x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ბიძინა ივანიშვილი ბიჭისგან მიცავდა” – ყოფილი პრემიერის კლასელის მოგონენები

image
ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა. მე კი ნერწყვი მომდიოდა”, – იხსენებდა თინათინ გამგებელი მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერი გახდა.

– სკოლა თუ დავამთავრე, სულ ბიძინას ხარჯზე. მათემატიკაში ძალიან სუსტი გახლდით, პედაგოგი ანა სადუნიშვილი კი ძალიან მკაცრი იყო. ბიძინა ყოველთვის ან ჩემ წინ იჯდა, ან უკან. მათემატიკის საკონტროლოს თავისას რომ ამოხსნიდა, რვეულს ახლოს დამიდებდა, კარგად რომ გადამეწერა, თვითონ კი გადამეფარებოდა, მასწავლებელს რომ არ დაენახა… ანა სადუნიშვილმა იცოდა, ბიძინასგან გადაწერილი რომ მქონდა, მაგრამ ოთხიანს ან სამიანს მაინც მიწერდა. ბიძინას ხუთიანზე ნაკლები არასოდეს მიუღია. ბრწყინვალედ სწავლობდა ჰუმანიტარულ საგნებსაც.

– დღეს მას ქართულს უწუნებენ…

– უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, მოსკოვში წავიდა და ალბათ ბევრი რამ დაავიწყდა. ბრწყინვალე პედაგოგი გვყავდა, ჟუჟუნა გულიაშვილი. თუკი რამე კარგს ნახავდა, ბიძინასთან მოჰქონდა. გრიგოლ აბაშიძის ნაწარმოები “ყორნალი” ძალიან იშვიათი იყო, მაგრამ ეს წიგნი ხელში ჩაუვარდა და ბიძინას მოუტანა, მინდა შენც წაიკითხო, ოღონდ დღესვე დაამთავრე, ხვალ პატრონს უნდა დავუბრუნოო.


წიგნის წაკითხვა მეც ძალიან მომინდა და პიონერთა ოთახში მე და ბიძინამ “ყორნალი” ერთად წავიკითხეთ. ბოლოს ძალიან დავიღალეთ, მაგრამ მე მაინც ხმამაღლა ვკითხულობდი და ბიძინა მისმენდა. ძალიან კარგად ვიცი, როგორ სწავლობდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. სულ მიკვირდა, მე რომ მთელ დღეს ვანდომებდი “ვეფხისტყაოსნის” საზეპიროებს, ბიძინა წაიკითხავდა და უკვე იცოდა.

მუსიკასა და ხატვას მამაჩემი გვასწავლიდა, ბიძინა სიმღერის ნიჭით არ გამოირჩეოდა და გუნდში მღეროდა. ძალიან კარგად სწავლობდა რუსულს, თუ რამის თარგმნა დაგვჭირდებოდა, დახმარებას მას ვთხოვდით… ბოლო წლებში ბიძინას სახლში ფიზიკურად აღარ ტვირთავდნენ, რადგან მთელ დროს სწავლას უთმობდა.

– როგორც ვიცი, ივანიშვილიც შეჭირვებულ ოჯახში გაიზარდა?

– დიახ, ძალიან უჭირდათ… იანვარში კონცერტი გავმართეთ კლუბში, რომელსაც ბიძინას უფროსი ძმა ადიკო ესწრებოდა. ის მაშინ სტუდენტი გახლდათ და კურსელები ჰყავდა თბილისიდან ჩამოყვანილი. კონცერტზე მათ “იანვარში ვის უნახავს გაზაფხული” იმღერეს…

– სკოლაში ხშირია სასიყვარულო ისტორიები, რასაც შემდეგ იუმორით იხსენებენ…

– ბიძინა ძალიან დინჯი იყო. შვიდი გოგო ვიყავით კლასში და ყველას ერთნაირად გვექცეოდა. დღესაც ისეთივე პატივს გვცემს შვიდივეს… მეუღლე რომ გარდამეცვალა, საქართველოდან შორს იყო, მაგრამ გვერდით დამიდგა. მისი ქველმოქმედების შესახებ ლეგენდებს რომ ყვებიან, ყველაფერი სიმართლეა.

ბანკეტი რომ გადავიხადეთ, მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ვერ დაესწრო, მაგრამ ბიჭებს მანქანები გამოუგზავნა, გოგოები კი სხვა მხრივ დაგვაჯილდოვა… მეც ძალიან მადლიერი ვარ და ჩემი კლასელებიც. ბიძინას სკოლაში გოგოებისთვის ჩურჩხელა მოჰქონდა, ჩვენ კი ტყლაპი მიგვქონდა მისთვის. გაკვეთილის მოსაყოლად რომ გავიდოდი, ჩუმად ტყლაპს ამოიღებდა და ენას უსვამდა, მე ნერწყვი მომდიოდა. მერე გოგოები დავესეოდით, გაკვეთილის მოყოლას რატომ არ გვაცლი-თქო.

მე ძალიან ცელქი ვიყავი და როცა მეტისმეტი მომდიოდა, ბიძინას გვერდით დამსვამდნენ, მას მიჰბაძეო… ჭორვილაში რვაწლიანი სკოლა გვქონდა და სწავლის გასაგრძელებლად საირხის სკოლაში რომ გადავედით, ვიღაც უფროსი ბიჭი გადამეკიდა. ბიძინა მისგან მიცავდა, რამდენჯერ შინ მივუცილებივარ. ჩემი დის გაბედნიერებაში კი გადამწყვეტი როლი შეასრულა. რომ გაიპარა, ბიძინას სთხოვა, ჩემოდანი საჩხერემდე ჩამატანინეო…

ერთხელ შატალოზე წავედით. მახსოვს, მე არ მივდიოდი, როგორც პედაგოგის შვილს, მეთაკილებოდა. ჩემმა კლასელმა რეზო მჭედლიშვილმა მითხრა, ბიძინა დავიყოლიეთ და შენ არ მოდიხარო და გაბრაზებულმა ნაწნავი მომაჭრა.

წავედით შატალოზე, მაგრამ იმ ღამეს ნერვიულობისგან სიცხემ ამიწია. მეორე დღეს მშობლები დაიბარეს და მაშინ ვნახე პირველად ბიძინას დედა. ძალიან სათნო და ლამაზი ქალბატონი. იმდენად მშრომელი გახლდათ, შვილები სულ “პარიადკაში” ჰყავდა. ბიძინას ყოველთვის გატკიცინებული ყელსახვევი ეკეთა, მაგრამ სკოლიდან გამოსული ჯიბეში იკუჭავდა.

– სკოლის დამთავრების შემდეგ თუ გააგრძელეთ მეგობრობა?

– სასწავლებლად თბილისში წამოვედით… სტუდენტობაში ახლანდელ თავისუფლების მოედანთან შემთხვევით შევხვდი. აქ რა გინდა-მეთქი? მხატვრულ კითხვაზე დავდივარო. ლექსების თქმაში მონაწილეობდა.

– ქორწილში კლასელები თუ დაგპატიჟათ?

– არა და ამაზე ოდნავ გულნატკენი ვარ. მაშინ ბიძინა უკვე მდიდარი ბიჭი იყო. მთელ ჭორვილას მოედო ამბავი, ქორწილში ბიძინას ცოლის “შლეიფი” შვიდ ქალს მიჰქონდაო. მეწყინა, ქორწილს რომ ვერ დავესწარით, მაგრამ მისი მაინც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ჩემი პატარა ოჯახი თუ არსებობს და მომავლის იმედი აქვს, ეს მისი დამსახურებაა.

ნახევარი საქართველო მისი წყალობით სულდგმულობს დღესაც. ყოველთვის ძალიან თავშეკავებული იყო, ბავშვობაშიც ბევრ სიკეთეს გვიკეთებდა, მაგრამ გვთხოვდა, არ გამამხილოთო…

კვირის პალიტრა

0
72
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0