x
მეტი
  • 13.12.2024
  • სტატია:138777
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512450
დეპრესიასთან მებრძოლი ოფიცრის და ბერის მოულოდნელი შეხვედრა მიუვალ მთაზე მდებარე ეკლესიაში

image აფხაზეთიდან დევნილი ოფიცერი, ყოფილი პარტიზანი ისე გაემწარებინა ხელისუფლებას, რომ საბრძოლო ოპერაციებში მიღებული მედლები თბილისში "მშრალ ხიდთან" მოვაჭრე მოხუცისათვის ეჩუქებინა, ომის ვეტერანის სტატუსზე უარი ეთქვა და საკუთარ თავთან ბრძოლა დაეწყო.
ოფიცერი, რომლის წარმატებული კარიერა აფხაზეთის ომის დაწყებას შეწირვოდა, რადგან ომის დაწყებისთანავე დაეტოვებინა უკრაინა და საქართველოში ოჯახით დაბრუნებულიყო. საქართველოში ჩამოსვლისთანავე გადაწყდომოდა პრობლემას-სამოქალაქო ომში ჩართული ორივე მხარე მაღალ ხელფასს და თანამდებობას პირდებოდა ოღონდ კი მათ რიგებში ჩამდგარიყო.
ოფიცერს მისმა ღირსებამ არ მისცა უფლება ქართველებზე აღემართა იარაღი, ორივე მხარეს უარით ისტუმრებდა, რის გამოც ორივე მხარე მტრად გადაკიდებოდა.
ერთერთი მხარის საველე მეთაურის თავხედობა კი მისი პისტოლეტიდან გამოსულ ტყვიას შეეწყვიტა, რის გამოც მისთვის სახლიც კი გადაუწვავთ და დედა, მეუღლე და შვილები სოფელში ნათესავებთან გაეხიზნა.
მერე იყო აფხაზეთში ომი ბოლო დღემდე, მძიმე ჭრილობა სოხუმის დაცემის დღეს და მისი განუყრელი მეგობრის მიერ ჩადენილი გაუგონარი სიმამაცე, სვან კაცს ისედაც არ აკლდა სიმამაცე, მაგრამ დაფეხვილი "ჟიგულით" მომხდურებში გავლას და მეგობრის უკანვე გამოყვანას მხოლოდ თავზეხელაღებული კაცი თუ გააკეთებდა მეგობრის გადასარჩენად.
მერე იყო რამდენიმე თვით ნათესავი აფხაზის ოჯახისათვის თავის შეფარება და დიდი სიხარული როცა ორი განუყრელი მეგობარი დალის ხეობის გავლით დაბრუნდნენ სახლებში.
სახელმწიფოს ოფიციალურ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობის დაწყება და რამდენიმე წელიწადში მისი დატოვება პარტიზანული მოძრაობის დაწყების გამო.
15 წლის შვილისათვის იარაღის გადაცემა, თავის ჯგუფთან და შვილთან ერთად რეიდები ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ისევ მძიმე ჭრილობები და ისევ მის გვერდით დროულად გაჩენილი ბავშვობის მეგობარი, პარტიზანობის ბოლო წელს კი უკვე მძიმედ დაჭრილი მეგობრის გამოყვანა ზურგით რამდენიმე კილომეტრის მანძილზე.
2004 წელს სამაჩაბლოში სეპარატისტებთან ბრძოლა, უზარმაზარი გულისტკივილი, როცა პროფესიონალ მებრძოლს უფლება არ მისცეს ეომა შვილის მხარდამხარ 2008 წელს.
ყოველივე ეს დაგროვილიყო ოფიცრის გონებაში და მუდამ გულღია კაცი დეპრესიას მისცემოდა ან კი რა გასაკვირი იყო, როცა ყოველდღე ხედავდა მანქანით განმუხურში მარტო მიმავალ მამას, რომელიც მშობლიური აფხაზეთის ნოსტალგიის გასაყუჩებლად საათობით იდგა პირით აფხაზეთისაკენ და სოხუმის მხარს გაჰყურებდა ზღვას.
მეგობრის რჩევით გადაეწყვიტა ემოგზაურა საქართველოში ფეხით, მეგობარმა გაყოლა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს ორი განუყრელი მეგობარი ერთად არ მიდიოდნენ შორეულ გზაზე.
აჭარის ნახვის მერე გურიაში გადმოსულს ყოფილი მებრძოლი შეხვდა და მან უამბო, აღმოსავლეთ საქართველოში ერთ ძალიან მიყრუებულ და დაუსახლებელ ადგილას ეკლესიაში მყოფი მარტოხელა ბერის შესახებ, რომელიც თავადაც ყოფილი მებრძოლი ყოფილა.
ოფიცერს ბევრი არ უფიქრია და "მოგზაურობა" განაგრძო იმ რეგიონისაკენ, სადაც ეგულებოდა უცნობი ბერი, წასვლის წინ კი განუყრელი მეგობარი გააფრთხილა ამა და ამ ადგილზე ვაპირებ ასვლასო.
ერთი კვირის მერე უკვე ციცაბო აღმართს მიუყვებოდა თავსხმა წვიმაში "მოგზაური", რომელიც არც მგლების ყმუილს დაგიდევდათ და არც წვიმას, ოღონდ კი შებინდებამდე მიეღწია ეკლესიამდე.
აი გამოჩნდა ეკლესიაც და ქართული ნაგაზის გაავებულმა ყეფამ ბერი ეკლესიიდან გარეთ გამოიყვანა.
გამარჯობა ბერო! მიმართა "მოგზაურმა" საშუალო ტანის ბერს, რომელიც გაკვირვებული უმზერდა თითქმის მასავით წვერმოშვებულ აღნაგ მამაკაცს.
მშვიდობა მოგცეს ღმერთმა თუ კეთილს ემსახურები და ბოროტის გზაზე არ დადიხარ, ფოლადმა გაიჟღერა ტანმორჩილი ბერის ხმაში.
ბოროტისათვის არ მიმსახურია ბერო, ოღონდ ახლა არ ვიცი რომელ გზას ვადგავარ და რჩევისათვის გამოვიარე ამხელა გზა-აქ უკვე ელვა გაკრთა "მოგზაურობის" გამოხედვაში.
ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და ბერმა "მოგზაური" სანთლით განათებულ მომცრო ეკლესიაში შეიყვანა. ბერმა ილოცა და სანთელი გაუწოდა "მოგზაურს" დასანთებად.
ღმერთო, შეიწირე ეს სანთელი ყველა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპული ადამიანების სულის საცხოვნებლად!-წყნარად ჩაილაპარაკა "მოგზაურმა", მაგრამ ეკლესიაში მისი ხმა მაინც ხმამაღლა გაისმა.
ამის თქმა და ბერის შემობრუნება ერთი იყო, რომელი ხარ-იკითხა ბერმა, გიორგი ვარ გაისმა პასუხად.
ბერმა თითქმის ჩაბნელებულ ტაძარში მოზრდილი სანთელი აანთო და ახლოს მივიდა "მოგზაურთან", შეენ?! ბერის გაკვირვებულ შეძახილს "მოგზაურის" გაკვირვებული შეძახილი მოჰყვა გია???!!!
"მოგზაური" მამაჩემი იყო ხოლო ბერი მამაჩემის ახლობელი გია "თეთრი არწივიდან", რომელსაც კახეთში ოჯახი მიეტოვებინა აფხაზეთის ომის მერე და ბერად აღკვეცილიყო.
მთელი ღამე ისაუბრეს კელიაში სანთლის შუქზე, ბერს თაფლის არაყი გამოეტანა და ახლობლებს სალაპარაკოს რა დაულევდა.
6 დღე დარჩა გიორგი ბერთან, ზამთრისათვის შეშის მომარაგებაში და ფუტკრების სკების დათბუნებაში დაეხმარა, კელიის გაჯით შელესვაშიც დაეხმარა და მხოლოდ კვრისის ბოლოს წამოვიდა ეკლესიიდან სულ სხვა გიორგი, როგორსაც იცნობდნენ მას მეგობრები.
მთიდან ჩამოსულს მეორე სიურპრიზი ელოდა-განუყრელი მეგობარი მანქანით ელოდებოდა, გურამი სამი დღე ელოდა თურმე მეგობარს მთის ძირში.
წელს ისევ ავიდა მამა უკვე მეგობართან ერთად ბერთან, ოღონდ ამჯერად ხელცარიელი არ ასულა. მზის ბატარეა, შაქარი, ფქვილი და დიდი რაოდენობით სანთელი აუტანეს ბერს.

4
304
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
304
  
2019, 7 მაისი, 23:45
მადლობა. ერთხელაც იმ ბერის ისტორიას დავწერ, საოცარი ისტორია აქვს.
2019, 7 მაისი, 21:25
ვაიმე, რა მაგარი ფილმის სიუჟეტივით ჩავიკითხეე
2018, 18 ოქტომბერი, 13:07
მადლობა, თავად ბერის ისტორიაა საოცარი და ერთხელაც იქნება მისთვისაც მოვიცლი...
2018, 18 ოქტომბერი, 0:41
ცრემლი მომეძალა, უემოციოდ ვერ წავიკითხე
0 1 4