x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ვინ იყო სილამაზის მსოფლიო კონკურსის გამარჯვებული, კოკო შანელის მოდელი და გალაქტიონის მუზა?

imageკოკო შანელის მოდელი ქართველი თავადის ასული, გალაკტიონ ტაბიძის მუზა, მერი შერვაშიძე იყო. მან 1921 წელს სტამბოლში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა.


მაღალი წრის წარმომადგენელი მომხიბვლელი ქალბატონი, რომლის სილამაზე მთელ პარიზში იყო ცნობილი, კოკო შანელის მოდელი გახდა…


მერის მამა, გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე, აფხაზეთის თავადი, შემდეგ კი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. მერი ბათუმში დაიბადა, თუმცა მამის სამსახურის გამო ოჯახი პეტერბურგში გადასახლდა, სადაც მერი იმპერატრიცას ფრეილინა გახდა.


image


პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ძირითადად ქუთაისში ცხოვრობდა. 1918 წელს მერის საქმრო გიგუშა ერისთავი (გიორგი ქსნის ერისთავი), რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტი იყო, საქართველოში დაბრუნდა, რათა ცოლად შეერთო მერი.


1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მერი შერვაშიძე ბათუმიდან გემით საფრანგეთს გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით შეჩერდა სტამბოლში, სადაც მერის უკვე დევნილი ქმარიც შეუერთდა, სწორედ იმ დროს სტამბოლში მსოფლიოს სილამაზის კონკურსი ტარდებოდა. მერიმ მონაწილეობა მიიღო კონკურსში და გაიმარჯვა კიდეც.


პარიზში მერის ოჯახი ბულონის ტყესთან ახლოს, მე–16 უბანში დასახლდა. თავდაპირველად ცოტა გაუჭირდათ. დედამისმა, ნინომ, მალე იპოვა სამუშაო კარგად ცნობილ სამკერვალო სახელოსნოში. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მოახერხეს საკუთარი სახელოსნოს გახსნაც. სწორედ მაშინ შეამჩნიეს მერი მოდის სამყაროში. იგი კოკო შანელის მოდელი გახდა. პარიზელები განსაკუთრებით აფასებდნენ მერი შერვაშიძის ჩაცმის დახვეწილ სტილს და სილამაზის გადმოცემის მისეულ მანერას.


მეუღლე ახალგაზრდას გარდაეცვალა, ისე რომ შვილი არ ჰყოლია. მერი მეორედ აღარ გათხოვილა, სრულიად მარტო ცხოვრობდა პარიზში, ლატურის ქუჩაზე. სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, უფრო პანსიონს მოგაგონებდათ.


დროდადრო, საკუთარ ბინაში, ლატურის ქუჩაზე მეგობრებთან ერთად მიდიოდა ბანქოს სათამაშოდ. როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იგონებს, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო თაყვანისმცემელთა მიერ გამოგზავნილი ყვავილები.


მერი შერვაშიძე 1986 წლის დეკემბერში, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, დასაფლავებულია მეუღლესთან, გიგუშა ერისთავთან ერთად სენტ–ჟენევიევის სასაფლაოზე.

0
146
2-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
146
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0