x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
იყო თუ არა, ლენინზე თავდასხმა იმიტირებული და ვის აწყობდა მსგავსი სპექტაკლის მოწყობა. საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XV

ლენინზე თავდასხმის ოფიციალური ვერსია ყველასთვის ცნობილია. ის 1918 წ. 30 აგვისტოს დაჭრეს, მიხელსონის ქარხანაში, მუშებთან შეხვედრის შემდეგ. ამ ვერსიის თანახმად, მას ფანი კაპლანმა ესროლა.

ლენინზე თავდასხმამაგრამ, შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს?

დაკითხვაზე კაპლანმა დანაშაული აღიარა. მისი თქმით, მან ლენინის მოკვლა ჯერ კიდევ თებერვალში გადაწყვიტა, მას შემდეგ რაც ლენინმა დამფუძნებელი კრება გააუქმა. ის თვლიდა რომ ამით მან რევოლუციას უღალატა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და რომ ამისთვის ის უნდა დასჯილიყო. ასეთი აღიარების შემდეგ, საკითხავი ის არის, შეეძლო კი ფანი კაპლანს მისთვის ესროლა? ან რატომ აიღო მთელი დანაშაული საკუთარ თავზე? იქნებ იმიტომ რომ აშანტაჟებდნენ და სხვა გამოსავალი არ ჰქონდა?

ფანი კაპლანი საკმაოდ შეძლებულ, მრავალშვილიან, ებრაულ ოჯახში დაიბადა. 16 წლის ასაკში ის დაიჭირეს და სამუდამო კატორღა მიუსაჯეს. რისთვის? საერთოდ არაფრისთვის: მისი შეყვარებული ცნობილი კრიმინალი ვიქტორ გარსკი (იგივე იაშა შმიდმანი) იყო. მიზეზი უცნობია, მაგრამ გარსკის კიევის გენერალ-გუბერნატორი უნდა მოეკლა და ფანი მასთან ერთად იმყოფებოდა სასტუმროს ნომერში, როდესაც ეს უკანასკნელი, ნაღმს ამზადებდა. ნაღმი შემთხვევით აფეთქდა, გარსკი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაჭრილი და კონტუზირებული ფანი დაიჭირეს და გაასამართლეს. ის ამ შემთხვევის დროს, “განტევების ვაცად" იქცა. მას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მაგრამ მისი ახალგაზრდა ასაკის გამო, სასჯელი შეუმსუბუქეს და სიკვდილი სამუდამო კატორღით შეუცვალეს.

1906 წელს ფანი, იმ პერიოდისთვის, ყველაზე მკაცრი რეჟიმის, აკა-ტუის ციხეში გაგზავნეს. გოგონას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ციმბირის მკაცრი ზამთარი ვერ აიტანა. მას მხედველობის დაქვეითება დაეწყო. დახმარება ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო შემდეგ, ჩიტაში წაიყვანეს სამკურნალოდ. იქ ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ მხედველობა ვერ დაუბრუნეს. ციხეში დაბრუნებული ფანი, თითქმის ვეღარაფერს ხედავდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ის გაათავისუფლეს და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. იქ ესერების (სოციალისტ-რევოლუციონერები) ორგანიზაციაში გაწევრიანდა, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამუდმებით მკურნალობდა და დიდად არ აქტიურობდა.

ლენინზე თავდასხმამდე, ფანის არასოდეს სჭერია ხელში იარაღი და უფრო მეტიც, მას ისე ჰქონდა მხედველობა დაქვეითებული, რომ თანმხლები პირის გარეშე, სახლიდან არ გადიოდა. იმის წარმოდგენა, რომ მან სიბნელეში ისროლა და მიზანს არ ააცილა, უბრალოდ შეუძლებელია.

ლენინზე თავდასხმის დღეს, კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა - პეტროგრადში ჩეკას (რუს. საგანგებო კომისია) თავმჯდომარე მ.ს. ურიცკი მოკლეს. ამის შესახებ მაშინვე მოახსენეს ლენილს და სთხოვეს მიტინგზე წასვლისგან, თავი შეეკავებინა. თავიდან ბელადი ყოყმანობდა, ხოლო შემდეგ წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ დაცვა არ წაიყვანა. უცნაურია, კაცი ცოტა ხნის წინ, მომხდარი ტერაქტის გამო, წასვლაზე თავს იკავებდა, ხოლო შემდეგ, დაცვის გარეშე წავიდა.

არ არის დადგენილი თავდასხმის დროც. კაპლანმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ლენინს 20 სთ-ზე ესროლა. ოფიციალურ დოკუმენტებში სროლის დროდ, 19 სთ. და 30 წთ. არის დაფიქსირებული. ხოლო ბოლშევიკების “პრავდას" მიხედვით, ლენინზე თავდასხმა 21 სთ-ზე მოხდა. ლენინის მძღოლი, მომხდარი ფაქტის თვითმხილველი, ამბობდა რომ ბელადი ქარხანაში საღამოს 10 საათისთვის მიიყვანა და მიტინგი, დაახლოებით, 1 სთ. გაგრძელდაო. სვერდლოვის მიერ 22 სთ. და 40 წუთზე ხელმოწერილ დოკუმენტში წერია, რომ “ლენინზე თავდასხმა რამოდენიმე საათის წინ მოხდა. დაკავებულია ორი თავდამსხმელი, რომელთა ვინაობა დგინდება". ამ დოკუმენტის საფუძველზე, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: დოკუმენტი წინასწარ იყო შედგენილი და სვერდლოვმაც ყველაფერი იცოდა მოსალოდნელი “თავდასხმის" შესახებ.

სასამართლოზე მთავარი მოწმე, ლენინის მძღოლი ს. გილი იყო. ის ამტკიცებდა, რომ დაინახა ქალი, ბრაუნინგით ხელში და გაიგონა სამი გასროლა (მოგვიანებით, მან ეს ჩვენება 5-ჯერ შეცვალა).

რატომ დიჭირეს ფ. კაპლანი, უცნობია. დაკავების ოქმში წერია, რომ თითქოს მუშებს შორის გაისმა შეძახილები, იმის შესახებ, რომ სწორედ მან ესროლა ლენინს. კაპლანი ჯერ უარს ამბობდა დანაშაულის აღიარებაზე, ხოლო შემდეგ, ყველაფერი აღიარა.

დაკავების მომენტში, მას იარაღი არ აღმოაჩნდა. იარაღი მოგვიანებით, ქარხნის ერთ-ერთმა მუშამ მიიტანა მილიციაში. მისი თქმით, ბრაუნინგი ქარხნის ტერიტორიაზე იპოვა. თავდასხმის იარაღს, 3-ჯერ გასროლის შემდეგ, მხოლოდ ორი ტყვია აკლდა. და კიდევ, შენახულია პალტო, რომელიც ლენინს თავდასხმის დღეს ეცვა. მასზე ტყვიის მიერ დატოვებული ნახვრეტების ადგილები არ ემთხვევა ლენინის სხეულზე არსებული ჭრილობების ადგილმდებარეობას.

ლენინზე თავდასხმის ფაქტი, ნაჩქარევად და ზერელედ გამოიძიეს. ფანი კაპლანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და 3 სექტემბერს დახვრიტეს. განაჩენი სისრულეში კრემლის კომენდანტმა პ. მალკოვმა მოიყვანა. დახვრეტის შემდეგ, ისე რომ დადასტურებული არ იყო მისი გარდაცვალების ფაქტი, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

და კიდევ: თავდასხმის შემდეგ, ლენინი საავადმყოფოს ნაცვლად, მის კრემლის ბინაში მიიყვანეს. სახლში გამოძახებულმა ექიმმა პრესას განუცხადა, რომ ჭრილობა სახიფათო არ იყო და ტყვიებს სახვევების მოხსნის შემდეგ ამოუღებდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, ბელადს, კისრიდან ტყვია 3 წლის შემდეგ ამოუღეს. ოპერაციის ჩასატარებლად, გერმანიიდან პროფესორი ბორჰარდი მიიწვიეს და 220 ათასი მარკა გადაუხადეს. ისევე როგორც წინა შემთხვევებში, ამ ისტორიაშიც არის თეთრი ლაქები. საქმე იმაშია, რომ იმ წლებში, გერმანელი ექიმების კატალოგში, ექიმი, გვარად ბორჰარდი არ არის დაფიქსირებული!

მეორე ტყვია 2 წლის შემდეგ ამოუღეს, ტყვიის კალიბრი არ შეესაბამებოდა პირველი ტყვიის კალიბრს.

მოგვიანებით, საბჭოთა დროში, როდესაც ლენინის სხეულიდან ამოღებული ტყვიების ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაატარეს, გაირკვა რომ ტყვიები ბრაუნინგიდან არ იყო ნასროლი!

და ყოველივე ამის შემდეგ, ისმის ლოგიკური კითხვა: თუ თავდასხმა არ ყოფილა, რისთვის იყო საჭირო ამ წარმოდგენის მოწყობა?

საქმე იმაშია, რომ 1918 წლის ზაფხულში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, უკმაყოფილო მუშები გაფიცვებს, ხოლო გლეხები ამბოხებებს აწყობდნენ. ხელისუფლება ავტორიტეტს კარგავდა. არც ესერები ჩერდებოდნენ, რომლებმაც დამფუძნებელი კრების 715 მანდატიდან, უმრავლესობა, 410 მანდატი მიიღეს არჩევნების შემდეგ (ბოლშევიკეს 175 მანდატი ჰქონდათ), ხოლო ლენინმა სახელმწიფოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგამო გააუქმა და დეპუტატები გაყარა.

ამ სიტუაციაში, ბოლშევიკები ხვდებოდნენ, რომ ხელისუფლებას, დიდი ხნის მანძილზე ვეღარ შეინარჩუნებდნენ, თუ ქვეყანას რამე მნიშვნელოვანი მოვლენა არ “შეაჯანჯღარებდა". სწორედ ასეთი მოვლენა იყო ლენინზე თავდასხმა, რომელიც მათ უფლებს აძლევდა “წითელი ტერორი" მთელი ქვეყნის მასშტაბით ეწარმოებინათ, თავიდან მოეცილებინათ ესერები და ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაეწყოთ.

დღეს, ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ლენინზე თავდასხმა, ინსცენირებული სპექტაკლი იყო, რომლის დაგეგმვაში, ლენინიც იღებდა მონაწილეობას. ხოლო ფანი კაპლანი უბრალოდ გამოიყენეს.

0
814
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
814
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0