამურით მპყრობი გულთა
ვუმღერი ველებს...
ატირებული მფლობელი ვარ
შენი გულისაც...
იალაღებით მობერილ ვარ
სიყვარულისად...
მხოლოდ შენს გულშიც მიპოვნია
ვანი სულისად...
მაგრამ... დახედეთ განჩინებას ამა სოფლისას:
მეტყვი, სცდებიო, პატარა ქალო...
შთამბერე, ქარო,
ნახონ ძალა ჩემი გრძნობისა!

image


/ ანას ლექსებზე შექმნილია უამრავი სიმღერა, ის არის ასევე საგალობლების ავტორიც.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით ანა კალანდაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული. ის 2008 წელს გარდაიცვალა. /
0
2955
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
2955
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0