x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნიკოლოზ ჯანიაშვილი გადასახადების ამოღების პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს
image


„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ გენერალურ ფორუმს პარლამენტმა უმასპინძლა, რომელიც საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს თვითმმართველი ქალაქების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ქვეყნის ყველა რეგიონიდან, ცენტრალური ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფისკალური დეცენტრალიზაციის პანელის მიზანია თვითმმართველობებმა რეალურად შეძლონ თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელება.


ფორუმზე იმსჯელეს იმ რეფორმების გატარებაზე, რის შემდეგაც თვითმმართველობები გაცილებით ეფექტურად იმუშავებენ და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს უფრო დახვეწილი და მოქნილი მეთოდებით შეეძლებათ თანხის განკარგვა და პროექტების შესრულება.


დისკუსიის დაწყებისთანავე სიტყვაში პირველივე გამომსვლელი იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი:



„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ფორუმის ორგანიზატორებს. აქ საუბარი იყო მოტივაციაზე და დამერწმუნეთ, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისთვის დღევანდელი შეხვედრა მართლაც დიდი მოტივტორია. მიხარია, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები უკვე ვიგრძენით, მათ შორის გათანაბრებით ტრანსფერთან დაკავშირებით. ჩვენ მუდმივად ვაყენებდით ამ პრობლემას, რომ ადგილობრივი შემოსავლების ზრდის პარალელურად გათანაბრებითი ტრანსფერები მცირდებოდა. დღგ-ს ნაწილის შემოტანით ეს პრობლემა მოიხსნა და ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯია. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ სხვადასხვა პროექტები, მათ შორის რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ათვისების კუთხით ჩამორჩენაა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტიც, და ზოგადად კახეთის რეგიონში უმრავლესობა ახერხებს გამოყოფილი თანხების ათვისებას და ინფრასტრუქტურული სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ასე რომ, წლის ბოლომდე სრულად იქნება დაფნანსება ათვისებული. ჩემი აზრით, რეგ-ფონდის მეთოდი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს სხვა, უფრო კარგი მიდგომებიც აქვს და ამაზეც შემიძლია კონკრეტულად გითხრათ. მაგალითად 2018 წლის დეკემბერში მუნიციპალიტეტებმა უკვე იციან, რა თანხა იქნება ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი და ჩვენ თადარიგს წინასწარ ვიჭერთ, რომ იანვარ-თებერვალშივე მოხდეს ამა თუ იმ ტენდერების გამოცხადება და საქმის დაწყება. მათ შორის ფისკალურ ნაწილშიც.


ერთი პრობლემა იქნა აქ ნახსენები, ეს არის ადგილობრივი შემოსავლები, კონკრეტულად მიწის გადასახადები, რომლებიც მთლიანად ადგილობრივ ბიუჯეტში შემოდის. მის ადმინისტრირებაში მუნიციპალიტეტი არ არის ჩართული. ეს შემოსავლები ჩვენი ბიუჯეტის 50%-ს შეადგენს, მაგრამ ადმინისტრირებაში მუნიციპალიტეტი არ არის ჩართული. თანხას ჩვენ ვიღებთ, ჩვენ ვგეგმავთ, მაგრამ რამდენად დროულად გადაიხდიან, რამდენად გეგმის მიხედვით შემოვა თანხა და ვინ გადაიხდის, თუ არ გადაიხდის, ამაზე წვდომა არ გვაქვს. ხშირ შემთხვევაში კურიოზული ფაქტებიც არის, როცა გვეუბნებიან, რომ ეს კონფიდენციალურია და რაღაც ინფორმაციებს ვერ ვიღებთ. კარგი იქნება, თუ მექანიზმი შემუშავდება. არ მიმაჩნია, რომ საგადასახადო უწყება მუნიციპალიტეტების დონეზე დავიდეს, ეს უნდა იყოს ცენტრალიზებული მაგრამ ალბათ კარგი იქნება, მუნიციპალიტეტს რაიმე მექანიზმი ჰქონდეს, რათა დაგეგმილი ბიუჯეტი შესრულდეს და განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც მოსახლეობის წინაშე არის დაგეგმილი. რაღაც დონეზე მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ჩარევისა და ინფორმაციის მიღების ბერკეტი, თუკი ვიცით, რომ ვინმე არ იხდის გადასახადს, რომელიც ჩვენ გეგმაში გვაქვს და წინასწარ გაწერილია, რას უნდა მოხმარდეს ეს თანხა. დღევანდელი გადასახედიდან ჩვენი მუნიციპალიტეტის მაგალითზეც, მთავარი პრობლემა არის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ადმინისტრირებაზე ზედამხედველობა“.


image


დედოფლისწყაროს მერის ამ შენიშვნაზე განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, რომელმაც არ გაიზიარა ნიკოლოზ ჯანიაშვილის მოსაზრება.


„ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ კიდევ გეტყვით, რომ თანხის ამოღებისა და კონტროლის ბერკეტები სრულად დელეგირებულია შემოსავლების სამსახურზე. დამატებითი ბერკეტები, რომ მუნიციპალიტეტებმა ამოიღონ თანხა, ეს მიდგომა ვერ გვექნება და ეს ფორმა ვერ იარსებებს. გასულ წლებში გვქონდა სიტუაცია, როცა რამდენიმე უწყება ერეოდა ამ პროცესში და ამან კარგი არაფერი მოიტანა. არცერთ ქვეყანაში კარგად არ მთავრდება, როცა მეწარმეს გადასახადის გადახდაზე ორი-სამი უწყება ვერ დაელაპარაკება. ვერ დავეთანხმებით ამას და ეს იქნება დამაზიანებელი. მხოლოდ მუნიციპალიტეტის ინტერესს ვერ გავითვალისწინებთ, რადგან აქ 100 000-ობით მეწარმის ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული და დაცული. მათ თითო ორგანო უნდა ესაუბრებოდეს და არა ერთზე მეტი უწყება. ეს არის კარგი პრაქტიკა და ამ პრაქტიკის შეცვლას ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ. რამდენიმე წლის წინ იყო მსჯელობა, არსებობდეს თუ არა მუნიციალური ინსპექცია, თუმცა, ამაზე უარი ითქვა. ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ფისკალური დეცენტრალიზაცია არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის, რადგან ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა არის საწინდარი იმისა, რომ ქვეყანაში მმართველობა იყოს მაღალ დონეზე. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელი გვაქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ.


მან ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლის განხორციელებაც 2019 წლიდან ამოქმედდება. მისი თქმით ეტაპობრივად ფუნქციების დეცენტრალიზაციასთან ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რესურსების დეცენტრალიზაცია მოხდეს.


„რესურსებში იგულისხმება არა მხოლოდ ფულადი არამედ, ის ეკონომიკური რესურსები, რომელიც შესაძლებელია გადაცემული იქნას მუნიციპალიტეტზე. ფუნქციების გადაცემასთან ერთად უნდა იყოს ფინანსების მაქსიმალური დეცენტრალიზაციაც, იმისთვის რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ადეკვატური დაფინანსების საშუალება. ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრო მზად არის რომ ჩართული იყოს მუშა პროცესში. ვფიქრობთ, მომავალი წლის შუა პერიოდამდე იქნება საბოლოოდ გრძელვადიანი ხედვა ჩამოყალიბებული თუ როგორ უნდა გადავიდეთ დეცენტრალიზაციის ახალ მოდელზე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.


კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წევრმა მაგდა პოპიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვიდრე თვითმმართველობებს ქონება არ გადაეცემა, დეცენტრალიზაციაზე საუბარი ზედმეტია.


„რადგან ფისკალურ დეცენტრალიზაციას ეხება, რადგანაც მუნიციპალიტეტების მერებიც გვესწრებიან, ვიტყვი, რომ სამუშაო ჯგუფის წევრები ვართ და ჩვენ დღგ-ს 19%-ს განაწილების საკითხს არ ვეთანხმებით, და ვთვლით რომ ეს არ არის დეცენტრალიზაცია... სწორედ ამიტომ სამუშაო ჯგუფში შევიტანეთ პროექტი, რომელიც გულისხმობს როგორც საშემოსავლოს ნაწილის დატოვებას, ისე გათანაბრებითი ტრანსფერის არსებობას გაუმჯობესებული ფორმულით. იმედი გვაქვს, რომ ამაზე შევჯერდებით და ამას ყველა გაიგებს რაზე შევთანხმდებით. ჩემი მთავარი კითხვა სხვა რამეს ეხება. სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფებზე და არც ამ პანელზე არ მოხვდა საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რომ სანამ ქონება მუნიციპალიტეტებს არ გადაეცემა, მანამდე ვერ მოხდება ვერანაირი წინსვლა ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით. სამუშაო ჯგუფშიც უნდა განხილულიყო და კიდევ არ განხილულა. ახლაც ვერ ვხედავთ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელს. იქნებ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, როგორც წამყვანმა უწყებამ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში გვითხრას, კონკრეტულად რა მოლაპარაკებებს აწარმოებთ ეკონომიკის სამინისტროსთან, უნდა ველოდეთ თუ არა დეცენტრალიზაციის საკითხებში კონკრეტულ ნაბიჯებს. იქნებ გვითხრათ, რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით, რა ეტაპზე ვართ და უნდა ველოდეთ თუ არა ამ მიმართულებით ნაბიჯებს და თუ არის გადაწყვეტილი, რა ნაბიჯებია მოსალოდნელი?“ - აღნიშნა მაგდა პოპიაშვილმა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯები. „ინდივიდებზე არ იქნება დამოკიდებული თუ რამდენი თანხა და რის საფუძველზე უნდა მიეცეს მუნიციპალიტეტს. ყველაფერი ეს გათვალისწინებული იქნება საკანონმდებლო დონეზე. მუნიციპალიტეტს მეტი შესაძლებლობა ექნება იმისა, რომ მრავალწლიანი დაგეგმვის პრინციპზე გადავიდეს. უნდა შეიქმნას ისეთი შესაძლებლობა, რომ ადგილზე წარმოიშვას დამატებითი ფინანსური რესურსი. მუნიციპალიტეტს რომელიც განსახორციელებლად თავის თავზე აიღებს დამატებით ვალდებულებას თუ უფლებამოსილებას, მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს თავისი ფინანსური რესურსი ამის შესასრულებლად“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.


ფორუმს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის 120-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, დაარსდა. ფორუმის ხელშემწყობები არიან გაეროს განვითარების პროგრამა, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI, და დანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობები.


0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0