x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები. (Photoshop CS 4 & 5)

რასტრული გამოსახულება პიქსელების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლებიც ერთმანეთისგან მხოლოდ ფერით განსხვავდებიან. გამოსახულების რედაქტირებისას და ფოტომონტაჟის დროს, ხშირია შემთხვევები როდესაც საჭიროა არა მთლიანი გამოსახულების, არამედ მისი მხოლოდ ნაწილის კორექცია, კოპირება, გადაადგილება, ფონის წაშლა. ამ და კიდევ სხვა ოპერასიების ჩასატარებლად, საჭიროა გამოსახულებიდან პიქსელების გარკვეული ჯგუფის გამოყოფა. გამოყოფის შექმნის შემდეგ, გამოსახულებაზე ჩნდება ანიმირებული კონტური ე. წ. „ჭიანჭველის ბილიკი“ (ნახ. 1).

გამოსახულებებზე დააწკაპუნეთ, რომ სრულ ზომაზე გაიხსნას

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

პროგრამაში გამოყოფის შექმნის ბევრი ხერხი და საშუალება არსებობს. გამოყოფის მეთოდი კი დამოკიდებულია გამოსაყოფი ობიექტის ფორმაზე და პროგრამის მომხმარებლის უნარ-ჩვევებზე.

გამოყოფის შექმნა შეიძლება გამოყოფის ხელსაწყოებით, რომლებიც ხელსაწყოების პანელზე სამ ჯგუფში არის განაწილებული (ნახ. 2):

I. ოლქის გამოყოფის ხელსაწყოები – გამოიყენება სწორგვერდიანი ობიექტების გამოსაყოფად.

II. ლასოს ჯგუფის ხელსაწყოები – გამოიყენება არასწორგვერდებიანი ობიექტების გამოსაყოფად.

III. ავტომატური გამოყოფის ხელსაწყოები – გამოიყენება ერთფერიანი და მონოტონურფერიანი ობიექტების გამოსაყოფად.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

გამოყოფის კონტურის შექმნა pen (კალამი) ხელსაწყოს გამოყენებითაც არის შესაძლებელი. ეს ხელსაწყო ვექტორული ხელსაწყოების ჯგუფს ეკუთვნის და სახელმძღვანელოს შესაბამის თავში იქნება განხილული.

გამოყოფის ხელსაწყოების გარდა, გამოყოფის შექმნისათვის გამოიყენება ფერთა დიაპაზონის ბრძანება (Color Range), სწრაფი ნიღბის რეჟიმი (Quick Mask), ალფა არხები და Layer Style სადიალოგო ფანჯრის Blending Options განყოფილება.

გარდა ხელსაწყოებისა და ბრძანებებისა, გამოყოფის კონტურებთან სამუშაოდ გამოიყენება სპეციალური Select მენიუ და გამოყოფის ოლქის კონტექსტური მენიუ.

გამოყოფის ხელსაწყოები

გამოყოფის ხელსაწყოებიდან რომელიმეს არჩევის შემთხვევაში, ეკრანზე გამოდის შერჩეული ხელსაწყოს შესაბამისი პარამეტრების პანელი (ნახ. 3), რომელზეც პარამეტრების დარეგულირება გამოყოფის ოპერაციის დაწყებამდე უნდა მოხდეს, რადგან გამოყოფის კონტურის შექმნის შემდეგ, შეცვლილი პარამეტრები, გამოყოფის კონტურზე გავლენას უკვე ვეღარ მოახდენს.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

სხვადასხვა ხელსაწყოების პარამეტრების პანელებზე მსგავსი პარამეტრები არის განთავსებული და თითოეული ხელსაწყოს ინდივიდუალურად განხილვამდე, სწორედ ამ პარამეტრებზე შევჩერდებით.

I. პარამეტრების პანელების თავში მოთავსებული არის ხელსაწყოს რეჟიმების გადამრთველი ღილაკები.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

ხელსაწყო მუშაობს ოთხ რეჟიმში:

1) New seleсtion – ახალი გამოყოფის შექმნა;

2) Add to seleсtion – უკვე არსებულ გამოყოფაზე გამოყოფის მიმატება ან იმავე გამოსახულებაზე სხვა გამოყოფის შექმნა (ნებისმიერი რაოდენობის გამოყოფის შექმნა არის შესაძლებელი);

3) Subtract From seleсtion – არსებული გამოყოფიდან ნაწილის გამოკლება;

4) Intersect with seleсtion – გამოყოფის შექმნა ძაველ და ახალი გამოყოფის გადაკვეთაზე;

ხელსაწყოს რეჟიმებს შორის გადართვა პარამეტრების პანელის გარეშეც არის შესაძლებელი. გამოყოფის კონტურის შექმნის შემდეგ, ნებისმიერ რეჟიმში მყოფი ხელსაწყოს რეჟიმის შეცვლა შეიძლება კლავიატურის ღილაკების გამოყენებით:

Shift ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყო გადადის ახალი გამოყოფის დამატების რეჟიმში;

Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყო გადადის გამოყოფის გამოკლების რეჟიმში;

Sift+Alt ღილაკებზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყო გადადის გამოყოფის გადაკვეთის შექმნის რეჟიმში;

II. Feather პარამეტრი, რომელიც თითქმის ყველა ხელსაწყოს პარამეტრების პანელზე არის მოთავსებული, განსაზღვრავს გამოყოფის კონტურის საზღვრის სირბილეს ანუ საზღვრის გადარეცხვის რადიუსს. რაც უფრო დიდია ამ პარამეტრის მაჩვენებელი, მოთ უფრო რბილია გამოყოფის საზღვარი.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

III. Anti-aliased პარამეტრი, რომელიც ასევე მოთავსებულია თითქმის ყველა პანელზე, უზრუნველყოფს გამოყოფის საზღვრის მოსწორებას. თუ გადამრთველი გათიშულია და Feather პარამეტრის მაჩვენებელი ნულის ტოლია, მიიღება მკვეთრი საფეხურებისებური საზღვარი, ხოლო გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, საზღვარი შედარებით რბილი და მოსწორებულია.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

IV. ყველა ხელსაწყოს პანელის ბოლოს მოთავსებულია გამოყოფის საზღვრის რედაქტირების Refine Edge ღილაკი, რომელიც გამოყოფის კონტურის შექმნის შემდეგ აქტიურდება. Refine Edge ფუნქცია, მოცემული თავში, მოგვიანებით იქნება განხილული, გამოყოფის ყველა შესაძლო ხერხის და ტერმინის შესწავლის შემდეგ.

ოლქის გამოყოფის ხელსაწყოები

გამოყოფის ხელსაწყოების ოლქის გამოყოფის ჯგუფში ოთხი ხელსაწყო არის გაერთიანებული:

I. Rectangular Marquee (მართკუთხა გამოყოფის ოლქი) – გამოიყენება სწორკუთხა ოლქების შესაქმნელად;

II. Elliptical Marquee (ელიფსური გამოყოფის ოლქი) – გამოიყენება მრგვალი და ოვალური ოლქების შესაქმნელად;

III. Single Row Marquee (პიქსელების ჰორიზონტალური რიგი) – გამოიყენება ერთპიქსელიანი სიმაღლის ჰორიზონტალური ოლქის შესაქმნელად;

IV. Single Column Marquee (პიქსელების ვერტიკალური რიგი) – გამოიყენება ერთპიქსელიანი სიგანის ვერტიკალური ოლქის შესაქმნელად;

ბოლო ორი ხელსაწყო ვებ-დიზაინერებისთვის არის პროგრამაში და გამოსახულებაზე მუშაობის დროს, ფაქტიურად არ გამოიყენება, რადგან ერთპიქსელიანი გამოყოფის ოლქი საერთოდ არ ჩანს მაღალი რეზოლუციის გამოსახულებაზე 100% მასშტაბის პირობებში. აღნიშნული ხელსაწყოების მოხმარების წესი ძალიან მარტივია: უნდა გავააქტიუროთ ხელსაწყო და დავაწკაპუნოთ გამოსახულებაზე. დაწკაპუნების ადგილზე გამოყოფის ოლქი შეიქმნება ჰორიზონტალური მიმართულებით დოკუმენტის მთელ სიგრძეზე ან ვერტიკალური მიმართულებით დოკუმენტის მთელ სიმაღლეზე, გააჩნია რომელი ხელსაწყო არის აქტიური.

Rectangular Marquee და Elliptical Marquee ხელსაწყოებს ერთნაირი პარამეტრების პანელები აქვთ და მოხმარების წესებიც ანალოგიურია. გამოყოფის ოლქის შესაქმნელად, საჭიროა მაუსის მარცხენა ღილაკის დაწკაპუნებით, საყრდენი წერტილის არჩევა გამოსახულებაზე და მაუსის გაქაჩვა დიაგონალის მიმართულებით.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

თუ კვადრატის ან წრის ფორმის გამოყოფის ოლქის შექმნა არის საჭირო, გამოყოფის დაწყებამდე საჭიროა Shift ღილაკზე დაჭერა. ღილაკიდან თითის აშვება უნდა მოხდეს მაუსიდან თითის აშვების შემდეგ.

გამოყოფის დაწყებამდე, Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, გამოყოფის ოლქი იქმნება ცენტრიდან, ხოლო Shift და Alt ღილაკების კომბინაციით – ცენტრიდან და მიიღება კვადრატი და წრე.

ღილაკების გამოყენებით გამოყოფის შექმნის წესი ვრცელდება მხოლოდ ხელსაწყოს ახალი ოლქის გამოყოფის რეჟიმზე (New seleсtion). იმ შემთხვევაში, თუ გამოსახულებაზე უკვე არის გამოყოფის ოლქი, ზემოთ ხსენებული ღილაკები, ხელსაწყოს რეჟიმებს შორის გადართვის ფუნქციებს იძენენ.

გამოყოფის ოლქის შექმნის დროს, პროპორციების დაცვა და წინასწარ განსაზღვრული ზომებით გამოყოფის ოლქის შექმნა შესაძლებელია, ხელსაწყოების პარამეტრების პანელებზე განთავსებული, გამოყოფის მეთოდის განმსაზღვრელი, Style ჩამოსაშლელი მენიუს გამოყენებით:

Normal მეთოდი ავტომატურად არის დაყენებული და ოლქის პროპორციები და ზომა პროგრამის მომხმარებლის სურვილზე არის დამოკიდებული;

Fixed Ratio მეთოდის არჩევის შემთხვევაში, აქტიურდება პარამეტრის გვერდით მოთავსებული Width და Height ველები, რომლებშიც შესაძლებელია მომავალი გამოყოფის ოლქის სიგანისა და სიმაღლის პროპორციების ჩაწერა;

Fixed Size მეთოდის არჩევის შემთხვევაში, შესაძლებელია განსაზღვრული ზომის გამოყოფის ოლქის შექმნა Width და Height ველებში მაჩვენებლების ჩაწერის შემდეგ. ამ მეთოდის გამოყენების დროს, არ არის საჭირო გამოსახულებაზე საყრდენი წერტილის არჩევა და მაუსის გაქაჩვა, საკმარისია გამოსახულებაზე მაუსის დაწკაპუნება და გამოყოფის ოლქი ავტომატურად შეიქმნება.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

გამოყოფის კონტურის გადაადგილება და ტრანსფორმირება

გამოყოფის ობიექტზე, გამოყოფის კონტურის ზუსტად მორგება რთულია, ამიტომ შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი გადაადგილება გამოყოფის შექმნის პროცესში. ამისათვის საჭიროა გამოყოფის პროცესის შჩერება (მაუსიდან თითის აღების გარეშე), Space ღილაკზე (ყველაზე გრძელი ღილაკი, რომლითაც ბეჭვდვის დროს სიტყვევს შორის ადგილებს ტოვებს)დაჭერა და გამოყოფის ოლქის გადაადგილება, ამის შემდეგ, საჭიროა Space ღილაკიდან თითის აშვება და გამოყოფის პროცესის გაგრძელება.

უკვე შექმნილი გამოყოფის კონტურის გადასადგილებლად, საჭიროა ხელსაწყოს გადაყვანა ახალი გამოყოფის შექმნის რეჟიმში და მაუსის მაჩვენებლის მოთავსება გამოყოფის ოლქის შიგნით. გამოყოფის ოლქში მაუსის მაჩვენებელი მიიღებს ისრისა და მართკუთხა გამოყოფის ოლქის ფორმას. მაუსის მარცხენა ღილაკზე დაჭერით, შესაძლებელია კონტურის გადატანა სასურველ ადგილზე. კონტურის გადაადგილება შესაძლებელია კლავიატურის ისრიანი ღილაკებითაც. ერთი წკაპუნი კონტურს 1 პიქსელით გადაადგილებს, ხოლო Shift ღილაკის თანხლებით დაწკაპუნების შემთხვევაში – 10 პიქსელზე.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

გამოყოფის კონტურის გამოსაყოფ ობიექტზე მოსარგებად, შესაძლებელია საჭირო გახდეს გამოყოფის ოლქის ტრანსფორმირება. ამ შემთხვევაში გამოიყენება Select მენიუს Transform Selection ბრძანება. გამოყოფის ოლქის ტრანსფორმირების დროს ოლქის კონტურის ირგვლივ ჩნდება ტრანსფორმირების ჩარჩო. ტრანსფორმირების წესები იგივეა, რაც თავისუფალი ტრანსფორმირების (Free Transform) დროს.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

შენიშვნა: გამოყოფის კონტურის, გამოსაყოფი ობიექტის საზღვარზე სუსტად მოსარგებად, საჭიროა გამოსახულების მასშტაბის გადიდება.

გამოყოფის კონტურის დამალვა და გაუქმება

თუ გამოსახულების რედაქტირების დროს, გამოყოფის კონტური ეფარება გამოყოფის საზღვარს და ხელს უშლის რედაქტირების პროსესს, მისი დროებითი დამალვა შესაძლებელია Ctrl+H ღილაკების კომბინაციით. ამ დროს გამოყოფის ოლქი არ უქმდება, მხოლოდ გამოყოფის კონტური ქრება ეკრანიდან. კონტურის ეკრანზე აღდგენა შეიძლება იგივე ღილაკებზე დაჭერით.

გამოყოფის ოლქის გაუქმება შესაძლებელია Select მენიუს Deseleсt ბრძანებით ან Ctrl+D ღილაკების კომბინაციით.

ლასოს ჯგუფის ხელსაწყოები

გამოყოფის ხელსაწყოების ლასოს ჯგუფში სამი ხელსაწყო არის გაერთიანებული:

I. Lasso (ლასო) – გამოიყენება სწრაფი გამოყოფისთვის, ობიექტის საზღვრების გათვალისწინების გარეშე;

II. Polygonal Lasso (პოლიგონალური ლასო) – გამოიყენება მრავალკუთხა ობიექტების გამოსაყოფად;

III. Magnetic Lasso (მაგნიტური ლასო) – გამოიყენება კონტრასტული საწღვრების მქონე ობიექტების გამოსაყოფად;

ლასოს ჯგუფის ხელსაწყოები რთული საზღვრების მქონე ობიექტების გამოსაყოფად გამოიყენება. მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული ფუნქციები და მოხმარების წესები აქვთ:

ხელსაწყო Lasso იმ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც გამოსაყოფი ობიექტი ერთფეროვან ფონზე მდებარეობს და გამოყოფის საზღვარს დიდი მნოშვნელობა არა აქვს. აღნიშნული ხელსაწყოს გააქტიურების შემდეგ, საჭიროა გამოსახულებაზე მაუსის მარცხენა ღილაკით დაჭერა და ობიექტის ირგვლივ, მაუსიდან თითის აუღებლად, კონტურის შემოვლება. საწყის წერტილთან მისვლის შემდეგ, ეკრანზე გამოყოფის კონტური გამოჩნდება. იმ შემთხვევაში თუ მაუსიდან თითის აღება საწყის წერტილთან მისვლამდე მოხდება, პროგრამა ავტომატურად შეკრავს კონტურს სწორი ხაზით.

გამოყოფის კონტურის შექმნის შემდეგ, შესაძლებელია გამოყოფის ობიექტის კოპირება ახალ ფენაზე (Ctrl+J), მისი გამრავლება და ტრანსფორმირება.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

Polygonal Lasso ხელსაწყოს გააქტიურების შემდეგ, საჭიროა საყრდენი წერტილის დასმა გამოსაყოფი ობიექტის ერთ-ერთი გვერდის საწყის წერტილზე, შემდეგ მეორე საყრდენი წერტილის დასმა გვერდის ბოლო წერტილზე და ასე ყველა გვერდის საწყის და ბოლო წერტილებზე. საწყის საყრდენ წერტილთან მიახლოვების დროს, ხელსაწყოს ქვემოთ უჩნდება პატარა რგოლი, რაც იმის მაჩვენებელია რომ გამოყოფა დასრულებულია და საჭიროა საწყის წერტილზე დაწკაპუნება. გამოყოფის საზღვრის შეკვრის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება გამოყოფის კონტური.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

გამოყოფის დროს Shift ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყო ქმნის 45°-იან კუთხეს წინა გვერდთან, ხოლო Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ხელსაწყო Polygonal Lasso, ხელსაწყო Lasso-დ გადაიქცევა, ღილაკიდან თითის აღების შემთხვევაში, ისევ Polygonal Lasso დაბრუნდება.

შენიშვნა: ხელსაწყო Lasso -თი მუშაობის დროს Alt ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, ის Polygonal Lasso -დ გადაიქცევა, ღილაკიდან თითის აშვების შემდეგ, ისევ Lasso დაბრუნდება.

გამოყოფის პროცესში თუ საყრდენი წერტილის დასმა შეცდომით მოხდა, მისი გაუქმება შესაძლებელია Backspace ან Delete ღილაკებზე დაჭერით.

შენიშვნა: აღნიშნული ხელსაწყოთი მუშაობის დროს, ზუსტად რომ მოხდეს კონტურის საზღვარზე მორგება, საჭიროა გამოსახულების მასშტაბის გაზრდა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მასშტაბის გადიდების შემდეგ, გამოყოფის ობიექტი სრულად არ გამოჩნდება დოკუმენტის ფანჯარაში, უნდა შეჩერდეს გამოყოფის პროცესი, მოხდეს Space ღილაკზე დაჭერა (მაუსის მაჩვენებელი ხელის ფორმას მიიღება) და გამოსახულების გადაადგილება. Space ღილაკიდან ხელის აშვების შემდეგ, ისევ ხელსაწყო Polygonal Lasso დაბრუნდება.

ხელსაწყო Magnetic Lasso კონტრასტული საზღვრების მონიტორინგს ატარებს და მხოლოდ ამის შემდეგ ავლებს საზღვარს, ავტომატურ რეჟიმში, გამოსაყოფ ობიექტსა და ფონს შორის. ხელსაწყოს ამორჩევის შემდეგ, საჭიროა ერთი საყრდენი წერტილის დასმა გამოსაყოფი ობიექტის საზღვარზე მაუსის მარცხენა ღილაკზე დაწკაპუნებით, ღილაკიდან თითის აშვება და საზღვრის გასწვრივ მაუსის გაყოლება. ხელსაწყოს გარკვეული დრო ესაჭიროება საზღვრის შესწავლისათვის, რის შემდეგაც, ვატომატურად გაავლებს საზღვარს და დასვამს საკვანძო წერტილებს. წერტილების დასმა მაუსის ჩაწკაპუნებითაც შეიძლება, იმ შემთხვევაში თუ ობიექტის საზღვარი გადარეცხილია და ხელსაწყო საზღვრის გავლებას ვერ ახერხებს. იმ შემთხვევაში თუ საზღვრიდან გადახვევა მოხდა ან საკვანძო წერტილი შეცდომით დაისვა, მისი გაუქმება შეიძლება Backspace ან Delete ღილაკებზე დაჭერით. პირველ საყრდენ წერტილთან მიახლოებისას, ხელსაწყოს ქვედა ნაწილში ჩნდება რგოლი, საჭიროა მაუსის მარცხენა ღილაკზე დაწკაპუნება და კონტურის შეკვრა. ამის შემდეგ ქრება საკონტროლო წერტილები და ჩნდება გამოყოფის კონტური.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

ხელსაწყომ უკეთესად რომ იმუშაოს და ნაკლები შეცდომები დაუშვას, საჭიროა მისი პროგრამირება პარამეტრების პანელის გამოყენებით.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

Width პარამეტრი განსაზღვრავს მონიტორინგის საზღვრის სიგანეს მაუსის მაჩვენებლის ორივე მხარეს. ავტომატურ რეჟიმში დაყენებულია 10 პიქსელი.

Contrast პარამეტრი განსაზღვრავს ხელსაწყოს მგრძნობელობის დონეს. პარამეტრის დიაპაზონი 1-დან 100%-მდეა. რაც უფრო დაბალკონტრასტულია საზღვარი, მით უფრო დაბალი მაჩვენებლების დაყენება არის საჭირო.

Frequency პარამეტრი განსაზღვრავს საკვანძო წერტილების დასმის სიხშირეს. პარამეტრის მაჩვენებლის დიაპაზომი 1-დან 100-მდე მერყეობს. დიდი მაჩვენებლების პირობებში, მეტი საკვანძო წერტილები ისმევა. თუ გამოსაყოფი ობიექტის საზღვარი ძალიან რთულია, მაჩვენებელი მაღალი უნდა იყოს.

Stylus Pressure ღილაკი პლანშეტით მუშაობის დრის გამოიყენება. რაც უფრო ძლიერია კალმის დაჭერა, მით უფრო ნაკლებად ხდება საძღვრის ანალიზი.

ავტომატური გამოყოფის ხელსაწყოები

ავტომატური გამოყოფის ხელსაწყოების ჯგუფში ორი ხელსაწყო არის გაერთიანებული:

I. Magic Wand (ჯადოსნური ჯოხი) – გამოიყენება ერთფერიანი და ფერით ახლოს მდგარი პიქსელების გამოსაყოფად.

II. Quick Selection (სწრაფი გამოყოფა) – გამოიყენება ერთფერიანი ობიექტების სწრაფად გამოსაყოფად.

ორივე ხელსაწყო ობიექტს გამოყოფს ფერის საფუძველზე, მაგრამ განსხვავებული მოხმარების წესები და პარამეტრები აქვთ.

Magic Wand ხელსაწყოს გამოყენებისთვის საკმარისია ხელსაწყოს არჩევა და გამოსახულებაზე, გამოსაყოფ ობიექტზე, მაუსის მარცხენა ღილაკით დაწკაპუნება. გამოყოფის ოლქი ავტომატურად შეიქმნება.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

პროგრამა ავტომატურ რეჟიმში გამოყოფს ერთმანეთთან ფერით ახლოს მდგარ პიქსელებს. გამოსაყოფი ფერის დიაპაზონის და განლაგების განსაზღვრა, ხდება ხელსაწყოს პარამეტრების პანელით.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

Tolerance პარამეტრი განსაზღვრავს გამოსაყოფი პიქსელების ფერის დიაპაზონს. პარამეტრის მაჩვენებლის დიაპაზონი 0-დან 255-მდეა. რაც უფრო ნაკლებია მნიშვნელობა, მით უფრო ნაკლები ფერები ხვდება გამოყოფის არეში. თუ მაჩვენებელი 1-ის ტოლია, მხოლოდ ერთი ფერი გამოიყოფა, ხოლო თუ მაჩვენებელი 255-ის ტოლია – ყველა ფერი ანუ მთელი გამოსახულება.

Contiguous გადამრთველი განსაზღვრავს გამოყოფის ოლქის განვრცობადობას. თუ გადამრთველი გააქტიურებულია, მხოლოდ კურსორის დაწკაპუნების მეზობლად მდებარე პიქსელები გამოიყოფა მითითებულ დიაპაზონში, ხოლო თუ გადამრთველი გათიშულია, გამოიყოფა გამოსახულების ყველა პიქსელი მითითებული დიაპაზონის ფარგლებში.

Sample All Layers გადამრთველი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ გამოსახულება რამოდენიმე ფენას შეიცავს და ყველა ფენაზე არის საჭირო გამოყოფის ოლქის შექმნა.

Quick Selection ხელსაწყოს ფუნჯის ფორმა აქვს და ისე მუშაობს როგორც ფუნჯი, იმ განსხვავებით, რომ ობიერტზე ფერის დადების ნაცვლად, გამოსახულებაზე, გამოყოფის ოლქი „იხატება“. ხელსაწყოს გამოსახულებაზე დაწკაპუნების შემდეგ, ავტომატურ რეჟიმში იქმნება გამოყოფის ოლქი იმ ფერის ირგვლივ, რომელზეც მოხდება დაწკაპუნება. ხელსაწყოს გამოსახყლებაზე გადაადგილებასთან ერთად, გამოყოფაის კონტური თანდათანობით იზრდება.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

ხელსაწყოს დარეგულირება შესაძლებელია პარამეტრების პანელის გამოყენებით.

გამოყოფა. გამოყოფის ხელსაწყოები

პარამეტრების პანელის თავში მოთავსებულია ხელსაწყოს რეჟიმების გადამრთველი ღილაკები:

1) New seleсtion – ახალი გამოყოფის შექმნა;

2) Add to seleсtion – უკვე არსებულ გამოყოფაზე გამოყოფის მიმატება ან იმავე გამოსახულებაზე სხვა გამოყოფის შექმნა;

3) Subtract from seleсtion არსებული გამოყოფიდან ნაწილის გამოკლება;

ავტომატურ რჟიმში დაყენებული არის ახალი გამოყოფის შექმნის რეჟიმი. გამოყოფის დაწყებისთანავე იცვლება რეჟიმი და გადადის ოლქის დამატების რეჟიმზე. გამოკლების რეჟიმზე ხელსაწყოს დროებით გადართვა შესაძლებელია Alt ღილაკზე დაჭერით.

ხელასწყოს ზომის შეცვლა შესაძლებელია როგორც Brash პარამეტრის პანელის, ასევე კვადრატული ფრჩხილების გამოყენებით, ისევე როგორც ხელსაწყო ფუნჯის გამოყენების დროს.

თუ გამოსახულება რამოდენიმე ფენას შეიცავს, Sample All Layers გადამრთველის გააქტიურების შემდეგ, მსგავსი პიქსელები გამოიყოფა გამოსახულების ყველა ჩართულ ფენაზე ხდება.

Auto-Enhance გადამრთველის ჩართვის შემთხვევაში, პროგრამა ავტომატურად ახდენს გამოყოფის საზღვრის კონტრასტის და მოსწორების დონის დარეგულირებას.

შენიშვნა: ხელსაწყომ კარგად რომ იმუშაოს, საჭიროა გამოსახულების მასშტაბის გაზრდა და ხელსაწყოს ზომის შემცირება.

გამოყოფის ხელსაწყოების კომბინირება

თუ გამოსაყოფი ობიექტის საზღვარი შერეული ტიპისაა (მაგ., საზღვრის ნაწილი წახნაგოვანია და ნაწილი უსწირ-მასწორო), მისი ერთი ნაწილის გამოყოფა შესაძლებელია გამოყოფის ერთი ხელსაწყოს გამოყენებით, ხოლო მეორე ნაწილის – სხვა გამოყოფის ხელსაწყოთი. ერთი ხელსაწყოს გამოყენებით, გამოყოფის კონტურის შექმნის შემდეგ, უნდა მოხდეს გამოყოფის მეორე ხელსაწყოს გააქტიურება, მისი გადაყვანა გამოყოფის დამატების რეჟიმში და გამოყოფის პროცესის გაგრძელება.

0
108
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0