x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს ანსამბლ „იმედის“ 11 წელი და ქველმოქმედება – სხვა რაკურსით
image


დედოფლისწყაროს კულტურის სახლში რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იმედის“ რიგით მეექვსე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ბილეთის ფასი 3 ლარი იყო. დედოფლისწყაროს კულტსახლის დარბაზი 300 ადგილზეა გათვლილი, თუმცა ანსამბლს არცერთხელ არ დაუკონკრეტებია, რამდენი ლარის მობილიზება შეძლო და კონკრეტულად რა შემოწირულობის მოგროვება შეძლეს ამა თუ იმ კონცერტის შედეგად. თანხის ოდენობის გარდა, არცერთ შემთვევაში არ დაკონკრეტებულა, უშუალოდ ვინ ისარგებლა შემოწირულობით.


image


2013 წელს მათ კონცერტის შედეგად მიღებული თანხა მახათას მთაზე მონასტრის მშენებლობას და დედოფლისწყაროს ელიას მთაზე კელიების მშენებლობას გადაურიცხეს.



2014 წელს - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, თუმცა სად, ან ვის, არსად გამოქვეყნებულა.


2015 წელს - 25 მარტს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს, თუმცა დედოფლისწყაროელ ოჯახებს, თუ ვის, არც ამ შემთხვევაში დაკონკრეტებულა.


2016 წელს - 20 მაისს ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის თანხა სოლიდარობის ფონდს ჩაერიცხა.


2017 წლის 30 ნოემბერს, ანსამბლის საიუბილეო 10 წლისთავთან დაკავშირებით საქველმოქმედო კონცერტი შედგა, თუმცა ანონსში არსად ყოფილა მითითებული, რისთვის ეწეოდნენ ქველმოქმედებას და სად წავიდოდა თანხა. თუმცა, მაშინ #1 სკოლის დირექტორი ეთერ ოთარაშვილი „ობიექტივთან“ სატელეფონო საუბარში ადასტურებდა, რომ 900 ლარი სკოლის გათბობის შესარემონტებლად გადასცეს და თანხა სკოლის ანგარიშზე ინახებოდა.


შემოწირულობის სკოლისთვის გადაცემა შესაძლოა იმით აიხსნას, რომ ისინი ამ სკოლაში ვარჯიშობენ და გათბობა მათაც ჭირდებათ. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა ეს პირადი ინტერესების ჭრილშიც განვიხილოთ. სკოლა დარბაზის გასაქირავებლად ღია კონკურსს აცხადებს და საჯაროდ აქვეყნებს, რომ მისი სარგებლობის შესაძლებლობა სხვა დაინტერესებულ პირებსაც ჰქონდეთ, თუმცა, მრავალი წელია კონკურენტ ანსამბლს, რომელიც ძალიან დაინტერესებულია ამ ფართით, მისით სარგებლობის შესაძლებლობას სკოლის ადმინისტრაცია არ აძლევს და წლების მანძიზე ხელშეკრულება კვლავაც „იმედთან“ ფორმდება. ამდენად, გარდა იმისა, რომ ანსამბლი იჯარის თანხას ყოველთვიურად უხდის სკოლას, დამატებით კონცერტიდან შემოსული თანხის შემოწირულობის სახით სკოლისთვის მიცემა შესაძლოა ჩაითვალოს დირექტორის კეთილგანწყობის მოპოვების საშუალებად. მითუმეტეს, რომ ანსამბლი სკოლის დირექტორის მიმართ მადლიერებას ხშირად გამოხატავს და ღიად აფიქსირებს. ის, რომ დირექტორის თანადგომას ანსამბლი ყოველთვის გრძნობს, შესაძლოა ეს აისახებოდეს დარბაზის იჯარით გაცემის დროსაც, რაც საჯარო მოხელის მხრიდან პირადი ინტერესის გამოხატვაა.


image


ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“ დედოფლისწყაროში 2006 წლიდან მოქმედებს და იწოდება, როგორც #1 სკოლასთან არსებული ანსამბლი. კონკურენტისგან განსხვავებით, მათი მოღვაწეობა საზღვარგარეთ გასტროლებით და აღიარებებით არ არის დახუნძლული, თუმცა მათი არსებობის ისტორიას თვალს თუ გადაავლებთ, ნათლად ჩანს, რომ ყოველწლიურად ახალ-ახალი სკანდალებით და ხმაურიანი ნაბიჯებით ჟურნალისტებსაც გვანებივრებდნენ და მოსახლეობასაც სალაპარაკო თემას არ აკლებდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლიდან ბევრი არაეთიკური ხმა გავრცელებულა, რაიონული ბეჭდური გაზეთიც და სატელევიზიო გადაცემაც ყოველთვის ეთიკური ნორმების და ჟურნალისტური სტანდარტების სრული დაცვით, ყველა მხარესთან გადამოწმებულ და დაბალანსებულ ცნობებს ავრცელებდნენ ამა თუ იმ ფაქტთან დაკავშირებით.


ჩვენს მრავალწლიან არქივს თვალი გადავავლეთ და ყველაფერი ნათელი გახდა. თქვენც გაეცანით და დასკვნები თქვენთვის მოგვინდია.


2012 წლის 29 დეკემბერს დედოფლისწყაროს კულტურის სახლში გამართულ საახალწლო კონცერტზე #1 სკოლასთან არსებულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იმედს“ მონაწილეობა არ მიუღია. ღონისძიებაში მხოლოდ კონკურენტი ანსამბლი ცეკვავდა. ერთი დღით ადრე, 28 დეკემბერს ანსამბლის მშობლებმა ქორეოგრაფთან შეხვედრა გამართეს და ახსნა მოითხოვეს, მთავარ საახალწლო კონცერტზე რატომ არ იცეკვებდნენ მათი შვილები. ქორეოგრაფმა ახსნა, რომ ანსამბლი პოლიტიკური ნიშნით იბლოკება და ამიტომ არ იცეკვებდნენ. მშობლები ჟურნალისტებს ეუბნებოდნენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი ნაციონალურ მოძრაობასთან კავშირში დაადანაშაულეს და ამიტომ თამაშგარე აღმოვჩნდითო. მშობლების შეხვედრა დარბაზიდან გამგებლის კაბინეტში გაგრძელდა. გამგებელმა ირაკლი შიოლაშვილმა აღშფოთებულ მშობლებს აუხსნა, რომ მისი პრინციპია, ყველა ანსამბლი თანაბარ პირობებში იყოს. გამგებელმა კონცერტამდე 1 დღით ადრე პირობა დადო, რომ რამდენ ცეკვასაც „შირაქი“ გაიტანდა, საახალწლო კონცერტზე იმდენივეს იცეკვებდა „იმედიც“, თუნდაც ცეკვები ერთიდაიგივე ყოფილიყო. გამგებლის კაბინეტი კმაყოფილებმა დატოვეს. თუმცა, ამ პასუხის შემდეგ ხვიჩა ზუბიაშვილი ამბობდა, რომ ასე მოკლე დროში ანსამბლს თავს ვერ მოუყრიდა, რადგან დათხოვილები იყვნენ და 1 დღეში ცეკვებს ვერ მოამზადებდა. ასეც მოხდა, ე.წ. „დაბლოკვა“ მოიხსნა, გამგებელმა ამოღებულ პროგრამაში ეს ანსამბლიც ჩასვა, მაგრამ უკვე ზუბიაშვილის გადაწყვეტილებით საახალწლო კონცერტზე მხოლოდ „შირაქელებმა“ იცეკვეს.


კულტურის სახლის დირექტორი ცარო მარტიაშვილი რაიონულ გაზეთ „შირაქისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ საახალწლო კონცერტი თავისი სცენარით დადგა და არ სურდა „იმედის“ ჩართვა, რადგან ანსამბლი ყოველთვის ხელოვნურ პრობლემებს ქმნის.


„საახალწლო ღონისძიება ჩემი საავტორო სცენარის - „ზამთრის ზღაპრის“ მიხედვით ჩატარდა, მე კი სრული უფლება მქონდა ღონისძიებაში ის შემოქმედებითი ჯგუფები ჩამერთო, ვინც ჩემი, და არამარტო ჩემი აზრით, ბევრად უფრო პროდუქტიული იქნებოდა, გუწრფელად რომ გითხრათ, არ მინდოდა ჩემს მიერ გაკეთებულ ღონისძიებაში ისეთი ანსამბლი მომეწვია, რომელიც სამსახურს მუდმივად პრობლემებს გვიქმნიდა და კვლავაც გვიქმნის. როდესაც ვატარებდი ღონისძიებებს, მე ვსაზღვრავდი და ყოველგვარი მიკერძოებულობის გარეშე თემატურად ვალაგებდი, ვისგან რა ცეკვა მჭირდებოდა. ანსამბლი „შირაქი“ ყოველთვის უთქმელად ასრულებდა ყველა ჩემს მიერ მიცემულ დავალებას, ხოლო „იმედი“ მუდმივად გამოთქვამდა პრეტენზიებს და თვითონ აყენებდა მოთხოვნებს, თუ რა ცეკვის შესრულება სურდათ. ამის გამო ისეთ ამბავს ტეხდა, რომ გამგებლიდან და უშიშროებიდან დაწყებული ზარები ხორციელდებოდა ჩვენს სამსახურში, ამაზე ისეთი ომები მაქვს გადატანილი, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამის ენით აღწერა. ჩვენს შორის არავითარი არასასურველი საუბარი არ შემდგარა, უბრალოდ მიანიშნეს მას, რომ ის დრო დასრულდა, როცა მავანთა და მავანთ ზარებს ახორციელებინებდა ჩვენთან, ეს იყო და ეს.“


არის თუ არა პოლიტიკური ნიშნით დევნა, ან რატომ დაობს მუდმივად ეს ორი ანსამბლი, ცარო მარტიაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს:


„არავითარი პოლიტიკური ნიშანი, უფრო მეტს გეტყვით, ამ ორ ანსამბლს შორის ურთიერთობა 2009 წლიდან დაიძაბა, როდესაც „ფიროსმანობაზე“ თბილისიდან საპატიო სტუმრებს ველოდით და ორი ღონისძიება დაიგეგმა, ერთი აქ- კულტურის სახლის დარბაზში, ხოლო მეორე - ფიროსმანის მშობლიურ სოფელში, მაშინ ასე გადანაწილდა ანსამბლები -„შირაქს“ აქ, ნიკალას ნახატების გაცოცხლების მიზნით ყარაჩოხელების სურათი უნდა გაეცოცხლებინა სცენაზე, სადაც დეკორაციების სამზადისში ერთი კვირა გავლიეთ, ხოლო „იმედი“ გავაგზავნეთ მირზაანში, სადაც ასევე დიდი ღონისძიება იმართებოდა და იქ უნდა ეცეკვა ამ ანსამბლს. აღმოჩნდა, რომ ამინდის გაუარესების გამო „იმედმა“ მირზაანში ვერ იცეკვა და უკან მობრუნებისას, გზიდანვე მოითხოვეს ამ სცენაზე ეცეკვათ, ეს რა თქმა უნდა, ჩემი შეურაცხყოფა იყო, რადგან, მაშინ მთელი ჩემი სცენარი და დეკორაცია უნდა მომეშალა, ამასთან დროც მიდიოდა. იყო მუქარა, სატელეფონო ზარები, ჩხუბი, დავა. ამგვარი ინციდენტი არაერთხელ მომხდარა. იყო ტრანსპარანტებით სცენაზე ავარდნა და „იმედის“ შეძახილები, იყო ისიც, რომ ხუთწუთიანი ცეკვის გამოტანის მაგიერ 15 წუთიანი ცეკვა გამოიტანა „იმედმა“ და ერთ ცეკვაში ჩართეს ხორუმის, მთიულურის და აჭარულის ელემენტები. რაც რა თქმა უნდა, ამდენწუთიანი ნომერი მაყურებლისთვის არასასიამოვნო და მიუღებელი იყო. მოკლედ, არაერთი ნერვიულობა გადავიტანეთ ამ ყველაფრის გამო, შეუძლებელია ამგვარ დისკომფორტში მშვიდად და აუღელვებლად იმუშაო, მეც კარგად გამიგეთ, უპრიანი იქნებოდა მშობლები აქ მოსულიყვნენ და სიტუაცია ადგილზე გაერკვიათ, რადგან ეს საქმე ჩვენს სამსახურს ეხება. რაც შეეხება პირად დამოკიდებულებას და მიკერძოებულობას, ამას ვერავინ დამწამებს, რადგან, არანაირი ახლობლობა არ გამაჩნია არც ერთ ანსამბლის ხელმძღვანელთან, ასე რომ, სრულიად ობიექტურად გადავწყვიტე, რომ დიახაც, ალექსანდრე გაბრიელაშვილის ანსამბლი ჩამერთო ამ ღონისძიებაში, “ - აცხადებდა ცარო მარტიაშვილი გაზეთ „შირაქთან“ საუბარში.


ამ სტატიის დაბეჭდვის შემდეგ გაზეთ შირაქის ჟურნალისტს ლალი მეხრიშვილს ანსამბლიდან დაურეკეს და სთხოვს, რომ ჟურნალისტი ანსამბლ „იმედს“ მიემხროს და საპასუხო სტატია დაბეჭდონ.


„დილით დამირეკა ანსამბლ „იმედის" ასისტენტმა და განაცხადა, რომ სურთ ამ სტატიის საპასუხო სტატიის დაბეჭდვა, რადგან ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ცაროს კომენტარებზე, მათ სურდათ მე დამეცვა მათი პოზიცია, რასაც ვერ გავაკეთებდი. მე ვალდებული ვიყავი ორივე მხარის აზრი დამეფიქსირებინა, დასკვნა ხალხს გამოეტანა, თანახმა ვარ მოიტანონ მასალა, თუმცა ეს ჩვენი დირექტორის გადასაწყვეტია, დაიბეჭდება თუ არა მასალა. ვფიქრობთ გაზეთმა თავისი ვალდებულება შასრულა ორივე მხარე ჩაწერა და საზოგადოებას მისცა საშუალება, მოესმინა ორივე მხარის აზრი, ამასთან მოვუწოდეთ შემწყნარებლობისა და შერიგებისაკენ, რათა დასრულდეს ორ ანსამბლს შორის ქიშპობა. „იმედის" მხრიდან პასუხის პასუხები, კი, ნიშნავს იმას, რომ ისინი არათუ შერიგებაზე არიან ორიენტირებულნი, არამედ სიტუაციის გამწვავებას აგრძელებენ.... და კიდევ, რაც მთავარია, აქ არაფერ შუაში არაა პოლიტიკა და ამ ნიშნით ვინმეს დევნა, ეს მთავრობა ხელისუფლებაში მოსული არც იყო, რომ ამ ორ ანსამბლს შორის ჯერ კიდევ წლების წინ დაწყებულა დაპირისპირება, “ – განმარტავდა ჟურალისტი ლალი მეხრიშვილი 2013 წლის იანვარში.


შემდეგ რედაქციის ფეისბუქ გვერდზე ხვიჩა ზუბიაშვილმა ღია პასუხი საჯაროდ მოგვწერა, სადაც ქორეოგრაფი ყველა ბრალდებას პასუხობს. მისი პასუხი გაუმართავი და უტაქტოა, თუმცა, ობიექტურობისთვის, ჩასწორების გარეშე გთავაზობთ.


ხვიჩა ზუბიაშვილი: „მე მზად ვარ გამოწვევისთვის, ასეთ წერილს ქორეოგრაფები არ აქვეყნებენ, არ მინდოდა გამოწვევა, ბავშვებს რომ ასწავლო უნდა გქონდეს დიპლომი - ყოფილი მოცეკვავე სხვა არის და ქორეოგრაფი სხვა არის. მე მინახავს სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავეებს ცეკვის გარდა ხელმძღვანელების მანქანების რეცხვაც. ბავშვებს რომ ასწავლო აუცილებლად უნდა გქონდეს არა სცენაზე ცეკვის გამოცდილება, თუ არ გაქვთ ქორეოგრაფიული განათლება ამ შემთხვევაში იწერება უხეში წერილები. მე მზად ვარ საზოგადოების წინაშე, სცენაზე კომპეტენტური ჟიურის წინაშე წავდგე - დაწყებული თეორიიდან დამთავრებული პრაქტიკამდე. დამიდგეს ჩემი კონკურენტი და სათანადო პასუხს გავცემ . დაწყებული სახელმწიფო დიპლომიდან, არა რაღაც უცნობი სიგელებით და ლიცენზიებით, არამედ საქმით. მე არავის არაფერს არ ვაკადრებ, ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს „სახალხო ანსამბლი“, რომ მას სახელმწიფო არ ანიჭებს და ძალიან კარგად ვიცი ეს როგორ ხდება. ჩემი მოღვაწეობის პერიოში ყოველთვის უარს ვამბობ ასეთ წოდებებზე. ამას სცენაზე დავამტკიცებ რას ნიშნავს „სახალხო ანსამბლი“. ჩემი „არასახალხო“ ანსამბლი „იმედი“, ჩემი მუშაობით, ცეკვის შინაარსებით, ილეთებითა და არა მოჭრილი სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლიდან ნანახი ვიდეოებიდან, რომელსაც ჟიური კარგად დაინახავს. შეიძლება ეს მოცეკვავის თვალმა ვერ შეამჩნიოს და ამას ქორეოგრაფიული თვალი კარგად შეატყობს. ჩემთვის სახელი „სახალხო“ ნულის ტოლფასია, ჩემთვის მთავარია, ხალხმა ჩემს მოცეკვავეებს ტაში დაუკრას, მოეწონოთ ცეკვა, შინაარსი. ცეკვებს ვდგამ მე თვითონ, არავითარი ქორეოგრაფები არ ჩამომყავს მე, რაღაც-რაღაცების. არავინ არ დაიჯეროს შემსრულებელი მოცეკვავე, ვერასოდეს ვერ გახდება ქორეოგრაფი, მან შეიძლება ბიზნესი კარგად ისწავლოს, თუ არა აქვს მას ქორეოგრაფიული განათლება და დიპლომი მიიღოს სხვა გზით. სულ სხვადასხვა სფეროებია ქორეოგრაფი და სცენაზე ნაცეკვი მოცეკვავე. მე ნებისმიერ დროს ვარ მზად, რომ შევასრულო ჩემი პროფესიული მოვალეობა. არ მინდოდა ამ ყველაფრის თქმა, სამარცხვინოა, ის როდესაც სხვა ანსამბლიდან ბავშვები მოდიან იმ ქორეოგრაფის დაუკითხავად და ითხოვს სხვადასხვა ილეთის სწავლებას, რაც მასთან ვერ შეისწავლა. ეს დიდი შეურაცხყოფაა მისთვის. მე არ შევარცხვენ ქორეოგრაფიაში აწ განსვენებულ გაიოზ გოგოლიძეს, გოგი მეგრელიშვილს და ალბათ ყველა ქორეოგრაფისთვის ცნობილ პიროვნებას, რომელსაც ქორეოგრაფი ჰქვია- ბატონი კოტე მანჯგალაძის სულს, რა თქმა უნდა ქორეოგრაფიული მნიშვნელობით. დამისახელე დღე, რიცხვი, საათი და მზად ვარ დაწყებული დიპლომიდან დამთავრებული თეორია-პრაქტიკით ვეპაექრო ქორეოგრაფს, (ოღონდ ქორეოგრაფს) და არა კიდევ ვიმეორებ - ქვეყანაზე ნაცნობი სიგელებით, რაღაც უცნობი ლიცენზიებით არაფიქსირებულ არქივებში დავდგე ქორეოგრაფის გვერდზე და ბოლოს არ ვიკადრებ არაქორეოგრაფთან კონტაქტს, რომელსაც არ ესმის ცეკვის ისტორია, არ აქვს არანაირი ქორეოგრაფიული განათლება, აქვს სხვადასხვა სპეციალობაზე ნამუშევარი, ჩემი აზრით ამ სპეციალობაში ნულია.


ანსამბლ „იმედს“ ქორეოგრაფიული თვალთახედვით და არა, თუ უცხოეთში ვინ რამდენჯერაა გასული, მე ვიცი რომ თურქეთში ბევრი ვაჭარიც დადის, ქვეყნები გახსნილია, გადაყვანის პრობლემა არ არის, უბრალოდ არ აქვს ხალხს ფუფუნების საშვალება და ჩემი მთავარი პრინციპია, ჩემი რაიონის ახალგაზრდებს და მშობლებს მივანიჭი დიდი სიამოვნება. ეს არის ჩემი სახალხო, ჩემი უცხოეთიც, მე ვმუშაობ ჩემს მიწა-წყალზე და მე ვემსახურები ჩემს ხალხს. ეს ჩემთვის ნიშნავს სახალხოს, სმოფლიოს და მთვარესაც. ამას ქორეოგრაფი გაიგებს და არაქორეოგრაფი დარჩებას ისევ ისე. ჩემი მოთხოვნები არის, რომ ბავშვმა ძლიერად ისწავლოს ცეკვა, გახდეს სახალხო მოცეკვავე, მანდილოსანი, ვაჟკაცი და ჩავუნერგო ჩემი წინაპრების ადათ-წესები. რაც ქართველებისთვის საამაყოა. ჩემი ანსამბლი არასოდეს არ მოითხოვს დაფინანსებებს, ეგ ნამდვილი ქორეოგრაფისთვის დიდი მნიშვნელობას არ წამოადგენს. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და არა სხვადასხვა მეგობარი ანსამბლის ჩამოყვანით და ჩემი მოსწავლეების, როგორ შეიძლება ქორეოგრაფმა, თუ იმას ქორეოგრაფი ჰქვია, ეს უბრაო ხალხმა არ იცის, როგორ შეიძლება ჩემი ანსამბლის ცეკვის იდეა შეუერთო სხვა ანსამბლის ცეკვის იდეას და შევურიო სხვა გუნდის მოცეკვავეებს, ამას ჩვეულებრივი მაყურებელი ვერ შეამჩნევს, მარა ამას კარგად შეამჩნევს ქორეოგრაფი და პირადად მე. ამას აკეთებენ სცენაზე ნადგომი ქორეოგრაფები, ამას არცერთი ქორეოგრაფი არ გააკეთებს, ცეკვების შეერთება ეგ არ არის არანაირი ლოკომოტივი, ვაგონების გადაბმა, ამას აკეთებს გაუნათლებელი მოცეკვავეები და ამას ხალხი ვერ ხვდება, ამას ხვდება ქორეოგრაფი და მე ის მაკვირვებს, საიდან ხდება ესეთი ანსამბლები სახალხო ანსამბლები. დანარჩენს ვიტყვი სცენაზე ჟიურისთან და მაყურებელთან. ეს არის ჩემი პირველი და ბოლო წერილი, მე ტანტალი არ მიყვარს, მე კომპიუტერიდან შორს ვარ, მე დავამტკიცებ ჩემი ქორეოგრაფიით და საქმით. მზად ვარ მივიღო გამოწვევა, ნებისმიერი დღე, საათი მითხრან და შევხვდეთ სცენაზე. მე ბედნიერი ვარ რომ აღმზარდა კონსტანტინე მანჯგალაძემ.


მე ჩამოვედი ჩემს რაიონში, რომელშიც მამა მისაფლავია, ჩემი მიწა-წყალი აქ არის, მე მეამაყება რომ ჩემს გვარს ვატარებ. მთავარია ადამიანი იყოს ხელოვანი, კულტურული, ყველა განათლებული ვერ იქნება უნდ იყოს მშრომელიც. აზრი არ აქვს მე ვარ იტალიელი თუ ფრანგი, თუ გერმანელი, თუ აზრბაიჯანელი, თუ სომეხი, მთავარია ყველა ერს ჰყავს კარგი და ცუდი, ნასწავლი და გაუნათლებელი, ბიზნესმენი და მშრომელი. მე მეამაყება ჩემი გვარი და გვარის გადაკეთებით ადამიანები არ იცვლებიან. მე მუდამ ვატარებ ჩემს გვარს და ეს მეამაყება კიდეც.

არასცენიდან მოსული, არა ვიღაც გამვლელი, უბრალოდ ქორეოგრაფი - ხვიჩა ზუბიაშვილი“.


იმავე გვერდზე ზუბიაშვილს კონკურენტი ანსამბლ „შირაქის“ ქორეოგრაფი ალექსი გაბრიელაშვილი პასუხობს.


„შეურაცხყოფას არავის ვაყენებ მაგრამ, ეს ამბები მახსენებს მეგრელი კაცის ისტორიას: “ერთი მეგრელი კაცი მიზეზების გამო, საქართველოდან გაიქცა და თავი შეაფარა შორეულ ციმბირის ერთ მიყრუებულ სოფელს. თავის რჩენის გამო დაიბრალა ინგლისური ენის მასწავლებლობა, თანაც დაწყებით კლასებში, რომ რამდენიმე წლით თავი ერჩინა. სოფელში რადგან არ ჰყავდათ ინგლისური ენის სპეციალისტი, დიდი პატივისცემით მიიღეს და მთელი სოფლის ბავშვებს შეასწავლა მეგრული. ბავშვები სხაპასხუპით ლაპარაკობდნენ მეგრულად. რა თქმა უნდა როდესაც ბავშვებმა სკოლა დაამთავრეს და სწავლის გასაგრძელებლად ქალაქში წავიდნენ, გაირკვა სიმართლე და სულ კინწისკვრით გააძევეს სოფლიდან "ინგლისური ენის მასწავლებელი". მე მაინც მგონია რომ, მარტო მე კი არ მაყენებს შეურაცხყოფას, არამედ: რევაზ ჭოხონელიძეს (ანსამბლი "ერისიონი") ფრიდონ სულაბერიძეს ("რუსთავი"), ბუხუტი დარახველიძეს, ჯანო ბაგრატიონს და კიდევ ბევრ ძველ და გამოცდილ ქორეოგრაფს, რომლებსაც დიპლომი არ ჰქონიათ, მაგრამ იყვნენ მოცეკვავეები და სახელმწიფო ანსამბლების ქორეოგრაფები, რომლებმაც აქამდის მოგვიტანეს ქარტული ცეკვა. ასე რომ ბავშვს უნდა აჩვენო პრაქტიკულად მოძრაობა და არა რაღაც იაფასიანი დიპლომი. არ მესმის რატომ არ შეიდზლება ორი ანსამბლის ერთად წაყვანა გასტროლებზე, როდესაც ერთი თვით ადრე ერთად აქვთ რეპეტიციები და დგავენ ერთობლივ ცეკვებს. მე მახსოვს მოსკოვში ყრილობათა სასახლეში სადაც ძალიან დიდი სცენა იყო და მარტო სუხიშვილები ვერ შეავსებდნენ, "რუსთავის" მოცეკვავეები ვუერთდებოდით სუხიშვილებს და ნინო რამიშვილი გვიტარებდა გაერთიანებულ რეპეტიციებს 2 თვის განმავლობაში. რა შუაშია აქ ვაგონების მიბმა და უაზრო კომენტარები, მაგრამ თუ არ გაქვს გამოცდილება სახელმწიფო ანსამბლში ცეკვის, ბევრ რამეს ვერ გაიგებ.... ისიც მინდა შეგახსენო, რომ გურჯაანში ჩატარებულ ფესტივალზე, სადაც ეს ორივე ანსამბლი იღებდა მონაწილეობას, "შირაქიც"და "იმედიც", რატომღაც ჟიურიმ გადაწვიტა, რომ "შირაქს" მიეღო მონაწილეობა საფრანგეთის მსოფლიო ფესტივალზე პარიზში და არა თურქეთში სავაჭროდ.


ძალიან არ მომწონს რაიონში არსებული დაპირისპირება ორ ანსამბლს შორის. 23 წელია ამ რაიონში ვმოღვაწეობ, 17 წელი ვიყავით 2 ანსამბლი, ჩემი და ბატონი ლევან ხუნაშვილს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან კარგად ესმოდა ბატონ ლევანს თუ რას ნიშნავს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მოცეკვავე და ყოველთვის გაგებით ვეკიდებოდით ჩვენს ურთიერთობებს. რა თქმა უნდა ვერავის დავუშლი ამ რაიონში ჩამოსვლას და ქორეოგრაფად მუშაობას, მაგრამ ერთმანეთის დაფასება, შეფასება და პატივისცემა უნდა შეგვეძლოს და არა შური, ბოღმა და ინტრიგები. მით უმეტეს მაშინ როცა რომელიმე ჩვენგანი რაიმე წარმატებას აღწევს. ამიტომ ერთად ერთი გამოსავალი ჩემი აზრით არის რაიონული კონკურსი, რომელსაც კომპეტენტური ჟიური ჩაატარებს. როგორც გავიგე მეორე მხარეც თანახმაა ამ კონკურსის ჩატარების და ისღა დაგვრჩა მოვლენებს დაველოდოთ.


29 დეკემბერს რომ კონცერტი ტარდებოდა, დაახლოებით 3 კვირით ადრე გვაცნობეს, რა თქმა უნდა ამის შესახებ ჩემს ანსამბლს ვაცნობე, დარწმუნებული ვარ, ამ კონცერტის შესახებ მაშინვე გაიგეს სხვა ანსამბლის ბავშვებმაც და ხელმძღვანელებმაც. მე მგონი დასაფიქრებელია და საინტერესო, რატომ მაშინვე არ გააპროტესტეს მეორე ანსამბლის მშობლებმა და ხელძღვანელებმა, რომ ისინიც ჩაესვათ 29 ის ღონისძიებაში თუ მათაც დიდი სურვილი ჰქონდათ მონაწილეობის მიღების და არა 28-ში, მემგონი კითხვა მარტივია, 27 ში ხომ ანსამბლ „შირაქს“ მოგვენიჭა სანიმუშო სახალხო ანსამბლის წოდება“. - წერს გაბრიელაშვილი.


2015 წლის 6 თებერვალს „იმედის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი: „მოგეხსენებათ ქორეოგრაფის ავადმყოფობის გამო რეპეტიციები გადადებული იყო, მაგრამ ახლა ანსამბლი“იმედი" ორშაბათიდან ჩვეულებრივი შემართებით აგრძელებს მუშაობას ახალი იდეებით ახალი ცეკვებისთვის ანსამბლი მზადააა დადგას კიდევ ახალი ცეკვები და კვლავ წარსდგეს მაყურებლის წინაშე შემართებით“


სტატუსის კომენტარებში აღშფოთებას გამოხატავს ერთერთი მშობელი ნინო მიგრიაული ზემო ქედიდან: „არანაირი ავადმყოფობა. დედოფლისწყაროში თუკი ახერხებდა ბატონი ხვიჩა სიარულს, ქედმა რა რააშავა. არანაირი ახსნა განმარტების ღირსები რომ არ გაგვხადა, ასე ნამდვილად არ შეიძლება... ეს ბავშვების მასხრად აგდებაა და მათ ფსიქიკაზე თამაში.. ზუსტად ვიცი, რომ დედოფლისწყაროში ატარებდა, ჩვენთან არა“...


მშობელის ამ კომენტარს ანსამბლი პასუხობს, რომ ხვიჩა ქედში გაკვეთილებს აღარ ატარებს, თუმცა მიზეზი მათ არ იციან და მშობლებს გასარკვევად შეუძლიათ თავად ხვიჩას დაუკავშირდნენ. „საქმეც ამაშია, რომ არ პასუხობს ზარებს, დამერწმუნებით რა ძნელია ბავშვებისთვის. ჩვენ ისიც არ ვიცით, აპირებს თუ არა ქედში დაბრუნებას, “ - აღნიშნავს მშობელი მიგრიაული.


გაუჩინარება დაუკავშირდა სკანდალს, რის გამოც დედოფლისწყაროში დაგეგმილი კონცერტი ჩაიშალა და ქორეოგრაფი უკვალოდ გაუჩინარდა. ანსამბლის მშობლებიც, და ბავშვებიც „ობიექტივის“ ტელეკამერის წინ ღიად ამბობდნენ, რომ მასწავლებელი მათ ზარს არ პასუხობს, ადგილსამყოფელს და გაქცევის მიზეზს არ უხსნის და ისინი გაურკვევლად იყვნენ, არ იცოდნენ ანსამბლი დაიშალა, თუ კვლავაც გააგრძელებდნენ მოღვაწეობას. მშობლები ადასტურებდნენ, რომ ქორეოგრაფს ცემეს.



თელავში გამომავალ გაზეთ „კახეთის ხმასთან“ საუბრისას, რომელიც კახეთის რეგიონში ვრცელდება, ზუბიაშვილი კონკრეტული პირების დასახელებისაგან თავს იკავებდა, თუმცა აცხადებდა, რომ მას რამდენჯერმე კატეგორიულად მოსთხოვეს დედოფლისწყარო დაეტოვებინა და ქორეოგრაფიული საქმიანობა სხვაგან გაეგრძელებინა. ანსამბლ იმედის ხელმძღვანელი მისი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოებაზეც საუბრობდა. „ერთ დღეს სტუდიიდან გამოვდიოდი და მამაკაცები დამხვდნენ და მცემეს. მანამდე სახლში დამადგნენ და მითხრეს, ხვიჩა დატოვე რაიონი და წადიო. ასე რამდენჯერმე გამაფრთხილეს. როდესაც ფიზიკურად გამისწორდნენ, მითხრეს, ვერ გაიგე, რომ აქ არ უნდა იყოო. შენი ადგილი აქ არ არისო. კონკრეტულად ვერავის ვერ დავადებ თითს. არ ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც მცემეს. იყო შემთხვევები, როდესაც ნარკომანობა დამაბრალეს, მერე ხან რა მიწოდეს და ხან რა“, – განუცხადა knews.ge-ს ხვიჩა ზუბიაშვილმა.


ანსამბლ „იმედის“ ხელმძღვანელის თანაშემწეები და მოსწავლეების მშობლები ზუბიაშვილის ცემის ფაქტს ადასტურებენ. ისინი მომხდარს ქორეოგრაფის საქმიანობას უკავშირებენ და მასზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს დევნად აფასებენ.

„იმ დღეს ჯაფარიძის სკოლაში ჰქონდა მეცადინეობა და სახლში რომ ბრუნდებოდა, ორმა უცნობმა პიროვნებამ ოთახიდან გამოსულ ხვიჩა ზუბიაშვილს თავში რაღაც ჩაარტყა. დაზიანება ნამდვილადა აქვს. კვალი აშკარად ეტყობოდა. მე ეს პირადად ვნახე“, – განაცხადა ხვიჩა ზუბიაშვილის თანაშემწემ.


„გავიგეთ, რომ თავში ჩაარტყეს და უთხრეს, რომ რაიონში აღარ გამოჩნდეო. ჩვენი რაიონისათვის მომხდარი ფაქტი არის მიუღებული და დაუშვებელი. ძალიან გაკვირვებულები ვართ. მშობლებს გვინდა, რომ ჩვენი ბავშვები სტუდიაში მშვიდად სწავლობდნენ“, – აღნიშნეს ანსამბლის მოსწავლეების მშობლებმა.


შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ შეტყობინება ძალოვან უწყებაში არ შესულა და სამინისტრომ მომხდარზე ჟურნალისტებისგან შეიტყო. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია პოლიციამ თავად გადაამოწმა. შსს-ს პრესსამსახურში განმარტეს, რომ ხვიჩა ზუბიაშვილი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გამომძიებელთან საუბარში აღარ ადასტურებს, რის გამოც გამოძიება არ დაწყებულა.


„პოლიციაში ამ ფაქტის შესახებ არ იყო შესული ინფორმაცია და სამართალდამცველები ხვიჩა ზუბიაშვილს თავად დაუკავშირდნენ. მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია და არ დაადასტურა, რომ მასზე რაიმე სახის ფიზიკური ანგარიშსწორება განხორციელდა“, – განაცხადა შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა შორენა ჯახუამ.


ამავე თემაზე: ღია წერილი ანსამბლ „იმედის“ წევრებს და ქორეოგრაფს - პასუხის პასუხი

1
25
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
25
  
2018, 10 დეკემბერი, 1:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1