x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოგზაურები და გეოგრაფიული აღმოჩენები. გეოგრაფია პატარებისთვის

image

დღეს ჩვენს პლანეტაზე თითქმის ყველაფერი ცნობილია და მის შესახებ ინფორმაციის წაკითხვა წიგნებში და ინტერნეტში შეგვიძლია. მაგრამ, იყო დრო, როდესაც არც წიგნები იყო და არც კომპიუტერი, მაგრამ ადამიანებს მაშინაც ისე აინტერესებდათ ყველაფერი, როგორც დღეს.

ძველ საბერძნეთში მეცნიერი ჰეროდოტე ცხოვრობდა. ძველ მას ბერძნები ყველაზე ჭკვიან ადამიანად თვლიდნენ და ამიტომ მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ, თუ რამდენად დიდი იყო დედამიწა? რომელი ხალხები ცხოვრობდნენ მასზე? ან რა ცხოველები და მცენარეები იყო სხვა ადგილებზე? ამ კითხვებზე პასუხი რომ გაეცა, ის შორეული მოგზაურობიდან დაბრუნებულ ვაჭრებს და მეზღვაურებს ეკითხებოდა მათ მიერ ნანახი ქვეყნების შესახებ და ყველაფერს იწერდა. გარდა ამისა, თავადაც მოგზაურობდა და ასე აგროვებდა ინფორმაციას ჩვენი პლანეტის შესახებ. მოგროვილი ინფორმაციის საფუძველზე, მეცნიერი რუკებს ადგენდა ან ახალ ტერიტორიებს უკვე არსებულ რუკებზე ამატებდა. დედამიწის ზედაპირის პირველი რუკები ძალიან განსხვავდება დღევანდელი რუკებისგან. მასზე მხოლოდ სამი კონტინენტის ნაწილი იყო ასახული და ისიც დამახინჯებული სახით.

imageგადიოდა დრო და ადამიანები სულ უფრო მეტს გებულობდნენ მათ ირგვლივ არსებული ქვეყნების და ხალხების შესახებ. რუკებზე კი სულ ახალ-ახალი ტერიტორიები ჩნდებოდა.

imageკაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ყველაზე მეტი გეოგრაფიული აღმოჩენა სწორედ მაში მოხდა, როდესაც ამაზე ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ...


«დიდი აბრეშუმის გზა»


იმის გამო, რომ ადრე სატრანსპორტო საშუალებები ისე კარგად არ იყო განვითარებული როგორც დღეს, ევროპელები და აზიელები ერთმანეთს ვერ ნახულობდნენ. მაგრამ, მათ ერთმანეთის არსებობის შესახებ ყველაფერი იცოდნენ. ევროპასა და აზიას შორის, უძველესი დროიდან «დიდ აბრეშუმის გზად» არსებობდა, რომლითაც ძირითადად არაბი ვაჭრები სარგებლობდნენ და მათ საქონლის გარდა, ევროპაში ინფორმაცია ჩაჰქონდათ აზიის ქვეყნებისა და იქაური ადამიანების ყოფა-ცხოვრების შესახებ.

აზიიდან ჩამოტანილ საქონელს შორის, ყველაზე დიდი მოთხოვნილება ინდურ სანელებლებზე იყო და გეოგრაფიული აღმოჩენები, ამ «სანელებლებისკენ» მიმავალი გზების აღმოსაჩენად დაგეგმილი ექსპედიციების კვალდაკვალ, თავისთავად ხდებოდა.

image

ევროპაში სანელებლები, აქლემებით გადაჰქონდათ. გზაში გადამტანებს იმდენი ფული ეხარჯებოდათ, რომ ევროპაში წაღებულ პროდუქტს თანდათანობით ფასი ემატებოდა. მაგალითად, თუ ერთი კოვზი პილპილი ინდოეთში 1 ლარი თუ ღირდა, საფრანგეთში ჩატანის შემდეგ, მასში იმდენს იხდიდნენ, რამდენიც ბრილიანტის თვლიანი ოქროს ბეჭედი ღირდა. ამიტომ, ევროპელმა ვაჭრებმა და მეზღვაურებმა გადაწყვიტეს ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზა აღმოეჩინათ, რომ აზიიდან საქონელი გემებით გადმოეტანათ და ვიდრე ეს მოხდებოდა, ერთ-ერთი პირველი ევროპელი, ვინც შორეულ ქვეყნებში, სახმელეთო გზით წავიდა, ვენეციელი ვაჭარი ნიკოლო პოლო იყო. მან ამ მოგზაურობაში, თავისი 17 წლის შვილი, მარკოც წაიყვანა. ჩინეთიდან დაბრუნებულმა მარკო პოლომ წიგნი დაწერა აზიის ქვეყნების და იქ ნანახი საგნების, ადამიანების და მათი ცხოვრების წესის შესახებ.

image


ახალი სამყარო და მეკობრეები


ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის ძიებაში, ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა. მას შემდეგ მან ევროპიდან ამერიკაში კიდევ 3-ჯერ იმოგზაურა, მაგრამ, სიცოცხლის ბოლომდე ეგონა, რომ მისი აღმოჩენილი მიწები ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროები იყო. ამიტომ, თავის მიერ აღმოჩენილ მიწებს, «ვესტ ინდოეთი» (აღმოსავლეთ ინდოეთი) უწოდა, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას «ინდიელები» დაარქვა.

image

რაც შეეხება ინდოეთის საზღვაო გზას, ის ცნობილმა პორტუგალიელმა მეზღვაურმა და მოგზაურმა ვასკო და გამამ აღმოაჩინა.

image

ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთის მეფის სამსახურში იყო, ვასკო დაგამა –პორტუგალიის სამეფო კარს ემსახურებოდა. როდესაც მათ ახალი მიწები აღმოაჩინეს, იქ ციხე-ქალაქები დააარსეს და სხვა ქვეყნის მეზღვაურებს და ვაჭრებს იქ ჩასვლის უფლებას არ აძლევდნენ.


image

ასეთმა სიტუაციამ, ზღვის ყაჩაღები (მეკობრეები) გააჩინა, რომლებიც ევროპისკენ მიმავალ, საქონლით დატვირთულ გემებს გზაში ხვდებოდნენ, ჯერ ტვირთს ართმევდნენ, ხოლო შემდეგ, გემებს ძირავდნენ. მეკობრეობა, ზოგიერთ ქვეყანაში ისეთივე პროფესიად იქცა, როგორიც ჩვენთან ტაქსის მძღოლობა არის. მეკობრე სპეციალურ საბუთს იღებდა, რომელიც მას ყაჩაღობის უფლებას აძლევდა, ხოლი ამ გზით მიღებული სიმდიდრის ნაწილი სამეფო ხაზინაში შეჰქონდა.

image

მეკობრეები სხვადასხვა ქვეყნის და ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ უმრავლესობა ფრანგი ან ინგლისელი იყო. ამ ორი ქვეყნის მეკობრეებს კარიბის ზღვის კუნძულებზე საკუთარი ბაზებიც კი ჰქონდა.

image

ისტორიამ ბევრი მეკობრის სახელი და მაათთან დაკავშირებული ისტორიები შემოგვინახა. ხოლო ინგლისელი მეკობრის – ფრენსის დრეიკის სახელი გეოგრაფიის სახელმძღვანელოშიც შეიტანეს, რადგან მან, ესპანელების გემებს თავს რომ დასხმოდა და დაეყაჩაღებინა, სამხრეთ ამერიკას შემოუარა და ორ კონტინენტს შორის, სრუტე (წყლის სივრცე, რომელიც ერთმანეთთან ოკეანეებს და ზღვებს აკავშირებს) აღმოაჩინა. დღეს სრუტეს სამხრეთ ამერიკასა და ანტარქტიდას შორის, მისი აღმომჩენის – დრეიკის სახელი ჰქვია.

ის რომ გეოგრაფიულ ობიექტს მეკობრის სახელი ჰქვია, ბევრს უსამართლოდ მოეჩვენება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გეოგრაფიულ სახელებთან დაკავშირებით, ბევრი გაუგებრობა და შეუსაბამობა არის. თუნდაც ის, რომ ამერიკა ქ. კოლუმბმა აღმოაჩინა, ხოლო მას ამერიგო ვესპუჩის სახელი ჰქვია.


რატომ დაერქვა ამერიკას ამერიკა?


ჯერ კიდევ კოლუმბის სიცოცხლეში, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწები ინდოეთის კი არა, ახალი კონტინენტის ნაწილი იყო. ამ ინფორმაციის პირველწყარო ამერიგო ვესპუჩი იყო. ის ერთ-ერთი სავაჭრო კომპანიაში მუშაობდა და ახალი გასაღების ბაზრების მოსაძებნად, ესპანური გემებით რამდენჯერმე იმოგზაურა ამერიკაში. მოგზაურობის დროს, ის დღიურების სახით, უფროსებისთვის წარსადგენ ანგარიშებს წერდა. ახალი მიწების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ძალიან საინტერესო იყო და ეს დღიურები, ერთ-ერთი სტამბის მეპატრონემ გამოაქვეყნა. ვესპუჩი, თავის ანგარიშებში, იმ ქვეყნის ბუნებას და ადამიანებს აღწერდა და დარწმუნებით იტყობინებოდა, რომ კოლუმბის მიერ აღმოჩენილი მიწები, ინდოეთის კი არა, ახალი კონტინენტის ნაწილი იყო და მას «ახალ სამყაროდ» მოიხსენიებდა.

image

დღიურების გამოქვეყნების შემდეგ, «ახალი სამყაროს» შესახებ ყველა შეიტყო. გერმანელმა კარტოგრაფმა მარტინ ვალდზეემიერმა რუკა შექმნა, რომელზეც ახალი სამყაროს მიწები ასახა და მას «ამერიკა» უწოდა. როგორც თავად განმარტა, ახამი მიწების აღმომჩენის, ამერიგო ვესპუჩის საპატივცემულოდ, ხოლო თავად სახელი «ამერიკა» – ამერიგოს ლათინური ვარიანტი იყო.

image

იმ პერიოდში, კარტოგრაფები განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდნენ და ახალი მიწების სახელი არავის გაუპროტესტებია.


პირველი მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო


დედამიწის ირგვლივ პირველი მოგზაურობაც, რომელმაც დედამიწის სფეროსებურობა დაამტკიცა, ისევე როგორც სხვა ექსპედიციები, სავაჭრო გზების აღმოსაჩენად იყო გამიზნეულ.

image

მას შემდეგ, რაც . კოლუმბი, ესპანეთის მეფის სახელით, ამერიკის სანაპიროებს მიადგა, ხოლო პორტუგალიელმა ვასკო და გამამ ინდოეთის საზღვაო გზა აღმოაჩინა, ესპანეთმა და პორტუგალიამ მსოფლიო შუაზე გაიყვეს. 46 გრადუსიანი მერიდიანის დასავლეთით ყველაფერი ესპანეთს ეკუთვნოდა, ხოლო აღმოსავლეთით პორტუგალიას. ეს 1494 წელს მოხდა. მაშინ ამერიკა აზია ეგონათ და წყნარი ოკეანის არსებობის შესახებ არაფერი იცოდნენ.
პორტუგალია და ესპანეთი მუდმივად აწყობდნენ ექსპედიციებს «საკუთარ ზონებში», იპყრობდნენ ქვეყნებს და კოლონიებს აარსებდნენ.

პორტუგალიის მიერ მოწყობილ ორ ექსპედიციაში, ღარიბი პორტუგალიელი თავადი, ფერნანდო მაგელანიც მონაწილეობდა. უფულობის გამო, ის სამეფო ფლოტში მსახურობდა. 1505-1511 წწ. ის ინდოეთის ექსპდიციაში მონაწილეობდა. იქიდან დაბრუნებული მაგელანი, ჩრდ. აფრიკის სამხედრო კამპანიაში ჩაება, სადაც დაიჭრა და სამშობლოში დაბრუნდა. დაინვალიდებულმა მაგელანმა, მეფეს თანამდებობაზე დაწინაურება სთხოვა, რადგან პენსია ძალიან მცირე იყო. მაგრამ, უარი მიიღო და ამან იმდენად იმოქმედა მის თავმოყვარეობაზე, რომ ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად და ბედის საძიებლად. იქ მან ასტრონომი . ფალეირე გაეცნო. მან მაგელანი დაარწმუნა, რომ რუკებში კარგად ერკვეოდა და ზუსტად იცოდა, რომ მოლუკის («სანელებლების») კუნძულები, ესპანეთის ნაწილში იყო.

იმ პერიოდში დრეიკის სრუტე ჯერ აღმოჩენილი არ იყო, მაგრამ იცოდნენ, რომ ამერიკის იქით «სამხრეთის ზღვა» არსებობდა, რომელიც ერთ-ერთმა კოლონიზატორმა, ნუნის დე ბალბუამ (პირველი ევროპელი, რომელმაც წყნარი ოკეანე ნახა) აღმოაჩინა, ინდიელების ოქროზე ნადირობის დროს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაგელანმა მოლუკის კუნძულებზე ზღვით მისვლის გეგმა შეიმუშავა. მისი აზრით, ბრაზილიის ქვემოთ სრუტე უნდა ყოფილიყო, რომელიც ატლანტის ოკეანეს «სამხრეთის ზღვასთან» აკავშირებდა. მან თავის გეგმის განხორციეკების შესაძლებლობაში ესპსნეთის მეფის კარიც დაარწმუნა და 1519 . 20 სექტემბერს, 5 გემით და 265 მეზღვაურით, ზღვაში გავიდა. ამერიკამდე სწრაფად მივიდნენ, მაგრამ სრუტის მოძებნა, ორ ოკეანეს შორის, ადვილი არ იყო. ბოლოს, აღმოაჩინეს სრუტე, რომელიც ძალიან ვიწრო და კლდოვანი აღმოჩნდა. ამასთან, გამუდმებით უბერავდა ძლიერი ქარი. სრუტის მეორე მხარეს, მხოლოდ ორი გემი გამოვიდა: «ვიქტორია» და «ტრინიდადი». დანარჩენი გემების ბედი უცნობია. გემები უცნობ ოკეანეში გავიდნენ. ფილიპიებამდე ისე იცურეს, რომ შტორმი არ ყოფილა და ამიტომ, მაგელანმა ოკეანეს «წყნარი» დაარქვა.

მაგელანი ფილიპინებზე ადგილობრივ ტომებს შორი ომში ჩაება და სასიკვდილოდ დაიჭრა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ექსპედიციის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე ხუან სებასტიან ელკანომ აიღო. მან ერთი გემი დაშალა და მისი ნაწილებით მეორე შეაკეთა. გემი, მოლუკის უნძულზე სანელებლებით დატვირთა და ამით მაგელანის გეგმის პირველი ნაწილი შეასრულა. გეგმის მეორე ნაწილის თანახმად, მაგელანი უკან, იგივე გზით უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ, ახალმა კაპიტანმა, წყნარი ოკეანის ხელახლა გადაცურვას, ისევ ინდოეთის ოკეანეში, პორტუგალიურ წყლებში ცურვა ამჯობინა და 1522 . სექტემბერში, 18 კაციანი ეკიპაჟით სამშობლოში დაბრუნდა.

ეს იყო პირველი, მაგრამ დაუგეგმავი მოგზაურობა დედამიწის გარშემო, რომელიც არ შედგებოდა, მაგელანი ფილიპინებზე რომ არ დაღუპულიყი (მაგელანი პორტუგალიურ წყლებში არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდა, რადგან იმ ქვეყნისთვის, ის მოღალატე და მტერი იყო და ისევ წყნარი ოკეანის გავლით დაბრუნდებოდა). ხოლო ამ მოგზაურობის შესახებ, უზომოდ გამდიდრებული, ესპანეთის მეფის გარდა, ვერავინ გაიგებდა.

კონტინენტებიდან ყველაზე ბოლოს, ავსტრალია და ანტარქტიდა აღმოაჩინეს.

ავსტრალიის სანაპიროებისკენ, XVII საუკუნის დასაწყისში, ჯერ ჰოლამდიელმა უილიამ იანსინმა იმოგზაურა და კეიპ-იორკის ნახევარკუნძული აღმოაჩინა, ხოლო იმავე საუკუნის 40-იან წლებში, მისმა თანამემამულემ, აბელ ტასმანმა ავსტრალიის აღმ. სანაპიროებს შემოუარა და ახალი კონტინენტი რუკაზე დაიტანა. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ მეცნიერს ავსტრალიის აღმომჩენად ჯეიმს კუკი მიაჩნია, რადგან სამხრეთ კონტინენტზე მისი მოგზაურობის შემდეგ, დაიწყო ევროპელების მიერ ამ კონტინენტის ათვისება.

image

რაც შეეხება ანტარქტიდას, ის XIX საუკუნის დასაწყისში, რუსული ფლოტის ორმა ადმირალმა: ფადეი ბელინსჰაუზენმა და მიხეილ ლაზარევმა აღმოაჩინეს.

image
imageimageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


§ 1. სახლი დიდი და პატარა. გეოგრაფია პატარებისთვის

§ 2. დედამიწა, როგორც კოსმოსური ხომალდი. გეოგრაფია პატარებისთვის

§ 3. სად არის ქვეყნის დასალიერი? გეოგრაფია პატარებისთვის

image

0
5563
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5563
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0