მსოფლიო ადოლფ ჰიტლერი ახალგაზრდობაში უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრობდა? 2019, 9 თებერვალი, 20:49 1907 წლის 2 ოქტომბერს ჰიტლერმა სცადა, მისაღები გამოცდები ჩაებარებინა ვენის სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ ჩაიჭრა. ამის შემდეგ ნაცისტების მომავალი ბელადი დაბრუნდა ლინცში, სადაც მისი მძიმედ ავადმყოფი დედა ცხოვრობდა. კლარა ჰიტლერი იმავე წლის 21 დეკემბერს გარდაიცვალა. ამიტომ მესამე რაიხის მომავალი დიქტატორი რამდენიმე თვეში ისევ ვენაში დაბრუნდა. თავს ირჩენდა ობლობის შემწეობით და დეიდას მიერ გაწეული მატერიალური დახმარებით. თუმცა ადოლფს მალევე ესტუმრა ვენაში მისი ნახევარდა, ანგელა რაუბალი და აიძულა, ობლობის შემწეობის საკუთარ წილზე უარი ეთქვა თავისი 12 წლის დის, პაულას სასარგებლოდ. ამის შემდეგ ჰიტლერმა სცადა, რამე ხელობა ესწავლა, თუმცა უშედეგოდ. მას მუშაობა არასოდეს არ უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ წიგნში "ჩემი ბრძოლა" სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.
სწორედ ჰიტლერის ცხოვრების ამ პერიოდს უკავშირდება უსახლკაროთა თავშესაფარში ცხოვრების დრამაც. არშემდგარ მხატვარს 1909 წელს საქმე ისე ცუდად წაუვიდა, რომ რამდენიმე თვის მანძილზე მაიდლინგის ბანაკში ცხოვრობდა ლოთებთან ერთად, ჭუჭყიანი წინდების, ოფლიანი იღლიების და ნარწყევის სუნში. ეძინა რკინის გატიალებულ საწოლზე, რომელსაც ზამბარები სანახევროდ არ ჰქონდა, ხოლო ტანქვეშ ლეიბის ნაცვლად ძველი გაზეთები, ბალიშის ნაცვლად კი თავისი გაზინტლული ქურთუკი ეფინა, რომელსაც ზაფხულში ვეებერთელა მწვანე ბუზები ჯგროდ ეხვეოდნენ.
ამავე პერიოდში ჰიტლერი ერთხელ მუშებმა მაგრად სცემეს, რადგან მომავალი "ფიურერი" ვენის პოლიციის საიდუმლო ჯაშუში აღმოჩნდა, რომელიც ჭიქა ჩაის, ორიოდე თავი ხახვის და გახუხული შავი პურის ფასად უსახლკაროთა თავშესაფარში მცხოვრებ, ხელისუფლებით უკმაყოფილო მუშებს სახელმწიფო მოხელეებთან აბეზღებდა. ამრიგად, მილიონობით ნაცისტის მომავალი კერპი ახალგაზრდობაში ერთი ჩვეულებრივი აბეზარი უსახლკარო იყო, რომელსაც თავზე სხვა უსახლკაროები აშარდავდნენ და ასაქმებდნენ. 311 2-ს მოსწონს
|