რელიგია დემონით შეპყრობილობა და ეგზორციზმის უძველესი პრაქტიკა 2018, 10 სექტემბერი, 17:19 ეგზორციზმი ძალიან ძველი "ტრადიციაა", რომელიც ძველი წელთაღრიცხვის პერიოდიდან იღებს სათავეს და აღესრულებოდა უამრავ რელიგიასა და კულტურაში. მაგალითად, ინდუიზმში ათარვა ვედა შეიცავს ეგზორციზმის ჩატარების პრაქტიკების ცოდნას. ასევე სხვადასხვა მაგიურ ტექსტებს და ალქიმიასთან დაკავშირებულ ინფორმაციებს. ვედურ და ტანტრულ ტრადიციებში ორივეგან გამოიყენება მანტრა და იაჯნა ეგზორციზმისთვის. ინდუიზმში ასევე ითვლება, რომ მეუფე ჰანუმანის სახელის ხსენებაც კი ძალიან აშინებთ და აფრთხობთ ბოროტ სულებს. ისლამში ეგზორციზმს ეწოდება რუქია და სიჰრის ანუ შავი მაგიის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას ცდილობს. ისლამური ეგზორცისტები არიან გაწევრებული უფრო დიდ ისლამურ ალტერნატიული მედიცინის მიმდევრების კოჰორტაში, რომელსაც ჰქვია ალ-თიბ ალ-ნაბავი (წინასწარმეტყველის მედიცინა). ისლამური ეგზორციზმის დროს შეიხი შეპყრობილის წინ კითხულობს აიათებს ყურანიდან, მაგრამ ეს არაა მბრძანებლობითი კილოთი წაკითხული. ამავე დროს, ასხამს ისლამში მიღებულ წმინდა წყალს, რომელიც არის ამოღებული ზამზამის ჭიდან. ასევე იუდაიზმშიც, რა თქმა უნდა მოიპოვება უამრავი ინფორმაცია დემონური სულებით შეპყრობის შესახებ, ქრისტიანობაში და ისლამში სწორედ იუდაიზმიდან შევიდა ეს ტრადიცია. ეგზორციზმი იუდაიზმში ტარდება რაბინის მიერ, რომელიც დაოსტატებულია კაბალაში. ამ დროს მის გვერდით თანამებრძოლები დგანან, რომელთაც ეწოდება "მინია" - 10 კაცისგან შემდგარი მლოცველთა ჯგუფი, რომელიც შეპყრობილი ადამიანის გარშემო წრეს კრავენ და 91-ე ფსალმუნს ზედიზედ 3-ჯერ კითხულობენ. შემდეგ რაბინი ჩაჰბერს ვერძის რქისგან გაკეთებულ საყვირში, რომელსაც "შოფარი" ეწოდება. შემდეგ კი ამ ყველაფრით დასუსტებულ ავ სულს ეკითხება რაბინი, თუ რატომ, რა მიზეზით შეიპყრო იმ პიროვნების სხეული. შემდეგ დამხმარე მლოცველთა ზემოთხსენებული ჯგუფი - "მინიანი" ატარებს ცერემონიას, რომ სხეულში რაც შეიძლება არაკომფორტულად და დაუცველად იგრძნოს თავი ავმა სულმა და დატოვოს იგი. ასეთი ტრადიცია ბუდიზმშიც არსებობს. განსადევნელ სულთა დღე ტიბეტური ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. ახალ წელს ტარდება "გუტორი", ცერემონიალი, რომელიც ყველანაირ ავ სულს, ასევე წინა წლის წარუმატებლობებს განდევნის ადამიანთა ცხოვრებიდან. ტაძრებში და მონასტრებში ტარდება ცერემონიები, ასევე წმინდა ცეკვები, რომელსაც მთელი მრევლი აღასრულებს ლჰასაში, პოტალას ულამაზეს სასახლეში. დიასახლისები თავ-თავიანთ სახლებს ასუფთავებენ, ალაგებენ, დეკორატიულად რთავენ ოთახებს. ამზადებენ სპეციალურ სუპს - "გუთუკს". საღამოს კი ხალხი გამოდის ლამპრებით ხელში და კითხულობენ ერთობლივად სპეციალურ ბუდისტურ ლოცვებს, რომ განდევნონ ბოროტი სულები მათი დასახლებებიდან. მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეპყრობილი ადამიანი არის ფსიქიკურად არაჯანმრთელი და ასეთი სიმპტომები შესაძლებელია გამოწვეული იყოს შემდეგი დაავადებებისგან: ისტერია, მანია, ფსიქოზი, ეპილეფსია, ტურეტის სინდრომი, შიზოფრენია ან იდენტობის დისოციაციური მოშლა. არის მონომანიის ფორმაც, რომელიც ასევე იწოდება როგორც დემონომანია, ამ დროს პაციენტს სჯერა, რომ შეპყრობილია ავი სულებით ან ავი სულით. დემონის განდევნის პროცედურა კი, რომელიც ტარდება სასულიერო პირების მიერ, მასში იწვევს პლაცებოს ეფექტს. ქრისტიანობაში კი თავად იესო ქრისტე ატარებდა ეგზორციზმს და ამის არაერთი შემთხვევა აღწერილია როგორც 4 კანონიკურ სახარებაში, ასევე არაკანონიკურ სახარებებშიც. 2013 წელს ვატიკანმა გამოაცხადა, რომ ისინი ამზადებენ ეგზორცისტების ახალ ჯგუფებს, ვინაიდან ძალიან მოიმატა კათოლიკურ სამყაროში შავი მაგიით დაკავებულების რიცხვმა, მაშასადამე, შეპყრობების რიცხვმაც და დღეს არსებული ეგზორცისტების რაოდენობა სრულებით არადამაკმაყოფილებელია გაზრდილ მოთხოვნასთან მიმართებაშიო, განაცხადა ფრანჩესკო ბალამონტემ, რომელიც არის იტალიაში დაფუძნებული საერთაშორისო ეგზორცისტთა ასოციაციის პრეზიდენტი. ავტორი: თორნიკე ფხალაძე 263 3-ს მოსწონს
|