x
image
გრიგოლ ნიკოლეიშვილი
განახლებადი ენერგია და მისი გამოყენების პერსპექტივა

პლანეტის მოსახლეობის ზრდა და ეკონომიკის განვითარების აუცილებლობა მოითხოვს სულ უფრო მეტ ენერგეტიკულ დანახარჯებს. ტრადიციული ენერგეტიკის წყაროები(ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი) ამოწურვადია. გარდა ამისა, მათი გამოყენება იწვევს სულ უფრო მზარდ ზიანს ჩვენი პლანეტისთვის, რაც სულ უფრო და უფრო საგრძნობელია.

ამ პირობებში ბევრი მიიჩნევს, რომ განახლებადი ენერგორესურსების ფართო გამოყენება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მდგომარეობას. ზოგიერთი კი საერთოდ თვლის, რომ ალტერნატიულ ენერგოწყაროებს შეუძლიათ სრულად ჩაანაცვლონ ტრადიციულები. მაგრამ ასეა კი ეს?

ენერგეტიკოსები Q-თი აღნიშნავნ ენერგიის ოდენობას, რომელიც ტოლია მილიარდი ტერაჯოულისა. ეს სიდიდე მოსახერხებელია, რადგან დაახლოებით შეესაბამება კაცობრიობის მიერ წელიწადის განმავლობაში მოხმარებულ ენერგიას.

განახლებადი ენერგიის ზოგიერთი წყარო წლის განმავლობაში გამოიმუშავებს ენერგიას, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ამ სიდიდეს. მაგალითად მზის წლიური ენერგია, რომელიც მოდის დედამიწაზე, ტოლია 2200 Q, დედამიწის თერმული ენერგია 500 000-ჯერ აღემატება ჩვენს წლიურ ენერგოდანახარჯებს, ხოლო ოკეანეების თბური ენერგია 500-ჯერ.

სამწუხაროდ ამ რესურსების გამოყენება უაღრესად გართულებულია მათი გაფანტულობის გამო. მაგალითად იმისათვის, რომ კაცობრიობამ სრულად უზრუნველყოს საკუთარი ენერგეტიკული დანახარჯები მზის ენერგიის მეშვეობით, მას დასჭირდება მზის პანელები, რომლებიც დაიკავებს 200, 000 კვ.კმ.-ზე მეტ ტერიტორიას და მათზე უნდა დაიხარჯოს 200 მილიონი ტონა ალუმინი. ეს კი ბევრად აღემატება დედამიწაზე არსებული ალუმინის მარაგს.

მეორე პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, რომ განახლებადი ენერგორესურსების მასშტაბურმა გამოყენებამ შეიძლება არანაკლები ზიანი მიაყენოს პლანეტის ეკოლოგიას და კლიმატს, ვიდრე ტრადიციულმა ენერგეტიკამ.

კიდევ ერთი პრობლემაა ტექნოლოგიური სირთულეები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებასთან.

ბოლოს შევნიშნოთ, რომ ფინანსური თვალსაზრისით ყველა ეს წყარო ჯერჯერობით ვერ უწევს კონკურენციას ტრადიციულ ენერგეტიკას.

მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ განახლებადი ენერგეტიკის განვითარებაზე. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ენერგეტიკულ ბალანსში.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზის ენერგეტიკის გამოყენება. ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში შესაძლებელია ერთოჯახიანი სახლების მთლიანად გადაყვანა მზის ენერგიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ათეული წლის წინათ საქართველოს ჰქონდა საკმაო მეცნიერული და ტექნოლოგიური პოტენციალი მზის ენერგეტიკის სფეროში. იმედია, ამ პოტენციალის ნაწილი მაინც არის შენარჩუნებული.

საქართველო მდიდარია ჰიდროენერგორესურსებით, თუმცა მათი გამოყენების შემთხვევაში გვმართებს გამოვიჩინოთ გაკვეული სიფრთხილე. აღვნიშნავ აგრეთვე, რომ ის მოლოდინები და იმედები, რომელსაც ჩვენთან ხშირად ამყარებენ ჰიდროენერგეტიკაზე, საკმაოდ გადაჭარბებულია.

გარკვეული ენერგორესურსი შეიძლება გახდეს ქარის ენერგია და ბიომასა, თუმცა არ შეიძლება მათზე დიდი იმედების დამყარება.

კიდევ ერთი განახლებადი ენერგიის წყარო შეიძლება გახდეს წყალბადის მოპოვება. ასეთი შესაძლებლობა განპირობებულია შავი ზღვის სტრუქტურული და ქიმიური თავისებებურებებით. აქ ძალიან დიდია წყალბადის სულფიდის რაოდენობა, რომლის გამოც შავ ზღვაში 150-200 მეტრის სიღრმეზე არ არსებობს თითქმის არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი ტიპის ბაქტერიებს.

განახლებადი ენერგორესურსების ასეთი მრავალფეროვნება საშუალებას მისცემს საქართველოს, მნიშვნელოვნად შეამციროს საკუთარი დამოკიდებულება ტრადიციულ ენერგორესურსებზე, რისი შესაძლებლობაც ბევრ ქვეყანას არ აქვს.

0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:გრიგოლ ნიკოლეიშვილი
გრიგოლ ნიკოლეიშვილი
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0