x
image
worldsport.ge
40 წლის წინათ და უფრო ადრე
imageევროპის ლიგის პლეი ოფში, თბილისის “დინამოს, ” მომავალ მეტოქე “ტოტენჰემთან” ერთობ უარყოფითი სტატისტიკა აქვს. 3 მატჩიდან 2 წაგება, 1 ფრე. ბურთების შეფარდება – 4:11.
პირველად ამათი ამხანაგური შეხვედრა ლონდონში, 1960 წლის 15 ნოემბერს შედგა. მაშინ რამდენიმე მოსკოველი ფეხბურთელით გაძლიერებული, ანდრო ჟორდანიას გაწვრთნილმა “დინამომ” ინგლისში 3 მატჩი ჩაატარა: “შეფილდ უენსდისთან” 0:5 წააგო, “ვულვერჰემპტონთან” 5:5 ითამაშა და “ტოტენჰემთან” 2:5 დამარცხდა. “დეზებთან” შეხვედრის ამბავს ავთანდილ ღოღობერიძე იხსენებდა თავის მოგონებებში (რომელიც ლიტერატურულად ცნობილმა საფეხბურთო სტატისტიკოსმა და ჟურნალისტმა, გარუნ აკოფოვმა დაამუშავა): “მატჩის დღეს ამინდი ნაღდი ლონდონური იყო. მოედანი უფრო დიდ გუბეს მოგაგონებდათ, რომელზეც პრაქტიკულად თამაში არ შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, დინამოელებმა ენერგიულად დაიწყეს, თუმცა მასპინძელთა ნახევარმცველები ჩინებულად ირჯებოდნენ და ნელ-ნელა შეტევებსაც უმატეს. შედეგად, მე-19 წუთზე უელსელმა ჯონსმა ჩვენი მცველების შეუთანხმებლობით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შემდეგ დინამოელებმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტიეს. 32-ე წუთზე იამანიძემ მარცხენა ფრთაზე მესხი მოძებნა, მიშამ ერთი მცველი იოლად მოატყუა და საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, იქ კი ყველას მელაშვილმა დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მიწურულს ლონდონელები ისევ დაწინაურდნენ, გოლი შოტლანდიელმა მაკეიმ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში იმავე მაკეიმ ისევ შეაგდო და ამან თბილისელთა თამაში საბოლოოდ არია. ისინი უხეშ ტაქტიკურ შეცდომებს უშვებდნენ, მცველები კი დაბნეულები ჩანდნენ. შედეგად, ჯონსმა და დეისონმა კიდევ ორჯერ დააწყებინეს სტუმრებს ცენტრიდან, ბოლოსკენ ბარქაიამ ერთი ბურთი მაინც გაქვითა და მატჩიც ასე დამთავრდა.image

მერე The Times წერდა: “უდავოა, დინამოელებს რამდენიმე მართლაც კარგი მოთამაშე ჰყავთ. ესენი არიან: ღოღობერიძე, ბარქაია, კალოევი, მესხი (როცა ბურთი მიუვა და ხასიათზეა, მისი შეჩერება შეუძლებელია), თორაძე (ღონიერი ცენტრალური მცველი, რომელმაც არაერთხელ გადარჩინა თავისიანები) და კოტრიკაძე. მაგრამ თანაგუნდელებთან ერთად, მათ ის ჟინი და ბრძოლისუნარიანობა აკლდათ, რის ხარჯზეც “ტოტენჰემმა” გაიმარჯვა.”
სხვათა შორის, 1960/61 წლის სეზონი “ტოტენჰემისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო იყო ისტორიაში, “დეზებმა” პირველად ინგლისის ფებურთის ისტორიაში, ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოიპოვეს, ანუ “ოქროს დუბლი” შეასრულეს. დინამოელებს კი მთალად წარმატებული სეზონი ვერ ჰქონდათ, სსრკ-ის ჩემპიონატში მე-8 ადგილი დაიკავეს.image

1960 წლის 15 ნოემბერი. ლონდონი. ამხანაგური მატჩი
ტოტენჰემი – დინამო (თბილისი) 5:2 (2:1)
ტოტენჰემი: ბრაუნი, ბეიკერი, ნორმანი, ჰენრი, ბლენჩფლაუერი, მაკეი, ჯონსი, უაითი, სმიტი, ალენი, დეისონი
მთავარი მწვრთნელი: ბილ ნიკოლსონი
დინამო: კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, თორაძე, ჩოხელი, ვორონინი (“ტორპედო” მოსკოვი), იამანიძე, მელაშვილი, ბარქაია, კალოევი, ღოღობერიძე, მესხი
მთავარი მწვრთნელი: ანდრო ჟორდანია
გოლები: 1:0 ჯონსი (19), 1:1 მელაშვილი (32), 2:1, 3:1 მაკეი (43, ?), 4:1 ჯონსი (?), 5:1 დეისონი (?), 5:2 ბარქაია (?)image


13 წლის შემდეგ “დინამო” “ტოტენჰემს” უკვე უეფას თასის მერვედფინალში დაუპირისპირდა. “დინამო” მაშინ მხოლოდ იწყებდა თავის ოფიციალურ ევროპულ ისტორიას, “ტოტენჰემი” კი უკვე გამოცდილი მეევროთასე - თასების თასისა და უეფას თასის მფლობელი იყო. მათ შემადგენლობაში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი მარტინ პიტერსი და მისი სეხნია ჩივერსი. თბილისი მაშინ განებივრებული არ იყო უცხოელი სტუმრებით და “ლოკომოტივზე” სავარჯიშოდ მოსულ გრძელთმიან ლონდონელებს აქეთ – იქიდან პატარა ბიჭები უყვიროდნენ: ვაა პიტერს, ვაა ჩივერს.…image


დავით კაკაბაძე და გარუნ აკოფოვი თავიანთ წიგნში “გზა თასისაკენ” წერენ: “საბრძოლველად “მომართვაში” განსხვავებამ განსაკუთრებით პირველ წუთებში იჩინა თავი – დინამოელებს თამაში არ გამოუვიდათ და იმდენად შებოჭილები იყვნენ, რომ არჩეული გეგმა – რაც შეიძლება ნაკლებად ეთამაშათ მაღალი გადაცემებით, რათა ინგლისელებისთვის თავით თამაშის საშუალება მოესპოთ – დაივიწყეს. მაგრამ დინამოელთა მოქმედებამ თანდათან შეიძინა სიმწყობრე. ლევან ნოდიამ, დავით ყიფიანმა, ხოლო ცოტა მოგვიანებით ზორბეგ ებრალიძემ და მურთაზ ხურცილავამაც კი ნიშნაში ამოიღეს ჯენინგსის კარი. შუა ტაიმში, როცა “დინამომ” თამაში ააწყო, სტუმრებმა წარმატებას მიაღწიეს – აუღებელი ბურთი გაიტანეს. გამოუყენებელი მომენტების შემდეგ დინამოელებმა მაინც გაიტანეს საპასუხო გოლი. ყიფიანმა მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, მეტოქეთა ჯგუფში ასათიანს მოჰკრა თვალი, ბურთი მას გადასცა, ამ უკანასკნელმა კი მოასწრო ვითარებაში გარკვევა და წინ გამოვარდნილი ჯენინგსი ხელმოცარული დატოვა. მეტი თბილისელებმა ვეღარ შეძლეს.image

1973 წლის 28 ნოემბერი. თბილისი. “ლოკომოტივი.” 35 000
დინამო – ტოტენჰემი 1:1 (0:1)
დინამო: გოგია, ძოძუაშვილი, კანთელაძე, ხურცილავა, ჭელიძე, ებრალიძე (წერეთელი 69), მანუჩარ მაჩაიძე, ასათიანი, ყიფიანი, გივი ნოდია, ლევან ნოდია
მწვრთნელი: ალექსანდრე კოტრიკაძე
ტოტენჰემი: ჯენინგსი, ევანსი, მოულზი, პრატი, ინგლენდი, ბილი, ნეილორი, პერიმენი, ჩივერსი, პიტერსი, კოუტსი
მწვრთნელი: ბილ ნიკოლსონი
გოლები: 0:1 კოუტსი (26) 1:1 ასათიანი (71)
მსაჯი: ფრანც ვიორერი (ავსტრია)

საპასუხო შეხვედრაში კი დინამოელებს დიდი სირცხვილი ელოდათ. ამ მატჩის ფრაგმენტების ცქერისას ფილმი “პირველი მერცხალი” მახსენდება ხოლმე. ინგლისელი მეზღვაურები თავური გადაცემებით თავბრუს რომ დაახვევენ ქართველებს. დაახლოებით ასე იყო “უაით ჰარტ ლეინზე.” რატომღაც წითელ მაისურებში მოთამაშე დინამოელებს ლონდონელებმა ხუთივე გოლი თავით გაუტანეს. “მათ ვისაც მატჩი არ უნახავს, შესაძლოა, ანგარიში გამანადგურებლად ჩათვალოს და იფიქროს, თითქოს თამაში ცალ კარში მიმდინარეობდა. ასეთი დასკვნა არ არის სწორი. ბრძოლა შეუპოვარი იყო. თბილისელები მხოლოდ იმაში შეცდნენ, რომ ჩვენს თავდამსხმელებს სახიფათო ფლანგური გარღვევებისა და მერე საჯარიმო მოედნის ცენტრში ბურთის ჩაწოდების საშუალებას აძლევდნენ. “ტოტენჰემის” ფორვარდებმა ეს რომ იგრძნეს, სულ უფრო ხშირად იწყეს დასწრებაზე თამაში, ბურთს ჰაერშივე ხვდებოდნენ, რამაც საბოლოოდ მათ წარმატება მოუტანა, ” – თქვა მერე ლონდონელთა მცველმა მაიკ ინგლენდმა.

1973 წლის 12 დეკემბერი. ლონდონი. “უაით ჰარტ ლეინი.” 19 000
ტოტენჰემი – დინამო 5:1 (1:0)
ტოტენჰემი: ჯენინგსი, ევანსი, ნეილორი, პრატი, ინგლენდი, ბილი, მაკგრათი, პერიმენი, ჩივერსი, პიტერსი, კოუტსი
მწვრთნელი: ბილ ნიკოლსონი
დინამო: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ხურცილავა, ხინჩაგაშვილი, ებრალიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი (ლევან ნოდია 68), გივი ნოდია, ყიფიანი
მწვრთნელი: ალექსანდრე კოტრიკაძე
გოლები: 1:0 მაკგრათი (30), 2:0 ჩივერსი (51), 2:1 ებრალიძე (54), 3:1 პიტერსი (60), 4:1 ჩივერსი (76), 5:1 პიტერსი (79)
მსაჯი: რენე ვილიანი (საფრანგეთი)


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge




0
53
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0