x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გეოლოგები ჭუბერში სტიქიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები, რომლებიც ჭუბერში იმყოფებიან, სტიქიის გამომწვევ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ გაფრინდაშვილმა განუცხადა, ჭუბერის ხეობაში მდინარე ნენსკას ადიდება გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრამ გამოიწვია.

image


გაფრინდაშვილის ინფორმაციით, ხეობაში ერთი და იგივე დროს, მეწყრული და ღვარცოფული პროცესები განვითარდა, რასაც წინ უძღოდა მყინვარის და ნარჩენი თოვლის დნობა, რომელსაც დაემთხვა უხვი ატმოსფერული ნალექი.

„რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესი დაემთხვა ერთმანეთს. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო ნენსკარს მარჯვენა შენაკადის, მდინარე ოკრილას დაგუბება. რამდენიმე უბანზე ჩაიხერგა მყარი მასა. შემდგომ ეტაპზე კი ის გაირღვა და წყლის ნაკადი დაგროვილ მასასთან ერთად, კალაპოტიდან გადმოვიდა. ეს ყველაფერი ღვარცოფულ ნაკადში გადაიზარდა . კალაპოტმა ვერ გაატარა ეს დიდი მასა და დასახლებულ პუნქტში გადმოვიდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროლოგებმა გამოიანგარიშეს, რომ ეს იყო წყლის ხარჯის ისტორიული მაქსიმუმი, რაც ყოფილა ნენსკრას ხეობაში. სტიქიასთან არანაირ კავშირში არ არის ჰესების მშენებლობა. სტიქიას ხელი შეუწყო ტყის მასივების უსისტემო ჭრამ. როგორც ამ ხეობაში და სხვაგანაც, ამ პროცესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს და ეს სტიქიის მაპროვოცირებელია“, - განაცხადა მერაბ გაფრინდაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო და ისეთი მასშტაბის სტიქიის განმეორების საფრთხე არ არსებობს, როგორიც 5 ივლისს დაფიქსირდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები ჭუბერში რჩებიან.

0
19
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
19
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0