x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ორატორი

image
სოკრატს ჰყავდა ახალგაზრდა მეგობარი ევფიდემი, მეტსახელით ლამაზი. მას ერთი სული ჰქონდა, მალე გაზრდილიყო, როგორც პოლიტიკოსი და სიტყვით გამოსულიყო სახალხო თავყრილობაზე. სოკრატს მისი აზრზე მოყვანა უნდოდა და ერთხელ ჰკითხა:

— მითხარი ევფიდემ, იცი თუ არა, რა არის სამართლიანობა?
— რა თქმა უნდა, ვიცი, არანაკლებ ვინმე სხვაზე.
— აი მე, პოლიტიკოსი არა ვარ და მიჭირს ამ საკითხებში გარკვევა. მითხარი, ტყუილის თქმა, მოპარვა, ადამიანების გატაცება და მონად გაყიდვა — ეს სამართლიანია?
— რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი!
— მაგრამ თუ მხედართმთავარი, მტრის თავდასხმას მოგერიებს და ტყვეებს აიყვანს და მონებად გაყიდის, ეს არასამართლიანი იქნება?
— არა, ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება.
— და თუ ის დაარბევს და დააყაჩაღებს მათ მიწებს?
— ესეც სამართლიანი იქნება.
— და თუ ეშმაკობით აჯობა მტერს, თუ მოატყუა?
— ესეც სამართლიანი. დიახ, სიცრუე, ტყუილი, და ძარცვა — მტერთან მიმართებაში სამართლიანია, ხოლო მეგობრებთან – უსამართლობა.
— მშვენიერია! ახლა მეც გავერკვიე. მაგრამ აი რა მითხარი, მეგობარო, თუ მხედართმთავარი დაინახავს, რომ მისმა მეომრებმა მხნეობა დაკარგეს და მოატყუებს, თითქოს მათ დასახმარებლად, მოკავშირეები მოდიან და ეს მათ გაამხნევებთ, ასეთი ტყუილი არასამართლიანი იქნება?
— არა, ვფიქრობ რომ არა, სამართლიანი იქნება.
— და თუ ბავშვი წამალს არ სვამს და მშობლები ამ წამალს საჭმელში შეურევენ და ბავშვი გამოჯანმრთელდება, ასეთი ტყუილი არასამართლიანი იქნება?
— არა, ესეც სამართლიანი იქნება.
— და თუ მეგობარმა ნახა, რომ მისი მეგობარი დეპრესიაშია და მას ხმალს-ხანჯალს მოპარავს, რომ თავი არ მოიკლას, რას იტყვი ასეთ ქურდობაზე?
— ესეც სამართლიანია. დიახ, სოკრატ, გამოდის რომ სწორედ არ გითხარი. უნდა მეთქვა: სიცრუე და ქურდობა — მტერთან მიმართებაში სამართლიანია, სამართლიანია მეგობრებთან მიმართებაშიც, როდესაც მათთვის კეთილდღეობა მოაქვს და უსამართლოა

როდესაც ეს ბოროტი განზრახვით კეთდება.
— ძალიან კარგი. ახლა ვხედავ, რომ ვიდრე სამართლიანობაში გავერკვევი, ჯერ სიკეთის და ბოროტების გარჩევა უნდა ვისწავლო. და რა თქმა უნდა, შენ ამ საკითხებში კარგად ერკვევი არა?
— ვფიქრობდი, რომ ვერკვეოდი, სოკრატ, მაგრამ ახლა უკვე ეჭვი მეპარება.
— აბა, სიკეთეზე და ბოროტებაზე რას მეტყვი?
— აი, მაგალითად, ჯანმრთელობა — ეს სიკეთეა, ხოლო ავადმყოფობა — ბოროტება. სასმელი და საჭმელი, რომელიც სასარგებლოა ორგანიზმისთვის, — სიკეთეა, ხოლო თუ ზიანი მოაქვს და ავადმყოფობას იწვევს, — ბოროტება არის.
— ძალიან კარგი, საჭმელზე და სასმელზე გავიგე. მაგრამ, იქნებ, ჯანმრთელობაზეც მითხრა რამე, ამის მსგავსი: როდის არის ის სიკეთის და როდის არის ბოროტების მომტანი?
— სოკრატ, მაგას რას ამბობ, როდის იყო, რომ ჯანმრთელობას ბოროტება მოჰქონდა?
— აი, მაგალითად, დაიწყო ომი და ყველა ჯანმრთელი წავიდა საომრად. ისინი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდნენ და ყველანი დაიღუპნენ, ხოლო ვინც ავად იყო, სახლში დარჩა და გადარჩა. ამ შემთხვევაშ, ჯანმრთელობა რა არის – სიკეთე თუ ბოროტება?
— ჰო, მე ვხედავ, სოკრატ, რომ შესაფერისი მაგალითი ვერ მოვიყვანე. მაგრამ, ალბათ, შეიძლება ითქვას, რომ ჭკვა — სიკეთეა!
— ყოველთვის ასეა? აი სპარსეთის მეფე გამუდმებით ითხოვს ბერძნული ქალაქებისგან, რომ მის სასახლეში ჭკვიან და ხელმარჯვე ოსტატები ჩავიდნენ. მათ თავისთან აკავებს და სამშობლოში აღარ უშვებს. მათთვის ჭკვას სიკეთე მოაქვს თუ უბედურება?
— მაშინ — სილამაზე, ძალა, სიმდიდრე, სახელი და დიდება!
— მაგრამ, ლამაზები ხომ ყველაზე ხშირად ხდებიან მონათ ვაჭრების თავდასხმის მსხვერპლები, რადგან ლამაზი ადამიანი უფრო ძვირად ფასობს. ძლიერი ადამიანები, ხშირად, ხელს ისეთ საქმეებს ჰკიდებენ, რომელიც მათ შესაძლებლობებს აღემატება და დიდ პრობლემებში ეხვევიან. მდიდრები, ხშირად, ინტრიგების მსხვერპლები ხდებიან, ხოლო სახელი და დიდება, შურს იწვევს და ამის გამოც, შეიძლება, ადამიანი დაზარალდეს.

— ეს თუ ასეა, — უხალისოდ თქვა ევფიდემ, — მაშინ არ ვიცი, ღმერთთან რზე ვილოცო?
— ნუ იდარდებ! უბრალოდ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ჯერ არ იცი რაზე უნდა ელაპარაკო ხალხს. მაგრამ, ხალხს ხომ მაინც იცნობ?

— ვფიქრობ, რომ ვიცნობ, სოკრატ.
— და რისგან შედგება ხალხი?
— ღარიბებისგან და მდიდრებისგან.
— და ვის ეძახი ღარიბებს და მდიდრებს?
— ღარიბები — ისინი არიან, ვისაც ფული არა ჰყოფნით ცხოვრებისთვის, ხოლო მდიდრები — ვისაც ყველაფერი მოჭარბებული და უფრო მეტი აქვთ.
— ისე არ ხდება, რომ ღარიბი მცირე სახსრებით ყველაფერს კარგად უმკლავდება, ხოლო მდიდარს ნებისმიერი სიმდიდრე ეცოტავება?
— მართალია, ასეც ხდება!
— ახლა, რაღა? გაუმაძღარი მდიდრები ღარიბებს მივაწეროთ, ხოლი ღარიბები, რომლებიც კარგად უძღვებიან თავიაანთ საქმეებს — მდიდრებს?
— არა, უმჯობესია ამას თუ არ გავაკეთებთ, სოკრატ. ვხედავ, რომ ხალხში ვერ ვერკვევი კარგად.
— სასოწარკვეთას ნუ მიეცემი! ხალხზე, შენ კიდევ იფიქრებ, მაგრამ საკუთარ თავზე და შენ მომავალ, ორატორ მეგობრებზე, ხომ გიფიქრია, და არა ერთხელ. ამიტომ, იცი რა მითხარი: ხომ არსებობენ ისეთი ორატორები, რომლებიც ხალხს ატყუებენ. ზოგი ამას განზრახ აკეთებს, ზოგიც უპასუხისმგებლობის გამო. რომელია უკეთესი და რომელი უარესი?
— ვფიქრობ, რომ უფრო უარესია ის, ვინც განზრახ იტყუება, ვიდრე ის, ვინც ამას განზრახ არ აკეთებს.
— მაშინ მითხარი, თუ ერთი ადამიანი განზრახ წერს შეცდომებით, ხოლო მეორე ამას არაგანზრახ აკეთებს, რომელი უფრო განათლებულია?
— ალბათ ის, ვინც განზრახ აკეთებს ამას, რადგან თუ ის მოინდომებს, უშეცდომოდაც დაწერს.
— და აქედან არ გამოდის? რომ ის ვინც განზრახ იტყუება, უკეთესია მასზე, ვინც ამას არაგანზრახ აკეთებს, რადგან მას, თუ მოისურვებს, შეუძლია ხალხს ტყუილის გარეშე ელაპარაკოს!
— არ გინდა სოკრატ, ნუ მეუბნები ამას, მე შენს გარეშეც ვხედავ, რომ არაფერი ვიცი და უმჯობესია, რომ ხმა საერთოდ არ ამოვიღო!
და დამწუხრებული ევფიდემი სახლში წავიდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს, აღარ სურდა სოკრატთან ურთიერთობის გაგრძელება.

0
184
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0