x
მეტი
  • 23.09.2018
  • სტატია:80837
  • ვიდეო:333131
  • სურათი:438215
ადრეული ქორწინება

image
მოზარდობა, რომელიც საკუთარი თავის პოვნისა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების ასაკია, არ უნდა გადაიქცეს ოჯახის შექმნის პერიოდად. მიუხედავად სხვადასხვა ორგანიზაციის მცდელობებისა, ადრეული ქორწინება დღემდე გლობალურ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით, კი განვითარებად ქვეყნებში. და მაინც, საინტერესოა, რა არის ადრეული ქორწინება და რა შედეგები მოაქვს მას ახალგაზრდებისთვის?

ქორწინება, რომელიც თავისი არსით გულისხმობს ურთიერთგაგებას, საერთო გადაწყვეტილებების მიღებასა და სიყვარულს, ახალგაზრდების ნაადრევად დაოჯახების შემთხვევაში საკმაოდ ბევრ პრობლემას იწვევს. საზოგადოდ, ადრეული (ნაადრევი) ქორწინება არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჯერ არ მიუღწევია 18 წლსთვის. (http://sapari.ge/) ადრეული ქორწინება, უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდას ხელს უშლის სრულყოფილი განათლების მიღებაში, სწორ სოციალიზაციაში, ასევე პრობლემას უქმნის ჯანსაღ ფსიქოლოგიურ განვითარებასა და ჯანმრთელობაში.

მოზარდობის დროს დაოჯახება მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა, რომელიც განსხვავებულად მოქმედებს გოგონებსა და ბიჭებზე. სტატისტიკურად, ადრეულ ასაკში დაქორწინებული გოგონების რაოდენობა აღემატება ბიჭების რაოდენობას, რაც საშუალებას გვაძლევს, ეს პრობლემა გენდერულ საკითხებსაც დავუკავშიროთ. საზოგადოების უმრავლესობა, სავარაუდოდ, მიიჩნევს, რომ სრულფასოვანი განათლება და კარგი სამსახურის დაწყება ბიჭებისთვის უფრო მნიშვნელოვანი და საჭიროა, ხოლო გოგონები კი, სახლში შვილებს უნდა უვლიდნენ. შესაძლოა ბევრი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველწლიურად 18 წლამდე ასაკის 12 მლნ. გოგონა ოჯახდება, რაც გულისხმობს წუთში 23 გოგოს და ყოველ 2 წამში – დაახლოებით 1-ს.

აღსანიშნავია, რომ ადრეულად დაოჯახების პრობლემა, ძირითადად, განვითარებად ქვეყნებში დგას. კვლევები აჩვენებს, რომ ნაადრევი ქორწინების ყველაზე დიდი მაჩვენებელი არის აფრიკასა და სამხრეთ აზიაში, სადაც გოგონების ¾ 18 წლამდე არიან დაქორწინებულნი. ნიგერიას, მალისა და ჩადის აქვთ ყველაზე დიდი მაჩვენებელი ძალადობრივი ადრეული ქორწინების მხრივ, 71-77%. მაგრამ მოსახლეობის სიდიდის გამო, ყველაზე მეტი ადრეულად გათხოვილი გოგონა სწორედ სამხრეთ აზიაში ცხოვრობს, სადაც 46% ქორწინებებისა 18 წლამდე ასაკის გოგონებზე მოდის.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ადრეული ქორწინება ბევრ პრობლემას უქმნის ახალგაზრდას, როგორც განათლებისა და სოციალიზაციის კუთხით, ისე ფსიქოლოგიისა და ჯანმრთელობის მხრივ.

  • განათლება

კავშირი, ადრეულ ქორწინებასა და გაუნათლებლობას შორის, საკმაოდ მჭიდროა. ეს საკითხი განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებშია პრობლემურია. ხშირად გოგონებს უწევთ სკოლის მიტოვება, რათა ოჯახს მოუარონ, შვილები აღზარდონ და სახლის საქმეებს მიხედონ. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლამდე დაქორწინდა. 2011-2013 წლებში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებიდან VII-IX კლასების დასრულებამდე 7367-მა გოგონამ შეწყვიტა განათლების მიღება, უმრავლესობა დაკავშირებული იყო სწორედ, ნაადრევ ქორწინებასთან. განათლების ნაკლებობა კი, თავისთავად, ამცირებს წარმატებული კარიერის შექმნის, კარგი სამუშაო ადგილის და მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. შეიძლება ითქვას, რომ ნაადრევი ქორწინება უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდების განათლებაზე. (http://sapari.ge )

  • ფსიქოლოგია

ადრეულად დაოჯახება ასევე ხელს უწყობს ფსიქიკური პრობლემების წარმოქმნას. კვლევების თანახმად, ნაადრევად დაქორწინებული მოზარდები უფრო მეტად შეიძლება დაავადდნენ ფსიქოლოგიური აშლილობით, ვიდრე ზრდასრულ ასაკში დაქორწინებული ქალები. ადრეული ქორწინება ხშირ შემთხვევაში არის ფსიქოლოგიური ტრავმა. ნაადრევმა დაოჯახებამ, ნათესავებისა და ახლობლების გულგრილობამ, ასევე, პარტნიორის დომინანტურობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევის თანახმად, ნახევარზე მეტ (53%) ნაადრევად დაოჯახებულ ქალს აღენიშნებოდა დეპრესია. ნათელია, რომ ადრეული ქორწინება ხელს უშლის მოზარდების ნორმალურ ფსიქოლოგიურ განვითარებას.

  • სოციალიზაცია

ადრეული ქორწინება არის სოციალური ინტეგრაციის შემაფერხებელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ნაადრევად დაოჯახებული გოგონები, ძირითადად, ვერ ესწრებიან გაკვეთილებს, არ მუშაობენ, უვლიან ოჯახს, სახლის საქმეებსაც აკეთებენ და ამის გამო, ნორმალურ სოციალიზაციას ვერ ახერხებენ. ასეთ იზოლაციას დიდი გავლენა აქვს ახალგაზრდებზე. მოზარდების ჩაკეტილობა იწვევს მათი სოციალური როლის დაკნინებას, თვითშეფასების დაქვეითებას და რეალობის აღქმის დაკარგვას. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას ჩამოცილებული ახალგაზრდები მეტად მიდრეკილნი არიან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღებისაკენ, რაც თავის მხრივ, იწვევს სიმსივნის მაღალ რისკს და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას. კვლევების თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ნაადრევად დაოჯახებული ქალების 8.9% აღენიშნებოდა ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

  • ჯანმრთელობაimage

გარდა ზემოჩამოთვლილი ასპექტებისა, ახალგაზრდებს ჯანმრთელობის მხრივ ექმნებათ მთელი რიგი პრობლემები. მოზარდი გოგონების ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩამოყალიბებული და მომწიფებული სექსუალური ცხოვრებისთვის, სხვადასხვა სქესობრივად გადამდები დაავადებების პრევენციისთვის, ორსულობისთვის და მისი თანმდევი გართულებებისთვის. გაეროს მოსახლეობის ფონდის წლიური ანგარიშის თანახმად (2013წ.), განვითარებად ქვეყნებში 7 მილიონზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა მშობიარობს, რომელთაგან 2 მილიონს 14 წლამდეც არ მიუღწევია. ასევე, განვითარებად ქვეყნებში ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი მოზარდი კვდება ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან. (http://sapari.ge )

შეიძლება ითქვას, რომ ადრეულ ქორწინებას ძალიან დიდი და უარყოფითი შედეგები მოაქვს ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით გოგონებისთვის. აღსანიშნავია ნაადრევად დაოჯახების გავლენა განათლებაზე, სოციალიზაციაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე. დღესაც კი ეს პრობლემა ძალაინ მწავედ დგას, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრევენციისთვის გარკვეულ ზომებს იღებენ.

0
69
შეფასება არ არის
ავტორი:ანა ჭირაქაძე
ანა ჭირაქაძე
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0