x
დეკანოზი აკაკი (მელიქიძე) - ქადაგება კვეთებულის ლოცვის შემდეგ
image სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი.
ჩვენ კვეთებულის ლოცვის სიტყვებიდან გვესმის თუ ვინ არის უფალი, რა ჰქმნა მან, რა მოხდა. აქ მოცემულია ყოველივე ის, რაც სახარებაშია და სახარების შინაარსი ჩართულია ლოცვაში: უფლის ღვაწლი, მადლი, უფლის კაცთმოყვარეობა, კურნება სნეულთა, მათ შორის, თვით შობითგან ბრმისთვის მხედველობის მინიჭება; აგრეთვე, ქვრივის მხოლოდ შობილი ძის განცოცხლება და ოთხი დღის მკვდრის-ლაზარეს-განცოცხლება და აღდგინება და მრავალთა წინაშე წარმოჩინება, ვითარცა არა მომკუდარისაო, ნათქვამია სახარებაში.
ეს უდიდესი სასწაულია, მკვდრის განცოცხლება! ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ მაცხოვარი უფალი იესო ქრისტე შემოქმედი ღმერთია ჭეშმარიტი და ყოვლისშემძლებელი! სწორედაც ჩვენ იმისთვის მოვდივართ უფალთან, რათა ეს კარგად გავიგოთ, რათა ჩვენ თავს შევახსენებდეთ; რა ყოველ ჟამს, ლოცვაზე რომ მოვდივართ, სწორედაც ხდება ჩვენთვის ამის შეხსენება, უფლის მადლით; შეხსენება იმისა, თუ როგორ ყოვლისშემძლებელია უფალი, როგორ ინება თვით შობითგან ბრმისათვის თვალთა აღქმა და შეუძლებელი, რაც არის ისიც კი მოხდა- მკვდრის განცოცხლება, მკვდრის აღდგინება !
ჩვენი მოსვლა ლოცვაზე არის სწორედ ნიშანი იმისა, რომ აქ ჩვენ დავდექით ყოვლისშემძლებელი უფლის წინაშე ! უფალი მაცხოვარი იესო ქრისტეა! მისი სახელის ხსენებისასაც კი ჩვენთან უნდა მოვიდეს მისი ყოვლისშემძლებლობის აღქმა; გაგება იმისა, თუ რამდენად შეუძლია უფალს ყოველივე ეს და როგორ არის იგი ყოვლადძლიერი ღმერთი. ჩვენ ამ ლოცვაში გესმის, რომ აქ არის ვედრება, თხოვნა უფლის წინაშე, რომ დამწყსენ ესენი სამწყსოსა შინა შენსა და დაადგინენ ადგილსა მას ღვთისასა, ადგილსა მას მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსაო. და როდესაც ჩვენ თუ ვირწმუნებთ, ეს დაჯერება თუ გვექნება, აღსრულდება ჩვენ თავს ყოველივე! ეს კი მეტად რთულია!.

დღეს გვიჭირს ამის დაჯერება და ამის აღქმა. ჩვენ რომ დავიჯეროთ და ვირწმუნოთ, ჩვენში უნდა მოხდეს რაღაც განახლება, რაღაც გარდაქმნა ჩვენი, რომ ეს ყველაფერი შინაგანად მოდიოდეს, როგორც ძალა, როგორც ღვთის მადლი, ჩვენ უნდა გვქონდეს მადლიერება უფლისადმი! უფალი ეძიებს თქვენს სარწმუნოებას! უფალი თვით ქადაგებდა, პირად სასწაულთა აჩვენებდა მოციქულებს, მოწაფეებს და ჩვენც, შემდგომ და შემდგომ, სახარების მეშვეობით, ეკლესიების მეშვეობით, მოძღვრების ქადაგებით, მოძღვრის პირით გვეუბნება თვით ღვთაების ყოვლისშემძლებლობის ძალისა და ძლიერების შესახებ. და ჩვენ, როგორც მაშინ უწირდათ დაჯერება უფლის დიდ სასწაულთა, ასევე ასევე გვიძნელდება დაჯერება ამ სასწაულებისა.

ადამიანები მოდიოდნენ ცნობისმოყვარეობით; აი ნახეთ, როგორ განცოცხლდა, რანაირად განცოცხლდა ძე ქვრივისაო. მათ ითხოვეს ღვთისაგან და მიეცათ ეს სასწაული, მაგრამ ამავე დროს, ისინი მზად იყვნენ, მოეკლათ თვით ლაზარეც, უფალიც მოეკლათ. აქ იყვნენ ისეთნი, რომელნიც არამარტო უფალს მტრობდნენ, არამედ სურდათ, თვით, ლაზარეც მოეკლათ, უფლის მიერ მკვდრეთით აღდგენილი.


ხომ ხედევათ როგორია ადამიანის ბუნება?! პირმოთნეობის, ფარისევლობის, ბუნება მატულობს ჩვენში. აი რითი ვართ შეპყრობილნი და ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ ცოცხალი მადლით, უფლის ამ სასწაულთა მადლით, უფლის დიდ სასწაულთა ჩვენში ჩანერგვითა და ვედრებით უფლისადმი. და ეს სასწაულები ნამდვილად მოხდება კვლავაც ღვთისაგან!



უფალმა სწავლა მისცა თავის მოწაფეებს, რომ ყველა ამ სასწაულს იქმოდა იმისთვის რათა მათ ერწმუნათ, რომ უფალი მათთან მივიდა, არ ტოვებს მათ და განსწავლის ყველა მორწმუნესა და ყველა თავის მოწაფეს. სწორედ თავის მოწაფეებს ჩაუნერგა უფალმა, რომ შეუძლებელი არაფერია, რომ უფალი ღმერთია. უფალმა ეს ჩაუნერგა თავის მოწაფეებს იმისთვის, რომ შემდგომ მათაც შეძლებოდათ, თავისი ქადაგება წარემართათ სარწმუნოებით. უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს, რაც მე სასწაულები ვქმენ, ამის უმეტეს თქვენ იქმოდეთო. ამგვარად დაუსახა გზა უფალმა თავის მოწაფეებს, რომლებიც მიჰყვნენ მას.


მოწაფეებს, ანუ მოციქულებს, მიჰყვნენ წმინდანები, რომელთაც ყურად იღეს მოციქულთა ქადაგებანი და სწავლებანი და ჩვენც მათ მსგავსად შეგვიძლია მივყვეთ ამ გზას და ვიცხოვროთ ამავე სწავლებისა და ქადაგებების შესაბამისად. ჩვენ ვხედავთ როგორ გამოირჩია უფალმა წმინდანები, რომელთაც უნდა მივყვებოდეთ.


ჩვენ ვხედავთ როგორი ყურადღებით მოისმინეს უფლის რჩეულმა წმინდანებმა სახარების სიტყვები (თუნდაც ლოცვის სიტყვები) და როგორ მიიღეს მათ სახარება. მრავალ წმინდანს მოუსმენია სახარების სიტყვა, მოძღვრის პირით წაკითხული. მაშინვე უფიქრია, გადაუწყვეტია, მე უნდა შევუდგე ამგვარ ღვაწლსო და დაუწყია მოღვაწეობა. იგი სთხოვდა უფალს: უფალო, შემაძლებინე ეს. უფალო შენ ხარ ყოვლისშემძლებელი უფალი, აღმიხილე ხედვა ჩემიო. ის მრავალი წმინდანი ისევე ევედრებოდა უფალს, როგორც ბრმა ევედრებოდა: “უფალო იესო ქრისტე ძეო დავითისაო შემიწყალე მე ცოდვილი!" როგორც ცოდვილი ადამიანი ისე ამბობს ამ ლოცვას, ამ სიტყვებს წმინდანი: “ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამა"! სწორედ ასე ამბობს ცოდვილი ადამიანი და ფარისეველივით არ ამბობს, მე ამას ვაკეთება, იმას ვაკეთებ და არა მაქვს ვალიო.


ჩვენ თუკი სიკეთეს ვაკეთებთ, მეზვერეს უნდა მივბაძოთ და ვთქვათ: “შენ მილხინე ცოდვილსა ამას!" კიდევ და კიდევ უნდა გავიმეოროთ ეს სიტყვები. შენ რომ შეგექმნას რაიმე რთული მდგომარეობა, კვლავ და კვლავ უნდა იმეორო ეს სიტყვები- ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამასაო- რათა არ დაიშვეს უარესი მდგომარეობა. ეს არის მთავარი დასაფიქრებელი!


უფლის წინაშე წარდგომა არის მთავარი და დასაფიქრებელი! შენგან კი რა მოითხოვება? “უკეთუ გინდეს შემოდგომა ჩემდა, უარყავნ თავი თვისი, აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექ მე!" - გეუბნევა უფალი. აი, რა არის უფალთან მოსვლა: უარყავ თავი თვისი და აღიღე ჯვარი!


დღეს განსაცდელებია, დღეს დევნულებაა, შიმშილობაა... რას ნიშნავს - “უარყავ თავი თვისი"? შენ კი არ გადაგიწყვეტია ეს ამგვარად, არამედ უფალს ნებავს, რომ ეს ასე იყოს. უარყოფა თავისა ნიშნავს, რომ მე უფალთან მინდა და განსაცდელში, დევნულებაში, შიმშილში მასთან უნდა ვიყო და არა სხვაგან წავიდე. უფლის ნება ასეა! მე გეუბნებით, რომ ეს უკვე ჯვრის აღებაა!


ასევე მოძღვრის პირით გვესმის, რომ შენს მდგომარეობაში, თუნდაც გშიოდეს, ღმერთს მადლობდე, მოდი ტაძარში, ილოცეო. უფალს შეევედრე: ეს არის თავის უარყოფა ! შეიძლება, ამგვარ ვითარებაში კვლავ არ წყდება განსაცდელები. შენ მაინც ისევ და ისევ მოდიხარ უფალთან და ევედრები: “უფალო მაკურთხე, ჩემი თავი უარვყო და შენ შემოგიდგე!" ასე იქმნებით სრულნიო, - უფალი ამბობს. ესაა სარწმუნოება, ამგვარი დამოკიდებულება, და ამ დროს დიდი სასწაულები ხდება უფლისგან: აქ არის კეთროვნის განკურნება და სხვადასხვა უკურნებელ სენთა კურნება... და შემდგომ რა ხდება?


კურნება და ყოველივე მოგვეცემა აღსარებითა და სინანულით. აღსარება და სინანული არის თავი და თავი და საფუძველი ყოველივე ამისა. როდესაც აღსრულებულია შენი შესაძლებლობები, ამოწურულია ძალები, რაც მოგეცა, მოთმინებისა, მარხვისა, სიბრძნისა ლმობიერებისა, უფლისადმი კეთილად დგომისა სიყვარულით (ამ სიყვარულით იმის გათავისებისა, რომ აკეთებ უფლის საქმეს შენი გონივრული ქცევით), - აი, მაშინ უფალი თვითონ მოდის შენთან. ასე რომ უფალმა შეგინდოთ, გაპატიოთ და რაც გვაქვს, ამ მწუხარებასა და განსაცდელზე უარესი აგვაცილოს.


ყოველივე ამის აღსრულებაში აქვე დამკვიდრდება სასუფეველი და ისიც კი ითქვა უფლის სამწყსოს შესახებ, რომ დამკვიდრდება ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსაო. ასე რომ, ამით ნათქვამია - ეშმაკთაგან ცდუნებული განწმინდეო. აი, ეს არის მთავარი - სასუფეველში დამკვიდრება! სწორედ ეს ხდება შემდგომად კურნებათა, შემდგომად განსაცდელთა დაძლევისა.


და სასუფეველი უკვე ეკლესიაშია! აქვეა ნეტარების განცდა, აქვეა სინანულის განცდა და ერთი მარადიული მომავალი ცხოვრება სასუფევლის დამკვიდრებისა ! აი ასე დავმკვიდრდებით ჩვენ, თუკი მორჩილები ვართ, თუკი მორწმუნენი ვართ, თუკი აღსარებას ვამბობთ.


და ჩვენ არანაირად არ უნდა განვუდგეთ ყოველივე ამას, ღვთის წინაშე ახლავე უნდა მოვიკრიბოთ ძალები და ეს არის ის ძალები, რითიც ჩვენ ვიქნებით დაცულნი, რითიც ბოროტი დაითრგუნება. ჯერ მარტო ლოცვის სიტყვა გვეუბნება, რომ აგერ შთავიდა ჯოჯოხეთს... და რა მოხდა ამის შემდგომ?! ვნახოთ, ლოცვის სიტყვებიდან როგორ არის, რომ მასში დამკვიდრებულნი მართალნი აღმოიყვანა, ხოლო მკვიდრნი ჯოჯოხეთისანი აღსრულებამან ცოდვათამან ბნელსა ჯოჯოხეთისასა შთანთქა, ჩაინთქნენ და ჩაკვდნენო.


ეს სახარებისეული ჭეშმარიტებაა! და ეს ყველაფერი აღსრულდება ჩვენდა სასიკეთოდ, თუკი ჩვენ გვექნება მორჩილება, თუკი ჩვენ არ მოვწყდებით ყოვლისშემძლებელ უფალს; მაშინ ჩვენში დაიმკვიდრებს სასუფეველი, მოგვეცემა ნამდვილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება! და ასე სწორედაც გვექნება, მოგვეცემა უფლის მადლი და ძალა და უფლის კურთხევა!


ღმერთმან დაგლოცოთ და გაკურთხოთ!


ჩვენთან არს ღმერთი!

1
1195
2-ს მოსწონს
ავტორი:მელიქა
მელიქა
1195
  
2012, 1 აგვისტო, 12:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1