x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით

image



"შემისწავლე ისე, როგორც გსურს, მაინც ვერ გეცოდინები,

რადგან ასგვარად განვსხვავდები იმისგან, როგორადაც შენ მხედავ.

გამოიხედე ჩემი თვალებიდან

და აღმიქვი ისე, როგორც მე აღვიქვამ საკუთარ თავს,

რადგან ვირჩიე იმ ადგილზე ყოფნა, რომლის გარედან დანახვასაც ვერ მოახერხებ" - რუმი



ჯალალ ედ დინ მუჰამედ ბალხი, რომელიც რუმის სახელით არის ჩვენთვის ცნობილი მეცამეტე საუკუნის სპარსელი პოეტი, იურისტი, თეოლოგი, სუფი მისტიკოსი გახლდათ. მისი ნაწერები იმხელა სიბრძნით არის სავსე, ადამიანის მენტალობის სრული გარდაქმნა შეუძლია. გთავაზობთ მის 25 გაკვეთილს, რომელიც სულ სხვაგვარად დაგანახებთ ცხოვრებას!



image



  • ნუ იქცევი ისე, თითქოს არარა იყო. შენ სამყარო ხარ გახელებულ მოძრაობაში



"შენ დაიბადე პოტენციალით. შენ დაიბადე სულგრძელობით და რწმენით. შენ იდეალებითა და ოცნებებით მოხვედი ამ ქვეყანაზე. თან ფრთები მოგყვა. შენ არ ხარ ფორთხვისთვის გაჩენილი და ნუ ფორთხავ! ისწავლე ფრთების გამოყენება და იფრინე!"


"უცნაური რამე ხარ. მზის ენერგიით ხარ სავსე, თუმცა ხერხემალში გამომწყვდეულს ინახავ. ოქრო ხარ, რომელსაც სურს ქურაში, ცეცხლზე დამდნარი დარჩეს, რომ მერე მონეტებად არ იქცეს და არ დახურდავდეს."

"რატომ უნდა დავრჩე ჭის ფსკერზე, როცა ხელებში მტკიცე თოკი მიჭირავს?"

"გახდი ზეცა. დასცხე ნაჯახი ციხის კედლებს. თავი დააღწიე!"

"იცი, რა ხარ? ღვთიური წერილის მანუსკრიპტი. სარკე, რომელიც დიდებულ სახეს ირეკლავს. სამყარო შენს გარშემო არ არის, შიგნით ჩაიხედე, საკუთარ სიღრმეში. ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ."



  • შენი ვალია იცხოვრო ისე, როგორც შენთვის აქვს აზრი და არა სხვებისთვის!


"ხელი მოკიდე უზარმაზარ, გიჟურ პროექტს… როგორც ნოემ. სულერთია რას იფიქრებს შენზე ხალხი."



  • არასოდეს დაკარგო საკუთარი თავის რწმენა



"როცა გეჩვენება, რომ ყველა და ყველაფერი შენს წინააღმდეგაა, როცა ისე გიმძიმს, გგონია, რომ შემდეგ წუთს უკვე ვეღარ აიტან, არ დანებდე! რადგან ეს სწორედ ის დრო და ის ადგილია, საიდანაც კურსი უნდა აიღო!"


"მწუხარება სიხარულისთვის გამზადებს. ის მხეცურად გამოგვის ხოლმე სახლიდან ყველაფერს, რაც აღარ გჭირდება, რათა სიხარულისთვის ადგილი გამოათავისუფლოს. შენი გულის ტოტებს ველურად არხევს, ძირს ყრის და ქარს ატანს ყვითელ ფოთლებს, რომ მათ ნაცვლად მწვანე, ცინცხალი ფოთლები გაიკვირტოს. ის დამპალ ფესვებს თხრის, რომ მათ მიღმა ჩამალულ ჯანსაღ თესლს ზედაპირზე ამოსვლის და აყვავების საშუალება მისცეს. მწუხარება მხოლოდ იმას გგლეჯს და გართმევს, რისი ადგილიც უკეთესმა უნდა დაიკავოს."



"იცეკვე, როცა დაფლეთილი ხარ. იცეკვე, როცა სახვევები შემოგეხევა. იცეკვე შუა ბრძოლისას. იცეკვე საკუთარ სისხლში. იცეკვე, როცა ბოლომდე გათავისუფლდები!"



  • არ ცოდნა ცოდვაა

"არ ცოდნა ციხეა ღმერთისთვის. ცოდნა ღმერთის სასახლე!"



  • გარეთ ნაპოვნი განძი ვერაფრით შეედრება შენს სიღრმეში ნაპოვნ განძს



"შენ ოთახიდან ოთახში დაეხეტები და ბრილიანტის ყელსაბამს ეძებ, რომელიც ყელზე გიკეთია."


"შენ რომ შეგეძლოს იცნობდე საკუთარ თავს, თუნდაც სულ წამით, შენ რომ შეგეძლოს შენი უმშვენიერესი სახისთვის თვალის შევლება, ეგებ ასე ღრმად არც ჩაგეთვლიმა მაგ თიხის ჭურჭელში. რატომ არ შედიხარ შენი სიხარულის სახლში და რატომ არ ანათებ ყველა ბზარიდან და ნაპრალიდან ეს საიდუმლოა შენთვის, განძის მზიდავო, და საიდუმლო იყო ყოველთვის."


image


"ყველაფერი შენშია ამ სამყაროში. ყველაფერი საკუთარი თავისგან ითხოვე!"


"რა გაჯადოებს ამ სამყაროში ასე ძალიან, როცა ოქროს საბადოები გაქვს სულში?"


"შენ ცხენზე ზიხარ, სოფელ-სოფელ დაწანწალებ და ყველას ეკითხები: ჩემი ცხენი ხომ არ დაგინახავთ?"


"შენში შადრევანი ჩქეფს და ნუ დადიხარ ცარიელი ჩამჩით!"


  • როცა გათავისუფლდები იმისგან, რაც ხარ, გახდები ის, ვინც გინდა, რომ იყო



"დაივიწყე უსაფრთხოება. იცხოვრე იქ, სადაც ცხოვრება გეშინია. გააცამტვერე შენი რეპუტაცია. გაიტეხე სახელი!"


"ნუ დაკმაყოფილდები სხვისი ისტორიებით, ნუ გაითვალისწინებ სხვის გამოცდილებას. შექმენი შენი საკუთარი მითი!"


"ცეცხლი წაუკიდე შენს ცხოვრებას და ეძიე ისინი, ვისაც შენი ალი სიხარულს მიანიჭებს."


"იყავი თოვლი, რომელიც დნება. ჩამოიბანე საკუთარი თავი საკუთარი თავისგან!"


"დააკაკუნე და ის გაგიღებს გაქრობის კარს, ის ჩამავალი მზესავით აგაბრიალებს და ზეცამდე აგამაღლებს, რომ გახდე არაფერი და ყველაფერი!"



  • ყოველთვის არსებობს რაღაც, რისი გაკეთებაც შენ ყველაზე უკეთ შეგიძლია



"ყოველი ჩვენგანი რაღაც განსაკუთრებული და კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად გაჩნდა და ყოველი ჩვენგანის გულში დევს ამ სამუშაოს შესრულების სურვილი."


"იყავი ლამპარი, მაშველი ნავი, ან კიბე. მოურჩინე სული ვინმეს. გამოდი სახლიდან, როგორც მწყემსი."



  • არ არის საჭირო მთელი კიბის დანახვა, მთავარია პირველ საფეხურს ხედავდე


"როცა გზაზე შედგები, გზა მაშინ გამოჩნდება."


  • როცა რამის კეთებას გადაწყვეტ, აკეთე ის მთელი გულით


"როცა რაღაცის კეთების სურვილი სულიდან იღებს სათავეს, როცა გულით აკეთებ რამეს, შენში სიხარულის მდინარე იწყებს ჩქეფას. როცა ქმედების სათავე სხვა რამეა, ეს გრძნობა ქრება."


"სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, იყავი შეყვარებული."



  • კარგი რამეები მთავრდება, რადგან უკეთესი რამეები უნდა მოხდეს

"არ ჩავარდე მწუხარებაში. ყველაფერი, რასაც კარგავ, სხვა ფორმით ბრუნდება."




  • იარები ის ნაპრალებია, საიდანაც შენში სინათლე აღწევს

"ის რაც გტკენს, გაკურთხებს. სიბნელე შენი სანთელია."


"ნგრევას ყოველთვის ახლავს განძის პოვნის შანსი."


"თავს ნუ არიდებ. თვალი არ მოწყვიტო დოლბანდიან ადგილებს. აქედან შუქი შემოდის შენში."


"მწუხარება თანაგრძნობის ბაღად შეიძლება იქცეს. თუკი გულს ღიას დატოვებ ყველაფრისთვის, შენი ტკივილიც შენი ყველაზე დიდი მოკავშირე გახდება სიყვარულის და სიბრძნის ძიების გზაზე."


"იქამდე უნდა იტეხო გული, სანამ ბოლომდე გაიღება."



  • აკეთე, რაც გიყვარს და აკეთე სიყვარულით



"დაე, ის მშვენიერება, რომელიც გვიყვარს იყოს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ."


"დაე, გმართოს და გატაროს იმან, რაც მართლა გიყვარს."


"დაკავდი იმით, რასაც მართლა აფასებ და დაე მოგპარონ ყველაფერი სხვა."



  • იფიქრე ნაკლები, იგრძენი მეტი



"გონება უძლურია სიყვარულის გამოხატვაში."


"დასაძინებლად დააწვინე შენი ფიქრები, არ მისცე მათ საშუალება შენი გულის მთვარის ნათება დაჩრდილონ. მოეშვი ფიქრს!"


"მხოლოდ გულიდან შეგიძლია მიწვდე ზეცას."


"შენს გულში სანთელია, რომელიც ასანთებად არის მზად. შენს სულში სიცარიელეა, რომელიც ამოვსებას ელოდება. შენც გრძნობ ამას, არა?"



  • სიყვარულისთვის ყველაფერი ღირს



"თუკი მართლა ხარ ადამიანი, მთელი ფსონი სიყვარულზე უნდა ჩახვიდე. თუ არ ხარ, შეკრება დატოვე!"



  • დააფასე ყველაფერი, ცუდიც და კარგიც, რაც კი შენს ცხოვრებაში ხდება

"იყავი მადლიერი ყველასი, ვინც შენს ცხოვრებაში ჩნდება, რადგან ისინი შენს გზამკვლევებად არიან მოვლენილნი."


"თუკი ხეხვა გაღიზიანებს, როგორ გაიწმინდები?"


"როდესაც ხალიჩას ფერთხავენ, ხალიჩის წინააღმდეგ კი არ არიან, არამედ მტვრის."



  • შენ ცვლი სამყაროს საკუთარი თავის შეცვლით


"გუშინ ძალიან ჭკვიანი ვიყავი, სამყაროს შეცვლა მინდოდა. დღეს ბრძენი ვარ, ასე რომ, საკუთარ თავს ვცვლი!"



  • ჩვენ სიყვარულისგან შეგვქმნეს სიყვარულისთვის


"ჩვენ სიყვარულმა გვშვა. სიყვარულია ჩვენი მშობელი."


"შენი დავალება სიყვარულის ძიება კი არა იმ ბარიერების პოვნაა შენში, რომელიც მის წინ ააშენე."




"მე სიყვარულის გარდა არ მყავს კომპანიონი, არ მაქვს დასაწყისი, არ მაქვს დასასრული, დასაბამი."შენ, რომელმაც არ იცი სიყვარული, გამათავისუფლე" - ითხოვს სული."


"ყველაფერი ყალბი გულს აწუხებს, მხოლოდ ჭეშმარიტებას მოაქვს სიხარული და სიმშვიდე."



  • შენი სული ამქვეყნიური არ არის, ამქვეყნიური შენი სხეულია


"მთელი დღე ვფიქრობ ამაზე, ყოველ ღამით ვკითხულობ ამას: საიდან მოვედი და რის საკეთებლად? წარმოდგენა არ მაქვს. ჩემი სული აქაურობას არ ეკუთვნის, ვიცი და წასვლა მინდა."



"როცა მოვკვდები, ანგელოზად გარდავიქმნები, ანგელოზებთან ერთად ვილივლივებ ცად და როცა ანგელოზად მოვკვდები, გავხდები ის, რისი წარმოდგენაც შენს ძალებს აღემატება."



  • სულიერ დონეზე ჩვენ ყველა ერთნი ვართ

"ყველა რელიგია, ყველა სიმღერა, ერთი მელოდიაა. განსხვავება მხოლოდ ილუზიაა. მზის შუქი ყველა კედელზე სხვადასხვაგვარია, მაგრამ შუქი ერთია."


"რა უნდა გითხრათ, მუსლიმებო, მე არ ვიცნობ საკუთარ თავს, არც ქრისტიანი ვარ, არც ებრაელი, არც ზოროასტრიზმის მიმდევარი, არც მუსლიმი."



"მე არც აღმოსავლეთი ვარ, არც დასავლეთი, არავითარი საზღვარი არ არსებობს ჩემს სულში."



  • შენი სული ყველაზე ძვირფასია

"შენ შესანიშნავად ერკვევი გასაყიდ საქონელში და საკუთარი სულის ფასზე წარმოდგენა არა გაქვს. ეს სისულელეა."



  • ბრძნულად აირჩიე ცხოვრებისეული პარტნიორი




"აირჩიე ის, ვინც ანგარიშებს არ აწარმოებს და არ გახსენებს რამდენი შეგეშალა და რამდენი გააკეთა შენი გულისთვის, ის, ვისი ცხოვრების უმთავრესი მიზანი გამდიდრება არ არის, ის, ვისაც არ ეშინია დანაკარგების – ის თავისუფალია."



  • ნამდვილი სიყვარული ტრანსცედენტულია, მატერიის საზღვრებს ცდება და თუნდაც სხეულები დაშორდნენ სულები სამუდამოდ დაკავშირებული რჩებიან

"დამშვიდობებას მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვისაც თვალებით უყვართ, რადგან მათთვის, ვინც გულით გრძნობს და სულით უყვარს, განშორებები არ არსებობს."



  • აუწიე სიტყვებს და არა ხმას

"აუწიე სიტყვებს, ხმას არა. ეს წვიმა ზრდის ყვავილებს და არა მეხი."



  • სიჩუმე ყველაზე მეტს ამბობს

"ღმერთის ენა სიჩუმეა და ყველაფერი სხვა საცოდავი თარგმანია."


"სიტყვები მხოლოდ საბაბია. ეს შინაგანი კავშირები გვიზიდავენ ერთმანეთისკენ და არა სიტყვები."



  • მხოლოდ არსებობა საკმარისი არ არის



"შენ გგონია ცოცხლობ, რადგან ჰაერის ჩასუნთქვა შეგიძლია? გრცხვენოდეს, რომ ასე შეზღუდული არსებობ. ნუ იცხოვრებ უსიყვარულოდ და არც მკვდრად იგრძნობ თავს. მოკვდი სიყვარულში და იცოცხლე მარადიულად."


ასევე დაგაინტერესებთ:


10 "ნახვრეტი სულში", საიდანაც მთელ სასიცოცხლო ენერგიას ვკარგავთ და როგორ აღვიდგინოთ ძალები


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი


არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


2 მაგიური სიტყვა, რომლის ხშირი გამოყენება მთლიანად ცვლის ცხოვრებას


ადამიანის სულიერი განვითარებისა და სიჯანსაღის 20 ნიშანი



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

2
8020
3-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
8020
  
2019, 8 ივნისი, 18:20
ძალიან დიდი მადლობა. მთელი ცხოვრება ირაციონალური მეცნიერების შესწავლას მოვანდომე. ამდენი დაშიფრული ინფორმაცია ერთად თავმოყრილი არასდროს შემხვედრია. მეც ძალიან ბევრი რამ მაქვს სათქმელი, თუ ვინმე არის ბოლომდე გასული შემომეხმიანეთ,
პატვისცემით, ავთო
2019, 8 ივნისი, 10:49
სასიამოვნო საკითხავია, დასაფიქრებელი! უდიდესი სიბრძნე ჰქონდათ საუკუნეების წინ, უფრო ახლოს იყვნენ მარადიულ ჭეშმარიტებასთან, ღმერთთან! ჩვენ კი , დღეს, ჩვენი ცივილიზაციითა და კორუპციაში ჩამხრჩვალი მსოფლიოთი - რაღაცა გვგონია თავი!
0 1 2