x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქაჯავეთი და მისი საგანძური

მითოსისა და რეალობის შეპირისპირება, რეალობაში მითოსური პარალელების ძიება ადამიანს უძველესი დროიდანვე ახასიათებს. ამას კი თან სდევს არაერთი ლიტერატურული გამოხატულება. ამის მაგალითს წარმოადგენს მითოსური "ქაჯავეთი", რომელიც ლიტერატურაში უკავშირდება "ქაჯეთს" და მათი მიმართება ეჭვს არ იწვევს. ზოგადად, ცნების არსი გამოხატავს ქვეყანას, სადაც ვიღაც არის დატყვევებული, მოტაცებული საკუთარი ქვეყნიდან, რომელიც უცდის ხსნას. ეს არის ტყვეობის ქვეყანა და ერთიანობაში ციხის განსხიერება, რომელიც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა გატყდეს. ქაჯეთში ამას სამი გმირი განახორციელებს. თუმცა, ეს თემა ფშავ-ხევსურეთის ანდრეზებშიცაა განხილული და ჩვენამდე მოტანილი ცნობების თანახმად:-ქაჯავეთს ტეხავენ ღვთისშვილნი, რათა იქიდან წამოიღონ ან წამოიყვანონ საყმოს არსებობისათვის აუცილებელი ყოველი რამ ან ვინმე, სხვა შემთხვევაში მათი თავგანწირვა გაუგებარი იქნებოდა.

ისევე, როგორც ლიტერატურაში მოთხრობილია ქაჯეთის ციხის გატეხვა, მითოლოგიაში არსებობს ანდრეზები ქაჯავეთის გატეხვის შესახებ. კერძოდ: როდესაც ღვთისშვილნი გაემართნენ ქაჯავეთის დასალაშქრად, მათ თანახლდათ ერთადერთი მოკვდავი ადამიანი გახუა მეგრელაური. იგი იყო ჯვრის მკადრე და როგორც ამბობდნენ ჯვარი "ხელზე მოუდიოდა". თუმცა, მას მაინც არ შეეძლო ღვთისშვილებთან ყოფნა ხორციელი სახით, რადგან, როგორც მითოლოგიაში არსებული თითქმის ყველა განსხვავებული განზომილების სივრცეში მდებარე ქვეყანაში, ისე ქაჯავეთში შეღწევა მხოლოდ "უხორცო" მდგომარეობით იყო შესაძლებელი. ამ მიზეზით, ღვთისშვილებმა მისი სული სხეულიდან ამოაძვრინეს. ამის შესახებ ის თავად ამბობდა: "სულ ამამაძვრინესავ, თქვისავ გახუამა-დ’ გვამივ ქვიშაში ჩაღმარხესავ" "დამაწვინესავ, სულ ამამაძვინესავ. მეც ანგელოზებთან ვიარევ". ამის შემდეგ, ხახმატიდან დაძრულებმა მისი გვამი დათვისჯვრის მისადგომებთან სადღაც კლდეში ან მიწაში დამალეს, რათა უკან დაბრუნებისას კვლავ ჩაეძვრინათ მასში სული. მათ ეს ვერ მოახერხებს, რადგან გლახუას გვამს სუნი ასდიოდა და ამასთან, მხარზე თაგვის ნაჭამი ემჩნეოდა, რისი მომიზეზებითან მისივე სული გაუძალიანდა ღვთისშვილებს. ამ მომენტიდან მისი კვალიც ქრება.

image

შესაბამისად, ჩვენთვის ცნობილია გზა ხახმატიდან- დათვისჯვრის უღელტეხილამდე, თუმცა აქედან- ქაჯავეთამდე კვალი ქრეება, რადგან ის უკვე მხოლოდ უხილავმა არსებებმა გაიარას და მათ შორის არ ერია მოკვდავი ადამიანი. ეს ყველაფერი გვაძლევს საბაბს, ვიფიქროთ, რომ ქაჯავეთი ფიზიკურ სამყაროში კი არა, სრულიად სხვა განზომილებაში მდებარეობს. ქაჯავეთს, ისევე როგორც საყმოს, აქვს თავისი შუაგული, როგორც კერა. საყმოს შუაგულში ჯვარი დგას, მაგრამ რას წარმოადგენს ქაჯავეთის შუაგული? ეს არის სამჭედლო.

თუკი გატყდება შუაგული, მაშინ ქაჯავეთის გატეხილად ჩაითვლება, რადგან მისი საიდუმლო ამოხსნილი იქნება. მჭედლობა ქაჯავეთის რელიგიაა და სამჭედლოში, როგორც კვრივში, გარეშემ ვერ უნდა შეიხედოს. მაგრამ ღვთისშვილი — ხახმატის წმიდა გიორგი შედის სამჭედლოში; უფრო მეტიც: გახურებულ გრდემლზე დაამჩნევს თავისი ცხენის ნალს, როგორც ქაჯავეთის გატეხის ნიშანს სამარადისოდ (ამბობენ, ქაჯავეთიდან წამოღებული ქურთემული, რომელსაც ნალის ტვიფარი აქვს, ხახმატის ჯვარის კვრივში ინახება დღემდე). მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა არის ის საგანძური რისკენაც გლახუა და ღვთისშვილნი მიიწევენ. იგი პირობითად სამ ნაწილადაა დაყოფილი:
  • საკუთრივ საგნები: თასი, საკიდელი, ოქროს ფანდური, ოქროს საცერი, ქურთემული (გრდემლი), ფურის რქა;
  • საქონელი: ხარ-ძროხა;
  • ქაჯის ქალები, მთავარი მათ შორის — სამძივარი.

საკუთრივ საგნებს შორის უმაღლესს ადგილს თავი იკავებს. ის საკრალური ნივთია და როგორც მიუწვდომელი, სიმბოლურად გამხატავს კულტს. ის ყოველდღიური დანიშნულების არ არის, არამედ, უნიკალურია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ღვთისშვილთა ხელმონაკიდი და ჯვარში მოტანილია. თასი საღვთო საგანია ფშაველთათვისაც. ის ჯვრის კუთვნილებაა და მას ფუნქციას კულტის მსახური ე.ი. „სახუცო კოჭობი“ ანიჭებს.

image

თასს წელიწადში ერთხელ გამოაბრძანებდნენ და იქიდან დალევის უფლება მხოლოდ ჯვართან ახლოს მდგარ პირებს ჰქონდათ. წარმოუდგენელი და დაუშვებელია ცარიელი თასი, რადგან ის უნდა შეიცავდეს სასმელს საყმოს საზიარებლად. ჯვრის მსახურნი და საყმოს წევრები ლუდს ხშირად ერთი თასიდან სვამდნენ, რათა ერთიანობა დაედასტურებინათ. რაც შეეხება სახუცო კოჭობს, მას დაჩოქილნი ეახლებიან და თასს მხოლოდ ბაგეებით ეხებიან.

ამ საგანძურს მიღმა განვიხილოთ ქაჯის ქალები, რომლებიც სწორედ რომ თავად წარმოადგენენ მთავარ განძს. ერთი ტრადიციის თანახმად, ქაჯის ქალები — სამძიმარი, მზექალი და აშექალი ძალით არიან მოტაცებულნი. სხვა ტრადიციით, ისინი ქაჯავეთის ტყვეობიდან არიან დახსნილნი. ზღაპრებში და ეპოსებში გამოხსნილი ქალი ან მზეთუნახავი, როგორც წესი, დამხსნელი გმირის საცოლე ხდება. გმირს საცოლე მოჰყავს ქაჯეთიდან, სადაც მზეთუნახავს არ სურს დარჩენა და ეხმარება თავის გზის გაგნებაში. ჩვენი ანდრეზი საკრალური თქმულებაა, ამის გამო გამოხსნილი ქალი, თუნდაც ის იყოს მზეთუნახავი (როგორც ქაჯის ქალი) ვერ იქნება საცოლე მისი გმირისა, რადგან ეს გმირი არის ღვთისშვილი, ანგელოზი და უხორცო არსება. ხახმატის წმიდა გიორგის ტყვე ქალები თავის მოდეებად მოჰყავს ხახმატში, მათ შორის პირველი და მთავარი სამძიმარი, ხოლო სამძიმარი ასე ალაპარაკებს თავის ქადაგს:

„წამამიყვანა გიორგიმაო,

მე ხო ქალ ვიყავ ქაჯისაო,

მამანათვლივა ქრისტე ღმერთსაო,

გავჴე ჴორციელთ სალოცავიო”

როგორც ჩანს ქაჯეთიდან დახსნას ქალწულის გაქრისტიანება სდევს თან.

სამძიმრის ნაქადაგაარი და ანდრეზი ერთმანეთს ავსებს. იგი კონკრეტული ქალის სახით ევლინება ვაჟს და ცხოვრობს მასთან, თუმცა გაურბის მასთან ახლო ურტთიერთობას -ზღურბლთან ქრება. ეს ერთგვარად თითქოს ხევსურეთში გავრცელებულ სწორფერობის ადათს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც მათ შორის არა მხოლოდ ფიზიკური კავშირი, არამედ ცოლქმრობაც იკრძალება. როგორც კი ქალი შეატყობს ვაჟს, რომ მას სხვანაირად უყვარს იგი, ტოვებს მას და უკან აღარ ბრუნდება.

ამგვარად, ქაჯავეთის განძი, რომელიც იწება თასით და სრულდება სამძიმრით, ნამდვილად საკრალურია თავისი ბუნებით და ეს განაპირობებს მის უკვდავობას როგორც ქართულ მითოლოგიაში, ასევე ლიტერატურულ ცნობებშიც.

0
718
შეფასება არ არის
ავტორი:ლია ხვადაგიანი
ლია ხვადაგიანი
718