x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
პანდიტა რამაბეი - პირველი ინდოელი ფემინისტი ქალი

პანდიტა რამაბეი

პანდიტა რამაბეი იყო ინდოელი სწავლული, ფემინისტი, განმანათლებელი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ინდოელი ქალების ყოფის გაუმჯობესებას. ის იმ იშვიათ გამონაკლის ქალთა შორის აღმოჩნდა, რომელმაც შეისწავლა სანსკრიტი, იქორწინა სხვა კასტის წარმომადგენელზე და დაქვრივების შემდეგ აქტიურად განაგრძო საზოგადოებრივი საქმიანობა. ის ხმამაღლა ალაპარაკდა არსებულ პრობლემებზე და ღიად დაუჭირა მხარი ქალებისთვის განათლების მიცემას.

პანდიტა რამაბეი დაიბადა 1858 წელს ბრაჰმანების ოჯახში. მამა - ანანტა დონგრე ამ დროის ინდოელი მამაკაცებისაგან განსხვავებით თანამედროვე იდეებს იზიარებდა. საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა მის მიერ ცოლისათვის განათლების მიცემის გადაწყვეტილებას. რამაბეის დაბადების შემდეგ მამამ ასევე იზრუნა ქალიშვილის განათლებაზე და შეასწავლა სანსკრიტი.

1874 წელ ინდოეთში საშინელი შიმშილობა დაიწყო, რასაც რამაბეის მშობლები და და შეეწირნენ. ის ძმასთან ერთად კალკუტაში გადავიდა საცხოვრებლად. 1880 წელს პანდიტა რამაბეი დაქორწინდა მასზე დაბალი კასტის წარმომადგენელზე - ბიპინ ბიჰარი მედჰავიზე. ორივე მათგანი გარიყული იქნა ოჯახების მიერ, რადგან ტრადიციის თანახმად სხვა კასტის წარმომადგენელზე ქორწინება მიუღებლად ითვლებოდა. ორი წლის შემდეგ რამაბეის ქმარი გარდაიცვალა და ქალიშვილთან ერთად მარტო დარჩა. ქმრის ოჯახს მისთვის დახმარების გაწევა არ სურდა. რამაბეის დახმარების ხელი მისმა ბიძაშვილმა ანანდიბეი ჯოშიმ გაუწოდა, რომელიც ასევე ინტელექტუალი და დამოუკიდებელი ქალი გახლდათ. ანანდიბეი გეგმავდა სასწავლებლად აშშ-ში გადასვლას და რამაბეისაც ურჩია განათლების მისაღებად საზღვარგარეთ წასვლა. ქრისტიანი მისიონერების დახმარებით რამაბეი ინგლისში გაემგზავრა. იქ მოინახულა ლონდონის ქალთა თავშესაფარი და გაუჩნდა მსგავსი თავშესაფრის ინდოეთში შექმნის იდეა. 1886 წელს რამაბეი ჩავიდა აშშ-ში ბიძაშვილ ანანდიბაი ჯოშის სამედიცინო კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე დასასწრებად. შემდგომი სამი წელი მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჰყო სწავლების მეთოდიკის დასაუფლებლად.

რამაბეი

რამაბეიმ აშშ-ში გამოაქვეყნა წიგნი “მაღალი კასტის ინდოელი ქალი“, რომელშიც მოთხრობილი იყო კასტური სისტემის გავლენა ინდოელი ქალის ცხოვრებაზე. მეცხრამეტე საუკუნის ინდოეთში ქორწინება უმეტესწილად გარიგებით ხდებოდა. 9-10 წლის გოგონებს აქორწინებდნენ მასზე გაცილებით უფროს მამაკაცებზე. ბევრი მათგანი დაქვრივებისას ჯერ ისევ ბავშვი იყო. ინდოელებს სჯეროდათ, რომ გოგონას დაქვრივება ერთგვარი სასჯელი იყო მის მიერ წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო. თუ ქვრივს ჰყავდა ვაჟი, ნაკლებ ტანჯვას განიცდიდა, სხვა შემთხვევაში ისე ეპყრობოდნენ, როგორც კრიმინალს. ქმრის ოჯახის წევრები სახლში ყოველგვარი საქმის კეთებას მათ აიძულებდნენ, სახლის ყველაზე ბნელ, პატარა ოთახს აძლევდნენ და დღეში ერთხელ ჰქონდათ საკვების მიღების უფლება. მათ არ შეეძლოთ მეორედ ქორწინება. დაქვრივების შემდეგ იძულებულნი იყვნენ გადაეპარსათ თავი და ეტარებინათ უხეში ქსოვილისაგან შეკერილი სამოსი. ქვრივი გოგონები ხშირად ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლებიც ხდებოდნენ. ბევრი მათგანი ვერ უძლებდა ასეთ მოპყრობას და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდა.

აღნიშნულ წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეიქმნა რამაბეის ამერიკული ასოციაცია, რომელმას ის ინდოეთში დაბრუნებისთვის, ქვრივი გოგონებისათვის სკოლისა და თავშესაფრის შექმნისათვის საჭირო ფინანსებით უზრუნველყო. თავშესაფარში მისულ ქვრივებს რამაბეი ეხმარებოდა ყველაფრით, რაც საჭირო იყო მათი განვითარებისათვის. მან ათასობით ინდოელ ქალს მისცა შესაძლებლობა, თავიდან დაეწყო ცხოვრება.

პანდიტა რამაბეი 1922 წელს გარდაიცვალა. კალკუტას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პატივისცემის ნიშნად მას “პანდიტა“ უწოდეს, რაც “ნასწავლ ქალს“ ნიშნავს.

0
32
შეფასება არ არის
ავტორი:ნუცა გულიაშვილი
ნუცა გულიაშვილი
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0