საზოგადოება "მისი წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა, არ გავუშვებ, ან მეც გავყვები..."- პატარა სესეს დედის სულისშემძვრელი პოსტი 2019, 19 აპრილი, 18:08 სოციალური ქსელის მომხმარებლებმა რამდენიმე დღის წინ, გაავრცელეს ინფორმაცია წლინახევრის იოსებ (სესე) ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართეს. საქმე ეხებოდა, 11 000 $-ის მობილიზება, რათა ბავშვს მკურნალობის გაგრძელების საშუალება თურქეთის კლინიკაში შეძლებოდა. დღეს კი პატარა სესეს დედა, ინა იმედაშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე საზოგადოებას მადლობას უხდის და შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ წერს. "მადლობა - უკვე ისეთი ბანალური სიტყვა გახდა, რომ ვერც კი შემოგკადრებთ იმ ადამიანებს, ასე რომ იბრძვით სესესთვის. ხანდახან მგონია რომ აი გამოვიღვიძებ და ეს კოშმარული სიზმარი გაიფანტება, გვერდზე გავიხედავ და ჩემს ოქროსთმიან ბიჭს ისევ ჩემს გვერდით ეძინება მშვიდად, ავარდისფრებული ლოყებით და გრძელი წამწამებით. მერე ავდგები და ნაზად ვაკოცებ, თან ჩავჩურჩულებ რომ ძალიან მიყვარს. ჰო, მიყვარს რაღაც არა ამქვეყნიურად, სულ მეშინოდა, ასეთი სიყვარული რას მოიტანდა. ვუყურებდით მე და მამამისი და ვხვდებოდით რა არის და როგორია ბედნიერება, სიყვარული, სიხარული. ჰოდა ახლა მათ ნაცვლად ჩემსკენ სასოწარკვეთილება, სევდა და ცრემლები მოიწევენ. ჩემს მზეს ბნელი ეპარება და დგება მომენტი როცა ძალები აღარ მაქვს უკან გავაგდო და სინათლე სიბნელისგან გადავარჩინო. ვებრძვი სასოწარკვეთას, უიმედობას. სულ მცირე იმედს ვებღაუჭები, თუნდაც სესეს ავარდისფრებულ ტუჩებს. ეს ორი კვირაა, ყოველდღე გულში ხანჯლებად მერჭობა ექიმების სიტყვები რომ ყველაფერს ველოდო, რომ ძალიან მძიმეა, რომ, რომ, რომ.. ვდაგვარ, ვუსმენ და ვრგძნობ როგორ ვიფლითები, ვიშლები ნაწილებად, ჩემი შემადგენელი ნაწილაკები როგორ შორდებიან ერთამანეთს და სადაცაა გავქრები და აღარ ვიქნები. აი, ეს კი იდეალური იქნებოდა, მაგრამ ჯერ არა ჯერ სესესთვის უნდა გავიღო სისხლის უკანასკნელი წვეთი. ამ დღეებში მიფიქრია ყველაფერზე, წარმომიდგენია ყველაფერი, მიტირია, მიბღავლია, მითხოვია, მილოცვია - ისე როგორც არასოდეს. როცა მითხრეს რომ სესეს გადარჩენის ერთი პროცენტი არსებობდა, აი ამ ერთ პროცენტს ჩავეჭიდე და აღარც გავუშვებ, გამორიცხულია ჩემი პატარა უფლისწული უნდა გადარჩეს, მისი ვარდების პლანეტაზე წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა. ეგოისტი ვარ, საშინლად ეგოისტი, არ გავუშვებ, ან მეც გავყვები. ძალიან ძლიერი ყოფილა ჩემი ბიჭი, ჩემი მოციცქნული სიხარული, იბრძვის, იბრძვის რაც შეუძლია, მეტი რა ქნას რომ დედიკოს ჩაეხუტოს. ღმერთსაც ძალიან ვაწუხებ, ყოველდღე, ყოველწამიერად მივმართავ ჩემი ბიჭის გამოკეთებას ვთხოვ. რა ძალა ჰქონია თანადგომას, სიკეთეს. რამდენი ადამიანი გაერთიანდა სესესთვის. ხალხნო, ადამიანებო თქვენ მე ჩემი მზის, სინათლის დაბრუნებაში მეხმარებით. ეს კი ბევრად მეტია ვიდრე სიკეთე, ვიდრე დახმარება, ამიტომაც მადლობას ვერ გადაგიხდით, რადგან მადლობა ძალიან ჩვეულებრივი რამეა ამ არაჩვეულებრივი ამბებისთვის. ვიფიქრებ იქნებ შესფერისი სიტყვა მოვძებნო, და თუ ვერ ვიპოვი, მე და სესე ერთად შევქმნით და გამოგიგზავნით."- წერს ინა იმედაშვილი. 127 1-ს მოსწონს
|