საზოგადოება „მოხუცს პროდუქტები მოუტანა და ბოდიში მოუხადა, რომ ცოტა დააგვიანდა" - იმედიანი 2018, 3 დეკემბერი, 12:32
რამდენიმე დღის წინ
თბილისელებისთვის კარგად ნაცნობი ქუჩის მუსიკოსი, სამირ სავჩუკი გარდაიცვალა. თბილისის მეტროსადგურებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში ხშირად შეამჩნევდით ახალგაზრდა, გამორჩეული გარეგნობის მამაკაცს, სწორი შავი თმითა და ჭრელი თვალებით, რომელიც გიტარაზე უკრავდა და გამვლელებისთვის მღეროდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამირ სავჩუკი ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს.
სოციალური ქსელის მომხმარებელი „იმედიანი" ფეისბუქის პირად გვერდზე რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი ქუჩის მუსიკოსის, სამირ (ზაზა) სავჩუკის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს: ამ სამიოდე თვის წინ, თემქაზე, მარტოხელა მოხუცთან სოციალურად დაუცველი ოჯახის დეკლარაციას ვავსებდი, როცა კარზე კაკუნის შემდეგ ოთახში ეს ახალგაზრდა კაცი შემოვიდა ზურგზე გიტარით. ცელოფანებით მოხუცს პროდუქტები მოუტანა. პური, მაკარონი, პატარა ბოთლით ზეთი და ორიოდე თავი ხახვი მაგიდაზე ამოაწყო. ბოდიში მოუხადა, რომ ცოტა დააგვიანდა მოტანა. მე ზაზად გამეცნო. ძალიან გაუხარდა, რომ გაიგო, სოცაგენტი ვიყავი. იქნება ეხლა მაინც ცოტა ეშველოს ამ საცოდავს და სამათხოვროდ ქუჩაში არ იწანწალოსო. ზრდილობიანად დამემშვიდობა და წავიდა. მოხუცმა კი მითხრა, რომ არა ზაზა, ალბათ აქამდე მოვკვდებოდიო. მან გასულ ზამთარს, ვაგზლიდან გაყინულ-გათოშილი მომიყვანა სახლში და მას მერე, როგორც ახერხებს, ცოტა საკვები მოაქვს ჩემთანო, თვითონ კი ხშირად მშიერიაო. გიტარაზე უკრავს, ამითი აგროვებს ფულს და ასე მეხმარებაო. დღეს გავიგე, რომ ზაზა, იგივე სამირ სავჩუკი გარდაცვლილა. არავინ იცის, რითი. ძალიან დამწყდა გული. არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, თავად უჭირთ, მაგრამ სხვას, მასზე გაჭირვებულებს ლუკმას უნაწილებენ. ასეთი იყო სამირი-ზაზა. ახლა არავინ იცის, სად და ვინ დაკრძალავს ერთ თბილისელ ბიჭს, რომელსაც ყველა ვხედავდით და არავინ ვიცნობდით. არ ვიცოდით, რაოდენ კეთილი გული ჰქონია. ნათელი დაადგეს მის სულს! 199 6-ს მოსწონს
|