x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
„მე თვითონ დუისელი ვარ. ისე მოხდა, რომ მამაჩემს არც კი ვიცნობდი" - მარიამ ხანგოშვილი
image

მარიამ ხანგოშვილი, 78 წლის, ჯოყოლო, პანკისის ხეობა


"მე თვითონ დუისელი ვარ. ისე მოხდა, რომ მამაჩემს არც კი ვიცნობდი. 8 თვის ვყოფილვარ, როცა ის ფრონტზე დაიღუპა. დედაჩემი მეორედ აქ, ჯოყოლოში გათხოვდა. მეც თან წამომიყვანა და თავისთან ერთად მზრდიდა. მამით და-ძმა არ მყავდა, მაგრამ დედით შვიდი და და ერთი ძმა ვიყავით. ოჯახში ბევრს შრომობდნენ - დედაჩემი სკოლაში დამლაგებელი იყო, მისი ქმარიც მუშაობდა, მაგრამ მაინც ძალიან გვიჭირდა.


განათლების მიღებას უფრო ადრე უკრძალავდნენ ქალებს, ჩემს დროს აღარ. ამიტომ, ჩემს ოჯახს არავითარი წინააღდეგობა არ ჰქონდა იმაზე, რომ მე განათლებას ვიღებდი. პირველად გროზნოში წავედი უმაღლესში სასწავლებლად. მაშინ ჩეჩნები ქალებს სწავლის უფლებას ჯერ არ აძლევდნენ. ამიტომ, გროზნოს ინსტიტუტიდან დეკანი ჩამოვიდა პანკისის ხეობაში და აქედან წაგვიყვანა სასწავლებლად ბიჭებიც და გოგოებიც. მერე იქ რაღაც შემთხვევა მოხდა, წამოსვლა მოგვიწია და თბილისში გადმოვიტანეთ საბუთები. სტუდ-ქალაქში ერთ ოთახში ვცხოვრობდით, ჩემს ბიძაშვილ ბიჭებთან და რძალთან ერთად. დაწყებითი განათლების ფაკულტეტი დავამთავრე 1965 წელს და დავბრუნდი პანკისის ხეობაში. იმავე წელს დავოჯახდი და მუშაობაც დავიწყე ჯოყოლოს საჯარო სკოლაში, რომელიც მაშინ რვაწლიანი იყო. 47 წელი ვიმუშავე ამ ჯოყოლოს სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებელად.



მე და ჩემს მეუღლეს ათი წელიც კი არ გვიცხოვრია ერთად. 35 წლის ვიყავი, როცა ის დაიღუპა. იმან მარტო ეს სახლი აგვიშენა და დაგვტოვა ასე მარტოები.... მარტომ გავზარდე სამი ვაჟიშვილი. ბავშვები კარგად კი სწავლობდნენ, მაგრამ მე არ მქონდა საშუალება მათ განათლება მიეღოთ. სამხედრო სავალდებულო სამსახური კი გაიარა სამივემ, დაოჯახდნენ და მერე სულ ფიზიკურად მუშაობდნენ. აი, ასე შევქმენით ცხოვრება...


მამაკაცები კი ხშირად არიან წინააღმდეგი ქალების განათლების, მუშაობის და იმის, რომ სხვადასხვა სფეროში იყვნენ ჩართულები, მაგრამ, მე რომ არ მემუშავა, როგორ უნდა გამეზარდა სამ-სამი ბიჭი?! ჩემი ნათესავები არ იყვნენ ისეთი კარგი მაცხოვრებლები, რომ დახმარება გაეწიათ ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის. მარტო ამის გავლა რთული იყო. ყოველდღე დილის 7 საათზე ვიღვიძვებდი, ბავშვებს ვაპურებდი და საქონელს ვუვლიდი. სკოლიდან სახლში დაბრუნებული კი ისევ საქონელთან, ბოსტანში და სიმინდის ყანაში ვმუშაობდი.
ამიტომ, მე ასეთი შეხედულებისა ვარ, რომ ქალიც და მამაკაციც თანასწორუფლებიანები უნდა იყვნენ ცხოვრებაში.მე და ჩემს მეუღლეს ათი წელიც არ გვიცხოვრია ერთად, მაგრამ მგონია, რომ ქალმა და კაცმა ერთად უნდა გაწიონ ოჯახის უღელი. ქალი არ უნდა იყოს სულ კაცისგან განსხვავებულ მდგომარეობაში. ქალები გამორიცხულები არიან პოლიტიკიდან და უფრო იმათ არ უნდათ, ვისაც განათლება არ აქვთ, რომ ქალები ჩართულები იყვნენ სახელმწიფოს მართვაში. ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი, ლუიზა მუთოშვილი, კენჭს იყრიდა ადგილობრივ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარსაც ვუჭერდით და ძალიანაც გვინდოდა, რომ გაემარჯვა. მაგრამ, რაღაც „გადახრები“ იყო მაშინ რაიონიდან და ძალიან ცოტა, 12 ან 13 ხმა დააკლდა ლუიზას, თორემ დეპუტატი გახდებოდა.


სულ ასე არც მე ვფიქრობდი. მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი შვილიშვილი, ლეილა რომ დაიბადა, ისე შემეშინდა ისე, რომ ვიტირე კიდეც. ეხლაც მაყვედრის ხოლმე ლეილა - „ბაბო, მე რომ დავიბადე და შენ ტიროდი, გახსოვსო?!“ აი, როგორები ვართ ქალებიც მართლა... ბიჭი მინდოდა მაინც და იმისა შემეშინდა, კიდევ და კიდევ გოგოები არ ეყოლოს-მეთქი. ახლა სულ სხვანაირად ვფიქრობ, რა თქმა უნდა. აი, მაგალითად, რატომ უნდა იყოს ბიჭსა და გოგოს შორის განსხვავება?! მე, მაგალითად, მამით ძმა არ მყავს და მე რა, ადამიანი არა ვარ? მეც ხომ მეკუთვნოდა მამაჩემის სახლის და ნაკვეთის წილი? არაფერიც არ მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემს ჩემს მეტი შვილი არ ჰყოლია. ბიჭი რომ ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, ყველაფერს მე მომცემდნენ. ამაზე მიფიქრია ხშირად და გულიც დამწყვეტია. აი, ამ ყველაფერმა მიმახვედრა, რომ ქალებს ხშირად გვჩაგრავენ. დაჩაგვრა ხომ არის ეს იგივე?! რათა რა, ქალიც ხომ შვილია?! არც მე მომითხოვია არასოდეს არაფერი იმიტომ, რომ ქალი ვიყავი..."


ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტოგრაფი: სოფო აფციაურიimage

0
95
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0