ფსიქოლოგია კულტურული დანაკლისი - მიგრაციის პროცესის შედეგები 2019, 7 თებერვალი, 15:46
ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მიგრაციის პროცესში არის ის, თუ რა მიაქვთ მიგრანტებს თან (როგორც მატერიალური, ასევე ემოციური თვალსაზრისით) და რას ტოვებენ. მიგრაციის მიზეზებიდან გამომდინარე (იძულებითია თუ ნებაყოფლობითი) მიგრანტებს შესაძლოა ჰქონდეთ დრო, რომ მოემზადონ ან შესაძლოა მაშინვე მოუწიოთ ადგილის დატოვება. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ უწევთ მატერიალური თუ ემოციური რესურსების დატოვება. სხვადასხვა დანაკარგს მათთვის განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ამის მიხედვით, დანაკარგის გრძნობა შეიძლება იყოს დროებითი და ხანმოკლე ან შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს. კულტურული დანაკლისის ცნება მოდის იმ დანაკარგების გააზრებისგან, რომლებიც კულტურულ ღირებულებებთანაა დაკავშირებული. აიზენბრახმა (Eisenbruch, 1991) კულტურული დანაკლისი აღწერა, როგორც „ფესვებდაკარგული“ ადამიანის ან ჯგუფის გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია სოციალური სტრუქტურების, კულტურული ღირებულებებისა და იდენტობის დაკარგვასთან და წარსულთან თითქმის არაბუნებრივ მიჯაჭვულობასთან. ლტოლვილებთან მუშაობისას, როდესაც შეისწავლიდა პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (PTSD), აიზენბრახმა შეამჩნია, რომ ასეთ ადამიანებს აქვთ „უცნაური“ გამოცდილებები (მაგ., მათ სტუმრობენ ზებუნებრივი ძალები წარსულიდან), თავს გრძნობენ დამნაშავედ (სხვებისა და თავისი კულტურის მიტოვების გამო და შესაძლოა საკუთარი თავის გადარჩენის გამო), აწუხებთ ინტრუზიული სურათები და ფიქრები წარსულიდან ძლიერი მოთხოვნილებით, რომ დაასრულონ გარდაცვლილების მოვალეობები და ისინი მოცულები არიან შფოთვით, სიკვდილზე ფიქრითა და ბრაზით. ამ სიმპტომების უმრავლესობა დაკავშირებულია PTSD–სთან. საინტერესოა, განიცდება თუ არა კულტურული დანაკლისი, როცა ადამიანები მიგრირებენ ზუსტად თავისი გეგმის მიხედვით. სავარაუდოდ ეს ასეა, თუმცა ამ დროს ადაპტაცია უფრო ადვილია. მიუხედავად ამისა, ორი სხვა ფაქტორიც უნდა მივიღოთ მხედველობაში. პირველი, როცა ადამიანი მარტოა წასული მიგრაციაში, დანაკარგის განცდა და ხარისხი, სავარაუდოდ, უფრო ღრმა იქნება, ვიდრე, როცა ჯგუფი ან ოჯახი მიგრირებს, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ გრძნობები უფრო ადვილად. მეორე ფაქტორი ეხება პიროვნულ მახასიათებლებს, დანაკარგის წინა გამოცდილების არსებობას და მასთან გამკალვების გზებს. ამ პროცესების აღქმაში მნიშვნელოვანია კულტურის როლი. ასევე, დანაკლისის მართვაში დიდ როლს თამაშობს აღქმული ლოკუსის კონტროლი (ადამიანებს საკუთარი თავი მიაჩნიათ პასუხისმგებლად, თუ მიზეზად გარეგან ფაქტორებს მიიჩნევენ). განცდილი დანაკარგებიმიუხედავად იმისა, ადამიანები მიგრაციაში ნებაყოფლობით მიდიან თუ იძულებით, ისინი ტოვებენ ოჯახებს, მატერიალურ საკუთრებებს, ღირებულებებს და შესაძლოა როლებსაც და და სოციალური სტატუსსაც კი, რაც მაშინვე ქმნის დანაკარგის განცდას. სავარაუდოდ ადამიანი მატერიალურ საკუთრებებს ისევ შეაგროვებს, თუმცა მეგობრებთან, ოჯახთან და ახლობლებთან დაკავშირებული დანაკარგის ჩანაცვლება ან აღდგენა უფრო რთულია. ამ დანაკარგების ნამდვილი გავლენა შესაძლოა ვიგრძნოთ მცირე ხნის, საშუალო ან ხანგრძლივი დროის შემდეგ. დანაკარგის შეგრძება შესაძლოა უფრო მწვავე იყოს მცირე ხნის განმავლობაში, ხოლო სოციალური ღირებულებებისა და კულტურული მხარდაჭერის სისტემების მიტოვების გამღიზიანებელი გრძნობები უფრო თვალსაჩინო ხდება მოგვიანებთ, პოსტ–მიგრაციულ ფაზაში. ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე და ყველა ინდივიდი ერთსა და იმავე რამეს არ ანიჭებს ყველაზე დიდ მნიშვნელობას. ეს დანაკარგი შეიძლება გადაიზარდოს კულტურულ დანაკლისში. მწუხარება და მისი სტადიები კუბლერ–როსმა აღწერა მწუხარების 5 სტადია: 1) უარყოფა და იზოლაცია; 2) სიბრაზე; 3) ვაჭრობა; 4) დეპრესია და 5) მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტადიები მომაკვდავ პაციენტებზე დაკვირვებით გამოყო, დანაკლისის დროსაც არსებობს იგივე სტადიები, თუმცა ისინი ყოველთვის ამ თანმიმდევრობით არ ცვლიან ერთმანეთს და შესაძლოა ზოგიერთი სტადიის გამოტოვებაც. ბოულბიმ აღწერა დანაკარგის 4–საფეხურიანი მოდელი. ეს სტადიებია: 1) გულგრილობა და პროტესტი; 2) ლტოლვა და ძიება; 3) დეზორგანიზაცია და სასოწარკვეთა; 4) რეორგანიზაცია. ბოულბი იყენებს მიჯაჭვულობის თეორიას იმისთვის, რომ განსაზღვროს ადამიანების მიდრეკილება, ჩამოაყალიბონ ძლიერი აფექტური კავშირები მნიშვნელოვან სხვებთან და ახსნას ემოციური დისტრესისა და პიროვნული დარღვევების მრავალი ფორმა. ეთოლოგიისა და კონტროლის თეორიაზე დაყრდნობით, ბოულბი ამბობს, რომ მიჯაჭვულობის ქცევა ყურადღებას ამახვილებს სხვა დიფერენცირებული და სასურველი ადამიანისგან სიახლოვის მიღებასა და შენარჩუნებაზე (რომელიც აღქმულია უფრო ძლიერად ან ჭკვიანად). მიჯაჭვულობის თეორიების მახასიათებლები მოიცავს სპეციფიკას, ხანგრძლივობას, ემოციების ჩართულობას, მომწიფებას, სწავლასა და ბიოლოგიურ ფუნქციას. პრაქტიკულად თითოეული მათგანი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც კულტურაზე მიჯაჭვულობა. ეს ეხება განსაკუთრებით იმ კულტურას, რომელშიც ადამიანი დაიბადა და აქედან გამომდინარე, თავდაპირველი წლების გავლენა კრიტიკულია. ასეთი მნიშვნელოვანი მიჯაჭვულობის „ფიგურის“ დაკარგვა იწვევს დანაკლისს და ბრაზს. საინტერესოა, რომ მართალია ბოულბის მიხედვით, მშობლები არიან ყველაზე მნიშვნელოვანი მიჯაჭვულობის ფიგურები, სავარაუდოდ, მიჯაჭვულობა არ იარსებებს მათი წარმოშობის კულტურისგან იზოლირებულად.
14 შეფასება არ არის
|