x
უცხო კულტურაში გადასვლა და მასთან დაკავშირებული მოვლენები – კულტურული შოკი, კულტურული კონფლიქტი, აკულტურაცია და ასიმილაცია

image

როდესაც მიგრანტები წარმოშობის ქვეყანას ტოვებენ, მათ უწევთ, რომ უკან მოიტოვონ ოჯახი, ნათესავები, სახლი, საკუთრებები, ურთიერთობები, მეგობრები და სხვა ფიზიკური და ემოციური სტრუქტურები. სწორედ ამიტომ ახალ კულტურაში გადასვლა უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია ისეთ ფსიქოლოგიურ მოვლენებთან, როგორებიცაა კულტურული შოკი და კულტურული კონფლიქტი. ამ ყველაფრის დასაძლევად კი მნიშვნელოვანია, როგორ მოერგება ადამიანი უცხო კულტურას - მოახდენს ადაპტაციას და ინტეგრირდება ახალ კულტურაში თუ წინააღმდეგობას გაუწევს მის ღირებულებებსა და წესებს.

კულტურული შოკი

ობერგმა (Oberg, 1960) გამოიყენა ტერმინი კულტურული შოკი, რათა აღეწერა მიგრანტების მიერ განცდილი „შოკი“ სხვა კულტურაში გადასვლისას. კულტურული შოკი არის დაძაბულობის, დაურწმუნებლობისა და შფოთვის შეგრძნებები, რომელსაც ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი განიცდის ახალ და უჩვეულო კულტურულ გარემოში აღმოჩენისას. ამ დროს ერთმანეთს უპირისპირდება ადამიანისათვის ჩვეული და უცხო კულტურების ფასეულობები, ნორმები, ენა და ყოველდღიური ცხოვრება. შოკური რეაქციის სიძლიერე განისაზღვრება კულტურათა შორის არსებული განსხვავების ხარისხით. კულტურულ შოკს მეტ-ნაკლებად განიცდის ყველა, ვინც პირველად მოხვდება უცხო კულტურულ გარემოში.

კულტურული შოკი მოიცავს სტრესს სხვა კულტურაში გადასვლისას, დაბნეულობას როლური მოლოდინებისა და სელფ–იდენტობის გამო, ახალი კულტურის მიერ უარყოფის გრძნობას. ეს კი იწვევს სტრესსა და შფოთვას, რადგანაც ადამიანი არ არის მიღებული ახალი კულტურის ნაწილად. სავარაუდოდ, როცა მიგრანტი გადაადგილდება, სოციალური მხარდაჭრის დონეები შეიცვლება. მაგალითად, იმ საზოგადოებებში, სადაც მხარდაჭერა ნათესაობაზეა დაფუძნებული, მოსალოდნელია, რომ ადამიანები, რომლებიც ინდივიდუალურად მიგრირებენ, თავს უფრო იზოლირებულად და დაუცველად იგრძნობენ.

ობერგის მიხედვით, კულტურული შოკი ოთხი ეტაპისგან შედგება. 1. „თაფლობის თვე” – ის პერიოდი როდესაც ადამიანს სულ თავიდან აქვს შეხება ახალ გარემოსთან. მას ყველაფერი განსაკუთრებით მომხიბვლელი, საინტერესო და ამაღელვებელი ეჩვენება. ტურისტების უმრავლესობა, რომელიც სამოგზაუროდ, რამდენიმე კვირით მიდის, ამ ფაზას არც სცდება. 2. ფრუსტრაცია – კულტურული შოკის ყველაზე რთული ფაზა, რომელიც ყველასთვის ცნობილია, ვინც ხშირად მოგზაურობს. ამ დროს იკვეთება ახალი კულტურის ნეგატიური მხარეები. ჩნდება ფრუსტრაცია ჟესტების, მანიშნებლების ან ენის განსხვავების გამო. მარტივი ყოველდღიური შემთხვევები როგორიცაა, გასაღების დაკარგვა, ავტობუსზე დაგვიანება ინდივიდში ფრუსტრაციას იწვევს. უცხოელებთან კონტაქტი კი განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ჩანს. ადამაინს ეწყება დეპრესია და ნოსტალგია და აქვს სურვილი, რომ დაბრუნდეს იქ, სადაც ყველაფერი ნაცნობი და კომფორტულია. 3. მორგება – ფრუსტრაცია შემცირებულია და მიგრანტი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ახალ კულტურაში, ახალ ადამიანებთან, საკვებთან, ენასთან და მთლიანად ახალ გარემოსთან. 4. მიღება – ბოლო სტადია შეიძლება რამდენიმე კვირის, თვის ან წლის შემდეგაც დადგეს. მიღება არ ნიშნავს, რომ ადამიანი ახალ კულტურას მთლიანად გაიგებს, მაგრამ ის აცნობიერებს, რომ ეფექტური ფუნქციონირებისთვის ყველაფრის გაგება არ არის საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ მას დაავიწყდა მშობლიური კულტურა, მაგრამ მან საკუთარი გზა იპოვა ახალი კულტურის გათავისებისთვის. ის გათავისუფლდა ზედმეტი ფრუსტრაციისაგან და გახდა თავდაჯერებული. საინტერესოა, რომ ზოგ შემთხვევაში კულტურული შოკის თეორიას, მეხუთე ეტაპიც გააჩნია, რომელსაც „რევერსული კულტურული შოკი” ეწოდება. ის ემართება ადამიანს, რომელიც უცხო კულტურაში ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ მშობლიურ კულტურაში ბრუნდება.

image

კულტურული კონფლიქტი

კულტურული კონფლიქტი არის კონფლიქტის ტიპი, რომელიც მაშინ ხდება, როცა ერთმანეთს ხვდება განსხვავებული კულტურული ღირებულებები და რწმენები. კულტურლი კონფლიქტი დაკავშირებულია კულტურულ იდენტობასთან. ზოგჯერ კულტურული და ეთნიკური იდენტობა პრობლემატური ხდება. ინდივიდებმა შეიძლება აირჩიონ, რომ ჩაეუბღუჭონ თავის ორიგინალურ იდენტობას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს დაძაბულობა ახალ საზოგადოებასთან.

ეს დაძაბულობა ასევე დაკავშირებულია აკულტურაციის დონესთან. მიიჩნევა, რომ ერთი ტიპის კულტურული კონფლიქტი შეიძლება მოხდეს ერთ კულტურაში ინდივიდსა და ამ კულტურის სხვა წევრებს შორის. ხოლო სხვა ტიპი არსებობს ინდივიდსა და დომინანტ კულტურას შორის. კულტურული კონფლიქტი ასახავს დილემებს, რომელთა წინაშეც დგება ინდივიდი, როდესაც ცდილობს ორი კულტურის ინტეგრირებას. ეს განსაზღვრულია, როგორც აფექტური და კოგნიტური დისონანსი, რომელიც წარმოიქმნება ახალი კულტურის ღირებულებებსა და მოლოდინებთან ასიმილაციის მცდელობების შედეგად. მაგრამ ინდივიდს შეიძლება ძველი ღირებულებების შენარჩუნება სურდეს და ეს გამოიწვევს ფსიქოლოგიურ და ემოციურ დისტრესს. თუმცა სავარაუდოდ ყველა არ განიცდის ამ კონფლიქტს და ზოგიერთ ინდივიდს განსხვავებული სტრატეგიები აქვს კონფლიქტთან გასამკლავებლად და მისგან თავის დასაცავად.

image

აკულტურაცია/ასიმილაცია/გაუცხოება

აკულტურაცია არის პროცესი, როდესაც ინდივიდები და ჯგუფები სხვადასხვა კულტურებიდან იწყებენ რეგულარულ კონტაქტს სხვა კულტურასთან. ეს იწვევს ცვლილებებს ერთ–ერთი კულტურაში (ძირითადად უმცირესობის). ბერი აღნიშნავს, რომ ეს პროცესი უნდა განვიხილოთ ორივე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დონეებზე. ის აკულტურაციის სახესხვაობებს უწოდებს ასიმილაციას, ინტეგრაციას, უარყოფასა და დეკულტურაციას. ასიმილაცია არის კულტურული ფაქტორების გათვისებით ახალი კულტურის თანდათანობითი მიღება და კულტურული იდენტობის ცვლილება. ინტეგრაცია არის როცა, ინდივიდები მჭიდრო ურთიერთობას ამყარებენ სხვა ჯგუფებთან, ცდილობენ სხვა კულტურისთვის დამახასიათებელ ღირებულებებისა და ნორმების გაცნობას და ამავდროულად, ინარჩუნებენ საკუთარ კულტურულ იდენტობას. უარყოფა არის, როდესაც ინდივიდები და ჯგუფები ტოვებენ დომინანტ კულტურას. დეკულტურაციას ახასიათებს იდენტობის დაკარგვა და აკულტურაციის სტრესი. ხშირად ეს არის რეაქცია ომზე ან მოულოდნელ შემოჭრაზე.

აღსანიშნავია, რომ ინტერაქციები ჯგუფის კულტურულ იდენტობასა და ინდივიდის კულტურულ იდენტობას შორის არა მხოლოდ კულტურულ კონფლიქტს იწვევს, არამედ ასევე იწვევს გაუცხოებას საკუთარ ჯგუფთან და შესაძლოა დომინანტ ჯგუფთანაც.

0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ლაღიძე
ნატო ლაღიძე
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0