x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყველაფერი ვინსენტ ვან გოგზე...
image 1853 წლის 30 მარტს ნიდერლანდებში, ბრედას მახლობლად, სოფელ გროტ-ზიუნდერტში დაიბადა ვინსენტ ვან გოგი. მამა _ თეოდორე ვან გოგი იყო ერთ-ერთი ჰოლანდიური ეკლესიის მმართველი. პატარა ვან გოგს პაპის სახელი დაარქვეს. ვინსენტის დაბადებიდან 4 წლის შემდეგ 1857 წლის 1 მაისს, დაიბადა მისი ძმა თეო, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. მას კიდევ ერთი ძმა კორი და სამი და ელიზაბეტი, ანა და ვილემინა ჰყავდა _ მრავალშვილიანი ოჯახი, როგორც მღვდლის ოჯახს შეეფერება.

1861 წლიდან ვან გოგი და მისი და ანა სახლში სწავლობდნენ, სანამ ვან გოგი დაწყებით სასწავლებელში არ გაემგზავრა, რომელიც ნიდერლანდებიდან 20 მილის დაშორებით მდებარეობდა. შემდეგ სხვა სასწავლებელში გადავიდა, მაგრამ მალევე მიატოვა და სახლში დაბრუნდა. თავის განვლილ წლებზე ის ასე ამბობდა: “ჩემი სიყმაწვილე იყო ცივი, პირქუში და უნაყოფო.” თავიდანვე ეტყობოდა, რომ ის მუდამ ძიებაში იყო, თავის თავის ძიებაში, ეძებდა ადგილს ან სამუშაოს, სადაც თავს დაიმკვიდრებდა. უკვე 20 წლის ასაკში ლონდონში გაემგზავრა სამუშაოდ, ერთ-ერთ ოჯახში, სადაც ქირით იყო გაჩერებული, ამ ოჯახის ქალიშვილი ურსულა ლოიერი შეუყვარდა მომავალ მხატვარს. ამ წლებში თავს ბედნიერად გრძნობდა. ადრე ვინსენტი თავის თავში იყო ჩაკეტილი და ამხანაგებს გაურბოდა. მასზე ამბობდნენ, უცნაურია და ცოტა ექსცენტრიულიცო, მაგრამ ურსულამ ძირფესვიანად შეცვალა მისი ბუნება, ახლა ხალხთან ურთიერთობა სურდა, სწორედ ის დაეხმარა თავისი ნაჭუჭიდან გამომძვრალიყო და ყოველდღიურ, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც კი სილამაზე დაენახა. ამასობაში მუშაობდა ფირმაში “გუპილი და კომპანია”, რომელიც სურათებსა და გრავიურებს ჰყიდდა, ვინსენტს ამ ფირმისთვის დიდი წარმატება მოჰქონდა. წარმატებას მხოლოდ ურსულას გამო ეპოტინებოდა. მიუხედავად მომავლის იმედიანი ფიქრებისა, ურსულაზე სიყვარულით გაჟღენთილი ვინსენტი მწარე რეალობას შეეჯახა, ახალგაზრდა გოგონას სხვა უყვარდა, რომელზეც დანიშნული იყო. მალე ვან გოგი იძულებული იყო სხვა სახლში გადასულიყო, მაგრამ როცა იმ კვარტალს მიუახლოვდებოდა სადაც ურსულა ცხოვრობდა, უკვე გრძნობდა მის სიახლოვეს, ეს კი ნამდვილი ტანჯვა იყო მისთვის, რადგან იცოდა, ასე ახლოს მყოფიც მიუწვდომელი იყო, მაგრამ ათასჯერ მძიმე ტანჯვა იყო დახავსებულ სახლში ჯდომა, სადაც საყვარელი არსების ჩრდილსაც კი ვერ გრძნობდა. ამ სულიერმა ტანჯვამ საოცარი გარდატეხა მოახდინა ვინსენტის არსებაში. ეხლა იგი სხვის ტკივილსაც იზიარებდა და ვეღარ ურიგდებოდა რაიმე იაფასაიანს და გარეგნულად მიმზიდველს, რაც ასე ძალიან მოსწონდათ სხვებს. გუპილისთვის უკვე ზარალი მოჰქონდა, როცა მყიდველები ეკითხებოდნენ რა აზრისა ხართ ამ სურათზეო, იგი მაშინვე მიუგებდა, პირდაპირ საშინელიაო, და ისინიც აღარაფერს ყიდულობდნენ. ვინსენტს ეხლა მხოლოდ ის სურათები მოსწონდა, რომელშიც მხატვარი სულიერ ტკივილს გამოხატავდა. მათში ხედავდა ჭეშმარიტ, ემოციურ სიღრმეს. რამდენიმე თვის შემდეგ აილვორსში, მღვდელ მისტერ ჯონსის მეთოდურ სკოლაში დაბინავდა, სწორედ აქ გადაწყვიტა ღვთის სამსახურში ჩამდგარიყო, ეგონა რომ ურსულას უარი, გამოიწვია რაღაც ნაკლმა მასში, რაც აუცილებლად უნდა გამოესწორებინა, განა ღვთის სამსახურზე უკეთესი იქნებოდა რამე? მიუხედავად ამისა ურსულას გათხოვების ამბავმა მასზე ცუდად იმოქმედა. იმედი დაემსხვრა, არც კი ეგონა, რომ შეიძლებოდა ასე ადვილად მომხდარიყო ეს. სიყვარულით მარცხგანცდილმა ინგლისს სამუდამოდ გამოეთხოვა.

თუკი ღმერთს გინდა ემსახურო, შენ თავზე არ უნდა იფიქრო ამდენიო ფიქრობდა ვინსენტი, ამიტომაც მიმართა ბელგიის ევანგელურ კომიტეტს რათა დაენიშნათ სადმე სადაც უფლის სამსახურს პირნათლად შეასრულებდა, მაგრამ უარი უთხრეს. მამაPპიტერსენი, ამ კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ვინსენტის მიმართ კეთილგანწყობილი იყო, დაეხმარა, რომ ბელგიის სამხრეთ ნაწილში, მონსის მახლობლად, ბორინაჟში წასულიყო.

ვინსენტმა ნახა, რომ დიდიან-პატარიანად ბორინაჟში ყველა მაღაროში მუშაობდა, სუფთა იქ თითქმის არავინ დადიოდა, გამურული შავი სახეები ეხამუშებოდა ვინსენტს, მაგრამ მალე შეეჩვია, მიხვდა რომ მაღაროელები გაუნათლებელი ხალხია. აუტანელი ცხოვრება ჰქონდათ, ავად რომ გამხდარიყვნენ ექიმის ფულიც არ გააჩნდათ, ხვალინდელ ლუკმაპურს იმ დღის შრომით შოულობდნენ, გაჭირვება და უქონლობა მათი მუდმივი თანამგზავრი იყო, აი ამიტომ მათ ღმერთი სჭირდებათ, რომ ნუგეში სცეს, ფიქრობდა ვინსენტი. ქადაგებდა უფლისადმი სიყვარულსა და გაჭირვებისადმი მოთმინებას, რითაც მხნეობას ჰმატებდა ხალხს. დაარიგა ყველაფერი რაც კი გააჩნდა, მალე მათსავით გამურული დადიოდა ქუჩაში. მიიყვავილეს ახალგაზრდა მღვდელი, რადგან ისიც ისეთი გახდა, როგორებიც მაღაროელები იყვნენ. აკვირვებდა ვინსენტს მათი გამბედაობა, არაერთხელ ჩამტყდარა მაღაროში ჩასასვლელი ლიფტი და არაერთი უმხსვერპლია, მაგრამ გარდა იმისა, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ მაღაროელებს, მათ თავისი სამუშაო უყვარდათ კიდეც, ერთ-ერთმა მაღაროელმა ასე უთხრა: “თუმცა რომც შეგვეძლოს ფეხს მაინც არ მოვიცლიდით. მეზღვაურმა ხომ იცის, რა საფრთხე მოელის ზღვაზე, მაგრამ ხმელეთზე გადმოვა თუ არა, მაინც ზღვა ენატრება. ჩვენც ასე ვართ, მუსიე, გვიყვარს მაღარო და მიწის ქვეშ ყოფნა ყველაფერს გვირჩევნია.” ჩალისგან დაფენილ საწოლზე ეძინა, ბოლო ლუკმასაც კი მაღაროელებს ურიგებდა, სულ დასუსტდა, ციებცხელებამ შეუტია, ის სალონი სადაც წირვას ატარებდა დახურა და უფრო იაფასიან შენობაში გადავიდა, რათა ის ფული ისევ ხალხისთვის დაერიგა. მალე ყველაფერს ბოლო მოეღო, ბელგიის ევანგელური კომიტეტის წევრებმა ნახეს რა, თუ სად ატარებდა წირვას, დაგმეს ვინსენტის საქციელი, ამ სოროში ვის გაუგია ლოცვაო, ჩვენი ეკლესიისთვის დიდი ბედნიერებაა, რომ დროებით დაგნიშნეთ, იმედი არ გქონდეთ რომ კიდევ მოგცეთ ნება გვემსახუროთო. Mმარცხს მარცხი მოსდევდა, თითქოს მიწა მოეცელა ფეხებშიო, ყველგან ყოველთვის წინ ეღობებოდნენ. ოჯახი წყრებოდა მასზე, შენი თავის რჩენა არ შეგიძლია და ამის გარდა, კიდევ ყველგან გვარცხვენო.


თეო მისი ძმა ერთაერთი გამგები და ნუგეშისმცემელი იყო, მარტო ის ეხმარებოდა, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად მთელი ცხოვრება. სთხოვდა სულიერად არ დაეცე და გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგი, ყველაფერი თავიდან დაიწყეო. სწორედ ბორინაჟში დაიწყო პირველი ჩანახატების გაკეთება, სადაც მაღაროელი მუშები აღბეჭდილიყვნენ. იცოდა რა სირცხვილი იყო მამისა და ძმის კისერზე ჯდომა, როცა თვითონ თითსაც არ ატოკებდა ფულის საშოვნელად, მაგრამ ეს არც თუ ისე დიდ დანაშაულად ეჩვენებოდა და ხატავდა. თეოს წერილი მიწერა და სთხოვდა რომ მილეს მინდვრის სამუშაოები გამოეგზავნა, არწმუნებდა ჩემს ადგილს აუცილებლად ვიპოვნიო. მთელი დღეები ხატავდა და მაინც რაღაც არ გამოსდიოდა, თითქოს რაღაც აკლდა, ვინმესთვის უნდა ენახებინა თავისი ჩანახატები, რჩევა სჭირდებოდა. ასეთ ადამიანად პიტერსენი ეგულებოდა, რომელსაც რელიგიის გარდა მხატვრობა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. ბრიუსელამდე ოთხმოცი კილომეტრი იყო, ვინსენტს სამ ფრანკზე ცოტა მეტი ჰქონდა, ასე რომ მატარებელზე ფიქრი ზედმეტი იყო, ფეხით იარა სულ მთლად გაწყალდა, მოშივდა მაგრამ მაინც უზომოდ ბედნიერი იყო, იგი ხომ მხატვართან მიდიოდა.

პიტერსენი დიდხანს უცქერდა ჩანახატებს, ბოლოს ერთზე გაჩერდა:“ნახატი არ ვარგა, ჩრდილი და სინათლის არავითარი შეხამება არ არის მაგრამ ამ ნახატში რაღაც სხვაა. ხასიათი ჩანს და ეს ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროპორციულად ხატვა!” ამ სიტყვებმა მას მხნეობა შთაბერეს, ღვთის სამსახურში არასოდეს მიუღია ამდენი სიამოვნება და ის ძლიერი კმაყოფილების გრძნობა, რაც მხატვრობამ მიანიჭა. არ ადარდებდა ფიზიკური შიმშილი, რაკი სულიერად იყო კმაყოფილი. მართალია ბევრის ნდობა დაკარგა, ფულის საქმეც ცუდად ჰქონდა, მომავალიც გაურკვეველი იყო მისი, მაგრამ განა ეს უარესობისკენ წასვლას ნიშნავდა? თეოს სწერდა ჩემს დაწყებულ საქმეს ბოლომდე უნდა მივყვე, მე რომ სწავლას ან ძიებას თავი დავანებო მაშინ კი მართლა დავიღუპებიო. ვინსენტი უბრალოდ ხატავდა, რას ფიქრობდნენ სხვები ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ცუდად ხატავდა თუ კარგად არც ეს იყო მთავარი. მთავარი იყო, რომ ხელოვნებამ აქცია იგი ადამიანად, ხელოვანის ღირსება ის არის, რომ ხელოვანს გამოვლენის საშუალება მისცეს, ვან გოგიც თავის სულიერ აზრებსა და განცდებს გადმოსცემდა, ამითაა იგი მართალი. თუნდაც მის ნახატებს არავითარი ღირებულება არ ჰქონოდა, მაინც ასე სჯობდა, ვიდრე, ის რომ ჩაეხშო თავისი მისწრაფება და გუპილს გაჰყოლოდა ბოლომდე. ხშირად არ ჩანს თუ რა ხდება ადამიანის სულში, იქნებ იქ უზარმაზარი ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ არავინ მიდის გასათბობად. გამვლელები მხოლოდ სუსტ ბოლს ხედავენ და შეუჩერებლად აგრძელებენ გზას, რა უნდა ექნა ახალბედა მხატვარს შეენახა ცეცხლი და მოთმინებით დალოდებოდა, თუ როდის მოისურვებდა ვინმე მასთან მისვლას? კარგად აცნობიერებდა, რომ მოთმინებისა და უქმად ყოფნის დრო აღარ იყო. ერთ-ერთ წერილში თეოს წერდა: “მინდოდა რასაც ვხედავი ჩამეხატა, ჩემი ნამდვილი გზა არ დამეკარგა, ბრმა ვიყავი, რაღაც გარეთ იწევდა ჩემი არსებიდან და მე კიდე ვახშობდი. მე ვიპოვე ჩემი თავი, მე არ მქონდა ცხოვრების გარკვეული მიზანი ეხლა მაქვს, მე მინდა მხატვარი გავხდე, როგორც იქნა გაურკვევლობის ციხე დაინგრა თეო და ეს შენ მიშველე.”

თავიდანვე ეტყობოდა ახალბედა მხატვარს, რომ განსხვავებული ხედვა ჰქონდა მხატვრობის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იცავდა პროპორციებს და შუქ-ჩრდილის განაწილებასაც ვერ ახერხებდა, მან შეძლო დაენახა და შეექმნა თავისი საუკათარი ხედვა ბუნებისა თუ ადამიანის მიმართ. მანამდე ხატავდა იმას რასაც ხედავდა, მაგრამ ხვდებოდა რომ ეს არ იყო საკმარისი, მალე მიხვდა, რომ ფიგურის ხატვა მეტად სასარგებლო რამაა და პეიზაჟის ხატვაში დიდად ეხმარებოდა. თუკი ტირიფს დახატავდა ისე, როგორც ცოცხალ არსებას _ და ეს ასეც იყო _ მაშინ სხვა დანარჩენიც თავის რიგზე იქნებოდა, მთავარია მისთვის ცხოველმყოფელობა მიეცა.

რა გასაკვირია, რომ მღვდელი მამა და მხატვარი შვილი ვერ უგებდნენ ერთმანეთს. ვინსენტი ეხლა უკვე ხატვაზე მეტ დროს წიგნებს უთმობდა, თითქოს პასუხებს ეძებდაო, მაგრამ მამა თეოდორეს არ ესმოდა თუ რატომ ხარჯავდა დროს წიგნების კითხვაში თუ მხატვრობა სურდა, მიაჩნდა რომ ვინსენტი მეტისმეტად თეორიულად უდგებოდა ამ საკითხს. სიცოცხლის შეგრძნება _ ვან გოგის მიგნებაა მხატვრობაში, სწორედ ამაშია მისი განსაკუთრებული ხედვა გარე სამყაროსი, პორტრეტს ისე ვერ დახატავდა თუ არ ეცოდინებოდა რა ხდებოდა ადამიანის გონებასა და სულში, იმისათვის, რომ ცხოვრება აესახა და ტილოზე გადმოეტანა, ანატომიის გარდა უნდა სცოდნოდა, თუ რას გრძნობდნენ ან ფიქრობდნენ ადამიანები იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც უხდებოდათ ცხოვრება. ასე მიაჩნდა, რომ ის მხატვარი, ვისაც მხოლოდ ხატვა ეხერხება და მეტი არაფერი, მეტად ზერელე ხელოვანი იყო. გადიოდა თვეები და ვინსენტს უკვე საკმაო ჩანახატები ჰქონდა დაგროვილი, დახატა მიწისმთხრელი ნიჩბით ხელში, მთესველი, კაცი ცოცხით ხელში, ქალი რომელიც კარტოფილს თლიდა და ბოლოს დავრდომილი გლეხი, რომელიც კერიას მისჯდომია, იდაყვები მუხლებზე დაებჯინა და თავი ხელებში ჩაერგო. სურდა, რომ გადმოეტანა ყველა ის წვრილმანი, რომლისგანაც შედგებოდა სოფლის ცხოვრება. ვინსენტი იმ უბრალო გლეხებს იმ მიწას ამსგავსებდა, რომელსაც ისინი ამუშავებდნენ, ეს მსგავსება ჩანახატებშიც ჩანდა. ხანდახან მისი ოჯახის წევრები, ვერც კი ამჩნევდნენ თუ სად მთავრდებოდა გლეხი და სად იწყებოდა მიწა. ვან გოგი ხვდებოდა რომ სწორად ხატავდა, მკვეთრი ხაზით მათი გამოყოფა არც შეიძლებოდა, ამით იმის ჩვენება სურდა, რომ ისინი მიწის სხვადასხვა სახეა, რომლებიც ერთმანეთს ერწყმიან, ერთურთს ეკუთვნიან, ისინი ერთიდაიგივე მოვლენის ორი ფორმაა.

Mმიუხედავად იმისა, რომ თავის თავში ის წინსვლას ხედავდა სურდა ვინმესთვის კვლავ ენახებინა ჩანახატები და რაიმე რჩევა მიეღო. ვინაიდან იმ დროს ნათესაური კავშირი ბევრს ნიშნავდა, ამიტომ ჰააგაში წასვლა გადაწყვიტა. მაუვე, რომელიც ნათესავად ეკუთვნოდა ენერგიით სავსე ადამიანი იყო და ამ ენერგიას მაქსიმალურად ხატვას ალევდა, სწორედ ასეთი კაცი სჭირდებოდა ვინსენტს, რომელიც მას სწორ გზაზე დააყენებდა. მაუვემ ნახა რა ვინსენტის ჩანახატები, თავისებური გზა შენიშნა ვან გოგში, ერთი ისღა, ურჩია რომ აქვარელითა და ზეთის საღებავებით ეცადა ხატვა. ჯერ კიდევ მის ადრინდელ ჩანახატებში ბორინაჟში, რომ გააკეთა მიუხედავად ბევრი ნაკლისა, მათში იყო რაღაც მეტად ბუნებრივი. ისინი მეტად მოჭარბებული გრძნობით იყვნენ დახატული. ახალბედა მხატვარს ვერ გაეგო ეს გრძნობა რაში გამოიხატებოდა, ვერ აფასებდა თავის ნახატებს ვიდრე დე ბოკი არ გაიცნო.

Dდე ბოკი შეძლებული და კარგად აღზრდილი პიროვნება ჩანდა, ვინსენტისგან განსხვავებით მას იოლი ცხოვრება ჰქონდა, არაფერი აწუხებდა. დიდი მოწონებით დაათვალიერებინა ვან გოგს თავისი ნახატები, აშკარად საქებარ სიტყვებს ელოდა მისგან, მაგრამ ვინსენტში თითქოსდა სამართლიანი ხელოვანი აბობოქრდაო, თავი ვეღარ შეიკავა და უთხრა რომ სურათებს გრძნობა აკლიათ. ვან გოგი ყოველ პეიზაჟში ფიგურის ხატვას ცდილობდა, დე ბოკი კი პეიზაჟზე ფოკუსირდებოდა. ერთხელ დე ბოკმა ახალაგაზრდა, ლამაზ მენატურესთან ერთად, ვინსენტს მიაკითხა და სთხოვა ერთად დავხატოთო. ვან გოგს ერჩივნა მოხუცების სხეული ეხატა, რადგან ასაკოვან სხეულში რაღაც განსაკუთრებულს ხედავდა. ხატვას რომ მორჩნენ, დე ბოკს დააინტერესა ვინსენტის ნახატი, შუბლი მოეღუშა, ამას ეძახით გრძნობით ხატვას? სახე სხეულს არ ეკუთვნის, პირველად ვნახე ასეთი რამეო. ისინი ხომ პორტრეტს არ ხატავდნენ, ვინსენტი სხეულს აკვირდებოდა. დე ბოკის ჩანახატში გეგონებოდათ ქალს ჰაერით გაუბერეს მუცელიო, ვერ იფიქრებდა ადამიანი, რომ შიგ შეიძლება ნაწლავის პაწაწა ნამცეცი მაინც ყოფილიყო. ვან გოგის შემოქმედება ამით არის განსხავავებული, რადგან სიღრმისეულია. თითქოს თავისი ფუნჯით მენატურის სულში იქექებოდა და ისეთი კუთხით ხატავდა, რომ მასში იგრძნობოდა სათნოება ან ღრმა მწუხარება ამ პიროვნებისა. გამოხატავდა იმას რაც მასში იყო, თავისებურად ტლანქად გადმოსცემდა შიშველ სინამვდილეს. ამის გამო მას აკრიტიკებდნენ ტერსტეგი და ვეისენბრუჰი, რომელთაც სახელი გაეთქვათ მთელს ჰააგაში, როგორც კრიტიკით ისე თავისი ნახატებით. მაუვე არწმუნებდა რომ სხვათა აზრის გაზიარება და აყოლა მას არად არგებდა, სჯობს ბევრი იშრომო და ნამდვილი ხელოვანი გახდე, ვიდრე ზერელედ იბრწყინო და ხალხს თვალში ეცეო. არაერთი ღამე გაუთევია ვინსენტს პურის გარეშე, მაგრამ დახმარების იმედი არ ჰქონდა, მაუვესთან მისვლა ერიდებოდა ისედაც დიდ დროს ვართმევ, რომ მასწავლისო, ვეისენბრუჰს რომელსაც “ულმობელ დაშნასაც” ეძახდნენ მიაჩნდა, რომ ყველა ხელოვანს სამოც წლამდე მაინც უნდა ეშიმშილა, რომ რაიმე ხეირიანის დახატვა შესძლებოდა. თეო ყოველი თვის ბოლოს ას ფრანკს უგზავნიდა ასე შეთანხმდნენ. ნახევარი ფული სულ მენატურეში ეხარჯებოდა, მიუხედავად ამისა არასოდეს უფიქრია, რომ ფული სხვა გზით ეშოვნა. მარტოობა სულ უფრო და უფრო რიყავდა ვინსენტს ხალხისგან, ამის გამო ერთხელ დასალევად ჩავიდა ბარში სადაც მეძავი ქალი ქრისტინა გაიცნო, რომელსაც სიენს ეძახდნენ. ხშირად მოდიოდა სიენი ვინსენტთან, სახლს ულაგებდა, საჭმელს უკეთებდა, ვან გოგი მენატურედაც იყენებდა, დღეში ერთნახევარ ფრანკის სანაცვლოდ. საუბრობდნენ სულ უმნიშვნელო საგნებზე, სიენი თავისი ცხოვრების სიდუხჭირისა და სიღატაკის შესახებ უყვებოდა, ხუთი შვილი ყავდა და მალე მეექვსეს ელოდებოდა, მამების სახელებიც კი არ იცოდა. ეს იყო შემთხვევა როცა ორი ეული სული შეხვდა ერთმანეთს, მათ შორის წაშლილიყო ყოველგვარი ზღვარი კლასობრივი განსხვავებისა, არც სიყალბე იყო და არც არავითარი განკერძოება. ვინსენტი აკვირდებოდა ქრისტინას, მისი დაძარღვული ხელები უთვალავ ნაოჭებს დაეფარა, ჩანდა, დიდი ჯაფა ენახათ. ვან გოგმა არაერთი ჩანახატი გააკეთა სიენის მეშვეობით.

მალე მისი ბიძა, კორნელიუსი ეწვია სტუმრად. ისაუბრეს იმაზე რომ თეო მას ფულს უგზავნიდა და ეს დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო, არც ის იყო ლამაზი მას სახლში მეძავი ქალი, რომ ყავდა, რადგან ისეთი მხატვრის ნახატებს არავინ იყიდიდა, რომელიც აბუჩად იგდებდა ზნეობას. ვინსენტი ვერ ახერხებდა რომ ამ ყოველივეზე დუმილით დათანხმებოდა _ ვინც არ მუშაობს და ჭამს _ ეს რა თქმა უნდა დანაშაულია, რადგან ვინც მუშაობს, ღირსია ჭამოს, მაგრამ თუ ადამიანი მუშაობს და მაინც არ შეუძლია ლუკმა-პური იშოვოს, ეს უკვე ტრაგედიაა და საკმაოდ სერიოზული. ზნეობას რაც შეეხება, ხელოვანს შეუძლია ხალხს თავისი შემოქმედება უჩვენოს, ხოლო მისი პირადი ცხოვრება, მისი შინაგანი ჭიდილი ვისი რა საქმეა, თუმცა კი ეს ყველაფერი რაღაც განგების ძალით, იმ დაბრკოლებას უკავშირდება, რაც ხელოვანს წინ ეღობება ქმნისას. ნაკლებ ზნეობად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ კრიტიკოსი ცდილობს მხატვრის ნახატების მიღმა მიმალული, პირადი ცხოვრება ქექოს, მხატვრის შრომა და პირადი ცხოვრება _ იგივეა რაც მშობიარე ქალი და პაწია ჩვილი. ბავშვს უცქირეთ რამდენიც გენებოთ, მაგრამ რა საჭიროა მშობიარეს პერანგი აუწიოთ, რომ ვნახოთ, ხომ არ მოთხუპნულა იგი სისხლით. ამაზე მეტი სათაკილო რა უნდა იყოს.” ამ სიტყვების მერე ბიძია კორნელიუსს არაფერი ჰქონდა სათქმელი. წასვლის წინ ჩანახატებს გადახედა, თევზეულის ბაზარი, ამსტერდამის ხედი მოეწონა და სთხოვა თორმეტი ასეთი ჩანახატი კიდევ გამიკეთეო, ამისთვის ვინსენტმა თითოში ორ ნახევარი ფრანკი მოსთხოვა, ისეთი უმნიშვნელო თანხა დაუსახელა, რომ კორნელიუსს გაეღიმა, დაეთანხმა და წავიდა. ვინსენტს სწამდა რომ ბედნიერი მაშინ იქნებოდა თუ მხატვრად მოკვდებოდა, მაუვეს სჯეროდა მისი, ასე ამბობდა განგებას გაუჩენია მხატვრადო, მაგრამ აღარ ეცალა მისთვის სულ უფრო და უფრო იძირებოდა თავის შემოქმედებაში. თუკი ტერსტეგი ვან გოგს აკრიტიკებდა და მაუვე ყურადღებას აღარ იჩენდა, მათ ადგილს ნელ-ნელა ქრისტინა იჩენდა. ვინსენტმა კარგად შეისწავლა მისი სხეული და ბოლოს გადაწყვიტა ერთი კარგი ეტიუდი ჩეახატა. ქრისტინა გააშიშვლა და შეშის ნაჭერზე ჩამოსვა, ღუმელთან. ნახატზე კი შეშის ეს ნაჭერი ხის ძირკვად აქცია, გარშემო ბალახები დაუხატა და ბუნებაში გადაიტანა. სიენი ძირკვზე ზის, დაკორძებული ხელები მუხლეზე უწყვია, თავი გალეულ მკლავებში ჩაურგავს, ბეჭებზე თხელი თმა აყრია, დამჭკნარი მკერდი გამხდარ ფეხებზე დაშვებია და ოდნავ ეხება მათ, გრძელი ტერფები გაუბედავად დაუბჯენია მიწაზე. სურათს “სევდა” უწოდა. ეს იყო ქალის უსიცოცხლო, გამოფიტული სხეული. ქვემოთ მიშლეს სიტყვები მიაწერა: ”როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყნად ცხოვრობს ასეთი მარტოხელა სასოწარკვეთილი ქალი?” ამ ნახატს მთელი კვირა და დარჩენილი თანხა მოანდომა, ფული კვლავ გაუთავდა, ციებცხელებამ კვლავ გაახსენა თავი, მუხლები ეკეცებოდა, თვალები სულ ჩაუცვივდა, ქრისტინა სამი დღე არ გამოჩენილა, ბოლოს მივიდა ვინსენტთან, ასეთ მდგონარეობაში რომ დაინახა გული მოუკვდა, ღარიბები რომ ვართ ეს ჩვენი ბრალი არ არისო, ცოტა კარტოფილი და ცერცვი მოუტანა... იცოდა ვან გოგმა, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, თეოს ფული ათ დღეში უნდა გამოეგზავნა, მანამდე რაღაც უნდა ექნა! ტერსტეგთან მივიდა ფულის სათხოვნელად, მისი უხეში, ბასრი სიტყვები გულზე მოხვდა ახალბედა მხატვარს _ შენ სიმართლე უნდა იცოდე ვინსენტ, ჯერ კიდევ დროა, იჩქარე თავს უშველე. შენ მხატვრად ყოფნა არ გიწერია.” წადი ნახე, დე ბოკის სურათებზე ფასი ყოველდღიუად მატულობსო, მას აქვს ნიჭი და შენ აქმდე რომ გქონოდა გამოჩნდებოდაო! ათი გულედანი მისცა ვინსენტს და კიდევ ერთხელ ურჩია მაგ საქმეს შეეშვიო. ვან გოგი დე ბოკთან წავიდა დააკვირდა მის ნახატებს, ჩემი უფრო წრფელია, ღრმაა ბუტბუტებდა გულში. ვინსენტს უფრო მეტი შეეძლო ფანქრით, ვიდრე მას მთელი ყუთი საღებავებით. დე ბოკი ხომ იმას ხატავდა, რაც ისედაც ცხადი იყო. მისი ნახატები ვერაფერზე მეტყველებდნენ. მილეს სიტყვები გაახსენდა: მე მირჩევნია სულ არაფერი ვაკეთო, ვიდრე უხეიროდ გამოვხატო ჩემი სათქმელიო.” ხოტბა და ფული დაე ისევ დე ბოკს ჰქონდეს, მე ჩემი სიმართლე და ნაღველ-ვარამი მირჩევნიაო, ამბობდა ვინსენტი. მაუვესთან შეიარა ეგებ რაიმე სასარგებლო რჩევა მითხრასო, მაგრამ საყვედურების მეტი ვერაფერი მოისმინა, თაბაშირის ფეხი მისცა, აჰა და დაამუშავე, ცალკე დეტალებს რომ ისწავლი მთლიანობაში კარგად გამოგივა, აღარ ვაპირებ შენზე დროის დაკარგვასო. ვინსენტმა კუთხეში მიაგდო ფეხი, თაბაშირი იქვე დაიფშვნა. არ ესმოდათ მისი, ვიდრე ცოცხალი ადამიანის ხელი და ფეხი არსებობდა რატომ უნდა ეხატა ხელოვნური, რაშიც სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ იგრძნობოდა. ის არ ხატავდა ვისიმე გაყინული სქემით, თავისი ხასიათითა და ტემპერამენტით უნდოდა ყველაფერი აესახა, ის ხატავდა ისე როგორც თვითონ ხედავდა და არა ისე როგორც იყო მიღებული საყოველთაოდ. ნავსადგურებში, ბაღებში, ბაზრებში და სამიკიტნოებში ხეტიალი მიაჩნდა ყველაზე დიდ დროს ტარებად, ყველაზე ბინძურ ადგილებს ეტანებოდა, მარტო იქ შეიძლებოდა ენახა ის, რისი დახატვაც ნამდვილად შეიძლებოდა. მომხიბვლელ მანდილოსანთა შორის ჩაის მირთმევა არ გამოადგებოდა. სიუჟეტის ძებნა, მუშებს შორის ცხოვრება და ნატურის ადგილზე, იქვე ჩახატვა ძნელი სამუშაო იყო, მაგრამ ერთადერთი რაც მისთვის იყო მისაღები, ვინაიდან ეს იყო ნამდვილი სიცოცხლის ნიშანწყალი მისი ჩანახატებისა. ტერსტეგის ვერაფერი გაეგო ვინსენტს, პატიოსანი კაცი სხვას არ მოკლავს იმის გულისთვის რატომ ჩემსავით არ აზროვნებო. ნამდვილ ხელოვანს ხომ ვერც ღმერთი და ვერც სატანა ვერ დაძლევდა მანამ, სანამ თავის სათქმელს ბოლომდე არ იტყოდა. ხელოვანი ხომ ის ადამიანია, რომელიც ეძებს და ვერასოდეს პოულობს. ვინსენტიც ასე იყო, ისიც ეძებდა მაგრამ ეხლა უკვე არა თავის თავს, არამედ იმას რაც მის ნახატებს გააცოცხლებდა.

ქრისტინასთან ცხოვრებამ ბედნიერების ნაპერწკალი გაუჩინა მის სევდიან, თაფლისფერ თვალებს. ვინსენტს თავი ასე ბედნიერად არასდროს ეგრძნო, მალე სიენი ცოლად მოიყვანა. აურზაური რაც ამ ამბავს მოჰყვა, მისთვის უბრალო ქარბუქი იყო, რომელიც მალე ჩაწყნარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვინსენტი მღვდლის შვილი იყო, მისთვის ერთადერთი რელიგია არსებობდა _ მხატვრობა. ტერსტეგმა და ვეისენბრუჰმა ცეცხლის ალში გაატარეს ვან გოგი მეძავი ქალის შერთვისთვის, ვეისენბრუჰი დაცინვით ეუბნებოდა დიდი სიამოვნებით დაგხატავდითო სურათს _ “წმინდა ოჯახს” დავარქმევდიო, რაც იესოს, მარიამსა და იოსებს გულისხმობდა მათში. ეს იყო სიტყვებით გამოხატული ის ბასრი მახვილი, რომელიც ვინსენტს ჩასცეს. მალე თეო ჩავიდა ვინსენტის სანახავად, თეოს სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელს საფრანგეთში, კარგად ჰყიდდა სურათებს და ახალგაზრდა მხატვრებსაც გზას უთმობდა, სწორედ მან პირველმა გამოფინა მომავალი იმპრესიონისტების სურათები გალერეაში. სიენიც გაიცნო და ისე შეხვდა როგორც ძმის ცოლს... დიდხანს ისაუბრეს ძმებმა, ვინსენტს ზეთის საღებავებზე სურდა გადასვლა, რადგან აკვარელით ვერ გადმოსცემდა თავის სათქმელს, აკვარელს სისქე, სიღრმე, ხასიათი აკლდა და ამიტომ ვერ ხატავდა. ზეთის საღებავები ძვირი ღირდა, ამიტომ არ ჩქარობდა ვან გოგი, მაგრამ ძმამ დაარწმუნა თუ გული გიგრძნობს რომ ფერებს მეტი სიღრმე სჭირდებათ, მაშინ დროა უკვე!” მეორე დღესვე გუპილთან ტერსტეგი დახვდათ, თეო ვან გოგს დიდ პატივს სცემდნენ და ყველა საღებავი და ტილო თავად ტერსტეგმა აურჩია, გააცნო ამა თუ იმ ფერის უპირატესობა. თეო მალევე წავიდა, ოჯახშიც გაუგეს ვინსენტს, სიენს პრობლემად არ მიიჩნევდნენ, ჩვენთან ნუენენში ჩამოდიო სთხოვდნენ... მალე ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგა ქრისტინასთან ურთიერთობა უფუჭდებოდა, დედამისი ცდილობდა რომ როგორმე მოეშორებინა ვან გოგისთვის. მიშლეს სიტყვები ახსენდებოდა: ”ხელოვნება ბრძოლაა, რომელშიც ადამიანი თავის თავს სწირავსო”, სულ მუდამ ტილოს იყო მიჯაჭვული, ადამიანს ხატავდა თუ პეიზაჟს სულ იმას ცდილობდა, მასში ღრმა მწუხარება ჩაექსოვა. ოჯახი დანგრევის პირას იყო, ვინსენტს ენანებოდა თითოეული ფრანკი, რაც მხატვრობას აკლდებოდა და ოჯახს ხმარდებოდა. მალე ვალებიც მოუმრავლდა, წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ სიენმა უარი უთხრა, მას სიცოცხლე სურდა, მშიერი კი აბა როგორ იცოცხლებდა, მაგრამ ვინსენტიც ვერ იცოცხლებდა ხატვის გარეშე, ოჯახი ხომ უძირო ქვევრს ჰგავდა. მსგავსი უთანხმოებები გრძელდებოდა, საბოლოოდ მათი გზები სამუდამოდ გაიყარა.

ნუენენში ჩავიდა, ოჯახმა თბილად მიიღო. ვინსენტისთვის ოთახიც კი ჰქონდათ მოძებნილი, სადაც ხატვას შეძლებდა. მთელ დღეებს გლეხებთან ატარებდა, რათა უკეთ ესწავლა მათი ხასიათი და ცხოვრების ავ-კარგი. ვინსენტს უმალ გადაჰქონდა პეიზაჟის პირველი შთაბეჭდილება, ფუნჯის რამოდენიმე მოსმით, ხატავდა და შემდგომ აღარ ასწორებდა. ჩქარობდა რათა არ დაეკარგა წარმოდგენაში შექმნილი ის პირველი შთაბეჭდილების ხატი და განწყობილება, რაც მის ჩანაფიქრს ხორცს ასხამდა. პეიზაჟში ხატავდა ქალებს სიღრმეში, მეტად ტლანქებს, ენერგიულებსა და შავბერეტიანებს. მოლბერტს იღლიაში ამოიჩრიდა და სულ დაეხეტებოდა.

ვინსენტი ხვდებოდა, რომ სიმარტოვე ერთგვარი პატიმრობაა, მაგრამ ფუნჯი მისთვის ყველაზე ახლო მეგობრად მიიჩნეოდა. თეოსგან წერილებს სულ იღებდა, ამხნევებდა და იმპრესიონისტებზე ესაუბრებოდა, მათ კაშკაშა ფერებზე, რომელიც ასე მიუღებელი იყო ვან გოგისთვის იმ დროს. ნელ-ნელა იგებდა მაუვესა და ვეისენბრუჰის ქცევებს, როცა კითხულობდა მილეს: მე სულაც არ ვფიქრობ როგორმე ჩავახშო ტანჯვა, რადგან ძალიან ხშირად იგი ხელოვანს საშუალებას აძლევს გამოხატოს სათქმელი.” ვინსენტი დე გრუტების ოჯახში გადავიდა საცხოვრებლად ქირით. ხატვას არც ერთი წუთით არ ანებებდა თავს, დახატა ქალი საკერავ მანქანასთან, არა ერთხელ ჩახატა დე გრუტების ოჯახი, თუ როგორ შეექცევიან საღამოობით კარტოფილს და ბოლოს გადაწყვიტა ერთი კარგი ნახატი დაეხატა. გრძნობდა რომ ფანქარი უძლური იყო, ნახატი და ფერი ერთი განუყოფელი ნაწილია. დე გრუტები კიდევ ერთხელ შემოუსხდნენ მაგიდას. ვინსენტს სურდა ეჩვენებინა, რომ ამ ხალხმა თავისი შრომით გაზარდა ეს კარტოფილი, თეფშზე იმავე ხელმა დააწყო, რომელმაც მიწა თხარა, უნდოდა მათში ის მძიმე ფიზიკური შრომა ამეტყველებულიყო, რომელმაც პატიოსანი გზით მათ “პური მათი არსობისა” მისცა. დიდი ჯაფა და ნერვები დასჭირდა ვინსენტს ამ სურათის სისრულეში მოყვანისათვის. სურათი მტვრიანი, გაუთლელი კარტოფილის ფერში დახატა. სუფრა ჭუჭყიანი აფარია, კედელი გაბოლილია, ხის image
გაურანდავ ჭერზე ლამპა ჰკიდია. კარტოფილს ოხშივარი ასდის, ყველას მშვიდი სახე აქვს, ცხოვრებას ჩვეული მოთმინებით შეგუებული. დილას დახედა ნახატს მოეწონა, “კარტოფილისჭამიები” მიაწერა, რამოდენიმე ნახატი ამოარჩია და პარიზში თეოსთან გაემგზავრა. ეს იყო ვან გოგის პირველი შედევრი, რომლითაც ასე მუქ ფერებში გამოხატა დე გრუტების ოჯახის ხასიათი.

პარიზით მოხიბლული ვინსენტი თეოსთან ერთად ქუჩებში სეირნობდა, მერე გალერეაში შეიყვანა. ვან გოგი გაოცებას მიეცა, არასოდეს ენახა ასეთი ნათელი ფერებით შემკობილი სურათები, სადაც მზე დუღდა და გადმოდიოდა. სიცოცხლით სავსე, კაშკაშა ფერებს გაენათებინათ ტილოები. ერთ რამეს მიხვდა, რომ აქამდე დრო ტყუილად დამიხარჯავსო, სიახლე უბრალო რამეს შეეტენა სურათებში. ამ მხატვრებს, რომელთაც “უმსგავსოების კულტადაც” მოიხსენიებდნენ ჰაერით აევსოთ ტილოები! ეგონა, რომ ძლივს ნაპოვნი თავისი თავი კვლავ დაკარგა, მაგრამ თეო არწმუნებდა, რომ ის შინაგანდ იმპრესიონისტია, მას მხოლოდ ფერისა და კოლორიტის სწავლა სჭირდებოდა. დაუახლოვდა ლოტრეკს, გოგენს, მონეს, სიორას, სეზანს, ემილ ზოლაც კი გაიცნო თეოს დახმარებით. მამილო ტანგიც კი გაიცნო, რომელსაც პოლ სეზანის ნახატები გამოეფინა, ის ამარაგებდა ამ მხატვრებს ყოველგვარი საღებავებითა და ტილოებით, დიდ პატივს სცემდნენ მას ეს ხელოვნების გარდამტეხი მხატვრები. ბევრს სწავლობდა მათგან, მაგრამ თეო სულ აფრთხილებდა, შენი სტილი არ დაივიწყო, შენ გზას გაყევიო! ცდილობდა ნათელ ფერებს შეჩვედოდა, მაგრამ წარსულის ვინსენტი ფუნჯს ემჩნეოდა. დრო გადიოდა, ვან გოგი შეეჩვია ნათელ ფერებს, მაგრამ პარიზში ვერ ხედავდა იმას რაც მას სჭირდებოდა. აფრიკაში აპირებდა წასვლას მაგრამ მანამდე ისეთი ადგილი სჭირდებოდა, რომელიც აფრიკამდე ხიდობას გაუწევდა, რათა მზეს უკეთ შეჩვეოდა. ლოტრეკმა ურჩია არლში წასვლა, ძველი რომალების დასახლება, სადაც მზე, კვერცხის გულივით, კაშკაშა ფერებით ამშვენებდა მთლიან ქალაქს. პარიზი მისთვის კარგი გაკვეთილი იყო, სწორედ იმ ქალაქს შეიძლება დაერქვას, ვინსენტის ხერხემალი, გარდატეხა მის მხატვრულ არეალში. მონტიჩელის სიტყვები ახსენდებოდა: “ათი წელი გულდაგულ უნდა ვიშრომოთ, რომ ბოლოს ორი-სამი კარგი ტილო დავხატოთო.” რამოდენიმე დღის შემდეგ, თეოს დაუტოვა თავისი რამოდენიმე ნახატი და არლისკენ გაემგზავრა. არლში ჩასლისთანავე მზე შიგ შუბლში მოხვდა ვინსენტს, ცა ისეთი ღრმა ცისფერი იყო, რომ უკვე ფერის ყოველგვარი შეგრძნება ქრებოდა და უსასრულობაში იკარგებოდა. ნუში ყვაოდა. ჩასვლის დღიდანვე ზურგზე მოლბერტაკიდებული დადიოდა, მეყო რაც დრო დავკარგეო! ხატავდა ყველაფერს რაშიც კი სიცოხლის წყაროს ხედავდა. ერთხელ, მთელი დღე მოუნდა ხეხილის ბაღის დახატვას. მიწა იასამნისფერი იყო, ღობე წითელი, ხოლო ორ, ვარდისფრად გადაპენტილ ატმის ხეს ფონად ლურჯი ცა ჰქონდა. სუფთა, კრიალა, თეთრ ღრუბლებთან ლამაზად შეხამებული, ჯერ ასეთი არაფერი დამიხატავსო ფიქრობდა ვინსენტი. მიწაში ისე იყო ჩარგული ატმის ხე, თითქოს მიწას ისრუტავსო, ეტყობოდა, რომ მიწა მისი დედაა, გამზრდელი და მაპურებელი! სასტუმროში წერილი დახვდა, ატყობინებდნენ, ანტონ მაუვე გარდაიცვალაო. ახლად დახატულ ატმის ხეს მიაწერა: “ძღვნად მაუვეს. ვინსენტი და თეო.” ის რომ მისი სურათები არავის სურდა, არ აღელვებდა. ჭარმატების ყოველგვარი სურვილი ჩაეფერფლა. ვინსენტი ხატავდა, იმიტომ რომ, ამით სულიერი ტანჯვა უმსუბუქდებოდა და ეს იყო მისთვის ერთადერთი გონებრივი საზრდო. დაე ნურც ცოლი ეყოლება, ნურც შვილი, ნურც სახლ-კარი ექნება, უსიყვარულოდაც გასძლებს როგორმე, უფუფუნებოდაც, უსმელ-უჭმელიც. ღმერთი, რომ ღმერთია ისიც კი აღარ სჭირდება ახლა, ერთადერთი რამ არის ამქვეყნად, ურომლისოდაც ვერ იცოცხლებს. რასაც გაცილებით მაღლა აყენებს თავის თავზე და რაც მის ცხოვრებას უდრის. ეს არის ძალა და უნარი ქმნისა, შემოქმედებისა. მზე უკვე მისი ერთგული მეგობარი გახდა, იცოდა რომ ყოველ დღე ისევ მიესალმებოდა და მეგობრობის ნიშნად სხივებს შეაყრიდა სახეში. მთელი დღე თავაუღებლად მუშაობდა, მზის გულზე, მინდორში. დახატა უზარმზარი დახნული ველი, იასანისფერი ბელტებით სავსე. მთესველის ფიგურა ჰორიზონტზე. შორს, დასალიერზე, მოჩანდა დათავთავებული პურის ყანის ვიწრო ზოლი. ნახნავს თავს დაჰყურებდა ყვითელი ცა და ყვითელი მზე. ეს სურათი რულენმა ნახა, რომელსაც დაუმეგობრდა ვინსენტი. რულენი ერთი უბრალო ფოსტალიონი იყო. ეს თქვენი პურის ყანა სულ ნამდვილსა ჰგავს, სწორედ ისეთს, როგორიც იქ იყო, სადაც დაგინახეთ რომ ხატავდით. მომწონს მეთქი ვერ გეტყვით, მაგრამ აი აქ რაღაც სხვანაირად იმოქმედა ჩემზე და მკერდზე მოისვა ხელი.” გაუხარდა ვინსენტს, განა რა ამოძრავებდა მას, თუ არა გრძნობა, თუ არა წრფელი აღფრთოვანება ბუნებით გამოწვეული. რულენის დახატვა გადაწყვიტა, არლში მას უნდოდ ეკიდებოდნენ, უცნაურ პიროვნებად მიაჩნდათ. რულენის დახატვის შემდეგ, ვინსენტმა უთხრა: “ თუკი სადმე არსებობს ღმერთი, რულენ, ჩემის აზრით მას image
აუცილებლად თქვენისთანა წვერი და თვალები აქვს.” ვინსენტს სურდა რამოდენიმე ღამისეული პეიზაჟი დაეხატა. სქელი და თბილი კობალტისეფერი ცა, უთვალავი პროვანსული, მოკაშკაშე ვარსკვლავებით მოჭედილი. შემდეგ შარას გაუყვა და კვიპაროსები გააცოცხლა ტილოზე. ფერები იმდენად ერწყმის ერთმანეთს, რომ ჰაერის ეფექტი პირველი შეხედვისთანავე იგრძნობა. დახატა კაფე გარედან, მაღლა მუქი ლურჯი ფერებით და კაშკაშა ვარსკვლავებით მოჭედა ცა, იმდენად ერწყმის მუქი ცა, ყვითელ კაფეს რომ იგრძნობა ღამის ეფექტი ტილოზე. შემდეგ შიგნიდან ჩახატა, ვინსენტი შეეცადა წითელი და მწვანე ფერის შეხამებით ადამიანთა უსაშინლესი ვნებები გადმოეცა. კაფეს შიდა მხარე სისხლისფერი წითელი და მუქი ყვითელი ფერით დახატა. ერთმანეთთან შეუხამებელი და ყოვლად შეუფერებელი წითელი და მწვანე ტონებით იყო აგრეთვე შესრულებული, მაწანწალების მძინარე ფიგურები. შეხედვისთანავე ცხადი ხდება, რომ ეს კაფე ისეთი ადგილსამყოფელია, სადაც ადამიანი სრულ განადგურებამდე მიდის. ჭკუიდან ირყევა და შესაძლოა კაციც კი მოკლას. ასევე დახატა თავისი ყვითელი სახლი, რაღაცნაირ სიმშვიდის გრძნობას, რომ უღვიძებდა ვინსენტს, რადგან ასე ეგონა, მომავალს ვაწესრიგებო. ბევრს ხატავდა, დღეში რამოდენიმე ნახატს ხატავდა. არლი ხომ მზით გამოირჩეოდა, მის ტილოებზეც ყვითელი სჭარბობს. მისი დახატულ მზეში, იგრძნობა რა გასაოცარი სისწრაფით ბრუნავს იგი და რა თვალისმომჭრელ შუქსა და აუტანელ სიმხურვალეს აფრქვევს. მის მიერ დახატულ ყურძენში, სიმწიფე იგრძნობა, გრძნობას რომელსაც ის ტილოს ალევდა სიცოცხლით იყო სავსე. ხატავდა მიწას, ხეებს მასში, იქაც იგრძნობა ის მილიონობით ტონა წყალი რომელიც ამ ხეებს ასაზრდოებდა, მცხინვარე მზე ხო ფიტავდა მიწას, ცა ღრუბლებით შელესილი ისეთი ფაფუკი და გაბერილი იყო, თითქოს გასკდება და მიწას ცრემლად მოეფინებაო. სიცოცხლე მარტო იმისათვის სწყუროდა, რომ აუცილებლად ეთქვა ის რაც დუღდა მასში. მალე გოგენი ეწვია არლში, მასთანაც უთანხმოება მოუვიდა, მარტოსულობას შეჩვეული თითქოს ვერ შეეგუა მის იქ ყოფნასო, მისგან კეთილ დამოკიდებულებას ელოდა და არა კრიტიკას. რაშელი მეძავი გოგონა მისთვის ერთადერთი ადამიანი იყო ვინც ტკივილს უმსუბუქებდა. გოგენთან კამათმა მისი სულიერი მდგომარეობა უფრო გაამძაფრა, ვაზაც კი ესროლა გოგენს. ამის მერე მოხდა ის ფაქტი, რომლის გამოც თითქმის ყველა იცნობს მას მსოფლიოში, მან ყური მოითალა და რაშელს წაუღო საჩუქრად. არლის მკვიდრნი შეაძრწუნა ამ ამბავმა და მისი გაგდება მოითხოვეს, სან რემის საავადმყოფოში დაყო ვინსენტმა ცოტა ხანი. იქაც არ წყვეტდა ხატვას. მის სიცოცხლეში ერთადერთი ნახატი გაიყიდა მხოლოდ 400 ფრანკად, image
წითელი ვენახები არლში.” თეოს დახმარებით ის ოვერში ჩავიდა და იქ აგრძელებდა მკურნალობას ექიმ პოლ გაშესთან. ამასობაში თეო დანიშნულა, ვინსენტი დაურქმევიათ შვილისთვის. ვან გოგმა ყველა ის ნახატი ანახა რაც კი დაუხატავს აქამდე, საინტერესოა მისი ფეხსაცმლის ნახატები, ევოლუციურად რომ ვითარდება ფერები, თან სდევს ის ტკივილი რაც მისმა პატრონმა განიცადა, დატანჯული ფეხსაცმელები, ეტყობოდათ რომ ბევრი იარეს. ზამბახები, აყვავებული ნუში, გაზაფხულის პირველი გაფურჩქვნა მათი, მთესველები რომლებიც ფრანსუა მილეს შთაგონებით დახატა, გადასასვლელი ხიდი, მისი ჩალის ქუდი და ასე შემდეგ. მისი ყველაზე ცნობილი ნახატი “ყვავები პურის ყანაში”, ბევრი image
ავადმყოფობისა და მკურნალობის შემდგომ დახატა. სევდა ღრუბელის, დამძიმებული თავთავი ხორბლის, ლურჯი ყორნების ანდერძი ბნელი, უკიდეგანო წყურვილი ტრფობის, ზურგშექცეული მწვანე ბილიკი და წარმავალი დუმილი სუნთქვის! აი ასე ვხედავ მის უკანასკნელ ნამუშევარს, რომელიც აშკარა ასახვაა მისი განვლილი და მომავალი ცხოვრებისა, ყორნები სწორედ იმის ნიშანია რომ მოვიდა ჟამი მისი წასვლისა. თავი ასწია, მზეს შეხედა, იარაღი მკერდზე მიიდო. ჩახმახი გამოსწია. მიწაზე დაეშვა და სახე მსუყე, რბილ მიწაში ჩარგო, მიწამაც მიიღო იგი, თითქოს დედის საშოს დაბრუნებოდესო. მისი გარდაცვალებიდან 6 თვის შემდგომ, გარდაიცვალა მისი ძმა თეო, რომელიც ვინსენტის გვერდით ოვერში დაკრძალეს.

ვინსენტს მუდამ უძალიანდებოდა ბუნება, მაგრამ ის არ ნებდებოდა. პირიქით ის ეხმარებოდა გამარჯვებისათვის ბრძოლაში. სწორედ, იმიტომ შეირთო ქრისტინაც ცოლად, რომ თუ სურდა წესიერად ეხატა, აუცილებლად უნდა განეცადა ეს გრძნობა რასაც ხატავდა. ოჯახურ ურთიერთობებს რანაირად გადაიტანდა ტილოზე თუ თავად არ ჰყავდა ოჯახი. ვერ იტანდა სიცარიელეს, ცარიელი ტილო თითქოს ეუბნებოდა შენ არაფერი არ იცი, არაფერი გეხერხებაო. უხეიროდ ხატავდა თუ კარგად ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მისთვის მთავარი იყო მოქმედება. ხატავდა იმას რასაც ტყე, ქვიშა თუ ადამიანი ჩასჩურჩულებდა ყურში. ყველა საქმეში მთავარია მიზანი და გამარჯვება, რომლის მისაღწევად მთელი ცხოვრების მანძილზე, დაძაბული მუშაობაა საჭირო, ძნელად მიღწეული გამარჯვება, უფრო დიდი გამარჯვებაა” _ წერდა ვან გოგი თავის ძმას, თეოს. სწორედ ამ გზით იარა, გაიმარჯვა და წავიდა, სიკვდილიც ხომ არჩევანია...

გამოყენებული ლიტერატურა:

http://www.webexhibits.org/vangogh/letter/18/558a.htm

http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=LSLPR

(Simon Schama's Power of Art -Van Gogh)

ირვინგ სტოუნი: "წყურვილი სიცოცხლისა"

http://art.dlf.ge/node/476

http://www.vangoghgallery.com/painting/
0
4487
10-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
4487
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0