რელიგია მდიდარი ეკლესია და ღარიბი მოვაჭრეები - ანუ ორმაგი სტანდარტი ქართულ ეკლესიაში 2019, 30 იანვარი, 20:46
გარემოვაჭრე მეზობელი მყავს უბანში, ყოველ დილით უთენია დგება და თელავის ბაზრის მიმდებარედ მიდის, რომ მამასისხლად ნაყიდი პამიდორი თუ ყველი ასევე მამასისხლად გაყიდოს და საღამოს სახლში დაბრუნებულმა ოჯახში 5-დან 10 ლარამდე მოგება მოიტანოს, რომ მეორე დღეს ოჯახი მშიერი არ ჰყავდეს. მისთვის არც დასვენების დღე არსებობს, არც ცუდი ამინდი. ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ კარგად გავიაზროთ, რატომ დგას ის ხალხი გარეთ, ვინც რამოდენიმე კვირის წინ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყარა მღვდელმსახურმა. სავარაუდოდ, იგივე ბედი ელით სხვა ტაძრებთან მომუშავე გარემოვაჭრეებსაც, რომლებიც ტურისტებს ქართულ ჩურჩხელას თუ სუვენირებს სთავაზობენ, რათა აღებული ფულით ოჯახები არჩინონ. სტატია ორმაგ სტანდარტებზე საუბრით დავიწყე და სამწუხაროა, რომ ამ მავნე სენმა ქართულ ეკლესიაშიც შეაღწია. რადგან სწორედ იმ სუვენირებს, რომლის გაყიდვასაც ხშირ შემთხვევაში გარემოვაჭრეებს ძვირად ღირებულ ავტომობილებზე ამხედრებული მღვდლები უშლიან, ტაძრის შიდა ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებში ხუთმაგ ფასად ყიდიან. ამის მარტივ მაგალითად შეიძლება ალავერდის ტაძარი და მის მიმდებარედ არსებული მაწვნის სახლი დავასახელოთ, სადაც ერთი ჩვეულებრივი შოთი პური ორიდან სამ ლარამდე ღირს. 100გრ მაწონი 5ლარი და ერთი ბოთლი საფერავი 40 ლარზე მეტი. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ გარემოვაჭრეების ნაშრომი ბავშვების და მოხუცების დასაპურებელად აუცილებელი მინიმუმია, ტაძრების შიგნით არსებული მაღაზიების თუ კაფეების შემოსავალი კი საპატრიარქოს საერთო ხაზინაში ან კონკრეტული მღვდლის ძვირად ღირებული ავტომობილის ბაკში მიედინება. და ბოლოს საქართველოში, საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული რამოდენიმე ათეული ტაძარია, რომელსაც სასწრაფო რესტავრაცია ესაჭიროება, იმ საპატრიარქოში, რომლის ბიუჯეტიც რამოდენიმე ათეული მილიონი ლარია. 386 6-ს მოსწონს
|