x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნიკოლოზ ბარათაშვილის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი

როგორც ცნობილია, ნიკოლოზ ბარათაშვილის, როგორც ცხოვრების, ისე მოღვაწეობის დეტალები ჩვენამდე მცირე სახითაა მოღწეული. ეს, ალბათ, იმან განაპირობა, რომ პოეტი საკუთარ გულისნადებს არავის უმხელდა, მას სულიერი მოკავშირე არ ჰყავდა ამქვეყნად.

მისი ერთ-ერთი პოემა “ბედი ქართლისა" შეიძლება განვიხილოთ, როგორც პოეტის პოლიტიკური ორიენტაციის გამომხატველი. ახალგაზრდა პოეტის გული მუდამ ქართლის ბედზე ოხვრით იყო აღსავსე, ეს პოემის სათაურიდანვე იგრძნობა.

პოემა შედგება ორი კარისგან, პირველ კარში მოთხრობილია ქართველთა ბრძოლა სპარსელების წინააღმდეგ. ხოლო მეორე კარში ქართლის ბედის გადაწყვეტის საკითხი დგება. ქართველთა მეფე ერეკლე ll საგონებელშია ჩავარდნილი, ვინაიდან საქართველოს აღარ ძალუძს ერთდროულად რამდენიმე მტერს გაუმკლავდეს. დგება საქართველოს რუსეთთან შეერთების საკითხი. პოემაში არ ჩანს ნიკოლოზ ბარათაშვილის შეხედულება ქვეყნის პოლიტიკურ საკითხთა გადაწყვეყისას, თუმცა იგი განიხილავს ერეკლე მეფისა და სოლომოს მსაჯულის შეხედულებებს.

მსაჯული ამბობს:

“ვით შეითვისოს რუსმა ქართველი,

ვით შეიწყნაროს რუსთ მეფობამა,

რაც მოისურვოს ქართველობამა?".

სოლომონი წინააღმდეგია ქართლის ბედის რუსეთთან დაკავშირებისა, თუმცა ერეკლე მეფე ასე არ ფიქრობდა, იგი თვლიდა, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება აუცილებელი და გარდაუვალი იყო.

“ნუ დაივიწყებ მაგრამ ჩემს სიტყვას,

რომ დღეს იქნება თუ ხვალ იქნება,

ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფება.".

ნიკოლოზ ბარათაშვილის მოგვიანებით დაწერილი ლექსიდან “საფლავი მეფის ირაკლისა" აშკარაა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი ერეკლე მეფის გადაწყვეტილებას ემხრობა. პოეტს თავისი ქვეყნის ხსნად მიაჩნია, რომ საქართველომ გაარღვია რკალი ბარბაროსული ქვეყნების გარემოცვისა და აღადგინა კავშირი კულტურულ მსოფლიოსთან, რომელსაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში მოწყვეტილი იყო.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ტრაგედიის სათავე სწორედ ის არის, რომ იგი არ არის დამშვიდებული საკუთარი ქვეყნის გამო. მას აღელვებს ის ფაქტი, რომ საქართველო სრულად ემორჩილებოდა უცხო ქვეყნის ინტერესებს.

0
708
1-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ელბაქიძე
ნატო ელბაქიძე
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0