x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი სიყვარული დიდხანს გასტანს
image


სიყვარული ძალიან არაპროგნოზირებადი და აქედან გამომდინარე ამოუცნობი ფენომენია. მეცნიერებმა ბევრი იკვლიეს და დაასკვნეს, ძირითადად 3 წელიწადს ძლებსო, თუმცა არიან გამონაკლისებიც. როდესაც ვნებები ცხრება, მერე ერთმანეთის პირისპირ ორი სხვადასხვა ადამიანი რჩება თავისი ხასიათებით – ღირსებებითა და ნაკლოვანებებით და ყველაფერი დამოკიდებული ხდება იმაზე, თუ როგორ აეწყობა ამ ორი ინდივიდის ურთიერთობა. სიყვარული ორი ადამიანის ერთმანეთისთვის თვალებში ცქერა კი არა, ორი ადამიანის გვერდიგვერდ სიარულია რაღაც მესამისკენო, ასეთი გამოთქმაც არსებობს. ეს რაღაც სიყვარულია, სიყვარული როგორც ღმერთი.


როგორი წყვილები რჩებიან ერთად დიდხანს? წყვილები, რომლებიც ერთად თამაშობენ? წყვილები, რომლებიც ერთად ლოცულობენ? გაწერილი რეცეპტი არ არსებობს, ბაყაყების პრინცებად გადაქცევის ზღაპრებში წამიკითხავს, მაგრამ რეალობაში პირიქით ვერსიას უფრო ხშირად ვაწყდები. როდესაც ცეცხლი ქრება, "ბაჭიები" და "გოჭუნები" "ღორებად" და "ვირებად" იქცევიან ხოლმე, თუმცა მაინც არსებობს რაღაც ზოგადი სიმპტომები, რომლითაც შეგიძლიათ დაახლოებით მაინც განსაზღვროთ ის პრინცი ან პრინცესა, ახლა რომ თვალებაჟუჟუნებული შესცქერით ბევრი კოცნის შემდეგ, ისევ თქვენს მეორე ნახევრად დარჩება, თუ მაინც ბაყაყი უნდა შეგრჩეთ ხელში.


მაშ, ასე - 5 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა დიდხანს გასტანს:



image


1. ერთად მოგზაურობთ


თუნდაც ფინანსურად დიდად არ გილხინდეთ, ამაზე უარი არასოდეს თქვათ. არ არის საჭირო მაინცდამაინც ძვირადღირებული ტურები დაგეგმოთ, ბიზნეს კლასით იფრინოთ და კრუიზით გაისეირნოთ, გარემოს შეცვლა აუცილებელია. როცა ხვდებით, რომ ერთფეროვნება და რუტინა ყელში ამოგივიდათ, რომანტიული "უიქენდი" დაგეგმეთ, შეგიძლიათ ქალაქგარეთაც გახვიდეთ, სოფლის სიმშვიდეს ეზიაროთ, დალაშქროთ მთები, ტყეები, ტბები. ქვეყნიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ რაღაც ახლის ნახვა, განცდა, განსაკუთრებით კი იმასთან ერთად, ვინც გიყვართ. შექმენით ლამაზი მოგონებები, რომლებიც წლები გაგყვებათ თან. სახლის ლაგება და ჭურჭლის რეცხვა არც ისე კარგი მოსაგონარია.


image


2. ერთად იცინით


ცხოვრება რთულია და თუ გინდა, თავი გაართვა, დამოკიდებულება უნდა შეცვალო. ჰესე წერდა, ან იუმორით უნდა შეხედო ყველაფერს, ან თავი უნდა მოიკლაო. თუ სიკვდილი გინდა, არავინ გიშლის, გაუყარე თავი ყულფში, მაგრამ თუ ცხოვრება გადაწყვიტე, შენი საზრუნავი ცხოვრება უნდა იყოს მხოლოდ და მეტი არაფერიო.


სიცილი ერთგვარი თერაპიაა, იგი გვკურნავს, გვაჯანსაღებს და ენერგიით გვავსებს. თუკი თქვენ ახერხებთ დაძაბული სიტუაციის მხიარული კომენტარით განმუხტვას და ახერხებთ გააცინოთ ერთმანეთი, უამრავ სირთულეს, რომელიც ურთიერთობებს თან ახლავს, უფრო მარტივად დასძლევთ. ეცადეთ, ეს არ დაივიწყოთ.


image


3. პაემნებს ისევ აწყობთ


მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი ხანია ერთად ხართ, პაემნებზე სიარული არ უნდა შეწყვიტოთ. აუცილებლად მოუწყვეთ პაემანი ერთმანეთს კვირაში ერთხელ მაინც, უარი თქვით ვალდებულებებზე, დაივიწყეთ პასუხისმგებლობები და დრო დაუთმეთ ერთმანეთს. თუ გინდათ, თქვენს სიყვარულს სიცოცხლე გაუხანგრძლივოთ, აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია და ცოცხალი რომანი. თუკი ყელში გაქვთ უკვე ყველაფერი ამოსული, ეს შესანიშნავი მიზეზია იმისთვის, რომ გამოეწყოთ და სახლიდან გახვიდეთ. წადით ახალ რესტორანში, კლუბში, მოაწყვეთ პიკნიკი ან პარკში გაისეირნეთ. ჩაეწერეთ ცეკვებზე, ან სხვა აქტივობებზე. მოკლედ გადადეთ ტელეფონები, ლეპტოპები და დრო გაატარეთ ერთმანეთთან.


image


4. გაქვთ საერთო მიზნები


ძალიან მალე ფუჭდება ურთიერთობა, თუ ოთახის მეგობრებივით ცხოვრობთ გაყოფილი ფინანსებითა და განაწილებული პასუხისმგებლობებით. გადახედეთ თქვენს გეგმებს და ეცადეთ, მოძებნოთ რამე, რასაც ორივე გეგმავთ. მნიშვნელობა არ აქვთ ეს 5 კილოს დაკლება იქნება, თუ სახლის გადახალისება. აუცილებელია, საერთო მიზნები გქონდეთ. ეს კიდევ ერთი საშუალებაა კომუნიკაციის გაღრმავების, ერთმანეთთან დაახლოებისა და კვლავ პარტნიორებად ქცევის.


image


5. ხელის ჩაკიდება არ გავიწყდებათ


ინტიმი ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ ეს მხოლოდ სექსი არ არის. ყოველგვარ სექსუალურ მოძრაობებს მოკლებული შეხება, უბრალო ჩახუტებაც კი ენდორფინების გამომუშავებას უწყობს ხელს და ცოტათი უფრო ბედნიერად გაქცევთ. ასე რომ, როცა სადმე მიდიხართ ერთად, ყოველთვის ჩაჰკიდეთ მას ხელი. რომანიტიკის გარდა ეს დაკავშირებულობის, ემოციური სიახლოვის ფიზიკური აქტია.



და ბოლოს, ბონუსად - აუცილებლად უყურეთ ერთმანეთს თვალებში. არასოდეს დაკარგოთ თვალებით კონტაქტი, ნამდვილი სიყვარულის დროს წყვილები ერთმანეთს სიტყვებით სათქმელის გამოხატვის მიღმა, მდუმარების სიღრმეში ხვდება და თუ ეს სიღრმე არ არსებობს, მხოლოდ ვერბალური კომუნიკაციით, ვერაფრის გამოხატვას მოვახერხებთ.


0
3817
2-ს მოსწონს
ავტორი:მაია 24
მაია 24
3817
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0