ეს ჩემი ისტორია არ არის....
“მოგიკვდეს შვილო შენი დედაო, ქართველი დედის გარდა არავინ ეტყვის თავის შვილს”.გუშინ სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი, ჩემი კორპუსის წინ საცხობია, ჩემს შვილებს წინადღით დავპირდი, ხვალ ხაჭაპურს გამოგიცხობთ-მეთქი, მაგრამ სამსახურში გვიანობამდე გამიგრძელდა ყოფნა და რომ მივხვდი, ჩემი შვილებისთვის მიცემული პირობის გატეხა მომიწევდა, გადავწყვიტე, პირობა ნაწილობრივ მაინც შემესრულებინა და საცხობში შევირბინე ხაჭაპურების საყიდლად. ისე ციოდა, გვერდზე არც გამიხედავს, ისე შევაღე კარი და სითბოში შევვარდი. სანამ ჩემს ცხელ-ცხელ ხაჭაპურებს ფუთავდნენ, ერთმა კონსულტანტმა გოგონამ მეორეს გადაულაპარაკა-“როგორ ვუთხრა აქედან წადითო, დავიწვი მაგათი საცოდაობით, ” მეორემ უპასუხა -“გოგო აბა რა წესია, ჩამომიჯდნენ აქ და ხელს უშლიან კლიენტებს შემოსვლაშიო.” რომ შეხედეს მათი საუბარი მესმოდა, უხერხულად გაიღიმეს და საუბარი უფრო ხმადაბლა განაგრძეს… ამასობაში ჩემი ხაჭაპურებიც გამზადდა, პალტო შევიკარი, შარფი მოვიხვიე და გავაღე კარი, სიცივის შესაგებებლად, თან ვფიქრობდი, მალევე ავიტანო სახლში, რომ გაცხელება თავიდან არ მომიხდეს–თქო. საცხობიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვედი და ალბათ უკანაც არ მოვიხედავდი, ისე თავქუდმოგლეჯილი გავერიდებოდი გამყინვარებას, მაგრამ ადგილზე გავიყინე, როცა უკნიდან ხმა მომესმა-“შენ მოგიკვდეს შვილო შენი დედიკო, ცოტა მოითმინე და აუცილებლად გიყიდი…” მოვიხედე და საკუთარი გულგრილობის შემრცხვა, მანამდე ეს როგორ ვერ შევნიშე საცხობის კართან მსხდარი დედა-შვილი. დედას ბიჭუნასთვის პლედი და ხელები ერთიანად ჰქონდა შემოხვეული და ცდილობდა შვილი გაეთბო, წინ გადაჭრილი კონსერვის ქილა ედო, რომელშიც რამდენიმე ცალი რკინის ფული ეყარა… მაშინ, როცა მე ცხელი ხაჭაპურებით სახლში შვილებთან მიმეჩქარებოდა, ჩემს ცელოფანებზე თვალი რჩებოდა მშიერ ბიჭუნას, დედამისი კი ელოდებოდა, როდის შეგროვდებოდა ხაჭაპურის საყიდელი ფული. სული მიმეწურა, მინდოდა რაღაც სიკეთე გამეკეთებია, პირველი, რაც მოვიფიქრე, ის იყო, ამოვიღე ერთი ხაჭაპური და ბიჭუნას გავუწოდე, ეს შენ გქონდეს, მე ახალს ვიყიდი. პატარა წყლიანი თვალები სიხარულით გაუფართოვდა, ჯერ დედას გადახედა, მერე მე შემომხედა, მორცხვად გამოყო პლედიდან ხელი და გაწვდილი პარკი გამომართვა “უჰ რა ცხელია” ერთი შეჰყვირა და პირველი ლუკმა ხარბად გადასანსლა. მადლობა გადაუხადე კეთილ ქალბატონს, გაუწყრა დედა… ბიჭმა მადლობის ნიშნად მორცხვად თავი დამიქნია, დედამ დამლოცა და მითხრა, ეს მადლი დიდხანს გაგყვებათო, წასასვლელად შემოვბრუნდი და გავჩერდი, ვერ შეეცილებოდა დედა ბიჭუნას, ვერ გაიყოფდა საკუთარი შვილის ლუკმას და კიდევ ერთხელ მოვტრიალდი, მეორე ხაჭაპურიც ამოვიღე და დედას გავუწოდე, ეს თქვენ მიირთვით, აი, სულ გამომართვით, დარჩენილი ორიც გავუწოდე, ეს საღამოსთვისაც… ქალმა მადლობების გადახდა დაიწყო, მაგრამ აღარ დაველოდე, წამოვედი, სწრაფი ნაბიჯებით, ვეღარც სიცივეს ვგრძნობდი, ვეღარც ყინვას, ერთადერთი, რაც მაწუხებდა, საკუთარი უსუსურობის განცდა იყო, რომ არ შემეძლო ეს დედა-შვილი ერთი საათით მაინც ამეყვანა ჩემთან სახლში, ცოტას მაინც გათბებოდნენ, ყავას დავალევინებდი, ბიჭუნა ჩემ შვილებთან ითამაშებდა… მაგრამ ეს არ გავაკეთე, ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ არ მეყო ამის ძალა, არ აღმოვჩნდი არც საკმარისად გაბედული და არ აღმომაჩნდა არც საკმარისი სიკეთე…სახლის კარი ისე გავაღე, არც მახსოვს, შინ ჩემი შვილები შემომეგებნენ… პატარა მსუნაგებს არ დავიწყებიათ ხაჭაპური, აი, მე კი სულ გადამავიწყდა, რომ მათთვის თავიდან მეყიდა… დავიკაპიწე ხელები და შევუდექი ხაჭაპურის ცომის მზადებას, სანამ ჩემი ცომი ამოვიდა, ბავშვებს ერთმანეთზე თავმიდებულებს ჩაეძინათ ტელევიზორთან… ვუყურებდი ჩემს შვილებს და თავში ის დედაშვილი მიტრიალებდა, ვინ იცის, ახლა როგორ სცივათ, ან აქვთ კი საერთოდ სახლი? ან რა პირობებში უწევთ ცხოვრება…შენ მოგიკვდეს შვილო შენი დედაო, ქართველი დედის გარდა არავინ ეტყვის თავის შვილს… ჩემი შვილები ავად რომ გამხდარან, რამდენჯერ მითქვამს, თქვენი ავადმყოფობა თქვენს დედას–თქო, ეს მარტო ქართველმა დედებმა ვიცით. ჩვენ სხვანაირი დედები ვართ, ჩვენს შვილებს რომ რამე გაუჭირდეთ, არწივებად ვიქცევით, ლომებად ვიქცევით, აფთრებად და კბილებით დავიცავთ საკუთარ შვილებს…მაშინ, როცა ჩემს შვილებს, თქვენს შვილებს, სითბოში სძინავთ, ვინ იცის, რამდენი დედა ათბობს თავისი ჩახუტებით გაყინულ პატარებს, რამდენი დედა ყლაპავს სიმწრის ცრემლებს, რომ შვილებს ტკივილი არ დაანახვონ! განა დედამიწაზე არსებობს იმაზე დიდი გრძნობა, რასაც დედა-შვილობა ჰქვია?