x
image
სერგო ჯანაშია
დალოცავს ღმერთი ბიძინას ...

"რა გითხრათ? რით გაგახაროთ?"-ასე მიმართავდა დიდი ილია ყოველი ახალი წლის დამდეგს თანამემამულეებს. აანალიზებდა გასულ წელს და მომავლის კონტურებსაც ხატავდა.

აქტუალურია ეს კითხვა დღესაც. მართალია, ახალი წლის დამდეგი არ არის, შუა ზაფხულია, მაგრამ წელიწადის რა დროც არ უნდა იყოს, მოსაყოლი საკმაოზე მეტი გვაქვს, გასახარი კი - ბევრი არაფერი, თუ არ ჩავთვლით, მაგალითად, იმას, რომ ევროპაში ისე გავრბივართ, უკან არც ვიხედებით. ევროპელებიც, დალოცავთ ღმერთი, დაუყვედრებლად გვიშვებენ თავიანთ კარ-მიდამოში, ოღონდ ეგ არის, მოკრძალებით გვეუბნებიან, ძალიან ნუ გაგიჭიანურდებათ სტუმრობაო.

სხვა რა გვაქვს მოსაყოლი, ანდაც, გასახარი? ნუთუ ის, რომ აგერ, ორ ათეულ წელზე მეტია, იმ ვირისა არ იყოს, კახელი გლეხი რომ აიმედებდა, აცე, ვირო, გაზაფხულზე იონჯა ამოვაო, ჩვენც ნატოში შესვლით გვაიმედებენ უსასრულოდ?! იმედი კარგია, ღმერთმა არ მოგვიშალოს, მაგრამ ისიც არ დაგვავიწყდეს, სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს რომ ტყავი გააძრეს .

ისე, ცოტა უკან თუ გავიხედავთ, მოსაყოლი ნაღდად ბევრი გვაქვს, სატირალი უფრო მეტი და შიგადაშიგ - გასახარიც. აბა, გასახარი არ იყო, თავისუფლები რომ გავხდით? სიხარულისგან ცაში რომ ვისროდით ქუდებს ერი და ბერი, საჯაროდ, ხმამაღლა რომ ვყვიროდით, ოღონდ თავისუფლები ვიყოთ და ბორჯომ-მწვანილითაც იოლას გავალთო. თუმცა, ეს ხბოს აღტაცება, როგორც გვჩვევია, მალევე ჩაგვიცხრა და ბორჯომ-მწვანილი კი არა, უმალ ხიზილალაც მოგვინდა თავის ზუთხიანად. ან პირიქით...ამიტომ, ავდექით და დავამხვეთ( თუ დავამხობინეთ) ის უდღეური, მაგრამ მაინც ჩვენი, ქართული ეროვნული( საბჭოთა ტყვეობისგან თავდახსნილი ქვეყნის) ხელისუფლება და ოდინდელი ჩვენი "მამა-მარჩენალი", ედუარდ ამბროსოვიჩი ჩამოვაბრძანეთ დიდი რუსეთიდან, მას მივანდეთ ქვეყნის ბედი .

მერე იყო და კვლავ შეგვეყარა ხბოს აღტაცება ახალი მესიის, ამბროსოვიჩის კალთაში დაფრთიანებული მიხეილ ნიკალაევიჩის გამოჩენაზე. ახლა ის გავიხადეთ კერპად, ბევრმა სტალინისტმა(არასტალინისტებმაც), ზვიადისტმა( უმეტესად არაზვიადისტებმა) და შევარდნაძისტებმა ( უფრორე – არაშევარდნაძისტებმა ) დაიწყეს მისგან კერპის შექმნა . შექმნეს კიდეც მიშა! მიშაა !!, მიშააა !!!... -ს ძახილ-ბღავილით და ცოტა დააკლდა, ყოფილ ლენინის მოედანზე არ დადგეს მისი ქანდაკი...

თუმცა, ასე არ ინება უფალმა, დაილოცოს მისი სახელი! ახლა გამოჩნდა ახალი მესია, აქამდე უხილავი (როგორც მესიებს სჩვევიათ), ახლა კი ხილული (ესეც მესიების ჩვევაა), სახელად ბიძინა ...და დაიწყო ეგზალტირებულმა ბრბომ მისგან კერპის შექმნა, მაგრამ დალოცავს ღმერთი ბიძინას - თავშივე აღკვეთა მისი გაკერპების მცდელობა, ცოტა ხანი დაგვატკბო თავისი ნათელი სახის ყურებით და მერე, როგორც მესიებს სჩვევიათ, კვლავ უხილავი, ანუ უჩინმაჩინი გახდა. ჩამოვყარეთ ყურები, მზის შუქი დაბნელდა ჩვენთვის, მაგრამ ჰოი საოცრებავ უფლისაო, ახლახანს, სულ ახლახანს, ამობრწყინდა ისევ ჩვენი მნათობი - აქამდე თვალს მიფარებული კვლავ დაგვენახვა, იმედი ჩაგვისახა, მთავრობაც მიფერთხ-მოფერთხა, ვისაც ჯერ არს, თითიც დაუქნია და ქვეყნის ბედიც, უკვე მერამდენედ, ჩააბარა მავანს და მავანს. თავად? თავად კი განზე გადგა, როგორც სჩვევია...

მივუგდოთ ყური სულმნათ ილიას. ნახეთ, რას ეუბნებოდა იგი თანამემამულეებს ამ ას ოცდათერთმეტი წლის წინ, ახალი წლის დამდეგს :

" აჰა, კიდევ ერთი ახალი წელიწადი ... რა მივულოცოთ ჩვენს თავს ქართველნო?! რა გვაქვს დღეს სასურველი, რომ დავიკვებოთ და შევინარჩუნოთ . რა გვაქვს ხვალ სანატრელი, რომ ვინატროთ და მოვიღონოთ? უკან მივიხედეთ ამ ახლო ხანებში და ისეთი არა გვრჩება რა, რომ თავი მოვიწონოთ ან ნანვითა ვთქვათ : " ჰოი, წამო სიხარულისავ, ესე სწრაფად სად წახვედი ! " წინ ვიყურებით და ხვალინდელ ნისლში იმისთანა არა მოჩანს რა, რომ გული გულის ადგილზევე დაგვრჩეს, ან ნატვრით ვთქვათ : " მოვიდინ, დღეო სიხარულისაო ". რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! "

რას ეტყვის ბიძინა ამ შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ხალხს? ან, ორი წლის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების დამდეგს; რითი უნდა გაახაროს თანამემამულეები, ამას ახლო მომავალი გვიჩვენებს . ისე, დასანანია ნამდვილად: ბიძინას ჰქონდა დიდი შანსი, გამხდარიყო მეორე აღმაშენებელი . ამის რესურსი მას (პოლიტიკური, გნებავთ ფინანსური) ნამდვილად გააჩნდა . რა ეპითეტით შევა ის ქართულ ისტორიაში, დღეს ამისი თქმა ძნელია. ეს მომავლის მეისტორიეთა საქმეა...თუმცა ერთ და ალბათ, უმთავრეს გარემოებასაც უნდა გავუსვათ ხაზი : რა ხალხიც ვართ, მთავრობაც ისეთი გვყავდა, გვყავს და გვეყოლება ალბათ მომავალშიც, ანუ იმის თქმა გვინდა, რომ მარტო ბიძინაც ვერაფერს გახდება, image
თუ გვერდით ერთგული თანამდგომები არ ეყოლება. ერთგულებით კი, კარგად მოგეხსენებათ, თითო-ოროლა ქართველი თუ გამოირჩევა; ორგულები, იცოცხლეთ, მრავლად არიან ...

0
247
2-ს მოსწონს
ავტორი:სერგო ჯანაშია
სერგო ჯანაშია
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0