x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ეგვიპტელი ქურუმი ომ სეთი (გარდაცვლილი ბავშვის გაცოცხლების და არქეოლოგიური აღმოჩენების უცნაური ისტორია)

image


დოროთი ლუიზა იდი 1904 წლის 16 იანვარს დაიბადა. დედა კაროლინა ფროსტი (1879 – 1945) ინგლისელი იყო. ხოლო მამა, რუბენ იდი (1879 – 1935) – ნახევრად ირლანდიელი. ოჯახს საკუთარი სახლი ჰქონდა ლონდონის გარეუბანში.

დოროთი ჩვეულებრივი ბავშვი იყო. ის დარბოდა, თამაშობდა, იცინოდა... მაგრამ ერთხელ კიბიდან ჩამოვარდა. ექიმმა ბავშვი გასინჯა და მშობლებს სამწუხარო ინფორმაცია აცნობა – მისი თქმით, ბავშვი გარდაცვლილი იყო. დამწუხრებული მამა ექიმს გაჰყვა, რომ ბავშვის გარდაცვალების ცნობა აეღო, მაგრამ სახლში დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ გოგონა თავს კარგად გრძნობდა, საწოლზე იჯდა და ისე უდარდელად თამაშობდა, თითქოს, არც არაფერი მომხდარაო.

უბედური შემთხვევა 1907 წელს მოხდა, როდესაც ბავშვი 3 წლის იყო. მართალია, გოგონა ფიზიკურად არ დაზარალებულა, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ, მას უცნაური ხილვები დაეწყო. დოროთის სიზმრები და მოგონებები მის წინა ცხოვრებას უკავშირდებოდა... და როგორც შემდგომში ბევრმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ დაადასტურა, ის ძველ ეგვიპტეში, ახალი ეგვიპტური სამეფოს XIX დინასტიის ეპოქაში (ძვ. წ. აღრ. 1550 – 1186 წწ.) ცხოვრობდა და ქალღმერთი ისიდას ქურუმი იყო. ის პირადად იცნობდა რამსეს II (რამსეს დიდი) მამას – სეთი I, რომელის ეგვიპტეს ძვ. წ. აღრ. 1290 – 1279 წლებში მართავდა.

მოგონებები წინა ცხოვრების შესახებ თავდაპირველად, ერთი და იგივე სიუჟეტის სიზმრებში მოსდიოდა: ლამაზი სვეტებიანი შენობა, მის სიახლოვეს, – ულამაზესი ბაღი, ხოლო ბაღის სიღრმეში – ტბა ლოტოსებით. ამავდროულად, გოგონას სევდა და მონატრების გრძნობა იპყრობდა, «საკუთარი სახლის» და «სამშობლოს მიმართ». ბავშვი ხან ოთახში, ხან სამზარეულოში ხშირად ტიროდა და როდესაც მიზეზს ეკითხებოდნენ, ამბობდა, რომ «სახლში უნდოდა». «შენ სახლში ხარ» – არწმუნებდა მას დედა, მაგრამ დოროთი ტირილს აგრძელებდა და მშობლებს ეხვეწებოდა, რომ მისთვის «სახლში წასვლის უფლება მიეცათ». ხოლო, როდესაც ეკითხებოდნენ, თუ სად იყო მისი სახლი, გოგონა პასუხობდა: «არ ვიცი სად არის, მაგრამ იქ მინდაო». მშობლებს ბავშვის ასეთი ქცევა აკვიატებად მიაჩნდათ და იმ იმედით, რომ ასაკის მატებასთან ერთად გაუვლიდა, განსაკუთრებულ ყურადღებას არ ანიჭებდნენ. თუმცა, ასე არ მოხდა...


image
ერთხელ, ჩვეულებრივი გასეირნების დროს, მშობლებმა შვილის უცნაური ქცევა შენიშნეს: ისინი ლონდონის მუზეუმში იყვნენ და როდესაც ძველი ეგვიპტის დარბაზში შევიდნენ, დოროთი გაშეშდა. ის თვალს ვერ აცილებდა არტეფაქტებს, შემდეგ დაჯდა შემინულ მუმიებთან, მოჯადოებულივით ერთ წერტილს უყურებდა და სახლში წასვლაზე უარს ამბობდა. გავიდა კიდევ ცოტა დრო და მან მუმიის სარკოფაგის გარშემო სირბილი და მისი დაკოცნა დაიწყო.


image
ამ ინციდენტის შემდეგ დოროთის დეპრესია დაეწყო, ის ძველი ეგვიპტის სურათებს უყურებდა, ამბობდა, რომ იქ მისი სახლი იყო და სამშობლოში დაბრუნებას დაჟინებით ითხოვდა.

ერთხელ, გოგონამ ჟურნალში ფოტოსურათი ნახა წარწერით: «სეთი I ტაძარი აბიდოსში». დოროთის სახე გაუნათდა და მშობლებს უთხრა, რომ ერთ დროს სწორედ ამ ტაძარში ცხოვრობდა, ხოლო მის გვერდით ულამაზეცი ბაღი იყო. მამა შეეცადა ბავშვისთვის აეხსნა, რომ ეს შენობა ათასობით წლის წინ იყო აშენებული, მაგრამ გოგონა დაჟინებით იმეორებდა, რომ ტაძარი – მისი სახლი იყო და რომ სიზმრებში სწორედ მას ხედავდა.


image


მას შემდეგ, დოროთი გამუდმებით მუზეუმში ითხოვდა წაყვანას, ხოლო როდესაც წამოიზარდა, თავადაც ახერხებდა იქ წასვლას და თავისუფალ დროს ძველი ეგვიპტისადმი მიძღვნილ დარბაზებში ატარებდა. სწორედ იქ გაიცნო მან ერნესტ უოლისი (Ernest Alfred Thompson Wallis Budge), ბრიტანეთის მუზეუმის ეგვიპტური განყოფილების უფროსი, არქეოლოგი, ეგვიპტოლოგი და არაერთი წიგნის ავტორი. მეცნიერის ხელმძღვანელობით მან ძველი ეგვიპტის ისტორიის და იეროგლიფების შესწავლა დაიწყო. ხოლო, სკოლის დამთავრების შემდეგ, ოქსფორდის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა... და კიდევ 20 წელი გავიდა, ვიდრე სანუკვარ სურვილს აისრულებდა. «ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, — აცხადებდა ის, — აბიდოსში ჩასვლა, აბიდოსში ცხოვრება და აბიდოსის მიწაში განსვენება. მაგრამ, ჩემი ჩანაფიქრის განხორციელებაში, გამუდმებით რაღაც მიშლიდა».

«ამ დაკარგულ წლებში», როგორც დოროთი უწოდებდა, ის გათხოვდა, შვილი შეეძინა და მეუღლეს დაშორდა.


image


როდესაც ის ბოლოს და ბოლოს, 1952 წელს ხანმოკლე ვიზიტით ეგვიპტეში ჩავიდა, მაშინვე აბიდოსში გაემგზავრა და სეთის ტაძარში მთელი ღამე ლოცვაში გაატარა.

ბრიტანეთში დაბრუნებული დოროთი ხელმძღვანელობას სთხოვდა, რომ მისთვის აბიდოსში სამუშაო მოენახათ, რომ იქ ცხოვრების საშუალება ჰქონოდა. მაგრამ, ეს დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში, აბიდოსი ერთი პატარა სოფელი იყო, თიხის სახლებით და წყალგაყვანილობის გარეშე და მსუბუქად რომ ვთქვათ, შეუფერებელი ადგილი იყო ბრიტანეთში აღზრდილი მარტოხელა ქალისთვის.


image
1956 წელს, როგორც იქნა ხელმძღვანელობამ თანხმობა მისცა და აბიდოსში სამუშაო უშოვა: მას ტაძრის ბარელიეფები ჩანახატები უნდა გაეკეთებინა. იმ პერიოდისთვის, მისი ვაჟი საცხოვრებლად მამასთან გადავიდა და დოროთის თავისუფლად შეეძლო ყველაფრის მიტოვება და აბიდოსში გამგზავრება. იქ ის პატარა სახლში დასახლდა, პატარა მეურნეობა გაიჩინა — თხები, ქათმები, ვირი — და ადგილობრივ გლეხებს დაუმეგობრდა. მოგვიანებით, საცხოვრებლად კაიროში გადავიდა, გათხოვდა, ვაჟი შეეძინა და მას სეთი დაარქვა. ხოლო, თვითონ ომ სეთი დაირქვა.

მისი მეორე ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. ქმარი ვერაფრით შეეგუა იმ ფაქტს, რომ დოროთი ღამღამობით ტრანსში ვარდებოდა და იეროგლიფებით რაღაცას წერდა... და ისინი დაშორდნენ.
საბოლოო ჯამში, მან 70 გვერდი დაწერა, რომელშიც აღწერდა, თუ როგორ ცხოვრობდა ის ძველ ეგვიპტეში. მისი თქმით, წინა ცხოვრებაში ბენტრეშუტი ერქვა და კომ-ელ-სულთანის (Kom El Sultan) ტაძრის ქურუმი იყო... და რომ, 14 წლის ასაკში, შვილი ჰყავდა ფარაონი სეთისგან.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ის ღარიბ ოჯახში დაიბადა და ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც მშობლებმა ქურუმად აღზრდის მიზნით, სეთის ჩრდილოეთით მდებარე ომ-ელ-სულთანის ტაძარში გაგზავნეს. 12 წლის რომ გახდა, მას მთავარმა ქურუმმა ჰკითხა, უნდოდა თუ არა ადამიანების სამყაროში დაბრუნება და გათხოვება, თუ ტაძარში დარჩებოდა. გოგონამ ტაძარი აირჩია და ქალწულობის აღქმა დადო. ამის შემდეგ, მან სპეციალური მომზადება გაიარა, რომ ტაძარში ჩატარებულ რიტუალებში მონაწილეობა მიეღო.

ერთხელ, ღვთისმსახურების დროს, ფარაონმა სეთმა ახალგაზრდა ლამაზი ქურუმი შენიშნა და შეუყვარდა. ხოლო, რამოდენიმე დღის შემდეგ, აღთქმის მიუხედავად, ის თავის საძინებელში მიიწვია. ფარაონს და ბენტრეშუტს ვაჟი შეეძინათ, რომელიც სეთს მთელი გულით უყვარდა. შეყვარებულების იდილია რამდენიმე წელი გრძელდებოდა, ვიდრე ფარაონი არ გარდაიცვალა. ამის შემდეგ, წლების მანძილზე დაგროვილი ბრაზი და ბოღმა ქურუმებმა ბენტრეშუტზე ანთხიეს. მისი უკანონოდ დაბადებული შვილი მოკლეს, ხოლო ქალი მიწისქვეშეთში გამოამწყვდიეს, სადაც ავადმყოფობით გარდაიცვალა.
ჩანაწერებში ასევე ნათქვამი იყო, რომ მას სულიერი კავშირი ჰქონდა სეთთან და საიქიოში აუცილებლად შეხვდებოდა მას და საბოლოდ, ისევ ერთად იქნებოდნენ.image
მეცნიერებმა ეს ისტორია შეშლილი ქალის ბოდვად არ მიიჩნიეს, რადგან ომ სეთმა არქეოლოგებს ზუსტად მიუთითა ტაძრის სიახლოვეს მდებარე ბაღის ადგილი და ის ადგილი აჩვენა, საიდანაც ტაძრის სიღრმისკენ მიმავალი გვირაბი იწყებოდა.

ომ სეთმა, ძველი ეგვიპტის შესახებ ბევრად უფრო მეტი იცოდა, ვიდრე იქ მომუშავე ნებისმიერმა გიდმა. მალე უცხოელი ქალი ადგილობრივ ღირშესანიშნაობად, ხოლო პატარა სოფელი – ტურისტულ ცენტრად იქცა.

ომ სეთის მოღვაწეობამ ბრიტანეთის არქეოლოგიური საზოგადოებისგან უმაღლესი შეფასება მიიღო და მას 1960 წელს პენსია დაუნიშნეს. ხოლო, 5 წლის შემდეგ, თავად ეგვიპტის პრეზიდენტმა – «ეგვიპტისთვის გაწეული ღვაწლისთვის», ის ორდენით დააჯილდოვა.

ომ სეთი 1981 წელს გარდაიცვალა და აბიდოსის ტაძრის მახლობლად დაკრძალეს ისე, როგორც ოცნებობდა.

დოროთი იდის მოგონებებს და ისტორიას რაციონალური ახსნა არა აქვს. ბევრი ფიქრობს, რომ ის ძველი ეგვიპტელი ქურუმის რეინკარნაცია იყო, ხოლო სხვების აზრით, – მასში ქურუმის სული უბედური შემთხვევის შემდეგ ჩასახლდა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* როგორ გახდა აფრიკა «ცივილიზაციის აკვანი». ლეგენდა რასების შესახებ

* ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ძველი მსოფლიოს ცნობილი ძეგლების შესახებ

* ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო

* უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი

0
976
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
976
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0