ფსიქოლოგია რატომ მოიჭრა ვან გოგმა ყური? 2019, 26 თებერვალი, 18:17 1888 წლის 24 დეკემბერს ფრანგული გამოცემა “Le Petit Journal” წერს: "გუშინ საღამოს რომელიღაც მხატვარი ჰოლანდიიდან, სახელად ვინსენტი, მას შემდეგ, რაც ყური სამართებლით მოიჭრა, მივიდა საროსკიპოს კართან და დარაჯს "ქაღალდის ნაჭერში გახვეული ყური მისცა". ვან გოგმა მას უთხრა: "აიღე, ეს სასარგებლო იქნება". მოგვიანებით პოლიციამ ეს ადამიანი საკუთარ სახლში იპოვა. მისი მდგომარეობა სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდა". ეს გახლავთ პირველი გამოხმაურება ვან გოგის ყურის მოჭრის ისტორიის შესახებ. მას შემდეგ კი მრავალი ჭორი თუ თეორია შეიქმნა ამ ქმედების მიზეზის დასადგენად. ეს ფაქტი იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფსიქოლოგებისათვის, რომ ერთ-ერთ სინდრომს მისი სახელიც კი უწოდეს. ვან გოგის სინდრომი ეს არის ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას – სხეულის ნაწილის მოკვეთას, ჭრილობის მიყენებას ან კატეგორიულად მოითხოვს ჩაუტარონ ქირურგიული ოპერაცია. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მიზეზის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელია, გარკვეული ფაქტები და ისტორიები საშუალებას გვაძლევენ, რომ ვარაუდი გამოვთქვათ მხატვრის ამ ქმედების ასახსნელად. ფსიქობიოგრაფიის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში (Schultz, W. T. (Ed.). (2005). Handbook of psychobiography. Oxford University Press.) ფსიქოლოგიურ თეორიებზე დაყრდნობით განხილულია რამდენიმე მიზეზი იმის ასახსნელად, თუ რატომ მოიჭრა ვან გოგმა ყური.
გადმოცემის თანახმად, ვან გოგი ემოციურად და ფინანსურად დამოკიდებული იყო თავის ძმაზე და შობას ყოველთვის მასთან ერთად ატარებდა. იმ წელს კი თეო დაინიშნა და შობის გატარებას ახალ ოჯახთან ერთად გეგმავდა. ამ ვარაუდის მიხედვით, ვან გოგის მიერ ყურის მოჭრა მისი გაუცნობიერებელი ქცევა იყო ძმის ყურადღების მისაპყრობად და მისი მზრუნველობის მოსაპოვლებლად. ასევე ბიოგრაფმა ბეილიმ მტკიცებულება მოიპოვა, რომლის თანახმად, ვან გოგმა ყური მას შემდეგ მოიჭრა, რაც ღვიძლი ძმის, თეოს ნიშნობის შესახებ შეიტყო. “ვინსენტს თეოს დაკარგვის ეშინოდა. იგი შიშობდა, რომ ძმა ფინანსურ მხარდაჭერას აღარ გაუწევდა, რაც რძლის უეცარ გამოჩენასთან იყო დაკავშირებული”, – განაცხადა ბეილიმ.
თუმცა ბიოლოგიური ფაქტორები, ვან გოგის ფსიქიკური დიაგნოზი და მისი წერილები უფრო მეტად აძლევენ ფსიქობიოგრაფებს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მხატვარმა მართლაც თავად მოიჭრა ყური. დასკვნა წიგნში განხილულია განსხვავებული ინტერპრეტაციები ვან გოგის შემთხვევასთან დაკავშირებით. თუმცა მაინც რთულია იმის თქმა, თუ რომელი შეესაბამება სრულ სიმართლეს. როგორც წესი შემთხვევის შემსწავლელები ახსნისთვის, თავდაპირველად, ფსიქოდინამიკურ მიდგომებს იყენებენ, რათა ერთის მხრივ გაუგებარი მოვლენები უფრო მარტივად ახსნან არაცნობიერის ცნების გამოყენებით. ვან გოგის შემთხვევასთან დაკავშირებითაც სწორედ ასეა. მოცემული ვარაუდებიდან უმეტესობაში, ვან გოგის თვითდაზიანება განხილულია, როგორც არაცნობიერი მიზეზებით განხორციელებული ქმედება და არა რაციონალური გადაწყვეტილება. როდესაც საქმე ფსიქობიოგრაფიასა და ადამიანის ცხოვრების კონკრეტული მოვლენის აღწერასა და ახსნას ეხება, საჭიროა მრავალი ფაქტორის გათვალისწინება. ვან გოგის ყურის შემთხვევაც ნათელი მაგალითია იმისა, რომ მხოლოდ ერთი მოცემული ინტერპრეტაციით შემთხვევის განხილვა არ არის ამომწურავი და საჭიროა გავითვალისწინოთ სხვადასხვა მიდგომები, ფაქტები და მოვლენენები, რაც შემთხვევის სრულად გაგების საშუალებას მოგვცემს. 1027 შეფასება არ არის
|