x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სისხლის აღრევის მსხვერპლნი ანუ დინასტიური ქორწინების შოკისმომგვრელი შედეგები
ქვეყნის მმართველები საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ და ზრუნავდნენ იმისათვის, რომ მათი გვარი და შთამომავლობა წმინდა სისხლის ყოფილიყო, ამიტომ ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ შვილების დაქორწინებას უბრალო, არამეფური წარმომავლობის ადამიანებზე. საქორწინო კავშირები ძირითადად ხდებოდა ერთი გვარის, ერთი ოჯახის წარმომადგენლებს შორის, რაც გამორიცხავდა ყველანაირ უთანხმოებას სამეფო კარზე და უგულებელყოფდა კონკურენტების პრეტენზიებს მეფის ტახტის დასაკავებლად.



imageსურათზე: "ლოტი და მისი ქალიშვილები", არტემიზია ჯენტილესკის ტილო



შუა საუკუნეების ევროპაში გამუდმებულ კონფლიქტებს იწვევდა მეფეების დაუფიქრებელი ქორწინებით გაჩენილი შთამომავლების პრეტენზიები სამეფო ტახტისათვის. ხან ინგლისელები იბრძოდნენ საფრანგეთის მეფის ტახტის დასაკავებლად, ხან იტალიელები ამტკიცებდნენ ნათესაურ კავშირს ესპანეთის მონარქებთან და ამ მიზეზით ესპანეთის სამეფო გვირგვინს ეპოტინებოდნენ. პრობლემები საკმარისზე მეტი იყო, თუმცა ეს ამბები ნაკლებად ტრაგიკული იყო იმასთან შედარებით, რასაც სისხლის აღრევა იწვევდა. ინცესტის გამო ლამის მთელი დინასტიები გადაშენდნენ. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენდა და-ძმას ან მამა-შვილს შორის ქორწინება, ხოლო კათოლიკური ეკლესია უშუალოდ ნებას რთავდა ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილებს შორის სასიყვარულო კავშირებს. სწორედ ახლო ნათესავებს შორის აკრძალულ სიყვარულზე და ამით გამოწვეულ ტრაგედიებზე გიამბობთ დღევანდელ სტატიაში.



ტუტანჰამონი



image


ფარაონი და მისი ოჯახი ძველ ეგვიპტეში მზის ღმერთ რას პირდაპირ შთამომავლებად ითვლებოდნენ. გამოდის, რომ ისინი ერთი მშობლების შთამომავლები იყვნენ (როგორც ჩვენ ყველანი ვართ ადამ და ევას შთამომავლები). ფარაონები უმეტეს შემთხვევაში საკუთარ დებზე ქორწინდებოდნენ და სულაც არ უფიქრდებოდნენ, რომ ამით ტანჯვისათვის წირავდნენ სისხლის აღრევის შედეგად დაბადებულ შვილებს.

ტუტანჰამონის მშობლები ფარაონი ეხნატონი და მისი და ნებეტაი იყვნენ. ამ ფაქტის დამტკიცება თანამედროვე მეცნიერებმა მუმიის დნმ-ის ანალიზის წყალობით მოახერხეს.

ტუტანჰამონს დაბადებიდანვე უამრავი დაავადება და ანომალია ტანჯავდა: მას ჰქონდა ძალიან სუსტი ძვლები და მგლის ხახა. ბიჭი საშინლად კოჭლობდა და მარცხენა ფეხს ითრევდა, რადგან დაბადებიდანვე ჰქონდა ამობრუნებული მარცხენა ტერფი. მემკვიდრეობოთი გენეტიკური ანომალიის ნათელი მაგალითი კი ტუტანჰამონის წაგრძელებული თავის ქალაა, რომელიც კარგად ჩანს ფარაონის სკულპტურებზე.


image



ახალგაზრდა ფარაონმა მხოლოდ 18 წლის ასაკამდე იცოცხლა. გენეტიკურმა და რადიოლოგიურმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ის მალარიით გარდაიცვალა, თუმცა მანამდე დიდხანს ავადმყოფობდა და საპყარივით მხოლოდ ჯოხზე დაყრდნობილს შეეძლო სიარული.

ფარაონების ინცესტის კიდევ ერთი მსხვერპლი ეგვიპტის ულამაზესი დედოფალი ნეფერტიტი გახლდათ. მასაც ტუტანჰამონივით წაგრძელებული თავის ქალა ჰქონდა, რასაც მაღალი თავსაბურავებით მალავდა.



image



კარლ II შეპყრობილი (მოჯადოებული)


image



ესპანელი ჰაბსბურგების უკანასკნელი წარმომადგენელი სისხლის აღრევით გამოწვეული კოშმარის ყველაზე ნათელი მაგალითია. მეფე, როგორც იტყვიან, მოსიარულე ავადმყოფობა იყო: საშინლად არაპროპორციული სახე წინ წამოწეული ნიკაპითა და მოღრეცილი ტუჩებით; დაბრეცილი ფეხები, რომლებზე სიარულიც მას საშინელ ტკივილს აყენებდა; იმპოტენცია და ეპილეფსიური შეტევები-აი არასრული სია ყველა იმ უბედურებისა, რითაც ეს მონარქი "დააჯილდოვა" ბუნებამ. წინ არაბუნებრივად გადმოწეული ტუჩების გამო მას ჭამაც კი უჭირდა. კარლი მეფე ფილიპე IV-ის შვილი გახლდათ, რომელიც მას საკუთარ ძმისშვილზე მარიანა ავსტრიელზე დაქორწინების შემდეგ ეყოლა. ის მშობლების მეხუთე და ერთადერთი შვილი იყო, ვინც ზრდასრულ ასაკამდე მიაღწია. მეფე-დედოფალს ოთხი ვაჟი მცირეწლოვან ასაკში გარდაეცვალა. კარლის თანდაყოლილი დეფექტები მშობლებმა გათვალვას და ჯადოს მიაწერეს. მათ აზრადაც კი არ მოსვლიათ, რომ ინბრიდინგის (სისხლის აღრევის) 25%-იანი კოეფიციენტის დროს ასეთი შედეგი ბუნებრივი იქნებოდა.



image



მიუხედავად ამდენი დაავადებისა, მეფემ 38 წლამდე მაინც იცოცხლა. თუმცა შეიძლება კი სიცოცხლე ვუწოდოთ ასეთ არსებობას?



ლეოპოლდ I


image


წმინდა რომის იმპერიის იმპერატორი ლეოპოლდ პირველი ( შემდგომში უნგრეთის და ჩეხეთის მეფე) იმპერატორ ფერდინანდ III - ის და დედოფალ მარია ანა ესპანელის შვილი იყო. წინა მეფის მსგავსად, ისიც ჰაბსბურგების საგვარეულო შტოს წარმომადგენელი გახლდათ, ოღონდ უკვე ავსტრიის მხრიდან. მართალია, ლეოპოლდი ჯანმრთელობას არ უჩიოდა, თუმცა ჰაბსბურგებისათვის დამახასიათებელი მახინჯი ნიკაპითა და ტუჩებით ბუნებამ ისიც უხვად დაასაჩუქრა.

ოჯახური ტრადიციისათვის რომ არ ეღალატა, ლეოპოლდ I-იც ახლო ნათესავზე, კარლ შეპყრობილის დაზე მარგარეტა ტერეზა ესპანელზე დაქორწინდა. დედოფალი, მისი ძმის მსგავსად, სუსტი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და ის ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა.



ფერდინანდ I


image


ავსტრიის იმპერატორმა მთელი სიმძაფრით იწვნია თავს, თუ რა საშინელი შედეგი მოსდევს სისხლის აღრევას. ბიჭუნა ჰაბსბურგების დინასტიის ახლო ნათესავებს შორის ქორწინების შედეგად დაიბადა. ის ბავშვობიდანვე იტანჯებოდა ეპილეფსიით და ჰიდროცეფალიით. ფერდინანდს არ შეეძლო სახელმწიფოებრივი საქმეებით დაკავებულიყო იმის გამო, რომ დღეში დაახლოებით ოცჯერ ემართებოდა ეპილეფსიური შეტევა. გარდა ამისა, ის ფსიქიკური აშლილობითაც იტანჯებოდა.

ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ ფერდინანდი განათლებული და გონებაგამჭრიახი ადამიანი გახლდათ: ის ფლობდა 5 უცხო ენას, შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე და დაკავებული იყო ბოტანიკის შესწავლით. როდესაც ევროპას რევოლუციის ტალღამ გადაუარა, მან მაშინვე უარი თქვა ტახტზე და საკუთარი ნებით გადადგა, რაც შემდგომში არასოდეს არ უნანია.



დედოფალი ვიქტორია


image


უამრავი ახლონათესაური კავშირის შემდეგ დაბადებული ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე იყო ჰემოფილიის გენის მატარებელი, რაც "საჩუქრად'' გადასცა საკუთარ შვილებს. თავის მხრივ დედოფალ ვიქტორიას შვილებმა, რომელთა წყალობითაც მოხდა ინგლისის სამეფო კარის დანათესავება ევროპის სამეფო ოჯახებთან, ეს გენი თავიანთ მემკვიდრეებს გადაულოცეს.



ალექსეი ცესარევიჩი


image


უკანასკნელი რუსი მეფის ნიკოლოზ II-ის მეუღლე ალექსანდრა ფიოდოროვნა დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი და ჰემოფილიის გენის მატარებელი იყო, მისი მშობლები იყვნენ ჰესენის და რეინის ჰერცოგი ლუდვიგ IV და ჰერცოგინია ალისა-დედოფალ ვიქტორიას შვილი. რუსეთის იმპერიის უკანასკნელი მეფის ერთადერთი ვაჟი ამ დინასტიური ქორწინების მსხვერპლი აღმოჩნდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჰემოფილია მხოლოდ მამრობითი სქესის ბავშვებში იჩენდა თავს, თუმცა მისი გენის მატარებლები ძირითადად ქალები იყვნენ. ამის გამო XX საუკუნის დასაწყისის ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის სამეფო კარზე იყო ერთი ბავშვი მაინც, რომელიც ამ დაავადებით იტანჯებოდა.

რუს უფლისწულ ალექსეი რომანოვს 7 წლის ასაკამდე სულ ხელით ატარებდნენ, შემდეგ კი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ, რადგან ნებისმიერ სულ მცირე დატვირთვასაც კი შეიძლებოდა შინაგანი სისხლდენა გამოეწვია, რაც სასიკვდილოდ საშიში იყო ბიჭის ჯანმრთელობისათვის. ღვიძლი ბიძა ბავშვს კუდში დასდევდა, თუმცა ამანაც ვერ იხსნა ის უამრავი სისხლჩაქცევისაგან, რომელსაც თან ახლდა აუტანელი ტკივილი, რასაც ბიჭუნა გონების დაკარგვამდე მიჰყავდა. ვინ იცის, როდემდე იცოცხლებდა ჰემოფილიით გატანჯული რუსი უფლისწული, რომ არა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია: ბოლშევიკებმა 14 წლის ავადმყოფი ბიჭუნა არ დაინდეს და დედ-მამასთან და დებთან ერთად ულმობლად დახვრიტეს 1918 წლის ივლისში.



image



ინცესტი-ძალიან საშიში რამაა. მანამ, სანამ მედიცინა მივიდოდა იმ დონემდე, რომ გაშიფრავდა სამეფო ოჯახის მემკვიდრეების სნეულებათა მიზეზებს, უამრავი ადამიანი დაზარალდა. წინათ ამ დაავადებებს და ანომალიებს ავ თვალსა და ჯადოს მიაწერდნენ და ეგზორციზმით ცდილობდნენ განედევნათ უწმინდური სული საბრალო ავადმყოფი ბავშვების სხეულებიდან.

საბედნიეროდ, კაცობრიობა ბოლოს და ბოლოს მივიდა იმ დასკვნამდე, თუ რა საშინელი შედეგები მოსდევს ინცესტს. საბედნიეროდ, მართლმადიდებლური ეკლესია ყოველთვის კრძალავდა კავშირს ახლო ნათესავებს შორის, თუმცა უინცესტოდ არც ქართული სამეფო კარი ყოფილა: მაგალითად იბერიის მეფის ფარსმან პირველის ასული ცოლად ყავდა ბიძამისს, ფარსმანის ძმას, სომხეთში გამეფებულ მითრიდატე იბერიელს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს შემთხვევა ქრისტიანობის გავრცელებამდე მოხდა. ქართულ სამეფო კარზე მსგავსი შემთხვევები არასოდეს აღარ განმეორებულა.

ინცესტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის წესით ისჯება. ეს მუხლი შეტანილი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელ სისხლის სამართლის კოდექსშიც, მაგრამ ის ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებამ ამოიღო კოდექსიდან იმ მოტივით, რომ ასეთი დანაშაულები საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა! დამოუკიდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ინცესტი, თუ იგი არ შეიცავს ძალადობის ნიშნებს, სისხლის სამართლის წესით არ ისჯება, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ ცალსახად უარყოფითია.

5
3253
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3253
  
2019, 4 მაისი, 0:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 მაისი, 12:13
გამოდის სამყარო და ხალხი მეტად ცივილიზებული გახდა, თუმცა მუსულმანებში ჯერ ისევ მოსულა ნათესავებს შორის დაქორწინება, ძალიან ველური ყოფილა ადამიანი
2019, 1 მაისი, 14:16
მეტი უბედურება რაღა გვინდა გორში იყო მგონი, მამა საკუთარ არასრულწლოვან გოგონასთან, რომ ცხოვრობდა.
ცხოველიო ვამბობთ და ეს ცხოველის საქციელს სცილდება. :(
2019, 1 მაისი, 12:54
საშინელი ტრადიციაა..სამწუხაროდ, ზოგან ჯერ კიდევ შემორჩენილია :(
2019, 1 მაისი, 12:44
ყოფილი მეკობრე ბალთზარ კოსა, შემდგომში კი რომის პაპი იოანე XXIII ერთ ქალთან და მის სამ გოგოსთან ერთობოდა.
მსგავსი რამ ახასიათებდა იმ ეპოქას...
0 1 5