x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თბილისში სოსისის, სარდელის, "სუჯუკის", და სხვა ძეხვეულის ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა, ამოღებულია ცხენის ხორციც

image

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი ინდ. მეწარმე, თბილისში კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი.

ამასთან, ქალაქ თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი.

ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:მაცნეე
მაცნეე
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0