"ბინა კახეთშია და არ ვიცი, გადავალ თუ არა" - რა ბედი ელის ოჯახს, რომელსაც უცნობმა ადამიანმა ბინა დაუთმო
ნინო მაისურაძე 17 წლისაა. მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მეორე შვილს ახლა ელოდება. ის ყოველდღე სანთლებს ყიდის და ასე ირჩენენ თავს. მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ვერ მუშაობს. თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, მძიმე სოციალურ პირობებში.
"ჩემი ყოველდღიურობა ძალიან რთულია ჯერჯერობით და ვნახოთ, მერე რა იქნება. სანთლებს ვყიდი და ნელ-ნელა ბავშვს ვუვლი. ყოველდღე ერთი და იგივეა თითქმის“ – ამბობს ის.
ნინო მაისურაძე საზოგადოებამ თოქ-შოუ "პროფილიდან“ გაიცნო. "ვთბებით ფეჩით, ხან მაქვს შეშა, ხან - არა. ზამთარში აქ ძალიან ძნელია ყოფნა. თან ახლა
მეორე ბავშვს ველოდები და ალბათ ამ ზამთარს ვეღარ გადავიტანთ. ვერ მოვაგვარე გათბობის პრობლემა, იქნებ ვინმე გამოჩნდეს და გაზის გამათბობელი დამიმონტაჟოს. ხანდახან ისეთი დღეებიც გვაქვს, ბავშვისთვის მაწონსაც ვერ ვყიდულობ. ძირითადად ყველაზე ძალიან ბავშვის საკვებზე ვნერვიულობ. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, მქონდეს საკუთარი კუთხე, რომ არავინ გამაგდოს. სითბოში რომ ვიყო და აღარ მომიწიოს ასე გაუსაძლის პირობებში ცხოვრება“, – ისაუბრა მან “პროფილში“. აქვე იხსენებს, რომ სახლიდან დედამ გამოაგდო და რამდენიმე დღე პატარა ბავშვთან ერთად პარკში ეძინა.
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც საკუთარ სახლში ცხოვრება შესთავაზა წყვილს. ამბის გადასამოწმებლად დავუკავშირდით ნინო მაისურაძეს:
- სიმართლეა, ოღონდ ბინა
კახეთშია და არ ვიცი, გადავალ თუ არა, იმიტომ, რომ ძალიან შორია და ექიმებში დავდივარ თბილისში. ალბათ გამიჭირდება სიარული, არ ვიცი, გადავალ თუ არა. რამდენიმე წლით გვიშვებს და არ ვიცი. ახლა ქირით ვართ. ჩემი დილა ბავშვის მოვლით იწყება, ვაჭმევ, ვალაგებ და მერე საღამოს გავდივარ ხოლმე სანთლების გასაყიდად. "პროფილის" შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პროდუქტებით დამეხმარნენ.