x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508249
NATO ლისაბონის სამიტის შემდეგ
ნატოს ლისაბონის სამიტის მნიშვნელობა, რომელიც ნატოს რიგით 24 სამიტია, image
(2010 19-20 ნოემბერი-2010 7 დეკემბერი) პირველ რიგში იმითაა საყურადღებო, რომ საფუძველი ჩაეყარა მომდევნო ათწლეულის სტრატეგიული "თავდაცვისა და უსაფრთხოების" კონცეფციის შემუშავებას. სანამ ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე გავაკეთებდე აქცენტს, მოკლედ ჩამოვაყალიბებ იმ ძირითად საკითხებს რომელმაც განსაზღვრა ლისაბონის სამიტის აქტუალობა.

კონცეფცია შეიცავს ის საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომელიც აქტუალური და თანამედროვეა. ისტორიულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ნატო-რუსეთის ურთიერთობების მშვიდობიან ფაზაში გადასვლა. შეგახსენებთ, რომ ნატო-ს შექმნის თავდაპირველი მიზანი საბჭოთა კავშირის შეკავება იყო, რომლის სამართალ მემკვიდრეც დღევანდელი რუსეთია. რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სხდომას. მოსკოვი ევროპის ირგვლივ ანტი-სარაკეტო თავდაცვითი ქოლგის მშენებლობაში დახმარებისთვის იყო მიპატიჟებული - ეს ის სისტემაა, რომელსაც რუსეთი ყოველთვის საფრთხედ აღიქვამდა და ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, პირველად გაიჟღერა, რომ “ნატო რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.” გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით „აღმოსავლეთ ევროპაში, ნატოს გაფართოებით, რუსეთმა ეკონომიკური სარგებელი მიიღო და ქვეყნის დასავლეთით, სტაბილური და უსაფრთხო მეზობლები შეიძინა.“

სამიტზე ავღანეთის საკითხის განხილვა, საბოლოოდ იმით დამთავრდა, რომ პროცესი 2014 წლისთვის უნდა დასრულდეს. თუმცა ალიანსის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ნატო-ს არმია ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ქვეყანაში დიდი ხნით დარჩება, უზრუნველყოფის ძალების სახით მაინც. რუსეთმა ავღანეთთან მიმართებაში თავისი პოზიცია დააფიქსირა და “მზადაა ავღანეთში ნატო-ს ტვირთების, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის საკუთარი ტერიტორიის გავლით გადაზიდვაზე. ეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მის ბადრაგს და სამხედრო ტექნიკას პაკისტანის ტერიტორიაზე რამდენჯერმე თავს დაესხნენ. “

მნიშვნელოვანი საკითხი ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში კიბერუსაფრთხოებაა. დოკუმენტში კიბერშეტევა განსაზღვრულია მთავარ საფრთხედ, რომელმაც „შესაძლოა ისეთ მასშტაბს მიაღწიოს, რომ საშიშროება შეუქმნას ეროვნულ და ევრო-ატლანტიკურ წინსვლას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.” ეს გულისხმობს იმას, რომ ზოგი კიბერშეტევა შეიძლება განხილული იქნეს NATO-ს ქარტიის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შეტევად, თუმცა დოკუმენტი ამას არ აკონკრეტებს.


სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია ავალდებულებს NATO-ს, „გააგრძელოს და განავითაროს პარტნიორობა საქართველოსთან.” უკრაინის ახალი ხელმძღვანელობის მხრიდან ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის გამო, იყო იმის ილუზია, რომ საქართველოს მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება შეიქმნებოდა. რეალურად აღმოჩნდა ისე, რომ ნატომ მხარი დაუჭირა საქართველოს გზას ნატოს წევრობისკენ.

ლისაბონის სამიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს რაც შეეხება, აღსანიშნავია ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებული რევოლუციები, რომელიც “აფრიკის გაზაფხულით” არის ცნობილი. განაგაშის ზარმა ნატოსთვის მხოლოდ ლიბიაში დარეკა. ლიბიის მმართველმა მუამარ კადაფმა, რომელიც ხელისუფლებაში უკვე ორმოც წელზე მეტია რაც არის, ხალხის გამოსვლას შეიარაღებული ძალებით უპასუხა, რასაც მსოფლიო აჟიოტაჟი მოჰყვა. გარე ძალების ჩარევა მსგავსი შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის აღსაკვეთად, შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა.თუ კი საქართველოსთან მიმართებაში პარალელს გავავლებთ შეიძლება იმის განხილვაც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ომში ჩაბმა გამართლდეს, როგორც მის მიერ აღიარებული “ქვეყნის” “სამხრეთ ოსეთის” მოსახლეობის დაცვა. შეიძლება ეს უხეში შედარებაა, მაგრამ შიდა პოლიტიკური ლანდშაფტის დაქსაქსულობა, გარე ძალების მიერ კორექტირებას არ საჭიროებს, თუ ეს ხელისუფლების ნებას არა წარმოადგენს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ხელისუფლება როგორი გზით არის მოსული. ლიბიაში არანაირი სტატისტიკური მონაცემი იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კადაფის გადაყენებას ითხოვს, არ არსებობს. ნატო რეალურად ჩაერეოდა ლიბიაში მხოლოდ მაშინ, როცა მუსულმანური სამყაროსგან საჭირო თანხმობას მიიღებდა და ასეც მოხდა, არაბულმა ლიგამ გზა გაუხსნა ნატოს ლიბიისკენ მიმავალ გზაზე, იმით რომ დაეთანხმა ნატოს შესვლას ლიბიაში. მუსულმანური სამყარო უფრო კონსოლიდირებული, რომ ყოფილიყო ნატოს პოლიტიკური ნაბიჯები ლიბიის მიმართ ასეთი თამამი ვერ იქნებოდა. ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ “ალიანსი საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში იმოქმედებს, რათა სამოქალაქო საზოგადოება კადაფის რეჟიმისგან დაიცვას.” გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ლიბიის საჰაერო სივრცეში შეიქმნა ფრენისთვის აკრძალული ზონა და ლიბიას იარაღის მიწოდებაზე ემბარგო დაწესდა . საბჭოს 15 წევრიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ათმა. ხუთმა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის რუსეთმა, ჩინეთმა და გერმანიამ.

რეზოლუცია უფლებამოსილებას აძლევს საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენონ „ყველა ზომა“ კადაფის მომხრე სამხედრო ძალების თავადასხმებისაგან სამოქალაქო პირების დასაცავად. ამასთან რეზოლუცია გამორიცხავს საერთაშორისო სამხედრო ძალის შეყვანას ლიბიის ტერიტორიაზე. აშშ-ს პოზიცია ამ მხრივ განსხვავებულია, ამერიკის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არ გამორიცხავენ სამხედრო ინტერვენციას ლიბიაში სტაბილურობის აღსადგენად. ნატოს ინტერვენციამ ლიბიაში შესაძლებელია შეასუსტოს რევოლუციური მუხტი ხალხში, მუამარ კადაფის წინააღმდეგ. თურქეთი, რომელიც შეიარაღებით ნატო-ში მეორე ადგილზეა (პირველ ადგილს აშშ იკავებს) წინააღმდეგია ლიბიაში ნატოს სამხედრო ძალების ჩარევისა. პრემიერ–მინისტრი ერდოღანი აცხადებს, რომ “ლიბიაში ნატოს ინტერვენცია „სისულელე“ იქნება, რადგან იქ მიმდინარე პროცესები ნატოს არც ერთი ქვეყნის უსაფრთხოებას არ უქმნის საფრთხეს, ამიტომ თურქეთი ამ საკითხს მხარს არ დაუჭერს.” ნატოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კვლავ ბუნდოვანია.

ნატო-რუსეთის ურთიერთობის დათმობას რაც შეეხება, ეს საკითხიც გაურკვეველი რჩება. ლისაბონის სამიტზე, სადაც რუსეთს მეგობრობის ხელი გაუწოდეს, საერთოდ არ განხილულა რუსეთის სამხედრო დოქტრინის, ის დებულება, რომელიც მთავარ საფრთხედ ნატო-ს ექსპანსიას აცხადებს. ნათელია, ის რომ დასავლური სამყარო რუსეთთან ანტაგონიზმს ერიდება. რეალპოლიტიკიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ნატო-სთვის ის დახმარება, რასაც მას რუსეთი გლობალურ პრობლემებთან (ავღანეთი, ირანი, ჩრდილოეთ-კორეა, ტერორიზმი) დაკავშირებით სთავაზობს, იმდენად ფასეულია, რომ არ უღირს მასთან სამეზობლოს გამო კონფრონტაციის რისკი. ”იმას რაც ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოსთან ცოტა აქვს საერთო” – ამბობს ნატო-ში რუსეთის ელჩი დიმიტრი როგოზინი. თუმცა, საქართველო კავკასიის რეგიონში ნატოს აპოლოგეტ ქვეყანად კვლავ რჩება და რეალური პოლიტიკური აქტები იმისა, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობებმა საქართველოს ინტერესები შელახა არ არსებობს. სამხედრო ანალიტიკოსი კონსტანტინე სივკოვის აზრით: ”ის რომ ნატო-ს დღემდე აქვს მისი ე.წ. ღია კარის პოლიტიკა, რაც ნებისმიერს გზას უტოვებს ალიანსში გაწევრიანებისთვის. ეს რუსეთის ინტერესების ფეხზე დაკიდებაა.” რაც იმას ნიშნავს, რომ ნატო-რუსეთის ურთიერთობების დათმობაზე საუბარი უტრირებული ნათქვამია. გარდა ამისა ლისაბონის სამიტზე არაერთხელ გაიჟღერა, რომ ნატო ადასტურებს "საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში."

განაპირა რეგიონებში სტაბილიზაციის შენარჩუნება, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა და ა.შ სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ ნატო-ს დღევანდელი პოლიტიკას შეიძლება “გადაწელილი პოლიტიკა” (Streched Policy) ვუწოდოთ. ლიბიაში ინტერვენციის გამო ნატოს რეიტინგი მსოფლიოში შეიძლება დაეცეს, როგორც ეს მოხდა ბუშის ადმინისტრაციის დროს, აშშ-ს ერაყში ინტერვენციისას. ასე, რომ ნატოს ახლანდელი პოლიტიკური აქტები მომავალში შეიძლება მწვავე კრიტიკის საგნად იქცეს.

0
164
3-ს მოსწონს
ავტორი:ბერდია
ბერდია
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0