საზოგადოება ახალდაქორწინებულებს საჩუქრად "ვეფხისტყაოსანი" გადაეცემათ 2018, 18 ივნისი, 12:48 საქორწინო ცერემონიის დროს წყვილებს საჩუქრად "ვეფხისტყაოსნის" სპეციალური გამოცემა გადაეცემათ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თეა წულუკიანის ინიციატივით, ყველა წყვილს, რომლებიც საზეიმო ცერემონიის ფარგლებში მოაწერს ხელს, საჩუქრად "ვეფხისტყაოსანი" გადაეცემათ. "იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ინიციატივა უძველეს ქართულ ტრადიციას ეხმიანება. ახალდაქორწინებულ ქალს ოჯახიდან მზითვად ატანდნენ "ვეფხისტყაოსანს", როგორც უდიდეს საუნჯეს და ახალი ოჯახის აუცილებელ ატრიბუტს. ამიერიდან სამზითვო "ვეფხისტყაოსანს" ყოველი ახალდაქორწინებული საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ქორწინების მოწმობასთან ერთად მიიღებს სიყვარულის, ერთგულებისა და თანასწორობის ნიშნად." - ნათქვამია სახემწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში. წიგნის საწყის გვერდზე დატანილია შოთა რუსთაველის აფორიზმი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!“ და მილოცვა ახალდაქორწინებულთათვის. „ვეფხისტყაოსნის“ სასაჩუქრე ეგზემპლარი გაფორმებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის ილუსტრაციებით, რომელთა ასლები გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ფოტოფიქსაციის ლაბორატორიაში ინახება. 59 შეფასება არ არის
|