x
მეტი
  • 30.03.2024
  • სტატია:134065
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508254
რა უნდა ვიცოდეთ ნერვული ანორექსიის შესახებ
image
ნერვული ანორექსია

დღესდღეობით, ფსიქოგენურად განპირობებულ დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებულ სახეს ნევროზები წარმოადგენს. არსებობს ნევროზის რამდენიმე სახე, თუმცა ჩვენთვის ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზებია, რომლებიც ძირითადად დაურწმუნებელ და ეჭვიან ადამიანებში გვხვდება. სწორედ ამ სახის ნევროზებიდან უნიკალურობითა და კლინიკური სურათის თავისებურებებით გამორჩეულია - ანორექსია.
აკვიატებულ მდგომარეობათა ჯგუფს მას მივაკუთვნებთ იმიტომ, რომ მოცემული დაავადების დროს უმადობას საფუძვლად უდევს დისმორფოფობიული მდგომარეობა, ანუ აკვიატების ერთ-ერთი ფორმა, რომლის დროსაც ავადმყოფს უჩნდება ეჭვები საკუთარი სხეულის სიმსუქნესთან დაკავშირებით: ნევროზული ანორექსიით დაავადებულ ადამიანს უჩნდება პანიკური შიში და არაადეკვატური წარმოდგენა საკუთარ სხეულზე, იპყრობს გაუმართლებელი, პათოლოგიური სურვილი იმისა, რომ წონაში დაიკლოს მაშინაც კი, როდესაც ის რეალურად სიგამხდრისგან თითქმის გამოფიტულია. შეიძლება ითქვას, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანები ისე ხდებიან დამოკიდებულები სიგამხდრეზე, როგორც ნარკომანები და ალკოჰოლიკები.
ანორექსიასთან მიმართებაში ხშირად ახსენებენ ბულიმიას, რომელიც ანორექსიის მსგავსად კვებითი აშლილობის ფორმაა, რის დროსაც ადამიანს ახასიათებს უზომო ჭამა, შემდეგ დანაშაულის გრძნობის განცდა და ხელოვნური გულისრევა, რაზეც უფრო დეტალურად ნინო ისაუბრებს.

ნერვული ანორექსიის სიმპტომატიკა
- პრობლემის არსებობის უარყოფა ავადმყოფის მიერ
- ავადმყოფის მიერ მუდმივად იმის შეგრძნება რომ ის არის მსუქანი
- კვებითი ჩვევების დარღვევა : ჭამენ ფეხზე დგომით, პატარა ნაჭრებით
- ძილის დარღვევა
- პანიკური შიში გასუქებისა
- დეპრესიულობა
- ჭამასთან დაკავშირებული თემებით გართობა (უცბად ჩნდება რეცეპტების შეგროვების ინტერესი, ახლობლებისთვის საჭმლის გაკეთების სურვილი, სხვადასხვა დიეტების ინტერესი, ადამიანს უცბად უჩნდება იმის სურვილი რომ გახდეს ვეგეტარიანელი)
- ცვლილება ქცევებში: მომატებული გამღიზიანებლობა და დაქვეითებული აქტიურობა.
- ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა
- პრობლემა მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებით
- ავადმყოფები სხვებს ვერ უმხელენ საკუთარ დამოკიდებულებას საკვებთან დაკავშირებით.
- ავადმყოფის თვითშეფასება დამოკიდებულია მის წონასა და ფიგურაზე, თუმცა წონა ფასდება არაობიექტურად: “ ჩემი სიმაღლეა 1.70, წონა 35 კგ, მინდა ვიწონიდე 25კგ-ს.”


ფიზიკური ნიშნები და შედეგები
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა (გულის არითმია, ბრადიკარდია (გულისცემის შენელება), გულის წასვლა, თავბრუსხვევა, მუდმივად სიცივის შეგრძნება დაქვეითებული პულსის ქონის გამო.
- კანის დარღვევები: თმის ცვენა, მშრალი კანი, სიფერმკთალე, სახესა და ზურგზე თმების გამოჩენა, ფრჩხილის სტრუქტურის დარღვევები.
- საკვების გადამამუშავებელი სისტემის დარღვევა: მუცლის ტკივილი, გულის რევის შეგრძნება და სხვ.
- ენდოკრინული სისტემის დარღვევა: ამენორეა (მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა), უშვილობა, ჰორმონების ნაკლებობა.
- ოსტეოპოროზი - ხშირად ძვლების გადატეხვა და მსგავსი ტრამვები, ძვლის ტვინის მასის შემცირება.


ანორექსიის მიზეზები იყოფა შემდეგნაირად


Ø გოგონებისა და ქალების საკმაოდ დიდი ნაწილი (1, ან 2/3), რომლებიც ზოგადად კვებით აშლილობებს მკურნალობენ, ოდესმე ყოფილან სექსუალური ან სხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლნი. ასეთი ტრავმული მოვლენები დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მათ თვითშეფასებაზე, რაც ხდება ამ დაავადებების, მათ შორის ანორექსიის მიზეზი.
როდესაც ვინმეს ადრეულ ასაკში ფიზიკურ შეურაწყოფას აყენებენ, ისინი არაორდინალურად და არაჯანსაღად იკვებებიან იმის დასამტკიცებლად, რომ მათი სხეული მხოლოდ მათ ეკუთხნით, ეს ასევე შეიძლება იყოს ერთგვარი თვითგვემა, რადგან მომხდარის გამო სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობა აწუხებთ. რაც შეეხება ზედმეტად ბევრი საჭმლის მიღებას (overeating), ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც მცდელობას, რომ შეავსონ ის ემოციურად ცარიელი ადგილები, რომლებიც მათში ძალადობამ და ჩაგვრამ დატოვა.
Ø ბიოლოგიური ფაქტორები: ჭარბი წონა და პირველი მენსტრუალური ციკლის ადრე დადგომა. ამას გარდა მიზეზი შეიძლება იყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის მარეგულირებლების, ისეთი ნეირომედიატორების ფუნქციის მოშლა როგორიცაა სეროტონინი, დოფამინი და ნორადრენალინი. გამოკვლევებმა აჩვენა სამივე მედიატორის დისფუნქცია კვებითი აშლილობის მქონდე პირებში.
Ø ოჯახის ფაქტორი: უფრო დიდი შანსია ადამიანს ჰქონდეს კვებითი აშლილობა, მაშინ როდესაც ნერვული ანორექსიით ან ბულიმიით ყოფილან დაავადებულნი მისი ახლობლები, ნათესავები.

Ø პიროვნული ფაქტორები: ფსიქოლოგიურ რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება პერფექციონისტურ-ობსესიური ადამიანის ტიპი. ანორექსიის განვითარების ალბათობა დიდია იმათში, ვისაც აქვთ დაბალი თვითშეფასება, არასრულყოფილების განცდა და არ არიან თავდაჯერებულები.
Ø სოციალური ფაქტორები: ცხოვრება ინდუსტრიულად განვითარებულ და ისეთ ქვეყანაში, სადაც აქცენტი კეთდება სიგამხდრეზე, როგორც ქალური სილამაზის მაჩვენებელზე.
Ø ასაკობრივი ფაქტორები: 12-24 წლის გოგონათა 50% თვლის რომ მათ აქვთ ზედმეტი წონა. საშუალო ასაკი როდესაც იწყება კვებითი აშლილობა არის 11-13 წელი;


დაავადების სტადიები
• დისმორფომანიური – უმკლავდებიან ფიქრებს საკუთარ არასრულყოფილებაზე წონასთან დაკავშირებით. ახასიათებთ განგაში, ოდნავ დამძიმებული ხასიათი, სარკეში საკუთარ თავზე დიდხანს დაკვირვება. ამ პერიოდში ჩნდება პირველი მცდელობები შეზღუდონ საკუთარი თავი საჭმელში და მოძებნონ იდეალური დიეტა.
• ანორექტიული- ჩნდება სტაბილური შიმშილის ფონზე. ხდება 20-30% წონის დაკლება, რასაც თან ახლავს ეიფორია და გამძაფრებული დიეტა, იმისთვის რომ უფრო მეტად გახდენ. ამასთანავე ავადმყოფი აღნიშნავს რომ არ აქვს მადა და თანაც დაკავებულია მძიმე ფიზიკური დატვირთვებით, ის ვერ აფასებს გახდომის ხარისხს. იწყება ჰიპოტონია(ტონუსის დაქვეითება) და ბრადიკარდია(გულისცემის შენელება), თან ახლავს კანის სიმშრალე და ჩერდება მენსტრუალური ციკლი. აგრეთვე ქვეითდება მადა.
• კახეკური– შინაგანი ორგანოების დისტროფია, დგება 1.5-2 წლის შემდეგ. ამ პერიოდში წონა სხეულის 50 ან 50-ზე მეტი %-ით იკლებს. როგორც წესი, აღნიშნული ეტაპიდან გამოსვლა შეუძლებელია. დისტროფიკულ ცვლილებებს მიჰყავთ ორგანოების ფუნქციის გამოუსწორებელ დაზიანებასთან და სიკვდილთან.

ნერვული ანორექსიის მკურნალობა
ნერვული ანორექსიის მკურნალობის საკვანძო ელემენტია სომატური მდგომარეობის გაუმჯობესება. ქცევითი და კოგნიტური ასპექტებისთვის კი ფსიქოთერაპია. ასევე დამატებით საჭიროა მედიკამენტური მკურნალობაც. მკურნალობის კომპონენტები არის რეაბილიტაცია და ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ რომ სხეულის წონის აღდგეს. პაციენტს კოგნიტური ფსიქოთერაპიის დახმარებით უნდა გამოუსწორდეს დამახინჯებული შემეცნებითი სტრუქტურები ანუ საკუთარი თავი მსუქნად აღარ აღიქვას. ანორექსიით დაავადებულმა უნდა ისწავლოს საკუთარი ღირებულებების სწორი განსაზღვრა მისი რეალური სხეულის შესაბამისად და მოიშოროს არასრულფასოვნების კომპლექსი. კოგნიტური ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს შეადგენს კოგნიტური რესტრუქტურიზაცია, რომლის თანახმადაც, პაციენტმა უნდა იპოვოს საკუთარ თავში სპეციფიური ნეგატიური აზრები, შეადგინოს ამ აზრების გამანეიტრალებელი ან დამამტკიცებელი დებულებები, გააკეთოს საფუძვლიანი დასკვნა, რომლითაც შემდგომ საკუთარ ქცევას გააკონტროლებს. კიდევ ერთი მეთოდი კოგნიტური ფსიქოთერაპიისა ეს არის პრობლემის მოგვარების გზის მოძებნა. ამ პროცედურის დროს, პაციენტი იდენტიფიცირებას უკეთებს კონკრეტულ პრობლემას, ამუშავებს სხვადასხვა გადაწყვეტილებას, განიხილავს თითოეული პრობლემის მომგვარებელი საშუალების ეფექტურობასა და რეალურობას. ირჩევს საუკეთესო ვარიანტს, ამ გადაწყვეტილების რეალიზების სტადიებს გეგმავს, ახორციელებს მას და შემდგომ აფასებს მთელ განვლილ პროცესს რეზულტატის შესაბამისად. ასევე არსებითი მნიშვნელობა აქვს კიდევ ერთ მეთოდს, რომელიც მოიცავს შემეცნებითი ფსიქოთერაპიის მონიტორინგს: პაციენტმა უნდა აკეთოს ყოველდღიური ჩანაწერები საკვების მიღებასთან დაკავშირებით: საკვების ტიპი, მიღების დრო, გარემო კვებისას და ა.შ. საოჯახო ფსიქოთერაპია განსაკუთრებით ეფექტურია 18 წელს დაბლა პაციენტებისთვის. იგი მიმართულია ოჯახში დარღვეული ურთერთობების კორექტირებაზე (რომელმაც ბავშვში ეს დაავადება გამოიწვია). ანონიმური რეაბილიტაციის პირობებში იყენებენ ემოციურ მზრუნველობას და მხარდაჭერას. ხშირად ასევე მიმართავენ ფიზიკურ ვარჯიშებს, წოლით რეჟიმს. ნერვული ანორექსიით დაავადებულთა კვებაზე ზრუნვა მათი გამოჯანმთელებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. საჭიროა თავდაპირველად კალორიების დაბალი დონის მიწოდება და შემდეგ მათი ნელნელა გაზრდა.

მართალია ადრე ნერვოზული ანორექსია ქალთა დაავადებად ითვლებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ბიჭებშიც (განსაკუთრებით პრეპუბერტატულ ასაკში) არის გავრცელებული: დაავადებულთაგან 95 % არიან ქალები 5% კი - მამაკაცები.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო შენგელია.00
ნინო შენგელია.00
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0