"ბებოს დაკრძალვის დღეს, ბაბუ ლოგინში გარდაცვლილი დახვდა, მკერდზე ცოლის თავშალი ჰქონდა მიკრული"
ერთ სოფელში, მდინარესთან ახლოს მოცუხი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ბებია უფრო აქტიური იყო, ადრიანად დგებოდა, საქონელს გადენიდა, ეზოს დაგვიდა, კეცზე პურს დააცხობდა, მერე ქმარს გასძახებდა - ადექი, ჩაი დავლიოთო.
შვილები ქალაქში გადასახლდნენ. ზაფხულობით, ისიც იშვიათად უწევდათ მშობლებთან ყოფნა.
საღამო ხანს, მდინარიდან წამოსული ნიავი მთელი სამეზობლოსთვის უდიდესი შვება იყო. სალაპარაკო არც აღარაფერი დარჩათ, მაგრამ ამ არაფერსაც ისე ჰყვებოდნენ, ბევრ რამედ ღირდა მათი მოსმენა.
ბაბუა ძირითადად ჟოხზე დაყრდნობილი მოძრაობდა. ჭიშკარს გადაივლიდა, შემაღლებულ ბორცვზე, ხის სკამზე ჩამოჯდებოდა, დაუღალავად გაჰყურებდა მდინარეს. წყლის დინებასთან ერთად ალბათ, წლების შეუჩერებელ დინებაზე წყდებოდა გული. უთქმელი იყო, უმეტესად ისმენდა... გულში შეიძლება ბევრ რამეზეც საუბრობდა, მაგრამ მით უმეტეს, მის მჭერმეტყველ ცოლთან უძლური იყო.
ბებია შეუძლოდ შეიქნა, მეზობლებმა სასწრაფო გამოიძახეს, ბაბუ სკამიდან არ ამდგარა... იჯდა, ჩუმად, გაუნძრევლად, თითქოს ლურსმნით დაამაგრესო...
რა უდარდელი კაცია, როგორ არ კითხულობს, გადარჩება თუ არა მისი ცოლი - ქოქოლას აყრიდნენ სოფლის ქალები...
ბებია გარდაიცვალა, ბაბუ ჭირისუფლის კუთხეში, სკამზე იჯდა და ისე იღებდა სამძიმარს. არც უტირია, თითქოს გაყინული იყურებოდა.
დაკრძალვის დღეს საძინებელში შვილმა მიაკითხა, სამგლოვიაროდ რომ გამოეწყოთ, მაგრამ ლოგინში გარდაცვლილი დახვდა. მკერდზე ცოლის თავშალი ჰქონდა მიკრული...