x
image
George Chubini
ბრილელი მებატონის საინტერესო ცხოვრების გზა და მძიმე დასასრული

1897 წლის 13 აგვისტოს იმდროინდელი ქართული საზოგადოება დაამწუხრა ნიკოლოზ დიასამიძის მკვლელობის ამბავმა.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკო დიასამიძის შესახებ XIX საუკუნის მეორე ნახევრის პერიოდულ პრესაში კრიტიკული წერილებია, მას ამხელენ ფინანსურ მაქინაციებსა და სხვა საქმიანობაში, საზოგადოდ ის ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე და ქველმოქმედი. ეწეოდა პუბლიცისტურ მოღვაწეობასას. დიასამიძეები ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის მებატონეები იყვნენ და როგორც ჩანს სოფლის გლეხობაზე კარგი შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს, სწორედ გლეხების თავდასხმამ იმსხვერპლა ნიკო დიასამიძე. იგი შვილთან ერთად გომის სადგურისკენ მიდიოდა, როცა ტყვია ესროლეს და მოკლეს.
ნიკო 1845 წელს დაბადებულა. 1877 წელს ა. თუთაევთან ერთად გორში თავისი ხარჯით გადააკეთა ძველი როტონდა და იქ თეატრი დაარსა. 1877 წელს მისი აქტიური მონაწილეობით სოფელ რუისში საქველმოქმედო მიზნით დაარსდა საზოგადოებრივი ბანკი, რომელსაც ერთხანს თვითონვე ხელმძღვანელობდა. 1892 წელს სოფელ ბრილში, მის სახლში, მისივე მონაწილეობით ჩატარდა გაზეთ “კვალის" დამფუძვნებელი კრება. გაზეთ “დროებაში" აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს სოციალურ და განათლების საკითხებზე. 1897 წელს, ნიკოლოზ დიასამიძის დაკრძალვას სოფელ ბრილში უამრავ ხალხთან ერთად დასწრებია და მიცვალებულისთვის პატივი მიუგია იმდროინდელ გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე). დაკრძალვას დაესწრო აკაკი წერეთელიც, რომელიც დიასამიძეების ოჯახთან განსაკუთრებით მეგობრობდა.
მან ეს ლექსი მიუძღვნა ნიკო დიასამიძეს:
“ შენც გიცნობდი, ფიცხი იყავ,
თავგამწევი, მეტი ჩქარი,
მაგრამ ძვირად შემხვედრია
შენებრ წმინდა მეგობარი!
ლხინში კარგი, ჭირში მარგი,
პირის კაცი, უტყუარი,
სიმართლის დროს საიდუმლოდ
თვით მტრებისაც მეგობარი.
საზოგადო ჩვენი საქმის
თანამგრძნობი უებარი,
ავის მტერი სიტყვით, ქცევით,
კარგის - გულით მეგობარი".
ნიკო დიასამიძე დაკრძალულია სოფელ ბრილში.
სწორედ ნიკო დიასამიძის უფროსი ვაჟი, რომელიც მისი მკვვლელობისას თან ახლდა, იყო გრიგოლ დიასამიძე, საბჭოთა პერიოდში ემიგრაციაში წასული მოღვაწე, ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი. იგი 1960 წლის 14 მარტს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ნოვო-დივეევოს მართლმადიდებლური მონასტრის ეზოში, ნიუ-იორკში, აშშ.

imageimageimageimage



0
276
3-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
276
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0