x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება-შსს-ს ოფიციალური განცხადება

image
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით, რა დროსაც 19 წლის მწყემსმა, მალხაზ კობაურმა ამერიკელთა ოჯახი ამოხოცა, შსს-საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული მ.კ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მიმდინარე წლის 6 ივლისს "112"-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.


პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგულების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.



იმავე დღეს, სამართალდამცველების და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას, გარდაცვლილი იპოვეს, რომელსაც პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ხოლო, შემდგომი სამძებრო სამუშაოების შედეგად, 7 ივლისს, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს.


თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.


გატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული, 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული.


მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს 2014 წელს დაბადებული მცირეწლოვნის ცხედარი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.


დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა.


გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილთა ცხედრებს უტარდება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულის შერაცხადობის საკითხის გასარკვევად კი ჩატარდება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

გარდაცვლილები საქართველოში 6 წელზე მეტი ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

0
97
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0